დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, დიმიტრი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, 2 ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ თვალს ვადევნებთ საარჩევნო პროცესში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების აქტივობასა და წინასაარჩევნო დისკუსიასა და ბატალიებს.

ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე ძირითადი პოლიტიკური აქტორები ერთმანეთს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. ვისაც საქართველოს უახლესი ისტორიის 30 წლის განმავლობაში მომხდარი საკვანძო მოვლენები ახსოვს, ალბათ დამეთანხმება, რომ ახალი არაფერი ხდება.

თუ 100 წლის წინანდელ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებს გავიხსენებთ, მეტად დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური დისკურსისა და ბრალდებების თვალსაზრისით 100 წელზე მეტია ქართული პოლიტიკა ერთ წრეზე ტრიალებს.

რადგან ასეა, დღევანდელობასა და ასი წლის წინანდელ ამბებს შორის პარალელების გავლების აუცილებლობა მგონი უინტერესო არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, ეს საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებსაც ეხება. მხედველობაში მაქვს გასული საუკუნის 20-იან წლებში ავღანეთში ბრიტანელების დამარცხება და ის, რომ ჯერ საბჭოთა რუსეთმა ცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა, ხოლო შემდეგ ავღანეთი ერთერთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც სსრკ აღიარა.

დაგვავალებთ, თუ შეეცდებით ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში 100 წლის წინანდელ მოვლენებსა და მსგავბესებს შორის გარკვეული პარალელების გავლებას...

- პარალელების გავლება შეიძლება, მაგრამ უპირატესობა ჩვენს წინაპრებს უნდა მიენიჭოს. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ 1918-1919 წლების მიჯნაზე, სრულიად ახალგაზრდა საქართველოს პირველ რესპუბლიკაში, ერთმანეთის მიყოლებით - სამი უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდა. ეს ის დრო იყო, როცა მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ატყდა საქართველო-სომხეთის სამწუხარო ომი. მოკლედ, არეული დრო იყო და ამ პირობებში ჯერ - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც მოჰყვა ქალაქთა სათათბიროების (საბჭოების) არჩევნები, ხოლო თითქმის მაშინვე - დამფუძნებელი კრების არჩევნებიც.

100 წელზე ოდნავ მეტი წლის წინ ელექტორატის არჩევანი გადამწყვეტი იყო. საბჭოთა რუსეთის ორიენტაციის მქონე პარტიების გავლენა კი - მინიმალური

რაც შეეხება უპირატესობებს - 1. მაშინდელ არჩევნებში მონაწილე პარტიები იდეებით ებრძოდნენ ერთმანეთს. იდეურად განსხვავებულ პროგრამებს სთავაზობდნენ მაშინდელ ელექტორატს სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები), სომეხი დაშნაკები და სხვანი;

2.ფულის ფაქტორი მინიმალური იყო. ახალი გაუქმებული გახლდათ ქონებრივი ცენზი, რამაც ფეხი ამოუკვეთა სომხური პლუტოკრატიის ბატონობას თბილისის თვითმმართველობაში, რომელიც ნახევარზე მეტი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა;

3.პარტიების მოღვაწეობაში და არჩევნების მიმდინარეობის დროს, პრიორიტეტი ეკუთვნოდა სოციალურ საკითხებს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას;

4.ელექტორატის არჩევანი გადამწყვეტი იყო. საბჭოთა რუსეთის ორიენტაციის მქონე პარტიების გავლენა კი - მინიმალური.

ლენინის ხელისუფლებას მაშინ თეთრი გენერლები ახრჩობდნენ და ჩვენთვის არ ეცალა. 100 წელზე ოდნავ მეტი წლის შემდეგ ახლა ყველაფერი პირიქითაა - პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს.

- პარალელები უფრო სრული რომ იყოს, საინტერესო იქნება თუ ჩვენში სადღეისოდ არსებული ვითარებების თავისებურებებზე გაამახვილებდით ყურადღებას.

განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველოში 30 წლის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება და ამდენჯერვე ადგილობრივი მმართველობები...

- კი, ოთხჯერ შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება, მაგრამ რეალობა არ შეცვლილა, მთავარი, წამყვანი რეალობა არ შეიცვალა - ისევ ღარიბები ვართ, ისევ სხვათა დახმარებაზე ვართ დამოკიდებული.

საერთო აღიარებით, თვითმმართველობა მიჩნეულია დემოკრატიული სისტემის ფუნდამენტად, საყრდენად. ცენტრალური ხელისუფლება, სულ რომ სიკეთისა და ჰუმანიზმის განსახიერება იყოს, თვითმმართველობას ვერ გააძლიერებს, თუ ამ უკანასკნელს, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ გააჩნია. შესაბამისად, ის ვერც დემოკრატიული იქნება და ვერც თვითმოქმედი სტრუქტურა.

ცენტრალური ხელისუფლება, სულ რომ სიკეთისა და ჰუმანიზმის განსახიერება იყოს, თვითმმართველობას ვერ გააძლიერებს, თუ ამ უკანასკნელს, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ გააჩნია. შესაბამისად, ის ვერც დემოკრატიული იქნება და ვერც თვითმოქმედი სტრუქტურა

- თუ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებს, ავღანეთში უკანასკნელ თვეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში შევხედავთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისტორია მეორდება, მხედველობაში მაქვს ავღანეთიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების გასვლა, რასაც ამ რეგიონში დასავლეთის გავლენის შემცირება მოჰყვა.

მართალია მთელი სიზუსტით არა, რადგან ახლა საერთაშორისო ასპარეზზე გამოსულია ჩინეთი, რომელიც როგორც უჩანს, აქტიურად ითანამშრომლებს ავღანეთის „თალიბანის“ ხელმძღვანელობასთან.

ავღანეთიდან ამერიკელების გასვლით რუსეთს საშუალება მიეცა გაიმყაროს პოზიციები შუა აზიის რესპუბლიკებში, მაგრამ ეს ბევრი თვალსაზრისითაც სათუოა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ დსთ-ს ოდებეკა-მ ტაჯიკეთში სამხედრო წვრთნები დაგეგმა. ახლა შუა აზიის ქვეყნებში ჩინეთის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გავლენა საკმაოდ დიდია.

რა კორექტივები შეიტანა 2 ოქტომბრის არჩევნების საგარეო პოლიტიკურ განზომილებაზე უკანასკნელ თვეებში ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა და საერთაშორისო ასპარეზე მომხდარმა ცვლილებებმა?

- ყველანაირი პროგნოზის საფუძველთაგანი, დღევანდელი ვითარება უნდა იყოს. ცხადია, მსოფლიომ ავღანეთიდან უკუქცევა, აშშ-ის დიდ მარცხად შეაფასა. ეს ალბათ, ამერიკელების ყველაზე დიდი დამარცხებაა, ვიეტნამის შემდეგ.

მაგრამ, ამ ფაქტს მეორე მხარე აქვს და უფრო მნიშვნელოვანიც. იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება ვუწოდოთ „თალიბებს“ - ტერორისტები, ფუნდამენტალისტები, თუ შუასაუკუნეობრივი ფანატიკოსები, ისინი საკუთარი ქვეყნის განმათავისუფლებლები არიან. ეს მათ გააკეთეს და ეს ფაქტია.

მეორე მხრივ, ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტებიც კანონზომიერად მოიქცნენ, როცა ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გამოყვანა დაგეგმეს და განახორციელეს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - აშშ არ არის ტიპური დამპყრობელი ქვეყანა. ის შეიძლება ფინანსურ-ეკონომიკური ზესახელმწიფო იყოს მაგრამ არა, სამხედრო-პოლიტიკური ოკუპანტი.

ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტებიც კანონზომიერად მოიქცნენ, როცა ავღანეთიდან საკუთარი ჯარების გამოყვანა დაგეგმეს და განახორციელეს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - აშშ არ არის ტიპური დამპყრობელი ქვეყანა. ის შეიძლება ფინანსურ-ეკონომიკური ზესახელმწიფო იყოს მაგრამ არა, სამხედრო-პოლიტიკური ოკუპანტი

ამ რეალობიდან უნდა ვცადოთ, ჩვენი მომავლის პროგნოზირებაც. ავღანეთიდან წამოსვლამ ბუნებრივად გამოიწვია ამერიკის გავლენის შესუსტება რეგიონში. ამავე დროს, აქტუალური გახდა საქართველოს საკითხიც, მით უფრო, ოქტომბრის არჩევნების გამო.

არის თუ არა აშშ მზად, რომ აქტიური მხარდაჭერა განახორციელოს საქართველოში? საეჭვოა. ვითარება ისეთია, რომ სტატუს-ქვო შენარჩუნდება ყველა დონეზე.

არის თუ არა აშშ მზად, რომ აქტიური მხარდაჭერა განახორციელოს საქართველოში? საეჭვოა. ვითარება ისეთია, რომ სტატუს-ქვო შენარჩუნდება ყველა დონეზე

- „ნაციონალებიდა ოპოზიციის უმეტესობის მტკიცებითქართული ოცნებასაქართველოში კრემლის საქმეს აკეთებს. ამის დასტურად მთავრობის მიერ ევროკავშირის შეღავათიან სესხზე უარის თქმა, ბრიუსელთან და ვაშინგტონთან ურთიერობების გაციება, ანაკლიის პორტის აშენების ჩაშლა და კრემლის რბილი ძალის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება სახელდება.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომქართული ოცნებაახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და ვარაუდობს, რომ მიზნის მიღწევის შემდეგ შეძლებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგებას.

რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ოპოზიციის ბრალდებები რომქართული ოცნებამიზანმიმართულად შორდება ბრიუსელსა და ვაშინგტონს და ცდილობს კრემლთან ურთიერთობების ფარულად დალაგებას?

- თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ რამდენიმე ფაქტი, რომელნიც მოწმობენ დასავლეთის უკმაყოფილებებს, "ოცნების"ხელისუფლების მიმართ. ბოლომდე ობიექტურები თუ ვიქნებით, ხელისუფლების არაპოპულარულ ნაბიჯებსაც შეიძლება თუ გამართლება არა, ლოგიკა მაინც მოეძებნოს.

ანაკლიის საქმე შედარებით ძველია და აქედან დავიწყოთ. ცხადია ამ ქვეყნის გულშემატკივარს, როგორ შეიძლება, რომ ანაკლიის პროექტის ჩავარდნა მოეწონოს.

მაგრამ, თუ ასეთი რამ მოხდა და ხელისუფლებამ უარი თქვა მის განხორციელებაზე, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლების სურვილით მოხდა. ხომ შეიძლება რომ ხელისუფლებამ ეს არაპოპულარული ნაბიჯი რუსეთის ზეწოლით განახორციელა. ამის შესახებ მაშინაც ლაპარაკობდნენ.

კი, რუსეთის რბილი ძალის მიმართ, ხელისუფლება ხშირად შემგუებლობას იჩენს. ჩვენ რას ვურჩევდით ხელისუფლებას, როცა რუსები კიდევ ერთხელ გადმოსწევენ საზღვარს, ავტომატის ჯერით უპასუხონ?

ასეთ შემთხვევაში საქართველოს თავისი სტრატეგიული მოკავშირეების შესაბამისი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ასეთი მტკიცე მხარდაჭერა არ ჩანს.

ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ხელისუფლების გამართლების მწვავე სურვილი მალაპარაკებს. უბრალოდ, უნდა ვცადოთ რომ ობიექტურები ვიყოთ.

ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის მთავარი მიზეზები კი მარტივია - "ოცნებას" ეშინია ხელისუფლების დაკარგვის. თუ ის დასავლეთის მოთხოვნებს უყოყმანოდ შეასრულებს - სასამართლო რეფორმას და სხვა დემოკრატიულ გარდაქმნებსაც ზედმიწევნით განახორციელებს, ის აუცილებლად დასუსტდება.

ბევრი არაპოპულარული ნაბიჯის მთავარი მიზეზები კი მარტივია - "ოცნებას" ეშინია ხელისუფლების დაკარგვის. თუ ის დასავლეთის მოთხოვნებს უყოყმანოდ შეასრულებს - სასამართლო რეფორმას და სხვა დემოკრატიულ გარდაქმნებსაც ზედმიწევნით განახორციელებს, ის აუცილებლად დასუსტდება

თავის დროზე თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების გატარება ვერ შეძლო „ნაციონალების“ ხელისუფლებამ და არა იმიტომ რომ ეს არ სურდა, არამედ იმის გამო, რომ აუცილებლად დამარცხდებოდა.

დემოკრატიას მტკიცე დამცველები სჭირდება, არამარტო შიგნით, ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების მხრიდან, არამედ გარედანაც - დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერის სახითაც, რომელიც შესაბამისი არ არის.

გარდა ამისა, ჩვენებური მმართველი პარტიები ამ 30 წლის განმავლობაში, გადამეტებული, არაპროპორციული ძალით იბრძვიან ხელისუფლების შენარჩუნებისათვის. ამისი მიზეზთაგანი ისიც არის, რომ ადამიანები ხელისუფლებასთან ერთად კარგავენ სამსახურებს, შემოსავალს, მდგომარეობას და უსაფრთხოებასაც - მომდევნო ხელისუფლების შიშით.

- ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, ხოლო მმართველი გუნდის მტკიცებით 2 ოქტომბერი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ხელისუფლების რიტორიკა აშკარად სცდება მუნიციპალური არჩევნების თემატიკას.

ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხია - 2 ოქტომბერი ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის. თქვენთვის მოახლოებული არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების დღეა თუ რეფერენდუმის?

- აქაც ხელისუფლებასთან ერთად - ყველაფრის დაკარგვის შიშთანა გვაქვს საქმე. მიშელის დოკუმენტი გავიხსენოთ, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია: "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს".

ცხადია, ამ ჩანაწერით ნაკისრი ვალდებულება, პირდაპირ შეიცავს "ოცნების" მიერ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს. ახლა ავწონოთ, რა უფრო საშიში იქნებოდა "ოცნებისათვის" - ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე, თუ დასავლეთის განაწყენება, მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლის გამო? ცხადია პირველი. ამიტომ "ოცნება" გამოვიდა შეთანხმებიდან და ნაკისრ ვალდებულებაზე უარი თქვა.

რა უფრო საშიში იქნებოდა "ოცნებისათვის" - ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე, თუ დასავლეთის განაწყენება, მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლის გამო? ცხადია პირველი. ამიტომ "ოცნება" გამოვიდა შეთანხმებიდან და ნაკისრ ვალდებულებაზე უარი თქვა

თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს, მიშელის დოკუმენტის ანულირებას, რადგან მას სხვა პარტიებიც აწერდნენ ხელს და ნაციონალებიც შეუერთდნენ. მოკლედ, ხელისუფლების ოპონენტები იოლად არ დაივიწყებენ მიშელის დოკუმენტის რეალურ არსებობას. მაგრამ ეს უკვე პოსტარჩევნების რეალობაა.

- დარჩენილ დროში რა შანსები აქვს ოპოზიციას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერი რეფერენდუმის დღეა, და რა შანსები აქვს მმართველ გუნდს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ 2 ოქტომბერს მხოლოდ მუნიციპალურ არჩევნები ჩატარდება?

- ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გააქტიურდება, როცა ცნობილი გახდება მონაცემები. თუ "ოცნებამ" 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახა, ოპოზიციას ექნება საფუძველი, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები.

- დიახ, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტიურობა 30-35%-ს არ აღემატება.

თუ ამომრჩევლის 35% მივიდა არჩევნებზე და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 43%, ეს სულაც არ მისცემს მას იმის მტკიცების საშუალებას, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ასეა, რადგან 35%-დან თუნდაც ხმების 45% მიიღოს “ქართულმა ოცნებამ“, აღმოჩნდება, რომ მისთვის ნდობა ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ს არ გამოუცხადებია. ეს ციფრი ოპოზიციისთვისაც საგულისხმო იქნება, რადგან მისი მხარდამჭერების რაოდენობაც შთამბეჭდავი არ იქნება.

თუ ოპოზიციამ მიიღო ხმების 45%, ან „ოცნებაზე“ მეტი, ამ შემთხვევაშიც ეს არაფრის მთქმელი არ იქნება, ვინაიდან მასში ამ შემთხვევაშიც არ ექნება მიღებული ამომრჩევლების 2/3-ს. თუ ეს მსჯელობა მეტ-ნაკლებად ლოგიკურია, სავარაუდოდ როგორი უნდა იყოს არჩევნების მონაცემები?

- თქვენი გამოთვლა ლოგიკურია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერაფრით იქნება საყოველთაო არჩევნების მასშტაბის მქონე. მაგრამ ამ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნების მომცველობის ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს.

მიშელის დოკუმენტი მხარეების შეთანხმების შედეგად შეიქმნა და თუ მისი პირობები მიუღებელი იყო რომელიმე მხარისათვის, ხელი არ უნდა მოეწერა. დავუშვათ, რომ "ოცნება" გვიან მიხვდა თავის შეცდომას და ხელშეკრულებიდან გამოვიდა. მან თავის ქმედებას ანულირება უწოდა, მაგრამ მისმა ოპონენტებსაც რჩებათ სამართლებრივი სივრცე, რომ ამგვარი ქმედება - ხელშეკრულების დარღვევად შეაფასონ. ასეთ შემთხვევაში, ფასი ედება ხოლმე - შუამავლების პოზიციას.

მიშელის დოკუმენტი მხარეების შეთანხმების შედეგად შეიქმნა, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებსაც რჩებათ სამართლებრივი სივრცე, რომ ამგვარი ქმედება - ხელშეკრულების დარღვევად შეაფასონ. ასეთ შემთხვევაში, ფასი ედება ხოლმე - შუამავლების პოზიციას

- საარჩევნო კამპანიების ფარგლებში ხშირად გვესმის ოპოზიციის განცხადებები, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მხარდამჭერებს ავიწროებს, ან სამსახურებიდან ათავისუფლებს. ამ ტიპის განცხადებებს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრები აკეთებენ.

ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ადგილებზე მმართველი გუნდის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მოსყიდვებსა და დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის პარალელურად თვალს ვადევნებთ არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების აქტივობებსა და საარჩევნო კამპანიებს.

როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ „ქართული ოცნების“, ხოლო მეორე მხრივ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიებს?

- საქართველოს ელექტორატისთვის, რამდენად უკმაყოფილოც არ უნდა იყოს, მიმდინარე საარჩევნო კამპანია, - უჩვეულო არაფერია. რაც არის ესაა ჩვენი საარჩევნო კულტურის მონაცემი. ახლა ამ ყველაფერს დაემატა კომპრომატების ომი. რა ვიცი ვის შეიძლება ეს ყველაფერი მოსწონდეს, მაგრამ ეს რეალობაა.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მესამე ძალის პრეტენზიის მქონე აქტორები მეტისმეტად სუსტები არიან... საზოგადოებამ და მოსახლეობამ მშვიდობიანი არჩევანი უნდა გააკეთოს და არ აჰყვეს პოლიტიკური ელიტის დაპირისპირებებს

რაც მთავარია, ამ პროცესს ვერც ზნეობრივი ნორმების დაცვისაკენ მოწოდებები უშველის. ახლა ელექტორატისთვის ისაა მთავარი, რომ არჩევნებმა და მის შემდგომმა პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიაროს. პოლიტიკურ ბანაკებს შორის სიძულვილმა სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - საზოგადოებაშიც გადაინაცვლა.

არ მინდა რაიმე სერიოზული დაპირისპირების შემცველი პროგნოზი გავაკეთო. საზოგადოებამ და მოსახლეობამ მშვიდობიანი არჩევანი უნდა გააკეთოს და არ აჰყვეს პოლიტიკური ელიტის დაპირისპირებებს.

- მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაანონსა საქართველოში ჩამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს პოლიტიკურ მოედანზე ოპოზიციურ პარტიები საკმაოდ ბევრია, ქართულ პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილის გამოჩენას რომ მნიშვნელოვნად შეუძლია პოლიტიკურ პროცესში კორექტივების შეტანა, ყველა თანხმდება.

თუ სააკაშვილი არჩევნებამდე მართლაც ჩამოვიდა, 2 ოქტომბრის არჩევნები ისევ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის იქნება?

- ცხადია. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მესამე ძალის პრეტენზიის მქონე აქტორები მეტისმეტად სუსტები არიან. რაც მთავარია, არც მათ და არც ძირითად ოპონენტებს - ამ ორომტრიალში, არ წამოუყენებიათ ქვეყნის ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური პოლარიზაციის დაძლევის, ტოტალური უმუშევრობის ლიკვიდაციის მეტ-ნაკლებად რეალური სტრატეგია.

შესაძლოა მათ მიაჩნიათ რომ ამგვარი გეგმების შემუშავება-პროპაგანდა თვითმმართველობების არჩევნებისათვის აქტუალური არაა.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის დაბრუნებას საქართველოში, ეს მოსალოდნელობა შეიცავს როგორც ფანტასტიკის, ისე დეტექტივის ელემენტებს და როგორ დაწერს რეალობა ამ სცენარს, ვის შეუძლია განჭვრიტოს.

კიდევ ვიმეორებ, მთავარია მოვლენების მშვიდობიანი განვითარება. არც ერთი მხარის გამარჯვება არ ღირს სამოქალაქო მშვიდობის დარღვევად.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით