ქართული პრესის მიმოხილვა 19.07.2021

ზაზა ფირალიშვილი: "კრემლში ხელებს იფშვნეტენ"

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს"

***

ზაზა ფირალიშვილი: "კრემლში ხელებს იფშვნეტენ"

ბოლოდროინდელ მოვლენებზე "კვირის პალიტრას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი­ ესაუბრა: “სამწუხაროდ, წლებია, ვხედავთ, რაციონალური ელემენტის როგორი დეფიციტია ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.­ ის, ვინც სიმშვიდესა და წონასწორობას ინარჩუნებს, ვერ ახერხებს პროცესებზე ზეგავ­ლენას. ეს დეფიციტი უბრალო რამ არ გახლავთ - დიალოგისა და თანამშრომლობის უნარის დეფიციტიც მოსდევს და შედეგად მუდმივ კვაზირევოლუციურ დუღილს ვიღებთ. სიტუაციას სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახების ტერმინებში აღწერს მედიაც, პოლიტიკური კლასიც და ეკლესიის ბევრი წარმომადგენელიც. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია თანამშრომლობისა და პროგრესის რეჟიმის დამყარება. 5 ივლისს მედიაზე შეტევა ვნახეთ. არადა, დიდი ხანია, მთელი ჩვენი საზოგადოება იღებს ძალაუფლებისთვის ვულგარული ბრძოლის, გაუწონასწორებე­ლი­ ვნებების, თეატრალური პათეტიკისა და ცივი სამოქალაქო ომის ყველა შესაძლო გამოვლინების შეტევებს. ყველა მხარე ქართული სახელმწიფოს შესახებ ჭეშმარიტების მონოპოლიური მფლობელია და საპირისპიროსთან დიალოგს შიშის თუ უპრინციპობის ნიშნად თვლის. ჰოდა, განა შეიძლებოდა სხვა შედეგი მიგვეღო?”, - აღნიშნავს ზაზა ფირალიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სათაურით, ზაზა ფირალიშვილი: "კრემლში ხელებს იფშვნეტენ"

„ჯერჯერობით საგანგებოდ არ მინდა­ საგარეო ფაქტორებს და ჰიბრიდულ ომს შევეხო. საგარეო მტერი სწორედ ჩვენი გაუწონასწორებელი და არარაციონალური­ ქცევით სარგებლობს. სამწუხაროდ, კარგად გვიცნობენ. ოცდახუთი წლის წინ ვწერდი იმის შესახებ, რომ სწორედ ქართული­ მართლმადიდებელი ეკლესია იქნებოდა ის ინსტიტუცია, რომლის გამოყენებასაც შეეცდებოდნენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები პრორუსული სენტიმენტებისა და ევროამერიკული სივრცის მიმართ სიუცხოვის დასანერგავად. არ ვგულისხმობ ეკლესიას როგორც ქრისტეს მისტიკურ სხეულს, რომლის ნაწილიც ვართ ყველა ქრისტიანი. მის იმ სოციალურ რაობას ვგულისხმობ,­ რომელსაც ხასიათს ის პირები სძენენ, ქრისტიანობის სახელით დუგინისტურ მისტიკურ გეოპოლიტიკას რომ ქადაგებენ და თავს უფრო პათეტიკური პატრიოტიზმის ქურუმებად გრძნობენ, ვიდრე ქრისტიან მოღვაწეებად. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი არ არის. ისინი არ წარმოადგენენ სასულიერო პირთა შორის უმრავლესობას, მაგრამ როგორც ჩვენში ხშირად ხდება, იოლად­ იკვრებიან ერთ ძალად. ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ისინი უკვე ძალაუფლებისთვის იბრძვიან. რამდენიმე დღით ადრე თავიანთი ძალის ჩვენებას და მილიონიან აქციას გვპირდებოდნენ. არადა, ქრისტიანობასთან შინაგან კავშირს კარგავენ.­ ეს 5 ივლისის ძალადობიდანაც ჩანს... პრაიდის გამართვის იდეამ მათ მობილი­ზებას შეუწყო ხელი. ამიტომაც წუთითაც არ უნდა იფიქრონ პრაიდის იდეის ავტორებმა, რომ ყოველგვარი ეჭვისა და კრიტიკის გარეთ არიან. ისინი გამოხატვის თავისუფლების იდეით ოპერირებენ და თავს არ იწუხებენ იმის გახსენებით, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე ბოროტებას შობს. თუ შენი საქციელი შენივე გარემოს უარესს გახდის, ეს საქციელი არ ყოფილა თავისუფალი. პრაიდის იდეამ რამდენჯერმე განაპირობა არასასურველი ძალებისა და ვნებების გამოღვიძება. ღმერთმა ქნას, ეს შემთხვევითი იყოს, თუმცა, სულო ცოდვილო, სერიოზული ეჭვი ნამდვილად შეიძლება გაუჩნდეს კაცს. მოკლედ რომ ვთქვათ, კრემლში ხელებს იფშვნეტენ. განგებ არ ვეხები პრაიდისტების იდეოლოგიას. ეს მათი საქმეა. პირადად ჩემთვის სექსუალური ორიენტაცია არ არის ადამიანის შეფასების მთავარი კრიტერიუმი და ის იდეა, რომლითაც მთელმა საზოგადოებამ უნდა იცხოვროს. მთავარია, ჩვენს კულტურას სქესობრივი ცხოვრება, თუნდაც ის უაღრესად ტრადიციულიც იყოს, ფასადზე არ გამოაქვს. ამიტომაც ყოფით სიტუაციაში საზოგადოების რიგითი წევრი ნაკლებად ფიქრობს ვინმეს ორიენტაციაზე, მაგრამ მისთვის უკიდურესად უცხოა ინტიმური ცხოვრების საჯაროდ გამოტანა და იდეოლოგიზება, მით უმეტეს, როდესაც საქმე არატრადიციულთან გვაქვს. თუკი მათი უფლებები იზღუდება და დევნიან (რაშიც ნამდვილად ეჭვი მეპარება თუნდაც იმ მიზეზით, რომ რამდენიმე საკმაოდ წარმატებულ და პოპულარულ არატრადიციული ორიენტაციის პირს ვიცნობ), არსებობს თვითგამოხატვის გაცილებით შედეგიანი ფორმები და არა ის, რომელსაც ასეთი შედეგები მოსდევს.­.. ვფიქრობ, რომ მათი პრობლემა უფრო ფსიქოლოგიურია და არა სოციალური, თუმცა კი პრაიდის იდეის მუდმივმა განმეორებამ ის მართლაც გადმოიტანა სოციალურ სივრ­ცეში. დაფიქრებაა საჭირო, რომ მოცემულ სიტუაციაში უნებურად ჰიბრიდული ომის ან შიდაპოლიტიკური ბრძოლების ინსტრუმენტად არ იქცე. ისევ ეკლესიის თემას დავუბრუნდები.­ ეკლესია დღეს ჰიბრიდული ომის ეპიცენ­ტრშია. კლერიკალიზმი დღეს მას ისევე ემუქრება, როგორც მავანთა მებრძოლი ათეიზმი. რთული პერიოდი უდგას. რუსეთში, ალბათ, თავსაც არ იწუხებენ ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის რაიმე ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე. ჩვენ მათ გარეშეც ვქმნით პოლარულ დაპირისპირებებს­ და შემდეგ მთელი საზოგადოება დაძაბულობაში ცხოვრობს. მათ ისღა დარჩენიათ, ხანგამოშვებით შეგვეშველონ ამაში”, - აღნიშნავს ფირალიშვილი.

„პრემიერის განცხადება რომ არ იყო ადეკვატური, ცხადია. ხელისუფლების წარმომადგენლებს, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოდ დასჩემდათ მსგავსი განცხადებები. თუნდაც ბატონების ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის შანტაჟის ნიშნების მქონე­ განცხადება­ რად ღირს იმის შესახებ, რომ, თურმე ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს განცხადებაც უწყობს ხელს დასავლური სივრცისგან გაუცხოებას. ღმერთმა ქნას, ეს მხოლოდ დაუფიქრებლად მოუვიდათ. რაც შეეხება 5 ივლისს, პრევენციული ზომების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.­ თავი იჩინა კლერიკალურ იდეოლოგიასთან სავალალო პოლიტიკურმა თამაშმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის ეს დაპირისპირება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალებად იქცა. ასე იყო ახალგაზრდული გამოსვლების დროს ამ ორიოდე­ წლის წინ. ძალიან ხშირად, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობის სიმწვავე ზღვარს აღწევს, ასპარეზზე პრაიდისტები და ანტიპრაიდისტები გამოდიან და ყურადღება სხვაზე გადააქვთ. იმედია, ხელისუფლებაში ვინმე მაინც არის ისეთი, ვისაც ესმის, თუ რა შორს მიმავალი საშინაო და საგარეო შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუწონასწორებელ და არარაციონალურ პოლიტიკურ ქცევას, იდეოლოგიურ სნობიზმს, ერთი მხრივ, და პათეტიკურ ნაციონალიზმს, მეორე მხრივ, თუ რა შეიძლება მოიტანოს­ საკუთარი სურვილებისა და ილუზიების ტყვეობამ. ეს ზოგადად, კონკრეტულად კი რუსული ჰიბრიდული ომის სტრატეგოსებმა შეძლეს ანტიდასავლური ძალების მობილიზება და ამაში, სამწუხაროდ, დიდი როლი ითამაშა როგორც პროდასავლური ძალების კონცეპტუალურმა სიღატაკემ და იდეოლოგიურმა სნობიზმმა, ისე ქართული კონსერვატიზმის უუნარობამ, აქ დ აახლა, დღევანდელ სამყაროში იპოვოს თავი. ქართული კონსერვატიზმი კვლავ საბჭოთა ეპოქის ქართული პათეტიკური პატრიოტიზმის ტყვეობაშია და არც ცდილობს გააზრებას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეროვნული იდეა აქ და ახლა, 21-ე საუკუნეში. ის გაურბის დღევანდელ სამყაროს და ამოცანად ვერ აღიქვამს მას. ასეთი იდეოლოგია კი იმთავითვე უნაყოფო და მხოლოდ ისტორიული კაპიტულაციის მომტანია”, - განაგრძობს რესპონდენტი, ხოლო კითხვაზე: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქვეყანაში ვითარება ისევ არასტაბილურია, მით უფრო მაშინ, როდესაც რეგიონში ასე საინტერესოდ ვითარდება მოვლენები - ცალკე რუსეთი და ცალკე თურქეთი ცდილობენ დასავლეთის განდევნას და თავის დამკვიდრებას...

„პასუხობს: - დღევანდელი გადასახედიდან არჩევნები პოლიტიკური ძალების ერთგვარ გადანაწილებას მოგვცემს, მაგრამ საერთო სურათი არ შეიცვლება. დღეს არა გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ და, შესაბამისად, ისტორიულ ალტერნატივას შემოგვთავაზებს. ამასობაში, ძირეულად შეიცვალა რეგიონის გეოპოლიტიკური სურათი, ჩვენ კი ჩართული ვართ ბრძოლაში ისეთი თემების გამო, რომელთაც პრიორიტეტულს ვერანაირად ვერ ვუწოდებთ”, - წერს სტატიის ავტორი.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს"

"ქვეყანაში მუდმივი რყევები და არასტაბილურობის განცდაა.­ როგორი შეიძლება იყოს დასავლეთის რეაქცია ხელისუფლების გაჯიუტებაზე - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე­ გვესაუბრა: - ქვეყანაში მუდმივი არასტაბილუ­რი, მყიფე ვითარება ხელსაყრელია ერთადერთი­ ქვეყნისთვის - რუსეთისთვის. ამ საფრთხის­ დაუნახაობა შეუძლებელია, მით უფრო, რეგიონში ვითარება იმდენად მძიმეა, რომ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებისთვის არის სასურველი, ქართული სახელმწიფოსთვის კი - დამანგრეველი. ამის მიუხედავად, მაინც მიდის დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლების მოპოვების ან შენარჩუნებისთვის. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ, თორემ ქვეყანას რა ეშველება და როგორი იქნება მისი მომავალი, მათთვის მეორეხარისხოვანია. ამჟამად ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას სწორედ აქეთ მიჰყავს პროცესები. ამ სიტუაციაში აუცილებელია პასუხისმგებლობების გადანაწილება ორივე მხარეს, თუმცა წამყვანი როლი ხელის­უფლებას ეკისრება, ვალდებულია­ პროცესი იმ მიმართულებით წაიყვანოს, რომლითაც ქვეყანაში სტაბილურობას შეინარჩუნებს...ხვალ რომ გამოკითხვა ჩაატარონ, მოსახლეობის 70% მაინც ევროპულ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს. ისინიც კი, ვინც პრორუსულ კურსს ან ნეიტრალიტეტზე გაჰკივიან, როგორც კი ყოფით პრობლემებზე­ მიდგება საქმე, მაშინვე­ დასავლეთისკენ უფრო იხრებიან, ვიდრე რუსეთისკენ. მოსახლეობის უმრავლესობა­ დასავლეთისკენ იყურება და ამ კურსზე შეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, თვითმკვლელობას უდრის. ისედაც, პოლიტიკურ სპექტრში როგორც კი ვიღაცას ეტყვი, რომ პრორუსი ხარო, მაშინვე უარყოფს ამას, ლევან ვასაძის გარდა. თუმცა ისიც ერთგვარი კამუფლაჟი მგონია - პრორუსობაზე მისი ლაპარაკი არსებული პრორუსი ძალების შენიღბვას ჰგავს. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური­ ძალა საზოგადოების განწყობას ითვალისწინებს.­ ნებისმიერი არჩევნების შედეგების მიხედვით, ვის მიმართაც კი პრორუსობის ეჭვი გაჩნდა, მან ხმების მცირე რაოდენობა მიიღო... პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება ანგარიშს არავის უწევს,­ არ ვიცი, რად უღირს ასეთი გაჯიუტება და მუდმივი კრიტიკის ატანა მოსამართლეების გამო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ელჩი, უფრო ადრე კი ევროკავშირის წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრები, აკეთებენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებსა თუ სხვა თემებზე განცხადებებს, თუმცა ყველა იგნორირებულია", - საუბრობს ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" სტატიაში სათაურით, "შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს"

"არც ოპოზიციაზე ვარ დიდი წარმოდგენის. განვითარებულ ქვეყნებში, როდესაც ხელისუფლება არასწორად მოქმედებს,­ ოპოზიცია ცდილობს კონსტრუქციული­ იყოს. თუმცა ჩვენთან ოპოზიცია ხელს უწყობს სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაციას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს. ორივე ცდილობს ვითარების გამწვავებას და მოსახლეობის პოლარიზაციას. ეს გასაგებიცაა, პოლარიზაციას შუის გაკრეფა მოჰყვება, თუმცა არაერთხელ ვნახეთ, რომ შუა არ ვარგა - ექვსთვიანი ბატალიების მიუხედავად, დღემდე ვერ შეთანხმებულან, როგორ წარმართონ პოლიტიკა... ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ ახალი კონფლიქტის კერების საფრთხე წარმოქმნა. სამხრეთ კავკასიაში თურქეთ-აზერბაიჯანისა­ და რუსეთ-სომხეთის კავშირები გამოიკვეთა.­ ორივე მათგანს მისთვის სასურველი სცენარის განვითარებაში საქართველო "უშლის ხელს". არც ერთ მათგანს არ სურს სხვა, მესამე ძალის შემოსვლა. ჩვენს შიდა მორევში ვტრიალებთ. როდესაც დასავლეთიდან მეგობრები მოგვიწოდებენ, რთული ვითარება გაქვთ, დასაკარგი დრო არ არისო, არაფრად ვაგდებთ. არადა, ცდილობენ საფრთხე დაგვანახონ... ჰოდა, ახლა ისმის კითხვა - იმ კონფლიქტის მოგვარება ამ ვითარებაში ახალ კონფლიქტებს ხომ არ წარმოშობს? რატომ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში რუსეთს ინტერესები არ ექნება? ეს ხომ ახალი თემა არ არის, 1988 წლიდან არსებობს. რატომღაც ორივე პოლიტიკურ ძალას ჰგონია, თუ თავად­ მოვა ან შეინარჩუნებს ხელისუფლებას, მერე მოაგვარებს ამ პრობლემებს. როდესაც­ წლების განმავლობაში პრობლემა პრობლემად რჩება, ის გადაგვარებას იწყებს. ვერც ქართველი საზოგადოება აღმოჩნდა იმ დონეზე, რომ თავის თავში წარმოშვას მესამე ძალა. არ აღმოგვაჩნდა ამის რესურსი... პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური კი არა, საზოგადოებრივ და სასულიერო წრეებსა და წარმოიდგინეთ, მედიასაშუალებებშიც აშკარაა. ეს გვაჩვენა 5 ივლისის მოვლენებმა. ერთი მღვდელმთავარი ქუჩაში დადიოდა და ძალადობისკენ მოუწოდებდა მრევლს, მეორე კი, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისს ატარებდა; ერთი მღვდელი, არ შევეპუოთო, აგულია­ნებდა მოძალადეებს, მეორე - ხელს აფარებდა და ადამიანების დაცვას საკუთარი მხრებით ცდილობდა. იქაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. თუ საპატრიარქომ ლოცვისკენ მოუწოდა სასულიერო პირებს,­ მეორე ნაწილი ქუჩაში რას აკეთებდა? ეს პოლარიზაცია, ყველა სფეროში არსებული რყევები მხოლოდ მტერს აწყობს", - აღნიშნავს ძაბირაძე.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველანაირად ეცდებიან არჩევნებმა და მისმა შემდგომმა პერიოდმა მშვიდად ჩაიაროს. დასავლეთს უნდა, როგორმე შიდა დაპირისპირება აგვაცილოს. ისეთი განცხადება, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა, მხოლოდ ერთი მახსოვს,­ ისიც შორეულ წარსულში, როდესაც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავთო, რაზეც ვუპასუხეთ, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო. ამ განცხადების პათოსი დღესაც­ შესამჩნევია, მაგრამ დაგვავიწყდა, რომ როდესაც ცურვა არ იცი და სწავლას­ აპირებ, ჯობია დინების მიმართულებით ისწავლო და შემდეგ გარისკო საპირისპიროდ. სწორედ ეს მოგვივიდა მაშინ - დინების საწინააღმდეგოდ კი არა, დინების გაყოლაც არ ვიცოდით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მაშინ ვეღარ გვიშველეს. დღეს დასავლეთს ბევრად მეტი მექანიზმი აქვს ქვეყანაში განვითარებული პროცესების გასანეიტრალებლად...", - წერს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა