ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდი ტემპით ხდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას განცხადებით, „რესპუბლიკაში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდი ტემპით იზრდება, მოსახლეობა კი დაწესებულ რეკომენდაციებს არ იცავს.
ბუთბამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დაავადებას უსიმპტომო პაციენტები ავრცელებენ, რომლებიც მასობრივ ღონისძიებებს ესწრებიან. მანვე აღნიშნა, რომ 65 წელზე ზემოთ ადამიანები არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს და ეკონტაქტებიან ნათესავებს.
ე.წ. მინისტრი აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას „სტაბილურად მძიმედ“ აფასებს.
„12 აგვისტოს მდგომარეობით, აფხაზეთში კორონავირუსის 23 303 შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც 336 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, 18 513 გამოჯანმრთელდა. ლეტალურობა შეადგენს 1,4 %-ს“ ,- აღნიშნა ბუთბამ.
მანვე აღნიშნა, რომ ვირუსის უსიმპტომო და იოლი მიმდინარეობა გამოვლინდა 1725 ბავშვს შორის.
ბუთბას ინფორმაციით, 11 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაავადების ზრდის მაჩვენებელი 18.7 %-ს შეადგენს. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 270 პაციენტი მკურნალობს.

























