საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოდან სრული შემადგენლობით დაბრუნდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტსმენებთან, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაბრუნდნენ.

„თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა, მძლეოსნობის, ტანვარჯიშისა და კარატეს ნაკრების წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. სპორტსმენებს შორის იყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი. მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა ეგვიპტელი, ჩინელი და ირანელი მოჭიდავეები დაამარცხა, ფინალში კი ამერიკელ გეიბლ სტივსონთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა და კარიერაში მეორე ოლიმპიურ მედალს დაეუფლა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საქართველოს დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი გუნდი 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო ჩათვლაში 206 გუნდს შორის 33-ე ადგილზე გავიდა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) გახდნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა (სამივე ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედალს ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციამ ისტორიაში პირველად მოიპოვა 8 მედალი. ტოკიოს ოლიმპიადამდე, ქართველმა სპორტსმენებმა 8 მედლის მოპოვება 1992 წელს, ბარსელონაში, გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში შეძლეს.

24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ტოკიოში პარალიმპიური თამაშები გაიმართება. საქართველოს ნაკრები სპორტის 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენით იასპარეზებს. მომდევნო ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს 2024 წელს პარიზი უმასპინძლებს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო