„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ ერთხელ ავლენს „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმის გაგრძელების საჭიროებას.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად.
„უარყოფითად უნდა შეფასდეს შემდეგი ცვლილებები:
2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე იმოქმედებს ცესკოს პროფესიული წევრების (მათ შორის თავმჯდომარის) დანიშვნის განსხვავებული წესი. კერძოდ, შეცვლილია ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი: პროფესიული წევრის 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტის 3/5 ამტკიცებს, ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2021 წლის არჩევნებამდე 4 კვირიანი ვადა შემცირდა 1 კვირამდე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცე და საპარლამენტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას მისცა ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აერჩია მისთვის მისაღები კანდიდატები.
აგრეთვე დროებით იმოქმედებს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც იმ შემთხვევაში თუ 9-ზე მეტი პარტია გადალახავს საპარლამენტო საარჩევნო ბარიერს საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება იმ პარტიას, რომელსაც მეტი სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნის, განსხვავებით ზოგადი წესისა, როდესაც უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელმაც მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. ამ დროებითმა წესმა შექმნა შესაძლებლობა, რომ ბლოკის შემადგენლობაში შესულ ერთზე მეტ პარტიას მიეღო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, ხოლო არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის დანიშვნის უფლება გაუუქმდა.
პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილმა ყველა პარლამენტარმა, 2021 წლის 19 აპრილის მდგომარეობით, დატოვა პარტია და სხვა პარტიაში გაწევრიანდა. ასეთ შემთხვევაში, ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოერგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემთხვევას, შედეგად, პარტიამ დაკარგა საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლება და ის „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცა. ეს პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესულმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს აღარ ექნებათ უფლება შეასრულონ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქცია, რაც კომისიის წევრებს არათანაბარ პირობებში აყენებს, ასევე, ამ შეზღუდვამ, შესაძლოა, საარჩევნო პროცედურების ჯეროვან აღსრულებას ხელი შეუშალოს“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.
მათი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა და პირებმა კანონმდებლობა პრაქტიკაში კეთილსინდისიერად და ეფექტიანად აღასრულონ, რათა ბევრი კარგი რეგულაცია განუხორციელებელი არ დარჩეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრირების სისტემის მასშტაბურ რეფორმას ეხება.
განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"