საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია სამეგრელოს რეგიონს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის მუშაობის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძესთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კონფლიქტის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები ზუგდიდში გაიმართა. სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ენგურის ხიდი ნახეს.

























