BDO საქართველო განაგრძობს მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას კომპანიის ბიზნეს მოდელში და უერთდება გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN Global Compact, UNGC).
ამ ნაბიჯით კომპანია აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის არეებში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.
ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „მდგრადი განვითარების თემები დიდი ხანია საფუძვლად უდევს ჩვენი, როგორც ორგანიზაციის ძირეულ გადაწყვეტილებებს. რეალურად, UNGC-ის წევრობა BDO-ს 21 წლიანი უცვლელი მისიის ლოგიკური და მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. საზოგადოებისთვის კეთილდღეობის შექმნის სურვილი და უნარი ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გავამყარეთ. ვფიქრობ, რომ იმის გააზრება ბიზნესისთვის, თუ რამხელა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევაში ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კუთხით დიდწილად განსაზღვრავს ჩვენივე მომავალს, რომელიც თუკი გვინდა, რომ ღირსეული გვქონდეს, სერიოზულ ცვლილებებს და გადაფასებებს მოითხოვს დამოკიდებულებების თვალსაზრისით. მასშტაბურად, მდგრადი მომავლის თემებთან შეჭიდება მხოლოდ კომპეტენტური მოთამაშეების ძლიერი ქსელის მხარდაჭერით მესახება რეალისტურად. UNGC-ი კი საამისოდ მძლავრი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი წვლილი შევიტანოთ თემის სწორ, თანმიმდევრულ განვითარებაში გლობალურ დონეზე.“
UN Global Compact-ი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინიციატივაა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი კორპორატიული მმართველობით საქმიანობას წარმართავენ ეკოლოგიური გარემოს დაცვის და განვითარების, ეკონომიკის და საზოგადოების გაძლიერების მიზნების გათვალისწინებით. მსჯელობას, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას შეთანხების წევრებს შორის შეუძლია რეალური ცვლილებების დაძვრა უკეთესი მომავლისკენ.
გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობით BDO შეუერთდა იმ კომპანიების რიგებს, რომლებიც ნებაყოფლობით იღებენ გააზრებულ პასუხისმგებლობას, დანერგონ მდგრადობის უნივერსალური 10 პრინციპი და გადადგან ქმედითი ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის შესრულებისკენ.
კომპანია აღიარებას ამ ურთიერთდამოკიდებული მიზნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათგან 8 მიზნის მიმართულებით შეუძლია გადადგას ქმედითი ნაბიჯები და წარმოადგინოს ანგარიში შედეგების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს 8 მიმართულება უკვე ინტეგრირებულია BDO-ს საქმიანობასა და მიდგომებში და ექვემდებარება გაზომვას და მონიტორინგს.
მდგრადი განვითარების მიზნები, რომელთა მიმართულებითაც BDO იღებს პასუხისმგებლობას, შემდეგია:
|
SDG 1: სიღარიბის აღმოფხვრა |
|
SDG 2: შიმშილის აღმოფხვრა |
|
SDG 3: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა |
|
SDG 4: ხარისხიანი განათლება |
|
SDG 5: გენდერული თანასწორობა |
|
SDG 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა |
|
SDG 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება |
|
SDG 15: დედამიწის ეკოსისტებები |
გარდა იმისა, რომ კომპანია იღებს პასუხისმგებლობას გაეროს მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების შესრულებაზე, BDO ასევე პროფესიონალურ მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესებს, რომელთაც სურთ დანერგონ და თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ მდგრადი განვითარება.
BDO სთავაზობს კომპანიებს დახმარებას, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გაეროს მიზნებთან შესაბამისობა. ამ კომპლექსური პროცესის ფარგლებში BDO დაეხმარება დაინტერესებულ კომპანიებს განვითარების მიზნების მაჩვენებელთა სისტემის შემუშავებაში, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრესის გაზომვა და ასევე, ინტეგრირებული რეპორტინგის დანერგვაში, რათა კომპანიებმა შეძლონ წარუდგინონ საზოგადოებას ანგარიში მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
(R)