საგამოძიებო კომისიის შეფასებით, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი.

როგორც კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ, ორგანიზაციამ 1 ნოემბერს, ნაცვლად დაანონსებული 11 საათისა, ბუნდოვანი მიზეზით, 3 საათის დაგვიანებით - 14 საათზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული როგორც პირველადი, ისე საბოლოო შედეგებისგან.

„აღნიშნული გარემოება ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ 6 კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების გაყალბების მტკიცებისას.

მმართველმა პარტიამ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში საჯარო ბრიფინგზე ეჭვქვეშ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შედეგები, ხოლო 2 კვირის თავზე მიმართა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს და მოუწოდა ეღიარებინა უხეში უზუსტობა, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო, თუმცა მოგვიანებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განხორციელებული არაერთი კომუნიკაციის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჩაეტარებინა შიდა აუდიტი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორი იყო“, - ვკითხულობთ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

საგამოძიებო კომისიის დასკვნით, პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო როგორც უხეში შეცდომით, ისე მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედებით; ორგანიზაციის მიერ არასწორად იყო გამოყენებული ფორმულა, რომლის კორექტირების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა.

„პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ეჭვს იწვევს შემდეგი გარემოებები: 1. პარალელური დათვლის შედეგების გამოცხადება სრულიად ბუნდოვანი მიზეზით დაგვიანდა რამდენიმე საათით; 2. არასწორ ფორმულაზე მმართველი პარტიის მხრიდან არაერთხელ არგუმენტირებულად მითითების მიუხედავად, ორგანიზაციამ უზუსტობა რამდენიმე კვირის განმავლობაში არ აღიარა; 3. ორგანიზაციამ პარალელური დათვლის არასწორ შედეგებთან ერთად, გამოაქვეყნა უხეშად მანიპულირებული მონაცემები საარჩევნო უბნების ოქმებში 8-პროცენტიანი მეტობის დისბალანსთან დაკავშირებით, რისი სიმცდარეც საგამოძიებო კომისიის მიერ ფაქტების გადამოწმების შედეგადაც დადასტურდა“, - ნათქვამია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა