ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2021

“ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გეგმავს - მოსალოდნელია თუ არა კონტრაქცია

“ნამდვილად მალე გამოუშვებენ” - “ოცნების” ხალხი სააკაშვილის ექსტრადირებას გამორიცხავს, თუმცა ბევრს ამაში ეჭვი ეპარება

პური არჩევნების დასრულებისთანავე გაძვირდა - ვითარება ყველა მიმართულებით დრამატულია

* * *

“ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გეგმავს - მოსალოდნელია თუ არა კონტრაქცია

“ნაციონალური მოძრაობა” უახლოეს პერიოდში თბილისში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, სადაც პარტიის თქმით ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ აქციის მონაწილეები რევოლუციური სცენარის განხორციელებას დაიწყებენ, არაა გამორიცხული, რომ საზოგადოების მეორე ნაწილმა რომელსაც “ნაცმოძრაობისა” და მათი მომხრეების გამოხტომები არ მოსწონს, “დაგროვებული მუხტი კონტრაქციებში გადათარგმნოს”. ის ამბობს, რომ თუ “ნაცმოძრაობის” აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება, “ამაზე არც ადრე ყოფილა საზოგადოების ნაწილის მხრიდან აქციები და სავარაუდოდ არც ახლა იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნაცმოძრაობა” სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციას გეგმავს - მოსალოდნელია თუ არა კონტრაქცია.

“ვფიქრობ, რომ პარალელური აქციის გამართვა დამოკიდებული იქნება მათი აქციის მასშტაბებზე და იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან და რას გააკეთებენ. თუ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ და რევოლუციური სცენარის განხორციელებას დაიწყებენ, სახელმწიფო შენობების დაკავების მცდელობა იქნება, ანუ თუ ის სცენარი განმეორდება, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს ვიხილეთ, არ გამოვრიცხავ, საზოგადოების ერთ ნაწილს არც დასჭირდეს მოწოდება და გარეთ ისე გამოვიდეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ მოუწოდოს საზოგადოებას. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამის ალბათობა არის და სოცქსელებში საზოგადოების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, რომ ასეთი მუხტი დაგროვდა. საზოგადოების მეორე ნაწილში “ნაციონალური მოძრაობის” და მათი მომხრეების გამოხტომები გაღიზიანებას იწვევს და როცა ასეთი განწყობები აკუმულირდება, არაა გამორიცხული, რომ შემდეგ კონტრაქციებში გადაითარგმნოს, რაც ჩემი აზრით არასასურველი სცენარი იქნება, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი შედეგებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება რომ გააკეთა, მგონი არ ყოფილა შემთხვევით წამოსროლილი სიტყვები, ამით პოლიტიკურ ოპონენტებს ერთგვარი გაფრთხილება გაუგზავნა, დღეს სიტუაცია ასეთია, რომ თუკი დღეს საზოგადოება მათ შორის მმართველი გუნდის მხარდამჭერები “ქართულ ოცნებას” რამეში ადანაშაულებენ და რის გამოც ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, არის სწორედ ის, რომ მან ბოლომდე სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო, არ დასაჯა ყველა ის პირი, ვინც კონკრეტული მოქალაქეების წინააღმდეგ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. იცით, პროკურატურაში რამდენი საჩივარია? - 52 ათასზე მეტი. აქედან გამომდინარე, მათ ნახეს, რომ ამ ადამიანებმა სასჯელი აირიდეს, ზოგიერთი მათგანი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაშიც თანამდებობაზეც მოხვდა და ხალხის ეს წყენა დარჩა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუმცა ეს მედლის ერთი მხარეა, მაგრამ მეორე მხარეა ამ ხალხის მუდმივი შიში, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში არ მობრუნდეს, ეს შინაგანი განწყობა, პოროტესტი თუ შიში ჩემი დაკვირვებით ალბათ ხალხის გარკვეულ რაოდენობას ქუჩაში გამოიყვანს. იმ შემთხვევაში თუკი მათ დაინახეს, რომ “ნაცმოძრაობის” ეს აქციები უკვე სახიფათო ხასიათს იღებს, თორემ თუ შეიკრიბებიან და ისევ დაიშლებიან, როგორც ადრე, ამაზე არც ადრე ყოფილა საზოგადოების ნაწილის მხრიდან აქციები და სავარაუდოდ არც ახლა იქნება განსაკუთრებული ექსცესები, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ “ნაციონალური მოძრაობა” თავის საპროტესტო გამოსვლებში რამდენად შორს წავა”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა მას აეროპორტში “ასიათასობით გაბრაზებული და გამწარებული ადამიანი დახვდებოდა”. “5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეუძლია ჩვენს გუნდს. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასიათასობით ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ, რომ არეულობა და დაბნეულობა შემოიტანონ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თქმით, “სახელმწიფო გასცემს პასუხს და სააკაშვილი როგორც კი ჩვენ ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება შებრძანებული ციხეში”, - დასძენს გამოცემა.

“ნამდვილად მალე გამოუშვებენ” - “ოცნების” ხალხი სააკაშვილის ექსტრადირებას გამორიცხავს, თუმცა ბევრს ამაში ეჭვი ეპარება

“მოხდება თუ არა უახლოვეს მომავალში სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება და რას აპირებენ ამ მიმრთულებით უკრაინა და საქართველო? უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკსიმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ყოველთვის აბრუნებს, შესაბამისად ეს სააკაშვილსაც შეეხება. თუმცა ამ ეტაპზე არ უსაუბრია როგორ, როდის და რა ფორმით მოხდება მისი ქვეყანაში დაბრუნება. არის ეს მხოლოდ დიპლომატიური განცხადება თუ უკრაინა სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნას რეალურად აპირებს? როგორც იურისტები ამბობენ, სააკაშვილს ყველა საქმეზე ბრალი წაყენებული არა აქვს, ამიტომაც უკრაინაში მისი ექსტრადირება წმინდა სამართლებრივადაც გაჭირდება. სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში საქმე არ არის აღძრული და ესეც მისი ექსტრადირებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. ამას გარდა, ორივე ქვეყანა ამ თემაზე რომც შეთანხმდეს, მაშინ სააკაშვილის თანხმობაც საჭირო იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნამდვილად მალე გამოუშვებენ” - “ოცნების” ხალხი სააკაშვილის ექსტრადირებას გამორიცხავს, თუმცა ბევრს ამაში ეჭვი ეპარება.

“მსჯავრდებული პრეზიდენტის დაკავება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს - ეს განცხადება კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიევში გააკეთა. კახა კუჭავა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარიც კი ზედმეტია. “ბუნებრივია ამ საკითხსაც შევეხებით და ვისაუბრებთ, მაგრამ არანაირ ექსტრადიციაზე საუბარი არ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან. ამაზე შესაბამისი უწყებები ითანამშრომლებენ, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვსაუბრობთ მსჯავრდებულზე, რომელმაც, ძველი საქმეები რომ ამ მომენტში გვერდზე გადავდოთ, პირდაპირ დაარღვია კანონი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთაზე. ამიტომ ვერც იქნება პოლიტპატიმრობაზე ან რამე მსგავსზე საუბარი... ვერ გახდება ერთი ადამიანი ამ ორ ქვეყანას შორის განხეთქილების საგანი”, - განაცხადა კუჭავამ. მიხეილ სააკშვილის საქმეზე ისაუბრა საქართველოს ელჩმა უკრაინაში. გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის საქართველოში პატიმრობისა და მისი სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როდესაც გადავეცი წოდებათა სიგელების ასლები მინისტრის მოადგილეს, მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ მოხერხდა კონსულის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და ასევე საუბარი შეეხო ისევ მისი უფლებების დაცვას, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ, რომ ცხადია, ჩვენთან დაცულია როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ყველა ნორმა. მიხეილ სააკაშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინაში ბრალდებულის სტატუსი არა აქვს, შესაბამისად, არანაირი თხოვნა გადმოცემის შესახებ, ექსტრადიციის შესახებ, მისი როგორც დამნაშავის, უკრაინისთვის არ არსებობს და რამდენადაც მე მესმის, ვერც იქნება”, - განაცხადა ზაქარაშვილმა. “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია კი ფიქრობს, რომ რეალურად „ოცნება“ და სააკაშვილი შეთანხმდნენ და საბოლოოდ მისი უკრაინაში ექსტრადირება მოხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ღარიბაშვილის ეს წერილი არის ერთგვარი შემზადება იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გიჟი და გიჟს ხომ არ ჩავსვამთ ციხეში. ოღონდ ეს პირველი ნაბიჯებია, უცებ ხომ ვერ იტყვიან ამას. ჯერ დაიწყეს ფსიქოლოგიურად ხალხის შემზადება, რომ ცოდოა ასეთი ადამიანი ციხეში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს მივა ან ექსტრადაციამდე, ან დარეპორტეპამდე და ჩვენ კრება დაგვრჩება მხიარული არჩევნების შედეგად”, - თვლის იაგო ხვიჩია. პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის თემის განხილვა, - ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი, ლაშა დამენია კახა კუჭავას უკრაინაში ვიზიტს. ფიქრობს, რომ კუჭავას მოუწევს მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა თუ რატომ არის მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დაკავებული. “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გააცილოს ნებიერად უკრაინაში, - ამის შესახებ გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების წინა დღეს, ექსპრეზიდენტის დაბრუნებაზე ინფორმაცია, სავარაუდოდ, “ოცნებაშიც” ჰქონდათ”, - დასძენს გამოცემა.

“როგორც კახა ქემოკლიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტმა, იმ ამომრჩევლების ნაწილის მობილიზება მოახდინა, ვინც ეწინააღმდეგებოდა “ქართულ ოცნებას”, თუმცა ეშინოდა ექსპრეზიდენტის ფაქტორის. “შემთხვევითობების და მსგავსი დამთხვევების არ მჯერა. ეს იყო ფანტასტიურ დონეზე შესრულებული აქტიური ღონისძიება, ბატონი სააკაშვილის მონაწილეობით, რომელმაც, ფაქტობრივად, კოჭი გაუგორა მხოლოდ და მხოლოდ ორ პარტიას, - “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”. “ხელი ხელს ბანს” ფორმულა, რომლითაც ისინი ხშირად გადიოდნენ ფონს, არჩევნების წინა დღეს იდეალურად გათამაშდა. ამან შუალედური ელექტორალური სეგმენტი, ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან რაღაც დოზით ჩვენი პარტიისკენ მომხრობილები, შუა გაკრიფა და მათი პოლარიზაცია მოახდინა”, - თქვა ქემიკლიძემ, რომლის აზრით, “ამით ნამდვილად ისარგებლეს ენმ-მ და “ქართულმა ოცნებამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ენმ-მ იმიტომ, რომ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინა, მისი ფაქტორით ძალიან ბევრი შუაში მყოფი ელექტორალური სეგმენტი, ისევე როგორც ყოფილი მხარდამჭერები, დამობილიზდა. ასევე “ქართული ოცნების” ე.წ. შუალედური ელექტორატი, რომელიც “ოცნებას” ხმას აღარ აძლევდა, მაგრამ ეშინოდა მიშას ფაქტორის. მჯერა, რომ როგორც მინიმუმ, რამდენიმე ადამიანმა ეს იცოდა, იმ ადამიანებმა, რომლის სიტყვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის “ქართული ოცნების” ე.წ. ხელმძღვანელობას, იცოდნენ მისი შემოსვლის შესახებ და ამაში მონაწილეობას იღებდნენ. ნამდვილად მალე გაუშვებენ. როგორც კი არჩევნების მეორე ტური დასრულდება, იმ წამსვე გააქტიურდებიან ე.წ. საერთშორისო აქტორები, სხვათა შორის “ქართული ოცნების” დახმარებითაც, რომლებიც ამას აუცილებლად მოითხოვენ. “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გააცილოს ნებიერად უკრაინაში“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ, რომლის განმარტებით ამით დადასტურდება “კონსპირაციული სურნელით გაჯერებული” მისი თეზისი”, - დასძენს სტატიის ავტორი.

პური არჩევნების დასრულებისთანავე გაძვირდა - ვითარება ყველა მიმართულებით დრამატულია

“არჩევნები დასრულდა და პური მაშინვე გაძვირდა. მთავარი მოხმარების პროდუქციის ღირებულებამ უკვე 10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზი მსოფლიოში არსებული მარცვლეულის კრიზისია, ამიტომ პურზე ფასის შენარჩუნება გარდაუვალი აღმოჩნდა. უცნობია რას მოიმოქმედებს მთავრობა და მომავალში კიდევ გაიზრდება თუ არა ფასი. ყველაფრის მიზეზი გლობალურ ბაზარზე დაწყებული ტენდენციაა, სადაც ხორბლის ღირებულება მუდმივად მატულობს. შექმნილ სიტუაციაში, იმისთვის, რომ ქვეყნაში პურზე ფასი მეტად აღარ გაიზარდოს არსებობს რამდენიმე გამოსავალი: 1) სუბსიდირების კომპონენტის ისევ ამოქმედება; 2) ხორბალზე დაწესებული გადასახადების გაუქმება; 3) ფქვილზე კვოტირების მოხსნა, ანუ ქვეყანაში ფქვილის იმპორტის მასშტაბის გაზრდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პური არჩევნების დასრულებისთანავე გაძვირდა - ვითარება ყველა მიმართულებით დრამატულია / “20 ლარით გაძვირდა 1 ტომარა ფქვილი და მეწარმეებმა გაზრდილი ხარჯი საიდან უნდა დაფარონ?”

“არჩევნების წინ მთავრობაში აცხადებდნენ, რომ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ და საჭიროების შემთხვევაში ჩაერეოდნენ კიდეც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ პურის გაძვირება ვერ შეაჩერა. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ადასტურებს, რომ ფასმა მართლაც მოიმატა, ქვეყანაში ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. “ისედაც ვამბობდი, რომ პურის ფასი 10 თეთრით მოიმატებდა. წარმოებაში ძირითადი ნედლეული არის ფქვილი, რომლის ღირებულება საქართველოში 73 ლარს შეადგენს (1 ტომრის). როდესაც სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა, მაშინ საუბარი იყო 53 ლარზე. მთელი 20 ლარით არის გაძვირებული, თან სუბსიდირების პროგრამაც აღარ არსებობს. მეწარმეებმა ეს გაზრდილი თანხა საიდან უნდა გადაფარონ? პარალელურად გაძვირდა ენერგომატარებლები, მარილი, საფუარი და ა.შ. ყველაზე გამჭირვალე წარმოება არის პურის მრეწველობა, რადგან ვიცით რა რა ღირს”, - განაცხადა დოლიძემ და იმ გზებზე ისაუბრა, რა შემთხვევაშიც პურზე ფასის შენარჩუნება (და შესაძლოა, მცირედით კლებაც) მოხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქ არსებობს რამდენიმე გზა, ან უნდა იყოს სუბსიდირება, ან უნდა გავუშვათ საბაზრო პრიციპების იმედად. თავისუფალმა ფასმა მოიტანა ამ 10 თეთრის მომატება. სუბსიდირება კი კარგი ცხოვრებით გამოწვეული არ არის. გარდა ამისა, ყველა პური შეფუთვით არ უნდა იყიდებოდეს. პანდემიის გამო, პური იფუთება, რაც ღირებულებას აძვირებს. არადა, შეუფუთავი პური არავის უნდა, პადემიაა და ხალხი არ იყიდის. ახლა შესაძლებელია, რომ ლიბერალურად მოიქცე და შემოუშვა რუსული ფქვილი, რაც შეღავათს მოგვცემს, რადგან 10 ლარით იაფია, ვიდრე ჩვენთან წარმოებული. ფქვილის შემოსვლა კი გაზრდილია, მაგრამ მაინც კვოტირებულია. პურის ძველი ფასი რომ შევინარჩუნოთ, 1 ტომარა ფქვილი უნდა ღირდეს 53 ლარი. როდესაც სუბსიდირება დავასრულეთ, ფქვილის ღირებულება 62 ლარი იყო და მაშინ პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა. ახლა კი 73 ლარი გახდა და პურზე მორიგი 10-თეთრიანი ზრდაა. მთავრობის მხრიდან რაიმე ჩარევა რომ მოხდეს, ეს პურის ფასს შესაძლოა, შემცირებაშიც დაეხმაროს. თუ მეწარმეს ფქვილს 53 ლარად მისცემ, პური გაიაფდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მალხაზ დოლიძე.

“ამ ეტაპზე 1 ბუშელი ხორბალი ჩიკაგოს ბირჟაზე 7,56 დოლარია. მსოფლიოში დაწყებული გაძვირების პროცესი ჯერჯერობით შეუჩერებელია და შესაძლოა, უარყოფოთი ტენდენცია კიდევ გაგრძელდეს, რასაც განაპირობებს ის გარემოებაც, რომ რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 57 დოლარით გაზარდა. ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ 12-13 ოქტომბერს გახდება ცნობილი, რა ტენდენციები გამოკვეთება მსოფლიოში. რაც შეეხება სუბსიდიას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ “სიტუაციის მიხედვით, საჭიროებისამებრ სახელმწიფო ვითარებაში ჩაერევა”. ჯერჯერობით ყველა მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია”, - წერს სტატიის ავტორი.

“ყოველი თვის 11 რიცხვში ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინიტრო აქვეყნებს მონიტორინგს შედეგს მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე პროცესების შესახებ. ხორბლის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობა დაკლებულია მსოფლიო ბაზრების მიხედვით და ძირითადად, ეს უფრო რუსეთს ეხება (10 მილიონი ტონით). უკრაინაშიც კლებაა, ყაზახეთშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც. აქედან გამომდინარე, ფასმა მკვეთრი მატება, ჯერ კიდევ, ერთი თვის წინ დაიყო და სექტემბერთან შედარებით, როდესაც საქართველოში შემოსატანი ერთი ტონა ხორბლის ფასი დაახლოებით 240 დოლარის ფარგლებში იყო, დღეს, სამწუხაროდ, ფოთში ზღვით შემოსატანი ერთი ცოტა ხორბლის ფასი არის 310 დოლარი, ხოლო ხმელეთით, ლარსის მხრიდან 280-285 დოლარის ფარგლებში, რაც საკმაოდ მკვეთრი მატებაა. ფქვილის ფასმაც მოიმატა, დღეს 1 ტომარა პირველი ხარიხსის ადგილობრიცი წისქვილ კომბინანტების ფასი დაახლოებით, 70-72 ლარია. იმპორტირებული ფქვილის კი – 65-66 ლარის ფარგლებში”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან სილაგავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო