ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2021

ახალი “რეიტინგების ომი” - “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” გზები ქუთაისში გადაიკვეთა

სად შეიძლება მოგთხოვონ აცრის სერტიფიკატი

რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირეა

* * *

ახალი “რეიტინგების ომი” - “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” გზები ქუთაისში გადაიკვეთა

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა თავისი შიდა პარტიული კვლევების შედეგების გამოქვეყნება დაიწყეს. ორიოდე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” გაასაჯაროვა ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები, დღეს “ნაციონალურმა” მოძრაობამ 4 ქალაქში და მათ შორის ქუთაისში მისი დაკვეთით ჩატარებული კვლევა გამოაქვეყნა. ეს ფაქტი, რომ ქუთაისთან დაკავშირებით ორივე კვლევა ცნობილია, მონაცემების შედარებისა და გარკვეული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა. როგორც მმართველი პარტიის, ისე “ენმ”-ის კვლევაში ჩანს, რომ ქუთაისში “ქართული ოცნება” ლიდერობს და მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა”. ამასთან, “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ორივე კვლევაში დაახლოებით ერთნაირია, ხოლო სხვაობა მასსა და ლიდერ “ოცნების” მაჩვენებელს შორის თავად “ოცნების” კვლევაში მნიშნელოვნად დიდია, ვიდრე “ენმ”-ის კვლევაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი “რეიტინგების ომი” - “ოცნების” და “ნაცმოძრაობის” გზები ქუთაისში გადაიკვეთა.

“რამდენად სანდო და მიუკერძოებელია პარტიათა კვლევების შედეგები ამასთან დაკავშირებით “რეზონანსთან” ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს და აცხადებს, რომ კველევებმა რა შედეგიც არ უნდა დადოს, ოპოზიციის საკმაოდ დაფანტული და ჩამოუყალიბებელი წინასაარჩევნო კამპანიის გამო, “ქართულ ოცნებას” დიდი უპირატესობა გააჩნია როგორც ცალკეულ რეგიონებში, ისე დიდ ქალაქებში. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მმართველი პარტია 35%-ზე მეტს ვერსად აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ რეფერენდუმში მარცხდება. ამასთან ამავე ქალაქში, რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა 44.7%-ანი მხარდაჭერა პარტიის მიმართ. რაც საგრძნობლად აღემატება ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელს, რომელიც მხოლოდ 34%-ს შეადგენს. “ნაცმოძრაობის" წევრ გიორგი ხვედელიანის მედიასთან გაკეთებული განცხადების მიხედვით, კვლევა “ენმ”-ის დაკვეთითა და დაფინანსებით საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში: რუსთავი, ქუთაისი, ბათუმსა და თელავში, 6-11 აგვისტოს ჩატარდა, რომლის ცდომილებაც 3% შეადგენს. მათ მიერ ცალ-ცალკე გამოაქვეყნდა პარტიული და შემდეგ კონკრეტულად მერობის კანდიდატთა რეიტინგები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქალაქების მიხედვით პარტიების რეიტინგები ასეთია: თელავი. ალოკაციით: არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები (“ნაციონალური მოძრაობა”, “საქართველოსთვის” და სხვა) - 66 % (ენმ 36 %), “ქართული ოცნება” - 34 %. ალოკაციის გარეშე: ოპოზიციური პარტიები - 47% (“ენმ” 25%), “ქართული ოცნება” - 27%, უარი/არ ვიცი - 10%. ქუთაისი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 66% (“ენმ” 32%), “ქართული ოცნება” - 34%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 49% (“ენმ” 23%), “ქართული ოცნება” - 26%, უარი/არ ვიცი - 8%. რუსთავი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 66% (“ენმ” 31%), “ქართული ოცნება” - 34%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 49% (“ენმ” 23%), “ქართული ოცნება” - 25% , უარი/არ ვიცი - 11%. ბათუმი. ალოკაციით: ოპოზიციური პარტიები - 67% (“ენმ” 29%), “ქართული ოცნება” - 33%. ალოკაციის გარეშე: ოპოზიცია - 47% (“ენმ” 21%), “ქართული ოცნება” - 26% , უარი/არ ვიცი - 13%. “ნაციონალური მოძრაობა” ამავე კვლევაზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ამ ოთხი ქალაქიდან ორში - თელავსა და რუსთავში, “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები ლიდერობენ, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში - “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები”, - განაგრძობს გამოცემა.

“თელავში ალოკაციის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვისას, “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი 40.22%-ით ლიდერობს, მას კი მომდევნო ადგილზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი მოყვება. აღსანიშნავია, რომ ალოკაციის გარეშე ჩატარებული კვლევის შემთხვევაშიც, თელავში პირველ და მეორე ადგილზე “ნაცმოძრაობისა”" და “ოცნების” მერობის კანდიდატები - შესაბამისად 33.14% და 31.07%. განსხვავებული შედეგები გვხვდება ქუთაისში მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, ქუთაისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი 38%-ით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძეა. იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ შედეგებშიც. რუსთავში ჩატარებული პარტიული კვლევის მიხედვით, “ენმ”-ის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე 42.01%-ით ლიდერობს, მომდევნო ადგილზე კი “ოცნების” კანდიდატი ნინო ლაცაბიძეა 36.89%-ით. დავით კირტიკაძე ლიდერობს ალოკაციის გარეშე ჩატარებულ კვლევაშიც. ბათუმში ჩატარებულ კვლევის მიხედვით, ბათუმში არჩევნებისას “ოცნების” მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 37%-ს აიღებს, “ენმ”-ის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე კი - 35%-ს”, - დასძენს გამოცემა.

“23 აგვისტოს “ქართულმა ოცნებამაც” გამოაქვეყნა თავისი შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ოღონდ მხოლოდ ქუთაისისთვის. ამ კვლევის შედეგები ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გააცნო, რომლის ინფორმაციითაც, წინასწარი მონაცემებით, “ქართული ოცნება” ყველა მუნიციპალიტეტსა და ყველა ქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს. ქუთაისში მმართველი პარტიის კვლევის მიხედვით “ოცნება” 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%-ით. რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: “ნაციონალური მოძრაობა” 32.6%; “პატრიოტთა ალიანსი” - 3.1%; პარტია “საქართველოსთვის” 2.9%; “სტრატეგია აღმაშენებელი” - 2.6%; “გირჩი მეტი თავისუფლება” - 2.5%; “ლელო” - 2.3%; “ევროპული საქართველოსთვის” - 2.2%; “მოქალაქეები” - 1.5%; “ლეიბორისტული პარტია” - 1.5%; “გირჩი"” - 0.4%; “ერთიანი საქართველო” - 0.4%; სხვა პარტიები- 3.3%. მიქანაძის თქმით, ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, მხოლოდ სამი საარჩევნო სუბიექტი გადალახავს”, - წერს სტატიის ავტორი.

“მისი განმარტებით 28 მანდატი გადანაწილდება შემდეგნაირად: “ქართული ოცნება” - 16 მანდატი, “ნაციონალური მოძრაობა” - 11, ხოლო “პატრიოტთა ალიანსი” - 1 მანდატი, ხოლო მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებია: იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%; ხატია დეკანოიძე - 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%. მისივე ცნობით, მმართველი პარტია სხვადასხვა მიმართულებით აგრძელებს კვლევებს და როგორც კი მონაცემების დამუშავება დასრულდება, საზოგადოებას პერიოდულად წარედგინება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ ქალაქში რა მდგომარეობაა მხარდაჭერის თვალსაზრისით... ორივე პარტიულ კვლევას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიკერძოებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა კვლევაში, რომელსაც ესა თუ ის ორგანიზაცია კონკრეტული პარტიის დაკვეთით აკეთებს, დამკვეთი პარტიის ინტერესები არის ხოლმე გათვალისწინებული”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“პირადად ჩემთვის არც ერთი კვლევა არ არის სანდო, რადგან კვლევები ყოველთვის მიკერძოებულია, მათ შორის ნეიტრალური კვლევებიც კი. კვლევები ყოველთვის ასახავს ტენდენციებს, ყოველ შემთხვევაში როდესაც ვახდენ შეფასებას, ვაფასებ ტენდენციების. როდესაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მსგავს კვლევებს აქვეყნებს, იქ ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება. მსგავსი კვლევები გამოიყენება უფრო პიარისთვის, ვიდრე რეალური შეფასებისათვის. ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, კიდევ შესაძლებელია ანალიზის გაკეთება, მაგრამ აქ ბევრ საკითხზეა დამოკიდებული პარტიათა უპირატესობა. მაგალითად, იმაზე, თუ რომელ რეგიონსა და ქალაქში ვინ იქნება კანდიდატი და რამდენად იქნება ის იმ რეგიონის ხალხისთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია ვინ იქნება საკრებულოს მაჟორიტარი. არის ბევრი ფაქტორი და თავისთავად ეს ფაქტორები განაპირობებს საბოლოო სურათს. ფაქტი ერთია - იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია საკმაოდ დაფანტულ და ჩამოუყალიბებელ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ნებისმიერ შემთხვევაში სახელისუფლო კანდიდატები იქნებიან ფავორიტები, თუმცა სად, რამდენით და როგორ - ამის თქმა რთულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

სად შეიძლება მოგთხოვონ აცრის სერტიფიკატი

“მალე შესაძლოა რესტორნებში, სასტუმროებში, კაფე-ბარებში, კონცერტებზე და ზოგადად სოციალურ აქტივობებში დასასწრებად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, “პისიარ” ტესტის უიარყოფითი პასუხი, ან კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა მოგთხოვონ. ამის შესახებ “რეზონანსს” აკაკი ზოიძემ განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბიზნეს-ობიექტებში ან სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის მოთხოვნა დისკრიმინაციად ვერაფრით ჩაითვლება, ანალოგიური განცხადება სახალხო დამცვლემა ნინო ლომჯარიამაც გააკეთა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სად შეიძლება მოგთხოვონ აცრის სერტიფიკატი.

“რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიცია გაზიარებულია უწყებათაშორის ვაქცინაციის საბჭოსთან და სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციად, როდესაც ადამიანი იცავს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებისთვის დაწესებულ ნორმებს და ასევე, მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო მყოფმა სხვა პირმაც იგივე გააკეთოს. ასე რომ, ბიზნეს უსაფრთხოებისთვის, ასევე, აკადემიური და სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც უკვე მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს ვაქცინაციის სავალდებულოობას, არჩევანი რჩება, ვაქცინირებული ან ტესტირებული, ან გადატანილი დაავადება, იმისთვის, რომ მე მონაწილეობა მივიღო მთელ რიგ აქტივობებში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ისიც ამ პოზიციის მომხრეა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხოლო რაც შეეხება საკითხს, თუ კონკრეტულად რომელ ბიზნეს ობიექტებზე, ან რომელ სოციალურ აქტივობებზეა საუბარი, ზოიძემ განაცხადა, რომ ზუსტად რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, მისთვის ცნობილი არაა, თუმცა, მისი აზრით, ეს შეეხება სამასპინძლო ბიზნესსა და ნებისმიერ ისეთ აქტივობა, სადაც ხალხის დიდი შეკრებაა. “ინფორმაცია არ მაქვს საკოორდინაციო საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ აბსოლუტურად ლოგიკური და რაციონალურია ის, რომ როცა ვაქცინაზე შენ უნივერსალური ხელმისაწვდომობა გაქვს, მოითხოვო ან აცრის საბუთი, ან 48, ან 72 საათით ადრე ჩატარებული ტესტირების პასუხი, ან გადატანილი ინფექციის დამადასტუირებელი საბუთი, რომ იმუნიტეტი გაქვს”, - თქვა ექსპერტმა, რომლის განმარტებით, “ესაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაზისური უსაფრთხოიების თემა, რომ შენ არ გადასდო სხვებს”, - დასძენს გამოცემა.

“მე ვემხრობი და ამას დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს მოთხოვნა აუცილებლად ადრე თუ გვიან იქნება, მით უმეტეს დელტა შტამის პირობებში, რომელიც ორნახევარჯერ უფრო გადამდები და საშიშია. ეს დღეს მიღებული პრაქტიკაა და სამომავლოდ ჩავთვალოთ, რომ საყოველთაო პრაქტიკა იქნება ევროპაშიც, აშშ-შიც და ყველგან. როცა ბიზნესებზე ვკითხულობთ, პირველ რიგში საუბარია იმ ბიზნესებზე, რომლებსაც ადამიანების ძალიან დიდ რაოდენობასთან აქვთ შეხება. ეს შეიძლება იყოს სამასპინძლო ბიზნესი, საკონცერტო, ივენთების მომწყობი, თეატრები, კინოები. სოციალურ აქტივობებში ის ღონისძიებები იგულისხმება, სადაც ბევრი ადამიანი იკრიბება. ზოგადად კი იგულისხმება ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც დიდ შეკრებასთან აქვს კავშირი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირეა

“რეგიონებში იაფ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, როგორც ოჯახებს, ასევე მწარმეებსაც, სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე დამხმარის შოვნა მაინც უჭირთ. ირკვევა, რომ არის სოფლები, სადაც მუშახელის ლოდინს, მოსახლეობის სიმცირის გამო, შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს. ზოგ შემთხვევაში, სოფელი შეიძლება მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ხალხი ამ ტიპის სამუშაოს შესრულებას გაურბის. დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 35-40 ლარია, მაქსიმალური კი - 70 ლარი. თუმცა, დღიური ქირა დაქირავებულთა ყოფით პრობლემებს ბოლომდე ვერ აგვარებს. შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რეგიონებში მასობრივად მუშახელის სიმცირეა.

“თერჯოლის მკვიდრი ვახო ქავთარაძე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა და მიღებული ჯამაგირი მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. ამჟამად მას საკუთარი სოფლიდან გასვლა სამუშაოს შოვნის მიზნით არ უწევს, რადგან ფიქრობს, რომ გაწეული შრომა ანაზღაურებას არ შეესაბამება. “შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და 40 ლარზე მეტი ვერ მიიღო. თუმცა სამეგრელოში მუშაობა უფრო სარფიანია, სეზონზე შეიძლება თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებში იმუშაო. მთავარია, მოსავალი იყოს. მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლომახლო სოფელში დავკავდე, თუკი საქმე გამომიჩნდება. სახლ-კარს თვეობით ვშორდები და ვერ ვიღებ იმდენ საფასურს, რომ ოჯახის საჭიროება დავაკმაყოფილო”, - ამბობს რესპონდენტი. გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრებ დავით ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია”, - აღნიშნავს გამოცემა.

,”ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 40-50 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა, ხალხი სოფლებიდან გაიქცა. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს. სოფელი კი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს”, - ამბობს გურული გლეხი. გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიგი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გავაკეთებდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო საქმეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 35-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში, 70 ლარიც, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს”, - ამბობს გივი მდივნიშვილი. კახელი მეღვინეების ინფორმაციით, რეგიონში მუშახელის დეფიციტია, რის გამოც ხალხის ჩამოყვანა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან უწევთ. მათი თქმით, მოიმატა ფასმაც და 40 ლარზე იაფად მუშახელის დაქირავება უკვე შეუძლებელია. ამის მიზეზად წინანდალელი ფერმერი ოთარ ბერძენიშვილი ქარხნებში დასაქმების ზრდას მიიჩნევს და ამბობს, რომ სეზონურად მომუშავეებმა ღვინის ქარხნებში გადაინაცვლეს და ვენახებში დღიურ შრომას უკვე ვერ ახერხებენ”, - დასძენს გამოცემა.

“შარშან ვენახში მომუშავეებს 40 ლარს ვუხდიდი, წელს მეტს ვთავაზობთ და ხალხი არ არის. თანაც, პრობლემაა დეფიციტი, რაც მუდმივი სამუშაო გაჩნდა, ხალხმა ქარხნებს მიაშურა. ამდენად, ყველა, ვინც დღიურ მუშახელად ითვლებოდა და დადიოდა ვენახებში, ქარხნებშია დასაქმებული. ფაქტიურად სოფლებში იაფი მუშა გაქრა, რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, მომუშავეს ვერ იშოვი, ამიტომ ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს. ამ პერიოდში ყველაზე მეტი სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოდის სამუშაოდ, სეზონზე არიან დასაქმებულები და ნორმალურ გასამრჯელოსაც იღებენ. ჩვენი ხარჯი კი მაქსიმალურად გაიზარდა, ამიტომ ყურძნის ფასმა უნდა გაამართლოს, რომ შრომა გვიღირდეს”, - უთხრა “რეზონანსს” მევენახემ. წარმოების დეფიციტთან ერთად, შრომის ანაზღაურების პრობლემაზე საუბრობს აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე”, - წერს სტატიის ავტორი.

“მთავრობამ უნდა გაკეთოს ანალიზი, რა სამუშაოებზე საქმდებიან უცხოეთში ქართველები. ეს არის ძირითადად თხილის ან ჩაის სეზონი, რა მხრივაც თურქეთში დასაქმების დიდი შესაძლებლობაა. მუშახელი რომ ჩავანაცვლოთ, აუცილებელია მაქსიმალურად დამუშავდეს მიწები და მოთხოვნა გაჩნდეს. მეორე მხარეა, შეძლებს თუ არა ქართველი ფერმერი ადგილობრივ მუშახელს გადაუხადოს იმდენი, რამდენსაც ჩვენი თანამემამულეები თურქეთში ღებულობენ. ძალიან კარგი იქნება, თუკი ქართველებს სხვა ქვეყნებში დასაქმება მონური პირობის ხარჯზე არ მოუწევთ, მაგრამ ამის რესურსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს