ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, საგარეო ვალის აღებასთან დაკავშირებით გარკვეული კორექტირებები მოსალოდნელია. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალს აღარ აიღებს, თუმცა ვალის აღება შესაძლოა, მოხდეს კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ისიც შემცირებული ოდენობით.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კორექტირების მიზანი საგარეო ვალის იმ ნიშნულამდე ჩამოყვანაა, რაც საქართველოს ეკონომიკას შესაბამისი განვითარების საშუალებას მისცემს.

„სხვა ვალებთან მიმართებითაც გარკვეული კორექტირების მოლოდინი, ბუნებრივია, უნდა გვქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის დონის შემცირება აუცილებელია დაიწყოს მნიშვნელოვნად მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებით, ასეთ სესხები შესაძლოა აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილშიც განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის, ის მოდელი, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებით შესაძლოა, შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. შესაბამისად, ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქვეყნის სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე, ეკონომიკასთან მიმართებით ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარების,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ის კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხის აღებაზე უარის თქმის საკითხს და აღნიშნა, რომ ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა შეცდომა იყო.

„პირველ რიგში, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ იყო და არ არის სწორი. ჩვენ ეს გაცხადებული გვქონდა რამდენიმე თვის წინ, რომ ქვეყნის ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს და 60%-იანი ნიშნული, რომლსაც მივაღწიეთ 2020 წელს, არ არის ის ნიშნული, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ეკონომიკურ განვითარებას მიაღწიოს. შესაბამისად, ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როდესაც პოლიტიკურ ჭრილში გადადის აღნიშნული საკითხი, ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ ბანერებითა და ტრანსფარანტებით დადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს გვაკრიტიკებს იმაზე, თუ რატომ არ ავიღეთ სესხი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებით იქნება ყოველთვის განხილული და ამასთან მიმართებით გადაწყვეტილება იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რომელიც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის რეფორმების საკითხი და რეფორმებთან მიმართებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ ის რეფორმები, რომლებიც არის დაწყებული და რომელიც არის გაცხადებული, გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი,“- განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა