გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის Deutsches Diagnosticum პრეზენტაცია გაიმართა

გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრის დახმარებით, ციფრული ჯანდაცვის სერვისების საშუალებით, პაციენტები შეძლებენ დისტანციური კონსულტაცია გაიარონ გერმანელ სპეციალისტებთან და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრება მოისმინონ.

ცენტრი, ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ, მაღალკვალიფიციურ, გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას სთავაზობს.

„შესაძლებელი იქნება, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის, მაღალი ხარისხის დასკვნების მიღება. გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით და პაციენტის პირადი ექიმის თანხლებით, შესაძლებელია გერმანელი ექიმების კონსილიუმთან შეხვედრა. ასევე, ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისების მიღება, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და იმ ბენეფიტებს გაუსვა ხაზი, რასაც აღნიშნული პროექტი საქართველოს მოსახლეობას მოუტანს.

„ეს არის ნამდვილად სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინას და ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხზე და ჩვენი პაციენტები შეძლებენ, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე მიიღონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა“ , - განაცხად ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „Deutsches Diagnosticum“ მუშაობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან დადებითად აისახება სამედიცინო სერვისების მიღების მსურველებზე, რადგან პაციენტები შეძლებენ თავი აარიდონ კოვიდ რეგულაციებს. აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება, ასევე ზოგავს პაციენტთა მგზავრობის, ცხოვრების, კვების, გადაადგილებისა და სხვა შესაძლო ხარჯებს, დროსა და ფინანსებს. ცენტრი, ქართველი და გერმანელი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჯერ თბილისში გაიხსნება, ეტაპობრივად კი მისი სერვისების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.

„Deutsches Diagnosticum“-ს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი გრიგოლია, გერმანელ კოლეგებთან, წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორებთან ერთად უხელმძღვანელებს.

„ეს არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით დახმარება და ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად შესთავაზოს გერმანული დიაგნოსტიკა, რომლის გამოც უწევდათ უცხოეთში გამგზავრება. ჩვენი სურვილია, მთლიანად ეს ჩვენი გერმანული გამოცდილება შევთავაზოთ ქართველ კოლეგებს და ეს იქნება მათთან ერთად ჩართულობით და რა თქმა უნდა, გერმანელ კოლეგებთან ერთად “, -განმარტა გრიგოლიამ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაციის ფარგლებში გერმანელმა ექიმებმა კონფერენციაც გამართეს, რომლის მთავარი თემა, თანამედროვე მედიცინაში, სწორედ ტელემედიცინა და ტელერადიოლოგია, ასევე გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მომავალი იყო.

სამედიცინო დახმარების ცენტრი “Deutsches Diagnosticum" ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა