პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სტუ-ის სტუდენტების საკანონმდებლო წინადადება განიხილა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტების, თამარ ბოლოთაურისა და თინათინ ქოქრაშვილის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პირველივე სხდომაზე განიხილა და მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საკითხი ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო არასრულწლოვანი მგზავრების დასჯის გაუქმებას. კონტროლიორებს აღარ ექნებათ უფლება, დაატოვებინონ ტრანსპორტი 16 წლამდე უბილეთო პირებს.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ავტორებმა სტუ-ის პროფესორ კახა ძაგანიასთან ერთად მოამზადეს. ავტორების თქმით, „ ყველაფერი დაიწყო კახა ძაგანიას სემინარებზე. ნაპერწკალი, რომ დაგვეწყო საქართველოში არსებული ერთ-ერთი პრობლემის განხილვა და საკანონმდებლო წინადადების სახით ჩამოყალიბება, მან გაგვიჩინა“.

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა. საქმე ეხებათ იმ არასრულწლოვანებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არ არიან. როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორები ამბობენ: „ასეთ ბავშვებს ეგრეთ წოდებული კონტროლიორები ხშირ შემთხვევაში, ტრანსპორტიდან უშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბილეთი არ აქვთ. ისე, რომ არც ფიქრობენ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე. საქართველო აღიარებს ბავშვთა უფლებების კონვენციას და სწორედ ამიტომ, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით, იმ 16 წლამდე პირების, რომლებიც მძიმე სოციალური პირობების გამო სკოლაში ვერ დადიან.“

პარლამენტის კომიტეტში აღნიშნულმა საკანონმდებლო წინადადებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. კომიტეტის თავმჯდომარე სტუდენტებს დაჰპირდა, რომ ეს წინადადება პლენარულ სხდომაზეც გავა.

„ჩვენი სტუდენტების ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. დეპუტატებს იმდენად მოეწონათ აღნიშნული ნამუშევარი, რომ გადაწყვიტეს ჩვენი სტუდენტები კანონპროექტის ავტორებადაც დაასახელონ“, - განაცხადა პროფესორმა კახა ძაგანიამ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამაყობს თამარ ბოლოთაურისა და თინათინ ქოქრაშვილის წარმატებით. მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ეს ძალიან დიდი ნაბიჯია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა