ცესკოს თავმჯდომარე საოლქო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართავს

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს გარკვეული უბნების გადათვლის ინიციატივით მიმართავს.

კერძოდ, როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, მისი რეკომენდაციაა, გადაითვალოს იმ საარჩევნო უბნების შედეგები, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება აქვთ, ასევე უბნები, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა ფიქსირდება და შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი 5-ით აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საერთო ჯამში 554 საარჩევნო უბნის შედეგი გადაითვალა.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

ახლა კი საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია არჩევნების დღიდან დღემდე განხორციელებული შედეგების გადათვლის პროცესის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობას და ნდობის განმტკიცებას არჩევნების შედეგების მიმართ. შესაბამისად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, რომელიც ამ პროცესში იყო და არის ჩართული. ამასთან, მინდა ინიციატივით გამოვიდე და რეკომენდაციით მივმართო საოლქო საარჩევნო კომისიებს.

წელს პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. საარჩევნო ადმინისტრაციამ უმოკლეს ვადებში - 4 ოქტომბერს, ჩართული მხარეების თანდასწრებით გადათვალა შესაბამისი საარჩევნო უბნების ბიულეტენები, ამ პროცესს იღებდა სპეციალური ვიდეო კამერები, ჩანაწერები კი უკვე ატვირთულია google drive-ზე.

საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას.

გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს.

სულ საერთო ჯამში გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა.

და ბოლოს, მიუხედავად ასეთი მასშტაბური რაოდენობის გადათვლებისა, მინდა საოლქო საარჩევნო კომისიების მივმართო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივითა და რეკომენდაციით.

როგორც ჩემს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციიდან იკვეთება, ქვეყნის მასშტაბით პირველად გადაითვალა უპრეცედენტო რაოდენობის საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგები. მაგრამ, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია და მათ შორის მე, როგორც მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორი მოწადინებული ვარ, რომ საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგების მიმართ არ დარჩეს არავითარი კითხვის ნიშანიც კი, პროცესი იყოს გამჭვირვალე და სანდო, ასევე, ვითვალისწინებ რა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით, საკუთარი ინიციატივით, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გადაითვალონ იმ საარჩევნო უბნების შედეგები სადაც:

წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;

ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;

დღეის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებს, 5-ით აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. ასეთი ოქმების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 8-ს.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ დამუშავდა ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით და საოლქო საარჩევნო კომისიებს მიეწოდებათ იმ საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ხსენებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადათვლილ იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ.

მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი დღე, გამოვიყენოთ ამ შესაძლებლობისთვის და საკუთარი ინიციატივით გადათვალოთ კენჭისყრის შედეგები, ისე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონით დადგენილ ვადაში შეძლოს არჩევნების შედეგების შეჯამება.

დეტალური ინფორმაცია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არსებული სტატისტიკის შესახებ განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ამ მონაცემებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა