ლევან რატიანი - არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა, მაგრამ ის, რომ მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პირების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს

ვიმედოვნებთ, რომ ის პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ამ ეტაპზე არის, ძალიან მალე დასრულდება. ამის საფუძველს გვაძლევს ძალიან ბევრი ფაქტი. ამის მაჩვენებელია ისიც, რომ დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან მკვეთრად შემცირდა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროს და კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, რაც პანდემიის დამარცხებისთვის აუცილებელი პირობაა.

„ვაქცინაციის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში დადგება თარიღი, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს, როგორც ამას ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი და კოვიდ დაავადება უკან დაიხევს“, - აღნიშნა რატიანმა.

მან ასევე კოვიდკლინიკებში მძიმე პაციენტების მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი. ჩვენდა საბედნიეროდ, კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა ჯანმრთელდება. როდესაც პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად გარდაიცვლება. არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა ყველაზე მძიმე პაციენტებს ემსახურება - როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ, მხოლოდ 5,1%-ს შეადგენს. ეს კარგია, მაგრამ ამ ლეტალობაში იგულისხმება, რომ იმისდა მიუხედავად, რომ ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტები გადაგვერჩინა, ისინი მაინც გვეღუპებოდნენ, რადგან ადგილი ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, რისი მართვაც ექიმებს არ შეეძლოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ კოვიდ-19-ის მძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან, არის მცდარი, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადარჩენის უამრავი მაგალითი არსებობს. რატიანმა აღნიშნა, რომ მალე დადგება მომენტი, როდესაც სიკვდილიანობის ნიშნული საქართველოში მკვეთრად დაიკლებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ