ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021

ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი დასრულებულია! – თურქულმა კომპანიამ ნამოხვანჰესზე უარი თქვა

რას უნდა ველოდოთ, თუ წლის ბოლომდე ვაქცინაცია 60%-ს ვერ მიაღწევს

ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

* * *

ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი დასრულებულია! – თურქულმა კომპანიამ ნამოხვანჰესზე უარი თქვა

"საქართველოში ნამოხვანჰესი აღარ აშენდება. მოულოდნელად, კომპანია “ენკამ” საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. შპს ENKA RENEWABLES-მა, რომელიც ჩვენი კომპანიის 90%-იანი შვილობილი კომპანიაა, შეატყობინა საქართველოს, რომ შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება ნამოხვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამჟღავნებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება “მატერიალური მოვლენების კომუნიკეთი” გათვალისწინებულ პრინციპებს და ჩვენ პირადად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ინფორმაციის გამჟღავნებაში”, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი დასრულებულია! – თურქულმა კომპანიამ ნამოხვანჰესზე უარი თქვა / საბოლოო ჯამში, ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ - საქართველოსა და რიონის ხეობის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

“ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. “მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამოხვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება... მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის”, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ამ ქმედებით, საქართველო ახალი გამოწვევისა და საფრთხის წინაშე დადგა. ხელშეკრულების გაწყვეტით სახელმწიფოს შესაძლოა, სანქცია დაეკისროს, რომელიც უზარმაზარ თანხასთან არის დაკავშირებული. საუბარია 400 მლნ დოლარზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ლიდერი მარიტა მუსელიანი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მიზანი არ ყოფილა, სახელმწიფოს სანქციები დაკისრებოდა, არამედ მათ მშენებლობის შეჩერება სურდათ. “ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ კომპანია გასულიყო ხეობიდან და სამუშაო პროცესები შეეწყვიტა, მაგრამ ამ ამბავში სამწუხარო ის არის, რომ ხელშეკრულების ის პუნქტი გააქტიურდა, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციას ეხება. ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ხელშეკრულება ყველა პუნქტში არის კაბალური და არ შეიძლება, ყველაფერში სახელმწიფო თავს იზარალებდეს. ასე ვთქვათ, კომპანია “ენკამ” ხელშეკრულება გამოიყენა იმისთვის, რომ სახელმწიფოს სანქციები დაეკისროს. ჩვენ ამის მომხრე საერთოდ არ ვყოფილვართ. უბრალოდ, გვინდოდა, რომ ხელშეკრულება უკანონოდ ჩათვლილიყო და სახელმწიფოს ამ მხრივ ნაბიჯები გადაედგა. მაინც კარგია, რომ შეწყდება სამუშაო პროცესი, ბუნება არ განადგურდება და ეს ხელშეკრულება ძალაში არ შევა, მაგრამ კარგი იქნებოდა, უკეთესი გამოსავალი მოძებნილიყო”, - ამბობს მუსელიანი, რომლის თქმით, “ახლა გამჟღავნდა ამ ხელშეკრულების კაბალურობა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სავარაუდოდ, ეს საქმე არბიტრაჟში წავა, იჩივლებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორსმაჟორისგან დაცვა. არ უნდა შევიდეს ძალაში ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც საერთო ინტერესს დააზარალებს. დიდი ალბათობით, ჩვენ დაგვაბრალებენ, რომ რაღაც თანხა არის გადასახდელი. გასაგებია, არ არის სასიამოვნო, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი ზარალი იქნებოდა სხვა შემთხვევაში. ხელისუფლებას შეიძლებოდა, ამ კუთხით თავი დაეცვა და თავი არათანაბარ პირობებში არ ჩაეყენებინა. ეს იყო ყველას ინტერესი”, - განაცხადა მარიტა მუსელიანმა. ბიზნესის სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი იმ იურიდიულ მომენტებზე საუბრობს, რომელიც შეიძლება ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დაიწყოს. გარდა იმისა, რომ შეიძლება, სახელმწიფოს სანქცია დაეკისროს, ასევე მოსალოდნელია,”ენკამ” ის ხარჯები მოითხოვოს, რომელიც კომპანიამ უკვე გასწია”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ამბავი სამწუხაროა არა იმიტომ, რომ ჰესი არ აშენდება, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს სახელმწიფო დამატებით რეპუტაციულ საინვესტიციო ზიანსა და ზარალს მიიღებს. ერთია ის, რომ ხელშეკრულებაში აუცილებლად გათვალისწინებულია შეწყვეტის შემთხვევაში ჯარიმები და სანქციები, მაგრამ მეორეა უშუალოდ დანახარჯების მოთხოვნა, რაც პირობითად კომპანია “ენკამ” უკვე გაიარა. ეს არის თანამშრომლების ჩამოყვანა, მოედნის მომზადება, შესაბამისი დასკვნების გაკეთება, გარემოს ზედამხედველობის აუდიტირება და ა.შ. ანუ, ის ხარჯები, რომლებიც აქამდე გაწეულია, მათ შორის, სამშენებლო ხარჯები და შეიძლება, კომპანიამ ეს ხარჯებიც მოითხოვოს. მთავარია, “ენკამ” მიზეზად რა დაასახელა, ანუ სახელმწიფომ, რომელმაც კომპანიას მისცა ხელშეკრულება, რა ვერ უზრუნველყო და რა ვერ გააკეთა საიმისოდ. იქნებ “ენკასაც” ჰქონდა რაიმე გასაკეთებელი ისეთი რამ, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად სინქრონში უნდა ყოფილიყო და მარტო საქართველოს ვალდებულება არ იყო, მაგალითად, მიტინგებსა და გაფიცვებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და მოგვარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ჩარგეიშვილი.

“პირველ რიგში, იუსტიციის სამინიტროსგან უნდა დაველოდოთ შესაბამის დასკვნას და ამის შემდეგ თანმიმდევრულად გავყვეთ მოვლენებს, თითოეულ საკითხს უზარმაზარი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და ისე დავიწყოთ ყველაფრის გადაწყვეტა. საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იყოს რაიმე განსხვავებული, მოდელირებული პირობები შევთავაზოთ, რომ სახელმწიფომ, თავის მხრივ, აიცილოს ის ზარალი, რომელიც ემუქრება და “ენკამ” მიიღოს გარკვეული პირობები, რომლებითაც თავის ეკონომიკურ ინტერესსა და საინვესტიციო პოტენციალს დაიკმაყოფილებს”, - ამბობს ჩარგეიშვილი. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰესების მშენებლობა და არსებობა აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ნამოხვანჰესი არ აშენდება და ქვეყანას სანქცია ემუქრება, ეს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს, რომელიც ბოლო დროს ისედაც “მორყეულია”, ამის შესახებ უკვე არაერთი სპეციალისტი ალაპარაკდა. ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას აზრით, მიღებული გადაწყვეტილება საკამოდ ცუდი ფაქტია და საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს”, - წერს სტატიის ავტორი.

“უპირველესად ყოვლისა, თავად ფაქტი, რომ ობიექტი შეჩერდა და დავკარგეთ, არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კეთილდღეობისთვის და ა.შ. რაც შეეხება იმას, რომ ხელშეკრულება იყო კაბალური და ტექნიკური გადაწყვეტილება არ იყო მაინცდამაინც სრულყოფილი. ამაში ხალხს ვეთანხმები. არსებობდა უკეთესი პირობები, რომ მდინარის ამ მონაკვეთში განხორციელებულიყო უფრო სრულყოფილი ობიექტი, როგორიც პირვანდელი სახით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დამტკიცებული პროექტის მიხედვით. ხელისუფლებამ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს, არ უნდა ჩაფლავდეს. ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და სათანადოდ რეაგირებული. იმედი მაქვს, რომ მოხდება პროექტის კორექტირება და იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც მოერგება როგორც ჩვენს მომავალსა და ეკონომიკას, ისე იმ ხალხის ინტერესებს, ვინც ხეობაში ცხოვრობს. მათ ხეობის დამცველები ტყუილად კი არ დავარქვით, ისინი ნამდვილად არიან დამცველები და უნდათ უკეთესი მომავალი, ამიტომ მათ წინააღმდეგობაში არაფერი გასაკვირი არ იყო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ ჭითანავა.

“ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ “ენკასთან” მოლაპარაკების შემდეგ კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მას უნდა ემოქმედა იქამდე, სანამ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დეტალური შესწავლა არ მოხდებოდა. მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ, დაიწყო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვით მედიაციის პროცესი, თუმცა აღნიშნული მედიაცია ჰიდროელექტროსადგურის მოწინააღმდეგე მხარემ დატოვა. 2021 წლის ივნისში პროექტთან დაკავშირებით არსებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკული განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ნამოხვანის პრობლემა, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა და ამაზე მე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც დაგვხვდა ეს პროექტი - 100 წელი და ასე შემდეგ... მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით ჩვენ არ გავაგრძელებთ ამ პროექტს”, - აღნიშნა პრემიერმა და ამ განცხადებიდან 3 თვეში პროექტი კიდეც შეწყდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რას უნდა ველოდოთ, თუ წლის ბოლომდე ვაქცინაცია 60%-ს ვერ მიაღწევს

“ვაქცინაციის ტემპის კლება გამოიწვევს ეპიდემიის მე-5 ტალღის მძიმედ წარმართვას - ამის შესახებ “რეზონანსთან” ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოების ვაქცინაციის სარგებლიანობაში დასარწმუნებლად ჯანდაცვისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა აქტიური მუშაობაა აუცილებელი. “ბევრი სხვადასხვა ქვეყნების მაგალითი გვაქვს იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ ამცირებს ვაქცინაცია სიკვდილიანობასა და დაავადების მძიმე მიმდინარეობას, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაეცა ვაქცინაციის მაჩვენებელი, რაც სამწუხარო რეალობაა. სასურველია წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% მაინც იყოს სრულად ვაქცინირებული. თუ ამ მაჩვენებლის მიღებას ვერ შევძლებთ, ეს გამოიწვევს მე-5 ტალღის მძიმედ წარმართვას. ვაქცინაცია სწორედ იმიტომ იყო საჭირო, რომ მე-5 ტალღა აგვეცილებინა თავიდან. აუცილებლად უნდა გააქტიურდნენ ჯანდაცვის ექსპერტები, ინფექციონისტები და მთავრობის წარმომადგენლები, რათა მოსახლეობამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ თუ რა სარგებელი აქვს ვაქცინაციის პროცესს”, - განაცხადა გოგინავამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას უნდა ველოდოთ, თუ წლის ბოლომდე ვაქცინაცია 60%-ს ვერ მიაღწევს - ინტერვიუ ინფექციონისტთან.

“ვაქცინაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც, მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის დაწევის მოლოდინი არსებობდა, რის გამოც, ამ მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. “მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა, გვქონდა. ამასთან მიმართებაში გვაქვს კომუნიკაცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებმაც უნდა აწარმოონ არამხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ახსნა-განმარტება და საინფორმაციო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის ტემპს. გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, რომლებსაც გაცემული აქვთ დავალებები და მითითებები, თუ როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, - ამბობს ტიკარაძე, რომლის თქმით, "სამინისტროს ასევე აქვს ზუსტი ხედვა თუ რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა, რითიც ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები", - აღნიშნავს გამოცემა.

“ასევე, 60 წელზე ზევით მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის დროს გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. დღესდღეობით 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელია 21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა არის სწორედ ამ ჯგუფზე მოთხოვნილი”, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ის საკონსულტაციო რესურსი, რომელიც გაგვაჩნია. ყველამ ვიცით, რომ ვაქცინაციის კამპანიას არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა ყველა გადადგმული ნაბიჯისას ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და სწორედ მათი ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა ეს კამპანია”, - განმარტა მინისტრმა”, - დასძენს გამოცემა.

ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე

“ეს არ იყო დებატები, ეს იყო დებატების პაროდია, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატი მიმართულია ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის 16 კანდიდატის დებატებს და აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება არაფრის მომცემია. “ფორმატი ისეთია, ადამიანები ვერაფრის თქმას ვერ ასწრებენ. გარდა ამისა, ჩვენნაირ პოლარიზებულ ქვეყანაში ყველას აქვს პრობლემა სამთავრობო კანდიდატთან და რჩება შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი კანდიდატები არიან ერთის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში - კახა კალაძის”, ამბობს ძაბირაძე, რომლის განმარტებით, “ორი წუთის განმავლობაში სერიოზულად ვერც საკუთარი პროგრამის წარმოჩენას მოასწრებ და ვერც არგუმენტირებულად ვინმეს გაკრიტიკებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ეს იყო დებატების პაროდია და არავითარი გავლენა არ ექნება ამომრჩეველზე - ვახტანგ ძაბირაძე.

“ეს იყო მხოლოდ დებატების პაროდია ვიდრე რეალურად დებატები, დებატები მხოლოდ ორ კანდიდატს შორის შეიძლება მიმდინარეობდეს. ეს არ იყო არაფრის მომცემი არც საზოგადოებისთვის და არც თავად კანდიდატებისთვის. “იუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი ერთის წინააღმდეგაა მიმართული, რეალურად ეს პროცესი მაინც სახელისუფლო კანდიდატის სასარგებლოდ მიმდინარეობს, გამომდინარე იქედან, რომ იმდენად გაბნეულია ეს პროცესები, რეალურად ვერანაირი მინუსების წარმოჩენა ვერ ხერხდება ამომრჩევლის წინაშე. დებატების წარმართვას არსი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გავლენას ახდენს ამომრჩევლის ორიენტაციაზე და სერიოზულად შეგიძლია წარმოადგინო პროგრამა და წარმართო არგუმენტირებული დიალოგი”, - განაცხადა ანალიტიკოსმა. მან ისაუბრა ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების შესახებაც და განაცხადა, რომ ეს მისი ჩვეულებრივი სტილია და ამაში ახალი არაფერი იყო”, - აღნიშნავს გამოცემა,

“მოვიდა მელია, თქვა სიტყვა და დატოვა დებატები, იგნორირება გაუკეთა ყველაფერს. ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა გარდამტეხი მოვლენა მელიას მხარდამჭერებისთვის, აღნიშნული ქმედება ჯდება თავის სტრატეგიულ ქმედებაში. როგორც მან თქვა, მოვიდა, რათა კალაძეს პირისპირ უთხრას, რას ფიქრობს მასზე და ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ გაუგებარია, რა მნიშვნელობა აქვს, სათქმელს პირისპირ ეტყვის თუ ტელევიზიების მეშვეობით”, - განაცხადა ძაბირაძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ნიკა მელიამ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა. თქვა, რომ პატივს სცემს ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ მოძალადე, კორუმპირებულ ადამიანთან ერთად ყოფნას არ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“აქ მოვედი, რადგან “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით”, -განაცხადა მელიამ. მისივე თქმით აღნიშნული დებატები არაფრის მომცემია და მასში მონაწილეობა არის უშედეგო. აღნიშნულ ქმედებას “ქართული ოცნების” კანდიდატის რეპლიკა მოჰყვა - “ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი”, - მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას...”- დასძენს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით