ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021

სკოლის პერსონალის სრული და 12-წლიდან ბავშვების ვაქცინაცია - რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდელის დაკავებას არ გამორიცხავენ

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს

* * *

სკოლის პერსონალის სრული და 12-წლიდან ბავშვების ვაქცინაცია - რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება

“სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო - პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღსადგენად კი ჯანდაცვის ექსპერტები პედაგოგთა სრულ ვაქცინაციას უწევენ რეკომენდაციას და საჭიროდ თვლიან 12 წელს ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ კანონის სწრაფ მიღებას. ინფექციონისტები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლის განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ სკოლის პერსონალი სრულად იქნება ვაქცინირებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სკოლის პერსონალის სრული და 12-წლიდან ბავშვების ვაქცინაცია - რა შემთხვევაში იქნება უსაფრთხო სწავლის დაწესებულებებში გაგრძელება.

“ეპიდემიოლოგი ალექსანდრე გოგინავა “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლის შენობში განახლება რისკის შემცველია ბავშვებისთვის, ვინაიდან “დელტა” შტამი მცირეწლოვან ასაკშიც სწრაფად ვრცელდება და მწვავედ მიმდინარეობს. “წინასწარ რთული სათქმელია როგორ წარიმართება ახალი სასწავლო წელი პანდემიის პირობებში, თუმცა, რისკის შემცველი ნამდვილად არის, ვინაიდან “დელტა” შტამი ბავშვებში საკმაოდ აქტიურად ვრცელდება. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია სკოლის პერსონალის სრული ვაქცინაცია და ჰიგიენური ნორმების დაცვა. ამასთან, კარგი იქნება და შესაძლოა 4 ოქტომბრამდე საშუალებაც მოგვეცეს, რომ 12 წელს ზემოთ ბავშვთა ვაქცინაცია მოვახერხოთ”, - განაცხადა გოგინავამ. ანალოგიური შეხედულება აქვს ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძესაც, მისი თქმით, როგორც კი შესაბამისი კანონი იქნება მიღებული, ბავშვთა ვაქცინაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად, რათა სწავლება უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ ვიცი როგორ მოახერხებენ, თუმცა, სწავლის შენობებში განახლების შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ბავშვების ერთმანეთისგან დისტანცირება, მკაცრად გაკონტროლდეს პირბადეების ტარება და სკოლაში მომუშავე პერსონალის ვაქცინაცია. ამასთან, როგორც კი გამოვა კანონი 12 წლიდან აცრის შესახებ, სასურველია ყველა ბავშვი მაქსიმალურად იყოს აცრილი” - თვლის ხმალაძე. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემაც. მისი თქმით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი”, - განაგრძობს გამოცემა.

“სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი - ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები. თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა" ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება”, - განაცხადა ტაბიძემ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელო კი მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყებს ულოცავს. მისი თქმით, წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია და სწავლის შენობებში განახლებსთვის საჭიროა რეკომენდაციების დაცვა ყველას მხრიდან. მინისტრი აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერს შენობაში სწავლა იმ ქალაქებსა და სოფლებში განახლდება სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%”, - დასძენს გამოცემა.

“მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, სრულიად აკადემიურ სივრცეს ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას. წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. დღეს ფუნქციონირებას იწყებს “ტელესკოლის” უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას. იმისთვის, რომ ჩვენ ამას მივაღწიოთ აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდირება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაში. აქ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების აცრის საკითხს. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში”, - აღნიშნა ჩხენკელმა. მან ყურადღება გაამახვილა, პირველკლასელებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზეც. მისი თქმით, პირველი კლასის მოსწავლეები სასკოლო სწავლებას ბუნებრივ პირობებში დაიწყებენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები”, - თქვა ჩხენკელმა. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა, ამასთან, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩეს სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, - განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდელის დაკავებას არ გამორიცხავენ

“ვინ დგას გავრცელებული ფარული ფაილების უკან - პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ან მისი გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. გახარიას თანაგუნდელები ფარული ჩანაწერების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ინფორმაციით კი რუსულმა კომპანია “ბილაინმა” ქართული ფილიალიდან აბონენტების სრული სია გახარიას პარტიას გადასცა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გახარიას გუნდელის დაკავებას არ გამორიცხავენ.

“რუსულმა კომპანიამ, “ბილაინმა”, თავის ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას. ეს კომპანია, მთლიანად კონტროლდება რუსული ფეესბეს მიერ დღესდღეობით. ადრე იქ იყო ქართული წილიც, მაგრამ ფეესბეს მითითებით, ივანიშვილის დროს, ეს ქართული წილი მთლიანად გამოისყიდეს რუსების მიერ კონტროლირებადმა ბიზნესმენებმა მოსკოვიდან. ხომ საინტერესოა, ასეთი პირდაპირი მონაწილეობა ქართულ საარჩევნო კამპანიაში?..”,- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე. პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი ბექა ლილუაშვილი კი აცხადებს, რომ მათ პარტიაზე და ლიდერზე გიორგი გახარიაზე “ოცნებამაც” და “ნაციოანლებმაც” ერთობლივი თავდასხმა განახორციელეს. ეს კი იმის ნიშანია, რომ ისინი სწორ გზას ადგანან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 თვეა ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის პირდაპირი სამიზნე და ყოველდღიურად ხორციელდება მძიმე ზეწოლა ჩვენს მომხრეებზე, მიგვაჩნია, რომ დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული პოლიტიკური ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზებზე. მესმის, რომ არის ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც, ბუნებრივია, ჩნდება საზოგადოებაში, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნებაში” ვიყავით, საკმარისი რეფორმების გზით ფუნდამენტი შეგვექმნა იმისთვის, რომ მსგავსი კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო და შესაბამისად, პოლიტიკური ანგარიშსწორების ასეთი ფორმები არ ყოფილიყო გამოყენებული”, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ - ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა”, - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ “ოცნებამ” და “ნაციონალებმა” ჩვენზე ერთობილვი თავდასხმა განახორციელეს. ეს კი იმის ნიშანია, რომ სწორ გზას ვადგავართ”, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. “მოსმენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა”, - დასძენს გამოცემა.

“ყველამ კარგად ვიცით, რომ 9 წლის მანძილზე არავის არ ეკითხებიან ან პრემიერი ვინ იქნება ან სუს-ის უფროსი. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი უშუალოდ აკონტროლებს მოსმენების მთელ მექანიზმს და პრემიერ-მინისტრი ვინ არის დღეს ამ ქვეყანაში აქვს ნულოვანი მნიშვნელობა. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ღარიბაშვილი თავის აბსურდულ განცხადებებში არ უარყოფს იმას, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს დ იწერს მოქალაქეების უზარმაზარ არმიას. მე მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ მომენტისთვის, როცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლებლობა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ უკანონობას სჩადიოდა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერ, ოღონდ, კომისიამ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიბაროს და მოვისმინოთ მისი პასუხები კითხვებზე, რადგან მისი მარიონეტების ადგილმონაცვლეობა, რეალობას არ ცვლის. ამ რეჟიმის თავში არის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ცვლილება ამ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც უკვე წლების მანძილზე უპირისპირდება ამ ბოროტების რეჟიმს, რომლის ჭანჭიკიც იყო გახარია - ჩემი აზრით, საკუთარი პოლიტიკური გუნდით და შემადგენლობით”, - განაცხადა სამადაშვილმა. ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტის სპეციალური სხდომის მოწვევას ითხოვს და ამ მიზნით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ოპოზიციონერი დეპუტატთა ხელმოწერების შესაგროვებლად, მათთან კონსულტაციებს იწყებს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ამასთან, ფრაქციის მოთხოვნაა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის გამოცხადება და მის მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. “ეს ინფორმაცია პირუთვნელ გამოძიებას მოითხოვს. შემიძლია დავადასტურო, რომ ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის ჩემთან კომუნიკაციას შეეხება, არის სიტყვა-სიტყვით, ზუსტად ფაილში გადატანილი. აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების ობიექტი ვართ. გადაუდებელი საჭიროებაა პარლამენტმა ეს უპრეცედენტო ვითარება განიხილოს და პოლიტიკური დებატები გაიმართოს”, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ. მან მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმშია, პლენარული სხდომის მოწვევას დეპუტატთა სიითი შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა და შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერის შეგროვება სჭირდება”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს

“საქართველო გერმანიასთან ლეგალურ სამუშაოებზე დასაქმების გაფართოებას გეგმავს, ამ დროს კი წინა პროგრამა პირწმინდად ჩავარდა და ქართველების ნაწილმა კონტრაქტი საერთოდ გაწყვიტა. გერმანიაში სეზონურად მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა, მიუხედავად იმისა, რომ წასვლის სურვილი ათეულ ათასობით ადამიანმა გამოთქვა. გერმანიიდან ჩამოსული ქართველების ნაწილი ახლა სასამართლოში ჩივის. პროცესი 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. ქართველები გერმანელ დამსაქმებელსაც უჩივიან და საქართველოს სახელმწიფოსგანაც იმ თანხის გადახდას ითხოვენ, რომელიც 3 თვის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში მუშაობისას, სამშობლოში უნდა ჩამოეტანათ. ამას ემატება მორალური ზიანის საკომპენსაციო. თანხა, რომელსაც ქართველები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, 15-დან 17-ათას ლარამდე მერყეობს. საქართველოში დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე, რომელიც სხვებთან ერთად სასამართლოში ჩივის, აცხადებს, რომ გერმანელი დამსაქმებლისგან ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს / უკან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა სასამართლოში იჩივლეს და 17 000 ლარს ითხოვენ.

“საქართველოში დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე, რომელიც სხვებთან ერთად სასამართლოში ჩივის, აცხადებს, რომ გერმანელი დამსაქმებლისგან ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა. “სასამართლო გაიმართება 21 დეკემბერს. გერმანიიდან 3 თვის განმავლობაში რაც უნდა ჩამოგვეტანა, მოვითხოვთ ამ თანხის სრულად ანაზღაურებას და ამას დამატებული მატერიალური და მორალური ზარალიც. ერთად გამოდის 15-17 ათას ლარამდე. ასევე, ვუჩივით გერმანელ ფერმერსა და დამსაქმებელს, მამა-შვილია. გერმანიაში არსებობს ორგანიზაცია “მირა”, რომელიც ამოწმებს შრომის პირობებს და მასთან პროფკავშირებმა დაგვაკავშირა. მათ ყოველდღე, სისტემატურად ვწერდი, რომ მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ საცხოვრებელი და შრომითი პირობები. 4 ივნისს მოვიდნენ, შეამოწმეს პირობები, შემდეგ ფერმერს გაუგზავნეს წერილი, დაჯარიმებით ემუქრებოდნენ და ზუსტად 10 დღეში დამსაქმებელი შეგვიცვალეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა ჩაჩანიძე.

მეორე დამსაქმებელთან დაახლოებით იგივე სიტუავია იყო. თავად ფერმერები გერმანულ კანონს გვერდს უქცევენ და ყველას იაფად ამუშავებენ. რუმინელები და პოლონელებიც ჰყავთ. მეორე დამსაქმებელს არ ვუჩივით, რადგან სამუშაო ორ დღეში დავტოვეთ და წამოვედით. საცხოვრებელი პირობები კარგი იყო, მაგრამ ანაზღაურება იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე პირველ დამსაქმებელთან. მეორე დამსაქმებელთან 20 ადამიანი წავედით. 3 პირველი დამსაქმებლიდან უკან, საქართველოში დაბრუნდა, ანუ მეორესთან არ წამოსულა და ერთი ადამიანი ჯგუფს საერთოდ გამოეყო და თავისით იპოვა სამუშაო. ამ 20 ადამიანიდან 10 ქვეყანაში დავბრუნით და 10 მეორე დამსაქმებელთან დარჩა... ყოველდღე ვმუშაობდით, დღეში, მაქსიმუმ, 10-15 ევრო გამოგვდიოდა მაშინ, როდესაც დანაპირები იყო დღეში 70 ევრო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა გარკვეული, სად გვიშვებდნენ და რა გველოდებოდა. კონტრაქტში არ ეწერა ის პირობები, რომლებიც რეალურად იქ დაგვხვდა და რომ გვცოდნოდა, გერმანიაში წასვლაზე ყველა უარს იტყოდა”, - თვლის რესპონდენტი.

“ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში წასული ყველა ჯგუფი მსგავსი იყო. გამოიკვეთა 1-2 ჯგუფი და მათ ნორმალური ვითარება დახვდათ. ძალიან ბევრი გავაფრთხილე, რომ გერმანიაში არ ჩასულიყვნენ. ზოგმა დამიჯერა, ზოგმა - არა. ვინც ჩამოვიდა და სიტუაციას პირდაპირ შეეჩეხა, გამოსავალი აღარ ჰქონდა და ზუსტად ასეთი სიტყვებით მწერდნენ - არ დაგიჯერე და წავაგეო. ვიცი, რომ ზოგმა კონტრაქტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ხმას რატომ არ იღებენ, ვერ გეტყვით”, - ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე. თავდაპირველად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანიაში მხოლოდ 208 საქართველოს მოქალაქე დასაქმდებოდა, რადგან წასვლის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ ვითარება მალე სრულიად სხვაგვარი აღმოჩდა, ქართველების ნაწილი სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდა. როგორც სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, პროგრამასთან დაკავშირებით ადამიანები თავიდანვე ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ, ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული, რომლებზეც პასუხების გაუცემლობამ ნეგატიური გავლენა მოახდინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ადამიანები თავიდანვე ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ. იყო საუბარი საშემოსავლო გადახდის ნაწილზე, რომ ანაზღაურება მოხდებოდა ლარებში და ა.შ. ინფორმაციის დეფიციტი ჰქონდა თავად ჯანდაცვის სამინისტროს და ერთიანი მიდგომა არ არსებობდა. ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ გერმანული ქალაქებისა და დაბების დონეზე უნდა მოეხდინა ორგანიზება, რათა ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მენეჯერებმა ვერაფერი მოახერხეს. ამ გარემოებამ და არასრულყოფილმა ინფორმაციამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ამიტომ ხვალ და ზედ ნაკლებად მოუნდება სხვას, ანალოგიურ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა”, - მიიჩნევს აკაკი ჩარგეიშვილი. ასეთი ვითარების მიუხედავად, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების პროგრამა გაგრძელდება, გაფართოვდება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან არსებულ შეთანხმებათა განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება...”, - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა