ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2021

სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

რა მნიშვნელობა აქვს “ჯაველინების” მორიგ გადმოცემას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის

“დაჯავშნილ ვიზიტებზე არ გამოცხადების მაღალი მაჩვენებელია” - არის თუ არა ვაქცინაციის კამპანიის განზრახ შეფერხების მცდელობა

* * *

სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

“ქვეყანაში კორონავირუსის რამდენიმე შტამის ცირკულირების გამო და განსაკუთრებით კი ეს “დელტა” ვარიანტს ეხება, დღეს ბავშვების ინფიცირება უფრო მეტად ვლინდება, ვიდრე წინა ტალღების პერიოდში. სპეციალების განმარტებით, თუ ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა არ შემცირდა, სასწავლო პროცესის კლასებში დაწყება შესაძლოა რისკებთან იყოს კავშირში. უკვე მეორე დღეა, რაც ინფიცირებულთა კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ოთხშაბათს კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.35 %”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სკოლებში სწავლის განახლება შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს - “თუ ინფიცირება არ შემცირდება, სწავლის დახურულ სივრცეში გაგრძელება გართულდება”.

“როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, სასწავლო პროცესის დახურულ სივრცეში გაგრძელება ძალიან გართულდება. “ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების. ვგულისხმობ იმას, რომ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც და უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა" ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება”, - განმარტავს ჩხაიძე, თუმცა, ამბობს, რომ “დელტა” ვარიანტს არ შეუცვლია წარმოდგენა კორონავირუსზე, - რომ კორონავირუსი უფრო ნაკლებად ვრცელდება ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის მონაცემები, რომელიც გვაქვს და ჩვენ ძირითადად, აშშ-ის NCDC-ის მონაცემებს ვეყრდნობით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%-ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ანუ 100-დან 3. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. 100-დან 97 ბავშვი კორონავირუსს გადაიტანს მსუბუქად, ბინის პირობებში, მაგრამ თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 48 ათასი ინფიცირებულიდან 40 ბავშვი მაინც უნდა იყოს... 12 -დან 15-წლამდე ბავშვების ვაქცინაცია შესაძლებელია განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მათ აქვთ ისეთი ქრონიკული პათოლოგიები, რაც ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მის ჯანმრთელობას რისკს შეუქმნის. ეს არ არის რუტინული და ყველა ბავშვს არ ეხება. ევროპის უმეტესი ქვეყანა უკვე ახორციელებს და ნაწილი გეგმავს 12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა, ინდივიდუალური გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ვაქცინაცია”, - მიიჩნევს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

“ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები არ გატარდება, რეკომენდაციების კუთხით და ვაქცინაციის კუთხით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყება რისკის შემცველი იქნება. “რისკი, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს რისკი უფრო გაიზრდება თუ დაცული არ იქნება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და რაც მთავრია, ყველა პერსონალი უნდა იყოს აცრილი - აღარაა იმის დრო, რომ მე მინდა და მე არა - კი ბატონო, აირჩიონ რომელი ვაქცინაც უნდათ, მაგრამ პერსონალი აუცილებლად აცრილი უნდა იყოს. ბავშვებშიც, ალბათ, პირველ რიგში სასურველია, რომ უფროსკლასელებიც აცრილები იყვნენ, ასევე, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები, პირბადეების გამოყენება იქნება ეს, თუ კლასებში დაცული გარკვეული დისტანცია” - თვლის ხმალაძე, რომლის თქმით, “არაა გამორიცხული, რომ სექტემბრისთვის მატება იყოს, მით უმეტეს, ტურისტული სეზონია, მაგრამ, მაინცდამაინც კატასტროფული მატების შანსი არაა”, - დასძენს გამოცემა.

“შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სამი ათასზე მეტი არა მგონია იყოს, მართალია, მაღალი რიცხვები იყო, მაგრამ ახლა აცრის პროცესი ძალიან აქტიურად მიდის, რადგან ყველა “ფაიზერს” ელოდებოდა. რადგან “ფაიზერი” შემოვიდა, იმდენი დარეგისტრირდა, რომ დღეს რომ გინდოდეს ჩაწერა, ვერ ჩაეწერები. რაიონებშიც უკვე იგივე სიტუაციაა და ადამიანები უკვე აქტიურად იცრებიან და ბევრად უკეთეს სიტუაციას ველოდები, ვიდრე უარესს”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ხომ არაა გეგმაში, რომ ქვეყანაში 16 წელს ქვემოთ ბავშვები აცრა დაიწყოს, როგორც ეს გარკვეულ ქვეყნებში ხდება?” - პასუხობს:

“ჯერ არა, რადგან ვაქცინა არაა გამოცდილი ისე, როგორც წესი და რიგია, თუმცაღა, კულუარებში საუბარია, რომ შესაძლოა ბავშვების აცრა ჩინური ვაქცინით მოხდეს, ოღონდ ეს შეიძლება იყოს ათი წლის ასაკიდან და არა უფრო ქვემოთ.... პედაგოგების აცრა მიმდინარეობს, მე ვინც მეკითხებოდა, უმეტესობა “ფაიზერს” ელოდებოდა, თითქმის ყველა პედაგოგი სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის ალბათ აცრილი იქნება”.

“მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანები, სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ აცრას. რაც შეეხება მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს, დღეის მონაცემებით ქვეყანაში ერთჯერადად 542 639 ადამიანია აცრილი, ხოლო სრულად 171 908”, - წერს სტატიის ავტორი.

რა მნიშვნელობა აქვს “ჯაველინების” მორიგ გადმოცემას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის

“აშშ-მა საქართველოსთვის 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების “ჯაველინის” რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო - სამხედრო ექსპერტები აღნიშნულს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს სისტემები შესაძლოა გამოიყენო იმისთვის, რომ თავდაცვითი ბრძოლები უფრო გონივრულად დაგეგმო და იმის გარანტი იყოს, რომ მოწინააღმდეგე თავდასხმასა და აგრესიას ნაკლებად იფიქრებს. თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ გასცა საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ აცნობებს, - ამის შესახებ თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს პრესრელიზშია აღნიშნული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მნიშვნელობა აქვს “ჯაველინების” მორიგ გადმოცემას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის - “ჯაველინი ტანკებისთვის სერიოზული დარტყმის მიყენების საშუალებაა”.

“აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, რომელიც არის სტრატეგიული პარტნიორი და რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის მთავარი კონტრიბუტორი. “ჯაველინის” სისტემა დაეხმარება საქართველოს გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს საქართველოს შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაზრდით. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს”,- ნათქვამია პრესრელიზში. საქართველომ 2018 წელს შეერთებული შტატებისგან “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემები პირველად მიიღო, სისტემა აშშ-ის სამხედრო შეიარაღების სრულფასოვანი ნაწილი 1996 წლიდანაა. “ჯაველინის” ეფექტი ვაშინგტონმა ყველაზე ფართოდ 2003 წელს, ერაყის ომის დროს გამოსცადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯაველინი” არის ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემა, რომელსაც აშშ-ის არმია და საზღვაო ქვეითი შენაერთები მოწინააღმდეგის ტანკების წინააღმდეგ იყენებენ. სისტემა სამი მთავარი ნაწილისგან შედგება - გამშვები ბლოკი, მასზე წინიდან მიმაგრებული გამაერთიანებელი და თავად რაკეტა. როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკამ სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მიიღო, რომელიც საქართველოს თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს გადაწყვეტილება ამერიკამ დიდი ხანია მიიღო - სამწლიანი დახმარების პროგრამაა, რომელიც თავდაცვითი საშუელებების გაძლიერებას და მის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს იმ პროგრამის გაგრძელებაა, როცა ჩვენ “ჯაველინები” და “სტინგერები” შევიძინეთ. ასე რომ, ეს სამედრო დახმარების პაკეტია, რომელიც საქართველოს უკრაინასთან ერთად აქვს გამოყოფილი. ეს ისედაც დაგეგმილი იყო და სამხედრო დახმარების პაკეტში ჯდება. “ჯაველინები” ტანკებისათვის სერიოზული დარტყმის მიყენების საშუალებაა და რვა აგვისტოს ომისას რომ გვქონოდა, რუსეთის დანაკარგი მეტი იქნებოდა, მაგრამ რეალურად სტრატეგიულად საქმეს დიდად ვერ შეცვლიდა. “ჯაველინები” შესაძლოა გამოიყენო იმისთვის, რომ თავდაცვითი ბრძოლები უფრო გონივრულად დაგეგმო და იმის გარანტი იყოს, რომ მოწინააღმდეგე შენზე სამხედრო თავდასხმისა და აგრესიას ნაკლებად იფიქრებს - ძირითადი მომენტი ესაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“თუმცაღა, ამავე დროს რუსეთსაც აქვს ახალი ტექნოლოგიები მათ შორის კონტრსაბატარეო საშუალებები, ასევე სპეციალური შტორმები, რომლებიც პირველ დარტყმებს იგერიებდნენ, ანუ ახლა რუსეთსაც აქვს ახალი შეიარაღება და ის აღარაა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჰქონდათ. იმის მერე რუსეთის არმიამ საკმაოდ სერიოზული სამხედრო მოდერნიზაცია განიცადა. საქართველო-რუსეთის ომის დროს რუსეთმა სერიოზული გაკვეთილები და გამოცდილება გამოიტანა, ასევე, უკრაინის და სირიის გამოცდილებით, სამხრეთით ოპერატიული სტრატეგიული სარდლობა გააძლიერა. ჩვენთან 2008 წელს ბრძოლებმა აჩვენა, რომ რუსეთის არმიას სერიოზული პრობლემები ჰქონდა”, - განმარტავს ექსპერტი.

“ჩვენ “ჯაველინების” შესყიდვას უკვე მეორედ ვახორციელებთ. ამის პარალელურად წვრთნები საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენი არმია ნატოს სტანდარტებთან საკმაოდ თავსებადია და იმაზე მეტადაც, ვიდრე ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შენაერთები. ჩვენ ასევე ავღანეთმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მიგვიტანა, ეს მიმართულება თანდათან უმჯობესდება. სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-ოპერატიული, სამხედრო-კომუნიკაციური და სამხედრო-თავდაცვითი მართვის მიმართულებით ადაპტირდება ჩვენი არმია ნატოს სტანდარტებთან. ამ მიმართულებებით ნატოს სტანდარტებთან საკმაოდ კარგი თავსებადობა გაგვაჩნია”, - ამბობს რესპონდენტი.

“ჩვენ შეაიაღების 70% და მეტიც საბჭოურიდან ნატოს სტანდარტებზე გადავიყვანეთ, რაც საკმაოდ სერიოზულია. ნატოს სრულ სტანდარტებზე გადასცვლა კი თანდათან მოხდება. ჩვენი თავდაცვის ძალები დასავლეთის მიმართულებით გაცილებით წინ არიან და პოლიტიკოსებს კარგ მაგალითს აძლევენ, თუ ნატოსთან რეალური ინტეგრაცია როგორ უნდა მოახდინო საქმით და არა მხოლოდ სიტყვით. მე მგონი ისე ხდება, რომ სამთავრობო მმართველ პოლიტიკურ ძალაში ჩვენი პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ოთხი გარანტია - თავდაცვის ძალები, საგარეო საქმეთა მინისტრი, კონსტიტუცია და პრეზიდენტი, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა”, - დასძენს მაისაია.

“დაჯავშნილ ვიზიტებზე არ გამოცხადების მაღალი მაჩვენებელია” - არის თუ არა ვაქცინაციის კამპანიის განზრახ შეფერხების მცდელობა

“ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, თან ისე, რომ ჯავშანი არ გააუქმა. მიმდინარებს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, რომელმაც უნდა გამოავლინოს - ეს არის ანტივაქსერთა ჩარევა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება. ამასთანავე, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, - განმარტავს გაბუნია. “ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად, არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე, არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი რიცხვი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3000 შემთხვევა არგამოცხადების, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული ბარიერი”, ამბობს გაბუნია, რომლის თქმით იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცდილობდა დარეგისტრირებას და უბრალოდ ადგილი არ დარჩა მათი რეგისტრაციისთვის”, წერს გაზეთ “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “დაჯავშნილ ვიზიტებზე არ გამოცხადების მაღალი მაჩვენებელია” - არის თუ არა ვაქცინაციის კამპანიის განზრახ შეფერხების მცდელობა.

“ბუნებრივია, ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება, იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა. ეს ქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. არ ვიცი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ - არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა, თუ რაღაც სხვა მიზეზია. ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა, ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც, ამიტომ ყველა მხრიდან საჭიროა მობილიზება იმისთვის, რომ საპასუხო რეაგირება გვქონდეს. თუ იქნება დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ჩაერთვება შესაბამისი უწყებები”, - განაცხადა გაბუნიამ. მისი განმარტებით, ამ პროცესში ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა, თუმცა, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ 4 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს რეალურად მეოთხე ტალღის პიკზე. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. მიუხედავად აღნიშნული სიტუაციისა, როგორც გაბუნია ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა “დღეს არ განიხილება” და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ”, - დასძენს გამოცემა.

“გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამიტომ, სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის. საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, ორჯერ და სამჯერაც ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს”, - განაცხადა გაბუნიამ, რომლის თქმით, “ ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით