კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე წიგნი „პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ გამოიცა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ მესამე ტომი -„პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წელი“ გამოიცა, რომელიც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა.

„კონცეპტუალური გააზრება, საერთო რედაქცია და მოწინავე წერილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორს, მინდია უგრეხელიძეს ეკუთვნის, ხოლო პროექტის ავტორი და საგამომცემლო მენეჯერია ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბექა ქანთარია. წიგნი იწყება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის საზეიმო მილოცვებით.

კრებული ქართული სამართლის მეცნიერების უახლეს ისტორიაში, თემატიკისა და ავტორთა კოლექტივის მასშტაბურობით, უნიკალური მოვლენაა. მასში მონაწილეობს მსოფლიოს 12 სახელმწიფოს წარმომადგენელი. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია წარმოდგენილია ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე“,-აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თვალში საცემი მთავარი სიახლე და ღირსებაა გამოცემის უჩვეულო ფართო წარმომადგენლობითობა. სამართლის დარგში, მეტადრე ქართული კონსტიტუციონალიზმის ფარგლებში, უთუოდ გაძნელდება მოძიება სხვა მაგალითისა, როდესაც კრებულში, ჩვენთვის სასურველი სამართლებრივი და პოლიტიკური ცხოვრების წესზე ამდენი ქვეყანის სახელოვანი ავტორი მსჯელობდეს. ქვეყნებს შორის მკითხველი აღმოაჩენს ისეთს, რომელსაც ადრე არასდროს უთანამშრომლია ჩვენთან. აქვეა ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ძველი, ტრადიციული პარტნიორები არიან და ამიტომ მათი წარმომადგენლობის რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა შემთხვევებს”, – აღნიშნავს მოწინავე წერილში („ჩვენი პირველი კონსტიტუცია - ნამყო, რომელიც მომავალს ხედნის“) პროფესორი, მინდია უგრეხელიძე.

უნივერსიტეტის ცნობით, კრებულში წარმოჩენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და წარმოდგენილია მოქმედი მოსამართლეებისა თუ სასამართლოს მაღალი რანგის წარმომადგენელთა მისალოცი წერილები/მოსაზრებები.

„კრებულში მკითხველი გაეცნობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილის რეჯებ ჟორდანიას, ჰერმან შვარცის (ამერიკის უნივერსიტეტის ვაშინგტონის სამართლის კოლეჯის ემერიტუსი პროფესორი), პეტერ ჰებერლეს (ბაიროითის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ჰაინც მონჰაუპტის (სამართლის ისტორიისა და სამართლის თეორიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერი), ჯუზეპე დე ვერგოტინის (ბოლონიის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), დიტერ გრიმის (ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ქრისტიან შტარკის (გეტინგენის გეორგ ავგუსტუსის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), იოზეფ იზენზეეს (ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), როლფ კნიპერის (ბრემენის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), მიხაელ შტოლაისის (ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), პაულ კირხჰოფის (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ალექსანდერ ბლანკენაგელის (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), მარტინ მორლოკის (დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ქრისტოფ დეგენჰარტის (ლაიფციგის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი), ოტო დეპენჰოიერის (კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი), პირს გარდნერის (ბარისტერი ინგლისსა და უელსში, ადვოკატ-ბარისტერი ირლანდიაში), დავიდ შულცის (ჰამლაინის უნივერსიტეტის აღიარებული პროფესორი), მიხაელ ბრენერის (იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის პროფესორი), ლოურენს ლესიგის (ჰარვარდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორი), რეგინა კინერის (ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი), ოლგა ბუტკევიჩის (უკრაინის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი), ბერნდ ჰაინრიხის (ტიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტის პროფესორი), ბერნდ ვიზერის (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი), ვოლფგანგ ფორსტერის (ტიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტის პროფესორი) მისასალმებელ სიტყვებს. უცხოელ ღვაწლმოსილ მეცნიერთა უმეტესობა თავიანთ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ბევრ საკითხში წინ უსწრებდა მათი ქვეყნის კონსტიტუციებს.

კრებულში მკითხველი იხილავს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რამსეი მაკდონალდის („სოციალისტური სახელმწიფო კავკასიაში“), მეორე ინტერნაციონალის ლიდერის, კარლ კაუცკის („საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“) და პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, ბორის შაცკის („საქართველოს კონსტიტუცია“) სტატიებს.

კრებულში წარმოდგენილია 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ მიღებული საკონსტიტუციო შინაარსის აქტები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია მოხსენიებულია როგორც ქართული კონსტიტუციონალიზმის თავდაპირველი წყარო. კრებულში ასახულია ასევე უცხოელ და ქართველ მეცნიერ-მკვლვართა სამეცნიერო შრომები როგორც საკონსტიტუციო, ისე ზოგადად სამართლის ფუნდამენტურ საკითხებზე. საიუბილეო კრებული, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პირველი ქართული კონსტიტუციის პოპულარიზაციას თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, ხოლო, მეორე მხრივ, ქართული საკონსტიტუციო სამართლის დამოუკიდებელი სკოლის აღორძინებას.

ცნობისთვის, „კონსტიტუციონალიზმის ტრილოგიის“ პირველი ტომი („კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“, 2019. სამეცნიერო რედაქტორები და გამომცემლები: მინდია უგრეხელიძე და ბექა ქანთარია) კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრობლემებს ეხება, ხოლო მეორე ტომი („საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში - ბრძოლა კონსტიტუციური დემოკრატიისათვის (1990-1995)“. 2020. კონცეპტუალური გააზრება, სამეცნიერო რედაქცია და შესავალი წერილი მინდია უგრეხელიძის, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ბექა ქანთარია) ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლეს საკითხებს ასახავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა