ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021

ხათუნა ლაგაზიძე - “ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს”

კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი და მიზეზი

ვახტანგ ძაბირაძე - “ივანიშვილი “ოცნებას” უქმნის სპარინგ-პარტნიორს...”

“ოცნებამ”შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც გადაიფიქროს

მამუკა ხაზარაძე - “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს”

“დავიწყოთ იმით, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალა ამისკენ მეთოდურად მიდიოდა, ერთი მხრივ, იმ ღირებულებების იგნორირებით, რომლებიც დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოს ქმნის და, მეორე მხრივ, “გადაგდებების” მთელი სერიით, რაც დასავლეთთან ურთიერთობაში მის ხელწერად იქცა, ამ ტიპის დემარში მაინც წარმოუდგენელი იყო. საქმე ის არის, რომ ამ განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ის შეთანხმება დასავლეთს თავზე გადაახია, მეტიც, სილა გააწნა. ვფიქრობ, დასავლეთი ამას აღიქვამს არა როგორც ერთი, თუნდაც სტრატეგიული, მაგრამ პატარა ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ ნაბიჯს, არამედ როგორც რეალურ გამოწვევას, რამაც შეიძლება დომინოს პრინციპით იმოქმედოს”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს”.

“ავხსნი, რასაც ვგულისხმობ. საქართველოს ტიპის ქვეყნისგან ასეთი სილის გაწვნა დასავლეთის არასაკმარისი რეაგირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მთელი მსოფლიოს პატარა ქვეყნების ავტორიტარი მმართველები, მათი მფარველების წაქეზებით, შეეცდებიან დასავლეთს ისევე აახიონ სახე, როგორც ეს გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ეს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს დასავლეთის იმიჯს, მათ შორის - ამერიკისასაც, რომელიც ჯერ ისევ მსოფლიო წესრიგის მთავარი ციტადელია და ამ ყველაფერმა შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის მოიტანოს მძიმე შედეგები... გავიხსენოთ, 2008 წლის ომის დროს დასავლეთის არასაკმარისმა რეაქციამ და რუსეთის რესურსების არასათანადოდ შეფასებამ გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია - მოხდა ყირიმის ანექსია, სირიის მოვლენები და დღეს რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში ისეთი ძლიერია, როგორიც ბოლო 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა. ეს გამოიწვია სწორედ დასავლეთის ახლომხედველურმა პოლიტიკამ, რუსეთის შესაძლებლობების არარაციონალურმა შეფასებამ, ასევე თანამედროვე დასავლური ინსტიტუტების სისუსტემ და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“მოკლედ, თუ არ იქნება დასავლეთის დროული და ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა ამ ყველაფერს არანაკლებ მძიმე პროცესები მოჰყვეს. თუ დასავლეთს ოდნავი რაციონალიზმი და პრაგმატულობა შერჩენია, საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას სწორედ ასე შეაფასებს. ამ შემთხვევაში სასწორზე დევს არა საქართველოს დემოკრატიულობა ან პროდასავლურობა, არამედ დასავლეთის, როგორც მსოფლიო წესრიგის უმნიშვნელოვანესი გარანტის როლი და იმიჯი. რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი... შეიძლება ვიფიქროთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ერთ დღეს გაიღვიძა და უცებ გადაწყვიტა, პროდასავლური შლეიფის ერთი ხელის მოსმით ჩამოშორება, მაგრამ რაციონალურობა ამგვარ მოსაზრებაში არ ჩანს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი აქამდეც დიდი სიამოვნებით ხუჭავდა თვალს “ქართული ოცნების” ნაბიჯებზე, განსაკუთრებით -ბოლო ორი წლის განმავლობაში და მმართველ ძალას ასევე შეეძლო გაეგრძელებინა მოქმედება პროდასავლური რიტორიკითა და ანტიდასავლური საქმით, რაზეც დასავლეთს მაინცდამაინც მკაცრი რეაქცია არ ექნებოდა და ამაში მათ ვერც სუსტი ოპოზიცია შეუშლიდა ხელს. ჩემი აზრით, აქ მთავარი ინსპირატორი მაინც ის იყო, რომ “ქართული ოცნებისთვის” დიდ გამოწვევად და რუბიკონად იქცა 43%, რომელიც ამ შეთანხმებაში ჩაიდო და რომლის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როგორც ჩანს, კვლევების შედეგები კატასტროფულია, “ოცნება” ძალიან შორს არის ამ 43%-ისგან და ამიტომაც ვისმენთ მათგან, 43% კი არა, 3%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნებაო. მწარედ ცდებიან... საქმე ის არის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, მმართველი ძალა გააუქმებს თუ არა ამ შეთანხმებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც გარდაუვალი იქნება. “ქართული ოცნება” არის ზეეკლექტური გაერთიანება, ეს არის ძალაუფლებასა და მისგან მიღებულ გამორჩენას დახარბებული ადამიანების ერთობა - ვგულისხმობ “ოცნების” ელიტას; ამავე დროს, ადგილებზე პარტიის ღერძს ქმნიან ყოფილი “ნაციონალები”, რომლებიც როგორც კი დაინახავენ პარტიის წაბორძიკებას, მაშინვე დაიწყებენ უკეთესი ვარიანტის ძებნას. “ოცნებაში” მრავლად არიან მედროვეებიც, რომლებიც ყველა ხელისუფლებაში თავის ადგილს პოულობდნენ. ისინიც, როგორც კი დაინახავენ, რომ “ოცნებამ” ვერ შეძლო 43%-იანი მხარდაჭერის მიღება, მაშინვე გადალაგდებიან სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში, რადგან გადაწყვეტენ, რომ ეს “ოცნების” დასასრულის მომასწავებელია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ასე რომ, “ოცნებამ”, რაც უნდა გადათქვას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობა, თუკი ის თვითმმართველობის არჩვენებში ვერ მოახერხებს 43%-ის აღებას, ეს იქნება პარტიაში სიგნალი ყველასთვის, რომ “ოცნების” დასასრული დაიწყო და გაღრმავდება მისი დაშლის პროცესი. ამის დასაწყისად თამამად შეიძლება მივიჩნიოთ გიორგი გახარიას ოპოზიციაში გადასვლა. სხვათა შორის, მუნიციპალიტეტებში გახარიას პარტიის სავარაუდო კანდიდატებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “ქართულ ოცნებას” არაერთ მუნიციპალიტეტში მოუწია უკვე შერჩეული კანდიდატების შეცვლამ - ისინი იძულებული გახდნენ, უფრო წონიან კანდიდატებზე ეფიქრათ. კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც “ოცნებას” ეს გააბედვინა, არის ამ პარტიასთან დასავლეთის ენის მოჩლექით საუბარი, განსაკუთრებით - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: პირველი - დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება და “ოცნება” ამტკიცებდა, რომ მის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა და მეორე - ოპოზიციის სისუსტე... არსებობს გამოთქმა, ხალხი იმ ხელისუფლებას იმსახურებს, რომელიც ჰყავსო. ამის პერიფრაზს გავაკეთებ და ვიტყვი, რომ საქართველოს ოპოზიცია იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს ითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ამას დასავლეთი კარგად ხედავდა, განსაკუთრებით - შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“დასავლეთს სჭირდება ოპოზიცია, როგორც სტაბილური, სტრატეგიული დასაყრდენი, რომელიც, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს დაქსაქსული ოპოზიცია, რომლის ნაწილიც პარლამენტში შესვლის შემდეგ იქცა “ქართული ოცნების” ლეღვის ფოთლად, ნაწილი კი საკუთარ სკამებს არის ჩაბღაუჭებული და სხვა მიზნები აღარც აქვს, დასავლეთს უკეთეს პერსპექტივას ვერ დაანახებდა და ისიც იძულებული იყო, ხელისუფლებაში მყოფ ძალასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. ამ ყველაფერმა “ქართულ ოცნებას” შეუქმნა ილუზია, რომ დასავლეთის არაერთგზის გადაგდება შეეძლო. იმედი აქვთ, რომ ყველაფერი შერჩებათ. ისინი, როგორც ჩანს, დასავლეთთან ურთიერთობის მოგვარების რესურსს კვლავაც ხედავენ. მოკლედ, გათავხედებული ბავშვებივით მოიქცნენ”, - ამბობს რესპონდენტი.

“დღეს ოპოზიცია ისეთი ჭრელი და დაქსაქსულია, როგორიც რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში შესვლამდეც არ ყოფილა. მაშინ ერთგვარ სახეს მაინც ინარჩუნებდა, დღეს კი ოპოზიცია სამ კატეგორიად არის დაყოფილი. პირველი - ეს არის ე.წ. ლეღვის ფოთოლი, რომელიც დიდი სიამოვნებით ირგებს “ქართული ოცნების” ადვოკატის როლს და ამის არც ერიდება; მეორე ნაწილი აშკარად არ გამოხატავს “ქართული ოცნების” მხარდაჭერას, მაგრამ კარგად ხვდება, რომ ეს მისთვის ბოლო პარლამენტია და ამიტომ ყველანაირად ებღაუჭება სადეპუტატო სკამს; მესამე ნაწილი ხელისუფლების რეალური ოპოზიციაა, თუმცა ეს ვითარება ძალიან ართულებს ოპოზიციაში საერთო ხედვის და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ ყველგან მერობის ერთიანი კანდიდატები უნდა წამოაყენონ, მაგრამ მათ სჭირდებათ საერთო გენერალური ხაზი, ამისთვის ბრძოლა და ამომრჩევლის მაქსიმალურად მოტივირება, ეს ხაზი კი გადის იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერაფრით აიღოს 43%. როგორც კი ამას ვერ შეძლებს, მისი დაშლა დაიწყება... აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ოპოზიციის გენერალური ხაზი უნდა იყოს ამომრჩევლის შემოკრება ერთი გზავნილით - ეს არ არის არჩევნები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის დასაკომპლექტებლად, ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა შეძლოს დასავლურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თავისუფლება და უსაფრთხოება იქნება დაცული”, - თვლის ექსპერტი.

“ მოვუსმინე ევროკავშირში ჩვენს ყოფილ ელჩს, ნატალია საბანაძეს, რომელიც ახლახან გახარიას გუნდს შეუერთდა და ვეთანხმები მის შეფასებას. მან აბსოლუტურად ლოგიკურად ახსნა შარლ მიშელის ძალიან სუსტი განცხადება, თქვა რა, რომ მიშელმა არ მოიჭრა გზა “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის გასაგრძელებლად. ამაში, რა თქმა უნდა, არის ლოგიკა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არასწორი პოზიციაა და ბატონი მიშელი გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამგვარმა რბილმა შეფასებებმაც მიიყვანა “ქართული ოცნება”აქამდე, წაახალისა ის არასწორი ნაბიჯების გადასადგმელად. ზოგადად კი, ვშიშობ, დაგვიანებული არ იყოს დასავლეთის მძაფრი რეაქცია და მართლაც ყველაფერი ისე არ მოხდეს, რომ საქართველოში ახალი ბელორუსი მივიღოთ. დასავლეთმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააცნობიეროს საქართველოს ღირებულება - ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი სამომავლო ქმედებების დაგეგმვისას აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენად უღირს საქართველო დასავლეთს, როგორც სტრატეგიული და დემოკრატიული პარტნიორი, მით უფრო - ამ ურთულეს რეგიონში, - დასძენს ლაგაზიძე და შეკითხვაზე - “ბოლო ხანს ხშირდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ლაპარაკი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე; რუსულ პრესაში გაჩნდა მოსაზრებები ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე...” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, ეს ერთიანი გეგმის ნაწილია. რუსეთმა, დიდი ხანია დაიწყო ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის გამოყენება, რაც ნიშნავს იმგვარ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში, ერთი მხრივ დასავლეთისადმი იმედგაცრუებას გააღრმავებს და, მეორე მხრივ, დაუცველობის, სასოწარკვეთის განცდას გამოიწვევს და ჩვენს დაქსაქსვას შეუწყობს ხელს.... გავიხსენოთ თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობის შევარდნაძისეული პერიოდი. მაშინ სწორედ ამ სამკუთხედმა შეძლო, რომ დღეს საქართველო ისევ ფეხზე დგას და ისევ აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. ამ ქვეყნების მაშინდელმა ლიდერებმა - შევარდნაძემ, ალიევმა და დემირელმა დასავლეთისთვის ამ სამკუთხედის უნიკალური ფუნქცია ჯერ თავად დაინახეს და მერე დასავლეთს შესთავაზეს, როგორც, ერთი მხრივ, რუსეთის შემაკავებელი პლატფორმა და, მეორე მხრივ, ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა. ამით მოვდივართ დღემდე. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას ვერ და არ გააკეთებს. ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ნელი კვდომის რეჟიმში გადავედით. ასეთი დასავლეთსაც აღარ აინტერესებს. შვილი კი არ ხარ, რომ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ და ყველაფერი გაპატიონ! საერთაშორისო ურთიერთობებში შენი საჭიროება მუდმივად უნდა ამტკიცო. სხვას რომ აინტერესებდე, ფასეული უნდა იყო, როგორც შენი რეგიონის საინტერესო აქტორი. ამიტომ არის აუცილებელი მრავალვექტორული პოლიტიკის წარმართვა!”

კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი და მიზეზი

“მთავრობა სერიოზულად განიხილავს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მომავალი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. გაბუნია აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესება კრიტიკული მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება. რა კონკრეტულ მაჩვენებელზეა საუბარი, ამ დროისთვის ჯერ პასუხი სპეციალისტებს არ აქვთ, თუმცა საუბრობენ იმ შეზღუდვებზე, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს, ან გამკაცრდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი და მიზეზი.

“ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე სწოლი არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბრეში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კონკრეტული მაჩვენებელი, რის იქითაც შეზღუდვებს შემოიღებენ, განსაზღვრული არაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული დელეგირება მივეცით, რომ ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე მართოს სიტუაცია. ამიტომ იმ ნორმატიული აქტით, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის საშუალებას აძლევს, ისინი შესთავაზებენ და საბჭოზე განიხილება, თუ როგორი მაჩვენებელი იქნება, რომლის ზემოთაც ამ პროცესის კონტროლიდან გასვლის შემთხვევაში რაღაც შეზღუდვები იქნება საჭირო. ამას თვითონ დაადგენენ და მოსახლეობას მერე ამცნობენ. რამდენადაც ვიცი, ამ წუთას რაღაც ასეთი გარკვეული თამასა დადებული არაა, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, მმართველობის სისტემის სხვა ნაწილის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამინისტროს მიერ იქნება შემუშავებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

“რამდენადაც საქმის კურსში ვარ, საუბარი შეზღუდვებზე კი არაა, საუბარია იმ ნორმების გამკაცრებაზე, რომლებიც ისედაც დაწესებული გვაქვს. ორი მიმართულებით მივდივართ - მასობრივი აცრა, რომელიც უკვე დაწყებულია და 15 ათასზე ავიდა, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია, იქმნება დამატებითი ადგილები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლება. გამახვილდა ყურადღება პედაგოგების მიმართ, რომელსაც ურიგოდ მოემსახურებიან, რომ სასწავლო პროცესს უფრო მომზადებულები შევხვდეთ. სამედიცინო უნივერსიტეტმა შესანიშნავი ფართი გამოყო, სადაც დღეში 2 ათასი ადამიანის აცრა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაიონებში და სოფლებში მოსახლეობა მასიურად იცრება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეეძლებათ მომსახურება ბინაზე მიიღონ. ვაქცინები დაუბრკოლებლად შემოდის. მოსახლეობა ვაქცინის სარგებელს თვითონაც გრძნობს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ის დაწესებული ნორმები მკაცრად უნდა დავიცვათ. თითო ადამიანს თითო პოლიციელს ვერ დაუნიშნავ. ვიცით, რომ დელტა შტამი უფრო ადვლად გადადის და ასაკითაც ქვევით ჩამოვიდა. თხოვნა გვაქვს თავყრილობებს მოვერიდოთ, ნიღაბს ნუ ჩამოვიხსნით არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ თუ თავშეყრის ადგილზე 5-6 კაცი იქნება, ეს ავტობუსის გაჩერებაა თუ პატარა თავყრილობა. ასევე საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ადგილების დეზინფექცია, აირაცია. ადამიანს, რომელიც გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში ჩადის, უმოწმებენ თუ რამდენჯერაა აცრილი. თუ ეს ორჯერადია, უპირატესობა ენიჭება. გამკაცრებაში ჩაითვლება ის, რომ მიუხედავად ერთჯერადი აცრილობისა ჩვენთან შემომსვლელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდება”, - ამბობს კახაძე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შეზღუდვების დაბრუნება ძირითადად მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაზე იქნება დამოკიდებული და იმაზეც, გაცდება თუ არა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 3500-ს”, - დასძენს გამოცემა.

“რა მაჩვენებელზეა საუბარი, ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არაა. ყველაფერი ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ჯანდაცვის სისტემა მოზღვავებულ პაციენტებს. ლაპარაკია იმ რაოდენობაზე, როდესაც მძიმე პაციენტებისთვისაც აღარ იქნება ადგილი საავადმყოფოში, ანუ თუ უკვე საველე ჰოსპიტლების მოწყობა გახდება საჭირო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს მოხდება უკვე, როცა ყოველდღიურად ახალი შემთხვევები 3500-ზე მეტი იქმება. მეორე მომენტი ისაა, რომ თუ გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა მეტი იქნება, ეს ძალიან კარგია. შეზღუდვების დაწესება უფრო მძიმე პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ვიდრე საერთო რაოდენობაზე. თუ პაციენტი მძიმეა, ის კლინიკაში დასაწვენია, ადგილს დაიკავებს და ეს უკვე პრობლემაა. ზუსტად არ ვიცი რა შეზღუდვებზეა ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ პირველ რიგში ისევ და ისევ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ყოფნა შეიზღუდება, ასევე მიმოსვლასთან დაკავშირებით საზღვარზე ტესტირება სავალდებულო იქნება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“ჩემის აზრით, ეს აუცილებელია და აქამდეც უნდა მომხდარიყო. პირბადის ტარება კატეგორიული უნდა გახდეს, რადგან ძალიან ბევრს უკვე აღარ უკეთია და უნდა ეკეთოთ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. ამის მონიტორინგი ალბათ ისევ შსს-ს მხრიდან იქნება, რომელიც ასეთ ადამიანს დააჯარიმებს. თავის დროზე ავტომობილში ღვედს არავინ იკეთებდა, მაგრამ როგორც კი ერთი ადამიანი დაჯარიმდა, მდგომარეობა გამოსწორდა. არაა ძნელი, რომ ადამიანმა პირბადე გაიკეთოს. თუ სამედიცინო დასკვნა ექნება, რომ მისთვის პირბადე არ შეიძლება, მაშინ კი, მაგრამ როცა ახალგაზრდა მოდის და პირბადე მკლავზე უკეთია, ეს უკვე სწორი არაა. არაა გამორიცხული, რომ ახალი წესების მოფიქრებაც მოხდეს - ჯარიმა გამოეწეროს არ მხოლოდ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს, არამედ იმ დაწესებულების პატრონსაც, რომელიც ასეთ ადამიანებს უშვებს. მარტო გარეთ იმის გაკვრა, რომ პირბადის გარეშე ნუ შემოხვალთო, ეტყობა საკმარისი არაა”, - დაასკვნის ხმალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “ივანიშვილი “ოცნებას” უქმნის სპარინგ-პარტნიორს...”

“ვფიქრობ, “ოცნებამ” საბაბად გამოიყენა ის, რომ “ნაცმოძრაობა” არ შეუერთდა შეთანხმებას. ჩემთვის სრულიად გაუგებარი და უარგუმენტო იყო მიზეზი, რის გამოც “ნაცმოძრაობამ” შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. რატომ გადადგა მმართველმა გუნდმა ასეთი ნაბიჯი? სავარაუდოდ, გაუჩნდათ შიში, რომ დათქმულ 43%-ს ვერ აიღებდნენ. ამაზე მეტყველებს კობახიძის განცხადებაც, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და იფიქრებენ კოალიციურ მმართველობაზე, თუ ოპოზიციაში გაჩნდა ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. ესე იგი, ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს, ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს ემსახურება თუ არა. აბსურდია ამაზე საუბარი. დიდი დარტყმა მიიღო მმართველმა გუნდმა საერთაშორისო­ პარტნიორებისგან. მართალია, დასავლელი პარტნიორების ყველა განცხადებაში ხაზგასმულია “ნაცმოძრაობის” შეუსრულებელი ვალდებულება, მაგრამ აქცენტი მაინც “ოცნებაზეა” გაკეთებული”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი “ოცნებას” უქმნის სპარინგპარტნიორს...”

“9 წელიწადი იყო გახარია ივანიშვილსა და “ოცნებასთან” და ყველაზე კარგად მან იცის, რა ხდებოდა სამზარეულოში. თუმცა მე მასთანაც მაქვს კითხვა - როცა მიიღო პრემიერის თანამდებობისა და პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, ძალიან გაბედული იყო? გახარია პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა. დღეს მას აქვს პოლიტიკური კაპიტალი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ “ოცნების” ხარჯზე აქვს დაგროვილი. ამასთან, მის ყოველ ნაბიჯს ივანიშვილი განსაზღვრავდა. გახარიამ უნდა იცოდეს, რომ “ოცნების” ლიდერებთან ერთად კითხვები მასთანაც არსებობს... მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაციაა, - “ოცნება” აშკარად კარგავს რეიტინგს, ხელისუფლებაში ახალი ძალა ოპოზიციიდან უნდა მოვიდეს. კობახიძე ლაპარაკობს შესაძლო ალიანსებზე კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. განცხადება, მოღალატეებთან კოალიციაში არ შევალთო, არაფერს ნიშნავს. თუ დასჭირდებათ, ამას უცებ დაივიწყებენ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კარგად ვიცნობ, - ერთმანეთი რომ ჯვარს აცვეს, ის ხალხი ახლა ერთად დგას. მგონი, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სცადეს ოპოზიციაში შექმნილიყო ძალა, რომელიც “ოცნებას” ჩაანაცვლებდა, მაგრამ ამაოდ. ახლა გახარიაა ასპარეზზე, თუმცა მას გარანტირებული არაფერი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ გახარია შეძლებს და ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი პარტია თუ არა, მეორე ძალა გახდება, ყველაფერი რიგზე იქნება, თუ არადა, არც არაფერი... მგონი, დაახლოებით ისეთი სცენარი თამაშდება, როგორიც 2003 წელს ვნახეთ... ივანიშვილი სპარინგ-პარტნიორს უქმნის იმ ამომრჩეველს, რომელსაც “ოცნება” აღარ მოსწონს. ჩემს ვერსიაში გახარიას აქვს ივანიშვილის კურთხევა და თუ ის ადგილობრივ არჩევნებში გაამართლებს, შეიძლება სერიოზულად დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ მისი პარტიის ლიდერი გახდეს. რთული თამაშია. როგორც ჩანს, ივანიშვილს კარგი კონსულტანტები ჰყავს, შესაძლოა თავადაც ალაგებს ამ რთულ კომბინაციებს. ასეა თუ ისე, კარგად გამოსდის თამაში”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ივანიშვილი რისკზე მიდის თუ როგორც ოპოზიცია ამბობს, მიზანმიმართულად ცვლის ქვეყნის დეკლარირებულ კურსს?” - პასუხობს:

“კარგი იქნება, თუ ოპოზიცია დაფიქრდება და პროცესების სწორ ანალიზს გააკეთებს. ოპოზიცია ივანიშვილის პრორუსობაზე მას შემდეგ ლაპარაკობს, რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა. მე თუ მკითხავთ, საქართველოს ხელისუფლებაში პროდასავლური ძალა არასდროს ყოფილა. შევარდნაძის მსგავსად, “ნაცმოძრაობაც” მხოლოდ დეკლარირებულად იყო პროდასავლური... შესაბამისად, ოპოზიცია ტყუილად ნუ აიჩემებს, “ოცნებამ” კურსს უღალატაო, მაინც არ გამოიწვევს ეს ხალხის პროტესტს. ოპოზიცია 9 წელია ერთ წრეზე ტრიალებს და მუდმივად კედელს ეჯახება. აუხსნელად და გაუგებრად მოქმედებენ ოპოზიციონერი ლიდერები. ეგებ გამაგებინოს ვინმემ, ნიკა მელიამ რატომ დატოვა პარლამენტი? იუკადრისა 19 აპრილის შეთანხმების ანულირება? თუ ეს მისთვის მიუღებელი იყო, დანარჩენი “ნაციონალებისთვის” არ იყო? თითქოს ვიღაცას მელიასგან მედროშის, გმირის შექმნა სურს, მაგრამ ისეთ რაღაცებს აკეთებინებენ, ანტიგმირს ქმნის. სწორი იქნებოდა, კენჭი არ ეყარა თბილისის მერად, მაგრამ აიძულეს. ალაპარაკეს, არ გამოვალ ციხიდანო და ბოლოს გამოიყვანეს...”

“არ ვფიქრობ, რომ კრიტიკულ განცხადებებს რადიკალური ნაბიჯებიც მოჰყვება. დასავლეთისთვის სანქციების დაწესება და ომის გამოცხადება ერთ სიბრტყეში განიხილება. ისინი იმედის საბოლოო გადაწურვამდე შეეცდებიან აქ პოზიციების შენარჩუნებას და სიტუაციის დასტაბილურებას. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალიან ცუდად, უთავმოყვარეოდ იქცევა, დასავლეთს ოქროს ურდოსავით უყურებს, ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფი გარბის ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, ხან მეორე, ერთმანეთს აბეზღებენ და თავად ითხოვენ მხარდაჭერას. ყველაფერს აკეთებენ, რომ გვირგვინი და კურთხევა მიიღონ ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან. დასავლეთს არჩევანიც კი არ დარჩა, მის მხარდაჭერას არც მმართველი გუნდი იმსახურებს და არც ოპოზიცია”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სპექტრი ბერწია. აღარაფრის შეთავაზება აღარ შეუძლიათ, ამიტომ დავრჩით არჩევნის გარეშე. გამოსავალი გაძლებაშია. უნდა გავძლოთ, სანამ პოლიტიკაში ახალი ხალხი არ მოვა. ეს მარტივი არ არის, ჩვენ ხელის ერთი მოსმით ვერც ვერავის გავიყვანთ პოლიტიკიდან და ვერც შემოვიყვანთ, მე იმედის თვალით ვუყურებ იმ თაობას, 13 ივლისის ტრაგედიის დროს ვერეს ხეობაში საკუთარი სურვილით რომ გავიდა და ქალაქის დასუფთავება დაიწყო. ამას 10-15 წელი მაინც დასჭირდება.... დასავლეთი სწორედ იმაში უნდა დაგვეხმაროს, რომ რუსეთის პირდაპირი სამხედრო აგრესია აგვარიდოს თავიდან და რუსულ რბილ ძალას როგორმე გადავიტანთ. ღია აგრესიულ ძალას გავუძელით 200 წელი და ესეც უნდა გადავიტანოთ, სხვა გამოსავალი არ არის”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“რუსეთი მუშაობს, თანაც ძალიან მაგრად. ახლა ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სუსტი წერტილი მჭიდროდ დასახლებული ეთნიკურად არაქართული რაიონებია. თუ შევძლებთ და ახალ ცხელ კონფლიქტს ავირიდებთ თავიდან, ესეც საქმეა. ამ პოლიტიკური სპექტრის შემყურეს სხვა არაფრის იმედი არა მაქვს. 2016 წლიდან ვიხვეწები, ოღონდ “ოცნებასა” და “ნაციონალებს” არ მისცეთ ხმა და ვისაც გინდათ, იმას დაუჭირეთ მხარი-მეთქი. მარტივი არითმეტიკაა: ნახევარ-ნახევარი მილიონია ის ხალხი, ვინც ამ ორ ძალას უჭერს მხარს, დანარჩენს არც ერთი უნდა და არც მეორე. თუ ეს ხმები დანარჩენებზე გადანაწილდება, გადავრჩებით. “ოცნებასა” და `ნაციონალებს~ შორის შეიქმნება “უსაფრთხოების ბირთვი”, რომელიც ორივეს გაანეიტრალებს. შესაძლოა ერთი კოალიციური ძალა ვერ მივიღოთ, მაგრამ იქნება რამდენიმე პოლიტიკური ძალა სერიოზული ელექტორალური მხარდაჭერით, და ამ ორ ძალას დააბალანსებს. სამწუხაროდ, საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. ტელემედიაში საოცარი რამ ხდება, მათ შემხედვარეს იმედი მეწურება და ამიტომაც ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი გაძლებაა”, - დასძენს ძაბირაძე.

“ოცნებამ”შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც გადაიფიქროს

“19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გადახედოს და შეცვალოს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თანაგუნდელი და უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი კი “რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია კონსტრუქციული არ იქნება, მაშინ არც პარტიების პროცენტულ ბარიერს, არც ფრაქციების წევრთა რაოდენობას და არც სხვა საკითხებს აზრი არ ექნება. პარლამენტში დარეგისტრირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შემდეგ პუნქტებს ითვალისწინებს: საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირებას, საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი იქნება 7-ის ნაცვლად 4 დეპუტატი, გენერალური პროკურორის ასარჩევად საჭირო იქნება მინიმუმ 90 დეპუტატის ხმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებამ”შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც გადაიფიქროს.

“უნდა გავითვალისწინოთ სხვა პოლიტიკური სუბიექტების აზრი, საზოგადოების აზრი და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, რას ვაპირებთ... გარემოებები შეიცვალა და გამოჩნდა, რომ არათუ კონსენსუსისკენ მივდივართ, არამედ კონფრონტაციის უფრო მაღალ ხარისხზე მივდივართ... არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს ეს ქვეყანა, ბევრჯერ მითქვამს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ქვეყანა, რომელსაც ემსახურება პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატს აძლევს ხალხი და ამ მანდატით უნდა იმოქმედოს ყველამ”, - ამბობს ვოლსკი. მაჭარაშვილის თქმით კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო დღეს არსებული მოცემულობა ოპოზიციამ შექმნა, თუმცა თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება და საგნობრივ განხილვებში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება საუბარი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არის ის მოცემულობა, რაც სამწუხაროდ მიშელის შეთანხმების შემდგომ ხან სიტყვით და ხან საქმით ოპოზიციის ქმედებებმა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატების უმრავლესობამ დოკუმენტს ხელიც კი არ მოაწერა, “ოცნება” შეთანხმების შესრულებას პირნათლად შეუდგა. ნაწილი, ვინც ხელი მოაწერა, საზოგადოება ხედავდა, რომ გამოსვლებში მიშელის დოკუმენტში არსებულ საკითხებს მხოლოდ სათავისოდ განმარტავდნენ. ეს ეხებოდა მართლმსაჯულებას, საარჩევნო რეფორმას, ამნისტიას თუ სხვა. მიშელის დოკუმენტი პირველ რიგში “ნაცმოძრაობამ” დააზიანა, დაზიანების ხარისხი ხელმომწერმა ოპოზიციამ გაზარდა, რადგან იქ არსებულ კანონებს მხარი არ დაუჭირა. პრაქტიკულად შეიქმნა ისეთი სურათი, რომ შეთანხმება იმ დონეზე დაზიანდა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების" შესასრულებელი გახდა, რაც თავისთავად უსამართლო იყო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი.

“სხვათა შორის, ჩვენი ინიციატივითაც ვამბობდით, რომ დიახ, მცირე მხარდაჭერის მქონე ოპოზიციასაც შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დოკუმენტის აზრი რაც იყო, რომ პოლარიზაციის ხარისხი დაეწია და ოპოზიციას დესტრუქცია შეეწყვიტა, ნაცვლად ამისა ოპოზიციამ ქუჩის დესტრუქცია პარლამენტში გადაიტანა. რეალურად საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, თუ “ოცნება” ამ პროცესს რატომ მიჰყვებოდა. იძულებული გავხდით, რომ ამ შეთანხმებიდან კი არ გამოვსულიყავით, არამედ გვეღიარებინა, რომ შეთანხმებაში აღარ ვართ. გამოვიდა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს მხოლოდ ჩვენ ვასრულებდით, თუმცა ამ შეთანხმების აღსრულება ჩვენ სწორად არ მიგვაჩნდა, რადგან დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ შეთანხმებას ხელი მაინც მოვაწერეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს დღემდე სავაჭროდ იყენებს. ორ თვეში არჩევნებია და ამით დადასტურდება, თუ საზოგადოება რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ პროცესებს ისე გავყვებით. საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენ დავაინიცირეთ, მაგრამ თუ ოპოზიცია დესტრუქციას გააგრძელებს, ბუნებრივია ამ შემთხვევაში არც იმას აქვს აზრი, რა პროცენტული ბარიერი ექნება და საერთოდ არაფერს. თუმცა, ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, ძალაშია - რომ თუ ოპოზიცია გონს მოეგება, რისი იმედიც სამწუხაროდ არ მაქვს, მაგრამ სასწაულებისაც დავიჯეროთ და თუ ეს ასე იქნება, მაშინ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მიეხედება და იმ პროცესებსაც, რაც საგაზაფხულო შეხვედრების დროს იყო დათქმული. პროცესები აბსოლუტურად ნორმალურ ჭრილში წავა”, - თვლის უმრავლესობის წევრი.

“ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვართ 84 დეპუტატი, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. ჩვენი ბრიფინგის შემდგომ ცხრავე საპარლამენტო სუბიექტს მინიმუმ ცხრა განსხვავებული აზრი ჰქონდა და ამ ფონზე რამის იმედი როგორ შეიძლება გქონდეს, რომ 113 ხმას მოაგროვებ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყოს. ჩავატაროთ ეს არჩევნები, შედეგს საზოგადოება გადაწყვეტს და თუ ამის შემდგომ ოპოზიცია გონს მოეგება, ნებისმიერ დროს მზად ვართ, მათ შორის საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებითაც, ეს პროცედურა გავაგრძელოთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი თანახმა იქნება იმაზე, რომ თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება და საგნობრივ განხილვებში მონაწილეობას მიიღებს, მაშინ არა მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იქნება საუბარი, ოღონდ საგნობრივი და კონსტრუქციული მიდგომები უნდა იყოს და პარლამენტში ფეხშიშველი არ უნდა იარო, სხდომათა დარბაზში არ უნდა შეიჭრა, სპიკერატში ისტერიულად არ უნდა ავარდე, ტრიბუნების ბლოკირებები არ უნდა მოახდინო და რევოლუციური სცენარები არ უნდა გელანდებოდეს. ამას თუ მოხსნიან და კონსტრუქციულად მათ შორის მწვავე კრიტიკულები იქნებიან, მაგრამ კანონმდებლობის და კონსტრუქციულობის ფარგლებში ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საუბარი,” - დაასკვნის გურამ მაჭარაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს”

“უკომპრომისო ბრძოლაში ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას. ისინი ცოტანი არ არიან. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - თუ თავად არ ვიბრძოლებთ, თავადვე არ გამოვხატავთ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგვწონს, მაშინ სხვისი იმედიც არ უნდა გვქონდეს. მეგობრებს უპირველესად ჩვენი ბრძოლა უნდა დავანახოთ, რომ მერე გვერდით დაგვიდგნენ. ჩვენ მაგივრად არავინ არაფერს გააკეთებს. ეს აქსიომაა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება და გვგონია, სხვა გააკეთებს ჩვენს საქმეს”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს კობახიძეს” / “ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ “ოცნებამ” ვერ აიღოს 43% და 2022 წელს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”.

“ეს არის კონსპირაციული თეორია, თითქოს ევროპული მხარე დაეთანხმა იმ შეთანხმების დარღვევას, რასაც ხელი თავადვე მოაწერა. სრული აბსურდია. ჩვენი ევროპელი მეგობრები აუცილებლად გამოეხმაურებიან კობახიძის ამ განცხადებას. ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი განცხადება... ეს სერიოზული ბრალდებაა. “ოცნება” ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადაგდებაში ევროპული მხარეც მონაწილეობდა. ამაზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს კობახიძეს... ჯერ ერთი, მიშელის დოკუმენტი არ არის ნოტარიულად დამოწმებული რაღაც ხელშეკრულება. ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, საიდან გამოსვლაც გამორიცხულია. შეთანხმება შედგა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად და “ოცნება” ვერ შეძლებს ასე მარტივად ხელის დაბანას. რაც შეეხება ოპოზიციის საკეთებელ საქმეს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ უკომპრომისო ბრძოლა და ხალხს დავანახოთ ნათელი მაგალითი იმისა, როგორ დასრულდება ერთი პოლიტიკური ჯგუფის თვითნებობა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ “ოცნებამ” 43% ვერ აიღოს”, - აღნიშნავს გამოცემის საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“პარლამენტიდან გასვლას არ ვგეგმავთ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. კობახიძე კი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ვაპირებთო, მაგრამ ავიწყდება, რომ ჩვენ პარლამენტში მიშელის შეთანხმების შესასრულებლად შევედით. თუ “ოცნება” გააგრძელებს ამ დესტრუქციულ ქმედებას და უარს იტყვის შეთანხმების შესრულებაზე, მაშინ პარლამენტს დავტოვებთ და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. სხვა გამოსავალი აღარ იქნება. უკვე აღარ არის იმაზე საუბარი, რომ ვიღაცამ ვიღაცა გადააგდო... აქ უკვე საუბარია იმაზე, გაფორმდება თუ არა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად. უკვე ნათლად ჩანს, რომ რუსეთმა თავისი რბილი ძალის გატარებისთვის “ოცნება” გამოიყენა”, მიიჩნევს “ლელოს” ლიდერი.

“ნაცმოძრაობამ” ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და “ოცნებას” ხელშეკრულების დარღვევის საბაბი მისცა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ “ოცნების” საბაბი არც ისე წელგამართულია - “ნაციონალებმა” თუ არ მოაწერეს, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხომ მოაწერეს? ხელშეკრულება ხომ გაფორმდა? “ლელო” დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას. “ლელო” სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყანაში აღარ იყოს ორი პოლუსი და ამომრჩეველს ალტერნატივა ჰქონდეს. ის, რომ დროის რაღაც მონაკვეთში ჩვენი და სხვა პოლიტიკური პარტიების ამოცანები ან მიზნები ერთმანეთს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ ვინმეს შევეკარით”, - განმარტავს რესპონდენტი.

“დიახ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ამომრჩეველს პრობლემიდან გამოსასვლელად კონკრეტულ გზებს სთავაზობს. ახლა ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ხმას მივიღებთ საკრებულოში. მთავარია, ოპოზიციური სპექტრის ხმები არ დაიკარგოს. მთავარი ამოცანა ახლა “ოცნების” გასტუმრებაა. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არჩევნის თავისუფლება უნდა მივცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ დილემის წინაშე - “ოცნება” ან “ნაცმოძრაობა”. ეს აუცილებელია, რომ კოალიციური მმართველობა მივიღოთ... თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მომავალ კვირას შევთანხმდებით და პრეზენტაციასაც ჩავატარებთ, ამჯერად, პრეზენტაციის გამართვამდე სხვას ვერაფერს გეტყვით...”, - დასძენს მამუკა ხაზარაძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით