თეონა ლავრელაშვილი - ვერ ვიტყვით, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭო საქართველოს გადაწყვეტილებას ნეიტრალურად შეხვდა, მომხდარმა შექმნა მოლოდინი, რომ ურთიერთობები შესაძლოა ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ევროსტრუქტურებში ნამუშევარ, ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის თანახელმძღვანელს, თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თეონა, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღებაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმას საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ამ თემაზე არ ცხრება მსჯელობა და კამათი.

ამ თემაზე საქართველოში ევროკავშირის საელჩომ საკმაოდ ვრცელი და კონკრეტული განცხადება გაავრცელა. ამავე თემაზე ცალკეულმა ევროპარლამენტარებმაც გამოთქვეს თავისი მოსაზრებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ამ თემას ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი ოფიციალურად გამოეხმაურებიან.

თქვენ ევროკომისიის ბრიუსელის ოფისში მუშაობდით და იმ იმედით დაგიკავშირდით, რომ ახლაც გაქვთ კონტაქტები ევროსტრუქტურებში. ვინაიდან დიპლომატიურ წრეებში დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ფაქტზე რას ამბობენ სწორედ დიპლომატიურ წრეებში, გვინდა გკითხოთ - რა რეაქცია ჰქონდათ ევროსტრუქტურებში მოღვაწე დიპლომატებს იმაზე, რომ საქართველოს, რომელსაც უამრავი პრობლემები აქვს, მისმა მთავრობამ უარი თქვა ევროკავშირის მეორე ტრანშის სესხზე?

- ალბათ დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს რაზეც ნაკლებად ხდება ხოლმე ჟურნალისტების მხრიდან ყურადღების გამახვილება და შესაბამისად მოსახლეობაც ხშირად იბნევა ხოლმე - ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატების შეფასებები არ ასახავს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას, თუმცა ცხადია გავლენას ახდენს ბრიუსელში საერთო აზრის ჩამოყალიბებაზე.

უნდა ველოდოთ, რომ ევროპარლამენტის - პოლიტიკური ორგანოს, დეპუტატების შეფასებები გაგრძელდება და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყოს ობიექტური, თუმცა ზოგი კი ემოციურიც.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ნეიტრალურად შეხვდა. დიპლომატებისათვის და პროფესიულ წრეებში, საქართველოს უარი ევროკავშირის დახმარებაზე იყო დიდი მოულოდნელობა და შექმნა მოლოდინი, რომ ურთიერთობები შესაძლოა ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს.

ვერ ვიტყვით, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭო საქართველოს მთავრობის გადაწყევტილებას ნეიტრალურად შეხვდა. დიპლომატებისათვის და პროფესიულ წრეებში, საქართველოს უარი ევროკავშირის დახმარებაზე იყო დიდი მოულოდნელობა და შექმნა მოლოდინი, რომ ურთიერთობები შესაძლოა ნაკლებად პროგნოზირებადი გახდეს

- ევროსტრუქტურებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროსტრუქტურების გაძლიერებისა და ინტეგრაციის პროცესები სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაჩქარდა.

თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ისეთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებით დამძიმებულ ქვეყანას, როგორც საქართველოა, უარი უთქვას ევროკავშირის შეღავათიან სესხებზე?

თუ კი, დაგვავალებთ თუ ამგვარ მაგალითებს შეახსენებთ ჩვენს მკითხველებს...

- მართლაც, რომ ევროსტრუქტურებს, მიუხედავად ცნობილი ბიუროკრატიული პრაქტიკების, მეზობელი ქვეყნების მიმართ დიდი ღვაწლი მიუძღვით. სხვათა შორის, ძალიან ბევრ პროფესიონალს ნახავთ ამ სტრუქტურებში, ვისაც სამუშაოს მიღმა მართლაც რომ შესტკივა გული საქართველოზე.

რაც შეეხება მსგავს პრეცედენტს, გადავამოწმე ჩემს კოლეგებთან ევროკომისიაში და თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის მსგავსი შემთხვევა არ გვახსენდება.

- ქალბატონმა ნატა საბანაძემ, რომელიც 8 წელი საქართველოს ელჩი იყო ევროკავშირში განაცხადა - „მომხდარი „ბრიუსელსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაცივებას გამოიწვევს“.

ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ასევე იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ამ თემაზე მსჯელობისას უფრო შორსაც წავიდა და თქვა, - „მომხდარი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ღიად ამბობს უარს არა მხოლოდ ევროკავშირთან ურთიერთობებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, არამედ ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ერთს ამბობს, მაგრამ რეალურად საპირისპირო ნაბიჯებს დგამს“.

თუ ამ თემებზე ევროკავშირის ბრიუსელის შტაბ-ბინის ოფისის წრეებში იყო მსჯელობები, თქვენი ინფორმაციით, იქ რამდენად მართებულად მიიჩნევა მტკიცება, რომ „ბრიუსელთან ურთიერთობები გაცივდება“, ან ის, რომ ხელისუფლებას დეკლარირებული კი აქვს პროდასავლური კურსი, მაგრამ, რეალურად იგი საპირისპირო ნაბიჯებს დგამს?

- ცხადია, რომ მომხდარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ნიშნულს დაბლა სწევს და მგონია, რომ ბრიუსელმა ეს ნათლად დაინახა. თუმცა არ მიმაჩნია, რომ საქართველოს იმიჯი ბრიუსელში პრორუსულია.

მომხდარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ნიშნულს დაბლა სწევს და მგონია, რომ ბრიუსელმა ეს ნათლად დაინახა. თუმცა არ მიმაჩნია, რომ საქართველოს იმიჯი ბრიუსელში პრორუსულია

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული დახმარების პირობითობის პრინციპში ჩადებული იყო მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომელიც უკავშირებდება საჯარო ფინანსების, მმართველობის, შრომით ბაზრის და სხვა სექტორულ რეფორმებს, რომლის დიდი ნაწილიც საქართველომ შეასრულა ევროკავშირის შეფასებით, სწორედ ამიტომაც მივიღეთ პირველი ტრანში.

თუმცა, ამ მიმართულებით პრობლემატიკაც იკვეთება - საქართველოს ეს უარი მეორე ტრანშზე ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ამ მიღწეულ პროგრესს.

- იმის გათვალისწინებით, რომ საშინაო საქმეებში ევროკავშირის ჩართულობაზე უარის თქმის გზა რუსეთმა გაიარა და შედეგად ქვეყანამ მიიღო რუსული მმართველობის „სუვერენული დემოკრატიის“ მოდელი, საქართველოში ახლა ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას რომ არაა გამორიცხული ჩვენთანაც იგივე განმეორდეს.

ევროპიდან როგორ ჩანს, საქართველო ხომ არ დაადგა „ქართული სუვერენული დემოკრატიის მშენებლობის გზას“?

- ფაქტია, რომ მომხდარი საქართველოს მიმართ ნდობის ფაქტორზე უარყოფითად იმოქმედებს. ნდობა შემცირდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მომხდარი საქართველოს მიმართ ნდობის ფაქტორზე უარყოფითად იმოქმედებს. ნდობა შემცირდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

თუმცა არ მგონია, რომ ამ ეტაპზე გამართლებული იყოს პირდაპირი პარალელის გავლება სუვერენული დემოკრატიის კონცეფციასთან.

მიმაჩნია, რომ ევროპელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს კარგად ესმით რომ ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარად ემოციურ ფონზე გაჟღერებული მოსამართლეების დანიშნვის პრინციპის გამო და იმედოვნებენ, რომ ეს არ არის სისტემური გადაწყვეტილების - მაგალითად ევროკავშირის ინტეგრაციის უარყოფა. მეც ამას ვიმედოვნებ.

- საქართველოში დამკვირვებელთა ნაწილი თანხმდება მოსაზრებაში რომ „თუ საქართველოს მხარდაჭერები ევროკავშირი და ამერიკა არ იქნებიან, ჩვენ ავტომატურად აღმოვჩნდებით რუსეთის კლანჭებში. ევროკავშირისა და აშშ- ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს.“

თქვენი დაკვირვებით ეს საკმაოდ ცხადი მოსაზრებები ხელისუფლებას გააზრებული აქვს?

- ალბათ ხელისუფლებას უნდა კითხოთ. ვფიქრობ, უნდა გავითვალისწინოთ, ევროკავშირის განწყობაც, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ქვეყნები მეტნაკლებად ნორმალური ურთიერთობებით მეზობლებთან.

ევროკავშირის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობლები და არა მასზე დახმარებებით დამოკიდებული ქვეყნები. ხშირად მოისმენთ ევროკომისარებისგან, რომ ევროკავშირს არ სურს არასტაბილურობის ექსპორტი მათ მიწაზე. ევროკავშირის საბოლოო მიზანიც ისაა, რომ საქართველო იყოს მდგრადი - resilient ქვეყანა.

ევროკავშირის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი მეზობლები და არა მასზე დახმარებებით დამოკიდებული ქვეყნები. ხშირად მოისმენთ ევროკომისარებისგან, რომ ევროკავშირს არ სურს არასტაბილურობის ექსპორტი მათ მიწაზე. ევროკავშირის საბოლოო მიზანიც ისაა, რომ საქართველო იყოს მდგრადი - resilient ქვეყანა

ცხადია, საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, ამის პარალელურად ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური მდგრადობის მიღწევა.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა - „ჩვენ ჩვენს პარტნიორებს აუხსენით და კიდევ აუხსნით რატომ ვთქვით უარი დამატებით ვალის აღებაზე, ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი“.

გაქვთ განცდა, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოს მთავრობის განმარტებებს გაიგებენ და მათ ამ თემაზე კითხვები აღარ ექნებათ?

- ცხადია, კითხვები იქნება, რადგან საქართველოს უარი იყო დაგვიანებული. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ ერთი წლის წინ მოაწერა ხელი ორმხრივ მემორანდუმს და დათანახმდა, რომ პირველ ტრანშის შემდეგ მიიღებდა მეორე ტრანშს.

რეალურად კი მოხდა მემორანდუმის დარღვევა, რისი უფლებაც თეორიულად საქართველოს ჰქონდა, თუმცა პრაქტიკულად ეს იყო სრულიად მოულოდნელი.

მოვისმინეთ ეკონომისტების მოსაზრებაც, რომ საგარეო ვალის შემცირების არგუმენტაცია ნაკლებად დამაჯერებელია იმ ფონზე, როდესაც ვიცით, რომ ეკონომიკური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის სესხი არის ძალიან დაბალპროცენტიანი.

საგარეო ვალის შემცირების არგუმენტაცია ნაკლებად დამაჯერებელია იმ ფონზე, როდესაც ვიცით, რომ ეკონომიკური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროკავშირის სესხი არის ძალიან დაბალპროცენტიანი

ალბათ, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი ხელისუფლების არგუმენტი იქნებოდა, რომ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით ეს მაკრო-ფინანსური დამხარება იყო არაეფექტური და რომ მთავრობას უწევდა მისი დაფარვა.

- დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩევნების დასრულებისა და მასში გამარჯვების შემდეგ შეეცდება ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებას.

ბრიუსელთან ურთიერთობების „გაციების“ შემდეგ რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას ევროკავშირთან ურთიერთობების დასალაგებლად?

- ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა, როგორც კავკასიაში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის და ახლა უკვე ტრიოს ფარგლებშიც.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროკავშირი იქნება მზად რომ საქართველოს კვლავ დაეხმაროს რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ეს პირობითობის პრინციპი არ გაქრება და ალბათ უფრო გამკაცრდება ამ გამოცდილების გათვალისწინებით.

მაგალითად, 2020-2021 მაკროფინანსური დახმარების პაკეტში, რომლის მოლაპარაკებაც მიმდინარებს ამ ეტაპზე, ველოდები რომ სასამართლო რეფორმა იქნება განმსაზღვრელი.

2020-2021 მაკროფინანსური დახმარების პაკეტში, რომლის მოლაპარაკებაც მიმდინარებს ამ ეტაპზე, ველოდები რომ სასამართლო რეფორმა იქნება განმსაზღვრელი

- ტრიოს იდეაზეც მინდა გკითხოთ, როგორ გესახებათ მისი მომავალი თან მოახლებული აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტის ფონზე?

- ასოცირებული ტრიო, ანუ საქართველოს მოლდოვის და უკრაინის გაღრმავებული თანამშრომლობა ერთიანი ძალებით მიაღწიონ ევროკავშირის წევრობას, რა თქმა უნდა მისასალმებელია და მიხარია, რომ მცირე წვლილი მიმიძღვის ამ იდეის წამოწევაში.

მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა ბათუმის დეკლარაციაც და მივიღეთ მიშელის მწვანე შუქიც, თუმცა პრობლემა ის არის რომ იდეურად ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ასოცირებული ტრიო, ინსტიტუციურ, ორგანიზაციულ თუ პოლიტიკურ ჭრილში ბრიუსელში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით, რომ ხელი შეუწყოს ამ სამი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ველოდები, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიც, მიუხედავად ევროკავშირის გარკვეული წინააღმდეგობისა, კერძოდ რომ სურდა პროგრამის დიფერენციაციის თავის არიდება, მოხდება ტრიოს აღიარება. თუმცა, ეს ისევ და ისევ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა სამოქმედო პროგრამა ექნება ასოცირებულ ტრიოს.

ველოდები, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოხდება ტრიოს აღიარება. თუმცა, ეს ისევ და ისევ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სამოქმედო პროგრამა ექნება ასოცირებულ ტრიოს

- მომხდარის შემდეგ როგორ გესახებათ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები? შეძლებს ქვეყანა შეინარჩუნოს იმის შესაძლებლობა რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე?

- საქართველოს ევროკავშირის განაცხადის გაკეთება დღესაც შეუძლია, თუმცა საკითხი არის მეტად კომპლექსური და ცალკე სასაუბრო თემაა, რამდენად არის გამართლებულ კანდიდატის სტატუსის მოთხოვნა, რაც ევროკავშირის გადმოსახედიდან ძალიან რთული მოსაპოვებელია რადგან კონსენსუს მოითხოვს 27 წევრი ქვეყნის მხრიდან.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმდინარე გამოცდილებაც ხომ გვიჩვენებს რა რთულად მიდის პროცესი. საკითხი დგას, ხომ არ ჯობდა, რომ თუნდაც ტრიოს ფორმატში ჩვენ მოგვეძებნა სხვა შესაძლებლობა, რითაც ერთის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან გარდამავალ სტატუს მივიღებდით , ხოლო მეორე მხრივ მოვახერხებდით ფუნქციურ და ინსტიტუციურ ინტეგრაციას.

ჯერ კიდევ გვაქვს 3 წელი რომ ჩვენი აპლიკაციის მოწიფულობა გავზარდოთ. თუმცა, ცხადია, რომ მომხდარი უარყოფით სიგნალს აძლევს ბრიუსელს ჩვენი მომავალი აპლიკაციის სერიოზულობაზე.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა