ზაალ ანჯაფარიძე - მოსახლეობას არ აქვს ის განწყობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად აქციოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრით მინდოდა თქვენთან ინტერვიუს დაწყება. ფაქტია, რომ ამ ფონს ძალიან ამძიმებს ეპიდოლოგიური თვალსაზრისით არსებული ურთულესი ვითარება.

წარმოუდგენელია გაუარესებული ეპიდვითარება სერიოზულ გავლენას არ ახდენდეს მოქალაქეების განწყობებსა და მათ მზაობაზე 2 ოქტომბერს აქტიურად გამოხატონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი. სავარაუდოდ, რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო კამპანიაზე ქვეყანაში არსებული უკიდურესად არასახარბიელო ეპიდვითარება?

- დიახ, ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად არასახარბიელოა და ამაზე ეპიდ-სტატისტიკაც მეტყველებს, თუმცა ის ჯერ არ არის კატასტროფული. ასე რომ ყოფილიყო, ვფიქრობ ეპიდემიოლოგები ახალი და უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებდნენ მთავრობას.

რა თქმა უნდა, უკიდურესად არასახარბიელო ეპიდოლოგიური ვითარება ადამიანების განწყობაზე და ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. აშკარად ჩანს რომ კოვიდ-პანდემიური ვითარება გადაეჭდო პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლდათ, თუნდაც არჩევნების გადადების ინიციატივა.

უკიდურესად არასახარბიელო ეპიდოლოგიური ვითარება ადამიანების განწყობაზე და ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს... ის ხელს უშლის სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას

ასევე აშკარად ჩანს, რომ ცალკეული ოპოზიციური პარტიები ინტენსიურად ცდილობენ მძიმე პანდემიური სიტუაცია პოლიტიკური ქულების ასაკრეფად გამოიყენონ. ამას გარდა, პანდემიური სიტუაცია ხელს უშლის სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

- ხელისუფლება აცხადებს რომ ყველაფერს აკეთებს გაუარესებული ეპიდვითარების დასაძლევად, მაგრამ ვითარება არ იცვლება. ვერც მედპერსონალს დავაბრალებთ გულხელდაკრეფილობას რადგან ასე ნამდვილად არაა.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიზეზი პრემიერის ღარიბაშვილის მიერ შეზღუდვების ერთბაშად მოხსნა, აკრძალვების დამღვევთათვის ჯარიმების პატიება და ვაქცინის ქვეყანაში დაგვიანებით შემოტანა იყო.

მესმის რომ მედიკოსი არ ხართ, მაგრამ თქვენი აზრით რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ გაუარესებული ეპიდვითარება ხელისუფლების არათანმიმდევრულ ნაბიჯებს უკავშირდება?

- ალბათ გახსოვთ, პანდემიასთან ბრძოლა როგორ გაუჭირდათ ჩვენზე უფრო განვითარებულ, მოწესრიგებულ და მდიდარ ქვეყნებს. თუმცა, ვაქცინის შემოღების შემდეგ, ვითარება იქ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუ უმრავლესობა არა, სრულად ვაქცინირებულია და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან კომბინაციაში ამან ეპიდსიტუაცია იქ კონტროლს დაუქვემდებარა.

ჩვენთან სხვადასხვა მიზეზების გამო ვაქცინის შემოტანა სამწუხაროდ დაგვიანდა. თუმცა, რამდენადაც ვიცი, იმ პერიოდში, როდესაც ვაქცინის შემოტანა უნდა დაწყებულიყო, ღარიბაშვილი ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი გახლდათ.

ამავე დროს, შეიქმნა პარადოქსული ვითარება. კორონავირუსი მძვინვარებს, ვაქცინაც გვაქვს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა არ ჩქარობს აცრას. აღარაფერს ვამბობ რეგულაციების უგულვებელყოფაზე. ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია თბილისის ქუჩებში გაისეირნოთ და დააკვირდეთ რამდენს უკეთია პირბადე. ძალიან მძლავრობს ანტი-ვაქსერული კამპანიაც.

ეპიდსიტუაციის მართვის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ გავაბათ, ვფიქრობ ნაადრევი ხომ არ იყო ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ შეზღუდვების და რეგულაციების ასე ერთბაშად მოხსნა.

ეპიდსიტუაციის მართვის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რომ გავაბათ, ვფიქრობ ნაადრევი ხომ არ იყო ეპიდსიტუაციის დასტაბილურების შემდეგ შეზღუდვების და რეგულაციების ასე ერთბაშად მოხსნა

ეს დაახლოებით იმას მაგონებს, როდესაც მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესების შემდეგ ავადმყოფი ნაადრევად წყვეტს წამლების მიღებას, რეჟიმის დაცვას და ამის შედეგად დაავადებას შეიბრუნებს. ასე რომ მოსახლეობის ქცევის წესი დიდ როლს ასრულებს, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ათავისუფლებს ხელისუფლებას პასუხისმგებლობისგან.

- ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია. თქვენთვის 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები?

- სავსებით გასაგებია, თუმცა არა მისაღები, რატომაც ცდილობს ოპოზიცია ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად გადააქციოს. სამწუხაროდ, ასეთი მდგომარეობის შექმნას ხელი გარკვეულწილად შეუწყო შარლ მიშელის დოკუმენტმაც, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე მმართველ პარტიას დაუწესა 43% ბარიერი, და ამით ფაქტიურად ეჭვის ქვეშ დააყენა საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დონეზე აღიარებული შედეგი და ქვეყანა დროებით გაიყვანა საკონსტიტუციო ჩარჩოდან, სადაც გაწერილია ვადამდელი არჩევნების ჩატარების მექანიზმები.

ეს სამწუხაროა ძალიან და მით უფრო სამწუხაროა, რომ დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე რომ აქვთ პრეტენზია, ხელმოწერის მომენტში უხერხულობა არ გასჩენიათ ამის გამო.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ივლისში საქართველოში ჩამოსულმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე განაცხადა, რომ არსად შეხვედრია პრეცედენტი იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმს ჰგავდესო.

ასე რომ, ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკის ანალიტიკოსისთვის 2 ოქტომბრის არჩევნები ვერანაირად ვერ განიხილება რეფერენდუმად ვერც ქვეყნის კურსის შესახებ, რომელიც მკაფიოდ გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში, და ვერც ხელისუფლების ნდობის კუთხით, რადგანაც 2020 წლის ლეგიტიმურად აღიარებულ არჩევნებზე მას მილიონამდე ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა.

ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკის ანალიტიკოსისთვის 2 ოქტომბრის არჩევნები ვერანაირად ვერ განიხილება რეფერენდუმად ვერც ქვეყნის კურსის შესახებ, რომელიც მკაფიოდ გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში, და ვერც ხელისუფლების ნდობის კუთხით, რადგანაც 2020 წლის ლეგიტიმურად აღიარებულ არჩევნებზე მას მილიონამდე ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა

- ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს, ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია და თუ ხელისუფლებამ 43% ვერ მიიღო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მმართველი გუნდი კატეგორიულად გამორიცხავს.

რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ორგანოების არჩევნები არაა და რეფერენდუმია ხელისუფლებისადმი ნდობის თვალსაზრისით?

- თუ ემოციებს გადავდებთ და ფაქტოლოგიას დავეყრდნობით, აქამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა, ასევე ოპოზიციის რიტორიკა და ქცევის წესი, რომელიც ვერ გასცდა ჩვეული აგრესიულობის ჩარჩოებს, აჩვენებს, რომ ეს შანსები არცთუ ისე მაღალია.

გარდა ამისა, მოსახლეობის უმრავლესობის თვალში ოპოზიცია კვლავაც ასოცირდება ძირითადად „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ კი ცნობილია.

ჩემი სუბიექტური დაკვირვებით მოსახლეობას არ აქვს ის განწყობა, რომ ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად აქციოს. ის ადგილობრივი არჩევნებისგან ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას ელოდება.

- მას შემდეგ, რაცქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, ხელისუფლების არა ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა - 2 ოქტომბრის არჩევნებს თავისი აზრი დაუბრუნდაო. ანუ, იგი სრულად იქნება ორიენტირებული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაზეო.

არადა, რამდენჯერაც ვუსმინე რეგიონებში ხელისუფლების კანდიდატების საკმაოდ პომპეზურ წარდგენებს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წელზე მეტს საუბრობდა, ვიდრექართული ოცნებისმმართველობის 9 წელზე და თვითმმართველობების სამომავლო გეგმებზე.

იმის ფონზე, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ანგარიშით დაამარცხებს ოპოზიციას, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თავად ხელისუფლება ცდილობს დაამსგავსოს ადგილობრივი არჩევნები საპარლამენტო არჩევნებს?

- ვფიქრობ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს 43%, მიუხედავად იმისა რომ მმართველი პარტია გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომ შემდეგ არავის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ამისათვის კი იგი ყველა საშუალებას იყენებს.

ვფიქრობ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს 43%, მიუხედავად იმისა რომ მმართველი პარტია გავიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომ შემდეგ არავის სალაპარაკო არ ჰქონდეს

როგორც ჩანს, ამომრჩევლისთვის „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ნეგატიური მომენტების შეხსენება ‘ქართული ოცნების’ საარჩევნო სტრატეგიის და ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, საარჩევნო კამპანიას მეც ვადევნებ თვალყურს და ხელისუფლება ინფრასტუქტურულ და სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ყველა სამინისტრომ რომ წარმოადგინა 10 წლიანი გეგმა, ესეც ხომ ამის დასტურია.

- ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას უკვე წარმოადგინეს თავთავიანთი გუნდები. ამ გუნდების პრეზენტაციებისგან ყველაზე მეტად თქვენ რა დაგამახსოვრდათ და რამ გაგაკვირვათ?

- ორიგინალური სვლა იყო მამა-შვილ მელიების მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა საზოგადოების რეაქციების მიხედვით ვნახე, რომ ის ეფექტი არ მოახდინა რასაც „ნაცმოძრაობა“ ელოდა.

ნიშანდობლივი იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ და „ლელოს“ კანდიდატთა სიაში მოქმედი პარლამენტარების ხილვა, რასაც საზოგადოება ჩემი დაკვირვებით უფრო კრიტიკულად შეხვდა ვიდრე მოწონებით.

ასევე ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა გრიგოლ ვაშაძის და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ქორწინება. სხვა მხრივ, კანდიდატთა წარდგენა ტრივიალური სცენარით წარიმართა.

ორიგინალური სვლა იყო მამა-შვილ მელიების მონაწილეობა არჩევნებში... ნიშანდობლივი იყო ასევე „ნაცმოძრაობის“ და „ლელოს“ კანდიდატთა სიაში მოქმედი პარლამენტარების ხილვ... სიურპრიზი აღმოჩნდა გრიგოლ ვაშაძის და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური ქორწინება

- 30 აგვისტოს საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო „სტრატეგია აღმაშენებელი“. გამართლდა მტკიცებები იმის თაობაზე, რომ ტელევიზიებში უფასო რეკლამებში ხშირად გაგონილი „მესამე ძალა“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი იქნებოდა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ გუნდში ყოფილი ნაციონალის გრიგოლ ვაშაძისა და „რესპუბლიკელების“ აღმოჩენამ თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ რა პერსპექტივა შეიძება ჰქონდეთ მათ?

- ის რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საარჩევნოდ „მესამე ძალა“ დაირქვა, ჩემთვის ცნობილი იყო. თუმცა, რამდენად გამართლებულია ეს საარჩევნო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე და ხომ არ დააბნევს მათ ამომრჩეველს, ვიდრე ახალ პოლიტიკურ ბრენდს თვალსა და ყურს მიაჩვევენ, ეს გამოჩნდება არჩევნებზე.

„მესამე ძალის“ სტატუსზე ერთგვარი კონკურენციაა უკვე გაჩაღებული და ესეც ჩვენი პოლიტიკური კულტურის და რეალობის ნაწილია. იციან რომ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ახალ ლიდერებზე და უნდათ ეს ნიშა დაიკავონ.

იქნებ ამ „გაშლილი ფრონტით“ ოპოზიციამ ერთმანეთს უფრო წაართვას ხმები ვიდრე ხელისუფლებას?!

ამ ახალი გაერთიანების პერსონალურ შემადგენლობაში განსაკუთრებულ სიახლეს ამომრჩეველი ვერ დაინახავს, გარდა ერთი-ორი ახალბედა პოლიტიკოსისა, რომლებსაც ჩემი აზრით რაიმე სერიოზული პოლიტიკური ან სოციალური კაპიტალი არ გააჩნიათ. გამოკითხვებში „სტრატეგია აღმაშენებელი“ სტაბილურად იღებს 2% და ვფიქრობ ამ არჩევნებზეც დაახლოებით იგივე შედეგია მოსალოდნელი.

- ოპოზიცია ცალ-ცალკე გამოდის არჩევნებზე, მათი ტაქტიკა ასეთია - გაშლილმა ოპოზიციამ მეტი ხმები უნდა წაართვას მმართველ გუნდს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციის ტაქტიკა გაამართლებს?

- იქნებ ამ „გაშლილი ფრონტით“ ოპოზიციამ ერთმანეთს უფრო წაართვას ხმები ვიდრე ხელისუფლებას?! ოპოზიციის ტაქტიკის წარმატება წარუმატებლობა დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე თუ არჩევნების დღისთვის რამდენად გაიზრდება ან შემცირდება საპროტესტო ელექტორატის რაოდენობა.

ვვარაუდობ, რომ არჩევნების შედეგებით გახარიას პარტია პირველ სამეულში იქნება

ეს კი ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლებიც თანაბარწილად უკავშირდება როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის ქმედებებს

- ვხედავთ, რომ ექსპრემიერი გახარია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ აქტიურობს მოახლოებული არჩევნების წინ. როცა ის პრემიერი იყო გვახსოვს მისი განცხადებებინაციონალებზე“ - „მე თქვენ დაგასრულებთ“!

ქართული ოცნებაგახარიას და მის პარტიას ებრძვის, რის შესახებაც მას და მის თანაგუნდელებს არა ერთხელ გაუკეთებიათ განცხადებები, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლებისა და გახარიას სამიზნე ამ არჩევნებზენაცმოძრაობაა“.

მეტიც, ბევრი არ გამორიცხავს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე მესამე ძალად შესაძლოა სწორედ გახარიას პარტია იქცეს. თქვენ როგორ შეაფასებდით გახარიას აქტიურობას და მისი პარტიის პერსპექტივებს?

- როგორც უკვე გითხარით, ე.წ. „მესამე ძალის“ ნიშის დაკავებაზე კონკურენცია დაიწყო, მაგრამ ამ სტატუსზე პრეტენზიის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა ხალხს უნდა დაუმტკიცონ, რომ მათი პრეტენზია ლეგიტიმურია პოლიტიკურადაც და მორალურადაც. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ყველა პარტია ვინც ამ ნიშის დასაკავებლად იბრძვის სხვადასხვა დოზით, მაგრამ მაინც მოწყვლადია.

რაც შეეხება გახარიას და მისი პარტიის პერსპექტივებს, მათი პლუსი ის არის, რომ იგივე „ნაცმოძრაობისგან“ და მისი განაყოფებისგან განსხვავებით, დესტრუქციას და აგრესიას არ ასხივებენ, ცდილობენ საზოგადოებაში სტაბილურობის და პოზიტივის განცდა დათესონ.

გახარიას პარტიაში არ არიან აშკარად ოდიოზური ფიგურები, პარტიას გაუჩნდა მყარი ფინანსური ბაზა, რაც ახლადშექმნილი პარტიის პირობაზე ძალიან მნიშვნელოვანია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მის პარტიაში გადავიდა ამჟამინდელი ხელისუფლების საშუალო რგოლის არაერთი წარმომადგენელი, საკუთარი რესურსებით და კავშირებით, ვვარაუდობ რომ არჩევნების შედეგებით გახარიას პარტია პირველ სამეულში იქნება.

- პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და მის გუნდს განსაკუთრებულად კრიტიკებს.

გახარიას გუნდი მმართველ გუნდს რეგიონებში მათი კანდიდატების შანტაჟსა და მოსყიდვაში სდებს ბრალს.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს გახარიას პარტიის მიმართ პრემიერ ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულება?

ვფიქრობ „ქართული ოცნება“ უტევს გახარიას და მის პარტიას იმის გამო, რომ მათში საფრთხეს ხედავს, რადგანაც გახარიას „ქართული ოცნების“ ელექტორატის რაღაც ნაწილი მიჰყავს. ხოლო ამ არჩევნებზე თითოეულ ხმას რომ იტყვიან ოქროს ფასი ადევს. მომდევნო არჩევნებზეც ასეთივე სიტუაცია იქნება.

მაქვს მეორე მოსაზრებაც, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლამდე მიცემულ ბოლო ინტერვიუს, სადაც ის საუბრობდა ახალი ჯანსაღი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ჩაანაცვლებდა ხელისუფლებაში „ქართულ ოცნებას.“ ამაზე მეტს ამ თემაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

- რამდენიმე დღის წინ თავკვეთულას მონასტრის ბევრმა ჟურნალისტს შეურაცყოფა მიაყენა. არადა, ჟურნალისტი მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად რატომ აწარმოებდა იგი მე-6-მე-7 საუკუნის მონასტერში თვითნებურ მშენებლობას.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების ცემა-ტყეპაზე აღძრული საქმეების გამოძიება თუ არ ყოვნდება, დროში აშკარად იწელება. ამ საქმეების გამოძიება პროკურატურისა და ხელისუფლების პრესტიჟის საქმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ხდება, რაც ისედაც მძიმე წინასაარჩევნო ფონს კიდევ უფრო ამძიმებს.

თავკვეთულას ინციდენტის შემდეგ საპატრიარქომ უცნაური განცხადება გაავრცელა. განცხადების უცნაურობა იმაშია, რომ საპატრიარქო პრაქტიკულად უარს ამბობს მედიასთან ურთიერთობაზე. მეტიც, მას მედიასთან მხოლოდ მაშინ ექნება კავშირი, როცა თავად ჩათვლიან საჭიროდ.

სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, თავკვეთულას მონასტრის ბერისთვის ამავე სამონასტრო კომპლექსში თვითნებობაზე პასუხის გაცემას არც ხელისუფლება და არ საპატრიარქო არ ჩქარობს. თქვენი აზრით რა ხდება და რატომ?

- ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის და მრევლის აზრით, მღვდელთმსახურები ნაკლებად უნდა ჩნდებოდნენ მედია სივრცეში თუ სხვადასხვა პოლიტიკურ თოქშოუებში, რადგანაც მათი ადგილი ამბიონთან არის.

მედიასთან ურთიერთობა უნდა მოხდეს მაშინ როდესაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა ჩნდება, ეს ჩემი პოზიციაა. არ მიყურებია ამ ინციდენტისთვის და ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება 5-6 ივლისის ძალადობრივ აქციაში მონაწილეთა მიმართ გამოძიების გაჭიანურებას, ასევე სხვა მსგავს სენსიტიურ საქმეებზე გამოძიების დროში გაწელვას, ეს სამწუხარო პრაქტიკა რაღაცნაირად უნდა დაიძლიოს, რადგანაც ეს უკვე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ეხება და ჩვენ მუდმივად გვახსენებენ ამას.

თუმცა, გამოძიებასაც თავის სპეციფიკა აქვს, რაც გარედან მაყურებლისათვის უცნობია.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა