ლევან დოლიძე - საკრებულოებში სისტემური პარტნიორობის და ალიანსის ჩამოყალიბებას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ ვაპირებთ

საკრებულოებში სისტემური პარტნიორობის და ალიანსის ჩამოყალიბებას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

დოლიძის განმარტებით, პარტიის პოლიტიკური პოზიციაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნა გამორიცხულია.

„მთავარი ფუნდამენტი, რასაც ცალკეულ შემთხვევებში ჩვენი გადაწყვეტილებები დაეფუძნება, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იქნება. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგად შექმნილ საკრებულოებში არ ვაპირებთ, რაიმე ალიანსი შევქმნათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათთან ვითანამშრომლოთ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საკრებულოებში არ ვგეგმავთ პარტნიორულ ურთიერთობებს და ალიანსის შექმნას „ქართულ ოცნებასთან“. კონკრეტულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისას ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება ერთი მხრივ, სახელმწიფოს და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები“,-განაცხადა დოლიძემ.

ის მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არასამართლიანი. ლევან დოლიძის განმარტებით, პარტიას თბილისის მასშტაბით 200-ზე მეტი საჩივარი აქვს დაწერილი.

მან ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაცმოძრაობაში“ კი შფოთავენ.

დოლიძის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენია“.

„ის, რაც ჩვენ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიხილეთ, ნათელია, რომ ეს ორივე მხრიდან წინასაარჩევნოდ მოწყობილი პოლიტიკური მასკარადი იყო. ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გადაწყვეტდა, ეს უზრუნველყოფილი და შეთანხმებული იქნებოდა „ქართულ ოცნებასთან“. ერთი რამ ცხადია, ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების ნებაზე კიდევ ერთი ინსტრუმენტით ზეგავლენა რომ მოეხდინათ. შემთხვევითი არ იყო, რომ ეს 1-ელ ოქტომბერს მოხდა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ორპოლუსიანობა მთელ ქვეყანაში, კიდევ უფრო გააძლიერა პოლარიზაცია“, - განაცხადა დოლიძემ.

მისი შეფასებით, ორივე მხრიდან იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწეულიყო.

ამასთან, ლევან დოლიძის განმარტებით, პარტიის ლიდერი გიორგი გახარია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩრდილში არ გადასულა.

გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური გუნდი არათუ ჩრდილში არ გადავიდა, არამედ მას, ისევე, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს ექნება ისეთივე აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, როგორიც იყო მანამდე. რაც შეეხება შედეგებს, ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია იმ პარტიისთვის, რომელიც არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვის წინ დაარსდა“, - განაცხადა დოლიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს