ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021

რა შედეგები მოჰყვება მიშელის დოკუმენტის ანულირებას - “არჩევნების ბოიკოტზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მაინც მიიღებს”

რა საბუთებით შეძლებენ უცხოეთში გამგზავრებას ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები

გაუძლებს თუ არა არსებული ვაქცინები ახალ შტამებს და რა შემთხვევაში შეძლებს კაცობრიობა კორონავირუსის დამარცხებას

***

რა შედეგები მოჰყვება მიშელის დოკუმენტის ანულირებას - “არჩევნების ბოიკოტზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მაინც მიიღებს”

“მმართველი გუნდის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი მათი „კეთილი ნება იქნება", ამას ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებები და ნაბიჯები მოჰყვა,"გირჩი- მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს, „ლელომ" შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, „ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" კი დაშლის პირასაა.რაც შეეხება ენმ-ეს პოზიციას, მათი აზრით, ახლა ოპოზიციის ერთობაა საჭირო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შედეგები მოჰყვება მიშელის დოკუმენტის ანულირებას - “არჩევნების ბოიკოტზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მაინც მიიღებს”

„ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ამით ცდილობს, რომ 43%-იანი დათქმა თავიდან აირიდოს, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციამ, კერძოდ კი "ნაცმოძრაობამ" ამისი საბაბი მისცა. "ყველზე მნიშვნელოვანი,რაც დოკუმენტში ეწერა და რისთვისაც „ოცნება" ცდილობს რომ რამენაირად თავიდან აირიდოს, ჩემი აზრით ესაა 43%-ზე რიგგარეშე არჩევნების პირობა, დღეს პოლიტიკური ვითარება ისეა, რომ მმართველი პარტია საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შესაძლოა ხვალ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს - მხოლოდ და მხოლოდ ერთ საგანთან მიმართებაში და ესაა 43% და პირობა, რომელიც მან გასცა. ამასთანავე, „ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა იმ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებით, რაც ზოგადად ოპოზიციამ და კერძოდ „ნაცმოძრაობამ" მიიღო, აპელირება ხდებოდა, რომ ის დოკუმენტს ხელს არ აწერდა და „ოცნებამ" არგუმენტად სწორედ ეს გამოიყენა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თავისთავად, თუ ნეიტრალური პოზიციიდან შეხედავ, სრულიად გამართლებული არგუმენტია, რადგან ოპოზიციის მხრიდან ძირითადი პოლიტიკური პარტია ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს და გამოდის „ქართული ოცნება" ვალდებულებებს ცალმხრივად კისრულობს. ზოგადად, რა ვალდებულებებიცაა, ხელისუფლებამ ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების და დოკუმენტის გარეშე, რა თქმა უნდა, ისედაც უნდა შეასრულოს, გარდა იმ 43%-ისა და ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ „ოცნება" ამ შეთანხმებიდან გადის, შესაძლოა მათ აქვთ ისეთი ინფორმაცია მაგალითად, რომ „ნაცმოძრაობა" ამ დოკუმენტზე ხელისმოწერას დღეს-ხვალ აპირებდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია და ახალი ტალღა იწყება. მთელი ეს სამი თვე დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ხელი მოეწერათ და დოკუმენტს შეერთებოდა. კატასტროფული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ფაქტიურად უთხრა, რომ მაიმუნობას თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთო და თავი კი არ დავანებეთ, ესკალაციის ახალ ტალღას ჩავუყარეთ საფუძველი.ზოგადად, დღეს ასეთი რეალობა დაგვიდგა, რომ დღევანდელი ოპოზიციის თუ ხელისუფლების ელიტიდან, თითო-ოროლა პიროვნება თუ მოიძებნება, რომელიც ქვეყანაზე ფიქრობდეს და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ან მოპოვებაზე,"- განაცხადა ძაბირაძემ”, - განაგრძობს გამოცემა.

"კითხვაზე ოპოზიციის მხრიდან ქუჩის გამოსვლები თუა მოსალოდნელი, ძაბირაძემ განაცხადა, რომ დღეს ეს განწყობა ხალხში არაა. „ოპოზიცია მუდამ იმუქრება და ცხრა წლის განმავლობაში ერთ რაღაცას ვერა და ვერ მიხვდა, რომ დღეს საზოგადოებაში განწყობა და მოთხოვნა არაა იმის, რომ ქუჩაში გამოვიდეს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ - დავუშვათ, მედიაზე, თუ სხვა. ოპოზიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. საზოგადოებაში არაა ეს მოთხოვნა, რომ ქუჩაში გამოვიდეს და ამას როგორ ვერ ხვდებიან, არ მესმის. „რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „ნაცმოძრაობა" ესეთი გახდა და ისეთი, ეს ელექტორატს არ სჯერა და ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკა შეცვალონ და ვითარება გაიაზრონ და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მოსახლეობის განწყობას შეესაბამებოდეს, ძალად ცდილობენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აგრესიაზე წავიდნე, რაზეც საზოგადოება არ მოყვება. შესაბამისად ოქტომბერში რამდენიც არ უნდა ეცადონ, მაინც არ მოხდება ის, რაც უნდათ, კი ბატონო იქნება კარვები, კიდევ ასი დღე იქნება და იქნება, სულ ესაა." - თქვა მან”, - დასძენს გამოცემა.

"ლელოს" მიერ ადგილობრივ არჩევნებზე შესაძლო ბოიკიტირებაზე ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს სწორი არ იქნება. ოპოზიცია ერთიანი არაა, არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს, ამიტომ, არჩევნების ბოიკოტზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ის, რაც სადღაც ევროპაში მოხდა, ვიღაცის მიერ გაკეთებული სვლა არ შეიძლება აიღო და საქართველოს რეალობაში გადმონერგო, ეს არაა სწორი და ამას უნდა მიხვდნენ, ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ვერ ხვდებიან. კარგი, ვთქვათ გამოაცხადეს ბოიკოტირება და „ნაციონალები" და ყველა შეუერთდნენ, მერე რა? არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ელისაშვილი, „გირჩი", ინჯია, გახარია, „სტრატეგია აღმაშენებელი" და ისევ სალაპარაკო დარჩება, რომ „ნაციონალები" მონაწილეობას არ იღებენო, ამით რა შეიცვლება? დღეს ქვეყანაში ის ვითარება არაა, რაც 2003 წელს იყო. არც ის ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს წამყვანია არაა ისეთი, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას შეძლებს. სხვა გზებია საძებარი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში ერთსა და იმავეს ვუყურებთ,"- განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა საბუთებით შეძლებენ უცხოეთში გამგზავრებას ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები

“ყველა ქვეყანას ინდივიდუალური შეზღუდვები გააჩნია საზღვრებზე სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით - ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას და აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც უკვე აქვთ ჩატარებული ორივე დოზით ვაქცინაცია, დღესაც შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი და იმოგზაურონ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა საბუთებით შეძლებენ უცხოეთში გამგზავრებას ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები / „მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გაკეთებული ვაქცინის ორივე დოზა, დღესაც შეუძლიათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა“ - ინფექციონისტი

"ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს ეძლევა ორენოვანი საბუთი, რომლის საშუალებითაც, აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები აღიარებენ ვაქცინას, რომლითაც აცრებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ახორციელებს. „ვაქცინირებულ პირებს ამ მხრივ არ აქვთ შეზღუდვები - უბრალოდ, შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ ჩვენგან, როგორც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით "წითელი ზონის" ქვეყნიდან, არ შეუშვას მოქალაქეები. „ყველა ქვეყანას საზღვრებზე ინდივიდუალური სანქციები აქვს დაწესებული, ზოგიერთი სახელმწიფო ითხოვს მხოლოდ ვაქცინაციის საბუთს, ზოგიერთი კი დამატებით PCR ტესტის შედეგებსაც" - განაცხადა გოგინავამ. აქვე ცნობილია, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, - რის შესახებაც ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი; ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი; სამედიცინო დაწესებულების დასახელება; ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ”, - დასძენს გამოცემა.

"იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე", - აცხადებენ სამინისტროში”, - წერს სტატიის ავტორი.

გაუძლებს თუ არა არსებული ვაქცინები ახალ შტამებს და რა შემთხვევაში შეძლებს კაცობრიობა კორონავირუსის დამარცხებას

"კორონავირუსი არსად არ გაქრება - ასე ფიქრობს სპეციალისტების ნაწილი, რომლებიც ამგვარ პროგნოზს იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას ჩვენს ვაქცინებზე და მედიკამენტებზე უპირატესობა აქვს, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ნაადრევს უწოდებს. ის, რომ აღნიშნული მოისაზრება ნაადრევია, ამაზე "რეზონანსთან" ეპიდემიოლოგმა და ექსპერტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა, მისი თქმით, ჯერ მოსახლეობის სრული ვაქცინაცია არ მომხდარა და არ ვიცით ასეთ შემთხვევაში ვირუსი როგორ მოიქცევა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაუძლებს თუ არა არსებული ვაქცინები ახალ შტამებს და რა შემთხვევაში შეძლებს კაცობრიობა კორონავირუსის დამარცხებას

"ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან შესაძლოა იყოს ცირკულაცია, როგორც გრიპის ვირუსი ისე, მაგრამ ისე, რომ ასე გაუთავებლად იყოს - არა მგონია. ამას წმინდა ინტუიციურად და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ, როგორც ვირუსულ ინფექციებს საერთოდ ახასიათებს ხოლმე. "ჯერ ერთი ჩვენ ჯერ სრულად იმუნიზირებული მოსახელობა არ გვყავს, ამიტომ არ ვიცით ვირუსი როგორ მოიქცევა, მაშინ როცა იმუნიზირებული სხეული დახვდება, როცა მოსახლეობის სრულად ვაქცინირებას მოვრჩებით აი მერე უნდა ვილაპარაკოთ. მასე ეგონათ, რომ ყვავილიც არ გაქრებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ეს დაავადება აღარაა, რადგან მთელი მოსახლეობების სრულად ვაქცინირება მოხდა. "როცა სრული ვაქცინაცია მოხდება და თუ გამოჩნდება ისეთი შტამი, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანებს ისევ დაასნებოვნებს, აი მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. და კიდევ ერთი, თუ ასეთი მომენტი იქნება, რომ ვაქცინაციას ვადა გაუვა, მაშინ უკვე უნდა შემოვიღოთ, როგორც "აკადეესი", რომ პერიოდულად რამდენჯერმე კეთდებოდა, მაშინ სხვა გზა არ გვექნება, რომ მუდმივი ვაქცინაცია უნდა ვატაროთ ხოლმე. "თუ, არა მაშინ შესაძლოა კაცობრიობამ კორონავირუსისგან საერთოდაც დაისვენოს თუ მსოფლიოს მთელი მოსახლეობის სრული ვაქცინაცია მოხდება," - განაცხადა ხმალაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის აზრით კი კორონავირუსი არსად არ გაქრება, რადგან მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე და ვაქცინებზე. „ძალიან ბევრ ადამიანს იმედი აქვს, რომ როგორც 2009-2010 წელს დამთავრდა სწრაფად გრიპის პანდემია, როგორც 1918-1920 წელს სწრაფად დამთავრდა გრიპის პანდემია, ახლაც კორონავირუსის სადღაც გაქრება. „არსად არ გაქრება კორონავირუსი, კორონავირუსმა მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე, ჩვენს ვაქცინებზე. გავრცელების სხვადასხვა მექანიზმებია, სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა შეღწევის გზები. „ეს არის კორონავირუსის თვისება, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ტიპის ვირუსებისაგან. არ დამთავრდება პანდემია. ვაქცინების მხრივ პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არის. ახლა ის ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც „დელტა" ვარიანტზე მოქმედებს. „ლამბდა" გამოჩნდა რამდენიმე კვირის წინ და აქტიურად ჩანაცვლდა უკვე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით პერუში. „შესაძლებელია, „ლამბდა" არ დაემორჩილოს იმ ვაქცინებს, რომელსაც ახლა ვიყენებთ. მაგრამ ვაქცინების წარმოებაში იმდენად დიდი პროგრესია, რომ ვაქცინების მიმართვა ამ ახალი მუტაციის შემდეგ მიღებული ვარიანტისაკენ არის ძალიან სწრაფი და შეიძლება, ერთ-ორ თვეში მოხდეს, ამ მხრივ რესურსები, საბედნიეროდ, დიდია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "პალიტრანიუსთან", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება არსებულ ეპიდვითარებას, ოთხშაბათს კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველო უკვე კორონავირუსის პიკშია და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ეს კვირა იქნება კრიტიკული, რათა პანდემიის მიმართულებაზე მოხდეს დაკვირვება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო „იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი". მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო. „ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით. „ვირუსის ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ არის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე როცა ვხედავთ რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს”, - დასძენს გამოცემა.

"ჯანდაცვის სამინისტროს და სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაშია და ეს სამუშაო მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს სასტუმროები ეფექტურად გამოვიყენეთ. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა, რომ უნდა მოახდინონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენ ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ასევე, მობილიზებულა ონლაინკლინიკა, რომელიც ბინაზე დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს. აქედან გამომდინარე, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია. აბსოლუტურად ყველგან არის გამოცხადებული მაღალი მობილიზაცია",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ირაკლი ხმალაძის შეფასებით, თუ პაციენტებისთის ყველა პირობა შეიქმნება. საველე ჰოსპიტლების გახსნა პანდემიისას ჩვეულებრივი ამბავია. „ელემენტარულად კლინიკაში ადგილები აღარაა და ჩვენ თუ ყველა დავაწვინეთ, მაშინ მძიმე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში ვეღარ მოხვდებიან, მთელი აქცენტი ალბათ მძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებზე იქნება გადატანილი, არაა გასაკვირი, რომ საველე ჰოსპიტალი გაიხსნას, ეს პანდემიის დროს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ადრე იყო ქოლერა და ა.შ. „ამიტომ თუ ყველა პირობა შეიქმნება იმისათვის, რომ პაციენტის მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს, საველე ჰოსპიტალი სრულად მისაღებია, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამ სიტუაციაში ტექნიკის რაოდენობით ვერ დავიკვეხნით, რომ უამრავი სუნთქვის აპარატი გვაქვს და ა.შ."- განაცხადა ხმალაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით