პარლამენტის თავმჯდომარის და ოპოზიციის შეხვედრაზე, ევროკავშირის ან რომელიმე უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს

ოპოზიციური ფრაქციების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმად, ევროკავშირის ან რომელიმე უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციები დაწესდება.

აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციის გავლას გეგმავს ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის".

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის სპიკერთან საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა 2- ჯერ, როცა ევროკავშირის დროშა შეურაცხყოფილი და გათელილი იქნა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეისათვის არსებობს სასჯელები როცა ქართული სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა ხდება, არსებობს ინიციატივა საკანონმდებლო საფუძველზე შემოღებული იქნას მსგავსი სანქცია იმ შემთხვევაშიც, თუ მოხდება ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. მისივე თქმით, საუბარია 1000- ლარიან ჯარიმაზე, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლოა, პირს ადმინისტრაციული პატიმრობაც შეეფარდოს.

„საუბარია 1000 - ლარიან ჯარიმაზე, ჯერ არ არის საბოლოო სახით კანონპროექტი წარმოდგენილი, ასევე შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული ჯარიმა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, რომ ამგვარი ინიციატივა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სხვა დროს, როცა სახელმწიფო ვერ დაიცავს სახელმწიფო სიმბოლიკას და მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დროშას სახელმწიფო შენობების წინ, არსებობდეს კონკრეტული ჯარიმა, იქნება ეს ფულადი სახით პირველ შემთხვევაში, თუ განმეორებით შემთხვევაში, მოსამართლის მხრიდან იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

„გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ დროშის ჩამოხევაზე ადამიანების დაჭერა, თუნდაც ერთი დღით, მიუღებელია. მისი თქმით, დღეს საქართველოს დროშის ჩამოხევაზე დაწესებულია 2000- ლარიანი ჯარიმა და საუბარი ჰქონდათ იმაზე, რომ სხვა ქვეყნების დროშის ჩამოხევაზე 1000- ლარიანი სანქცია დაწესდეს.

„შევთანხმდით რომ სხვა ქვეყნების დროშის შეურაცხყოფაზე იყოს რაღაც სანქცია, ოღონდ არასაპატიმრო და ეს გავრცელდეს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებზე მიმაგრებულ დროშებზე, რომ ადამიანმა სახლში თავის დროშისგან კაბა შეიკეროს, არ ჩაითვალოს დროშის შეურაცხყოფად.

საუბარია ფულად ჯარიმებზე. ზოგადად ვფიქრობ, რომ სიმბოლოების საკრალიზაციის გზით არ უნდა წავიდეთ, ვნახოთ, როგორ სახეს მიიღებს პროექტი, არ გამოვრიცხავ მხარი დავუჭიროთ, თუ დავინახავ, რომ ძალიან გამკაცრებისკენ და ადამიანის დაჭერისკენ არ მიდის,"- აცხადებს ხვიჩია.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის თავმჯდომარის და ოპოზიციის შეხვედრაზე, ევროკავშირის ან რომელიმე უცხო ქვეყნის დროშის ჩამოხევაზე სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს