ქართული პრესის მიმოხილვა 11.10.2021

სანდრო თვალჭრელიძე - “ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით”

მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” აქციებს იწყებს

არაჟნებში მიშა იჯდა... - რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

ზუგდიდის პრეცედენტი - რა შეიცვალა ხმების გადათვლით და რატომ გაზარდა ამან მეორე ტურის სიმწვავე

მამუკა არეშიძე - “ჩემი ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი გაიგო”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით”

“ნება მომეცით, უპირველესად ჩემი უდიდესი გულისტკივილი გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმს და მთელ საქართველოს. ამ ადგილს კარგად ვიცნობ, რადგან ერთხანს სწორედ ამ კორპუსის სიახლოვეს მომიწია ცხოვრებამ და გეტყვით, რომ თავდაპირველად ნათქვამი ვერსია, თითქოს ნგრევის მიზეზი კორპუსზე დაშენებული ორი სართული გახდა, უსაფუძვლოა. ვიცით, რომ სამართალდამცველები ამ ეტაპზე სხვა ვერსიას განიხილავენ და რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც ჰყავთ. მეც მიმაჩნია, რომ სწორედ კორპუსისთვის საძირკვლის გამოთხრამ და მზიდი, ე.წ. საყრდენი კედლის გამოცლამ გამოიწვია ამხელა ტრაგედია”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრაგედია მოხდა დაუდევრობის, სიხარბისა და სისტემური პრობლემების მიზეზით” / “დღეს რევოლუციისთვის საზოგადოების მობილიზება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხომ ვხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის ყოველდღიურად რუსთავის ციხესთან პროტესტის გამოსახატავად. ვფიქრობ, მიშას ჩამოსვლამ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ბევრი დააბნია”.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოხდა ადამიანების დაუდევრობის, არაპროფესიონალიზმის, სიხარბისა და ქვეყანაში არსებული სისტემური პრობლემების მიზეზით. აქ ჩანს სამოქალაქო უპასუხისმგებლობაც. ჩვენ რომ შინ რემონტს ვაკეთებთ, ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, გარდა ჩვენი სურვილისა. თანაც ვქირაობთ მუშებს და ინჟინრის გარეშე ვგეგმავთ ყველაფერს. ვისაც სურს, რემონტი საფუძვლიანად გააკეთოს, ის უკვეთს კომპანიას, სადაც ინჟინერიც არის, არქიტექტორიც და მუშებიც კვალიფიციური ჰყავთ. მოკლედ, მომხდარი არის სისტემური პრობლემების შედეგი და ამ პრობლემებს გადაწყვეტა სჭირდება. უბრალო ცვლილებაც კი, მით უფრო, როდესაც საქმე კედლებს ეხება, არ შეიძლება განხორციელდეს ნებართვის გარეშე. აქ ჩანს საკანონმდებლო პრობლემაც. მაგალითად, ამ ძველ კორპუსებში ვინ არის პასუხისმგებელი, მაგალითად, ფასადზე, კიბეზე, სახურავზე, ვინ ზედამხედველობს ამ ყველაფერს? მე, როგორც რიგით მობინადრეს, არ მაქვს უფლება, შევიდე და ვაკონტროლო, ჩემი მეზობელი თავის ბინაში რას აკეთებს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა ჰქონდეს ამის უფლება? ახალაშენებულ ბინებში, როგორც წესი, ამას ამხანაგობა უწევს ზედამხედველობას, მაგრამ ძველ სახლებში ასე არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი ჩამოსვლა და ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ძალიან მოულოდნელი იყო. თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში დავსვი შეკითხვა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ერთი რეჟისორი ჰყავს თუ მრავალი-მეთქი? 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართება. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, უპირველესად, ხელი შეუშალა მესამე ძალის გაძლიერებას და ასარგებლა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ისევ პოლარული დარჩა პოლიტიკური ველი. თუმცა გიორგი გახარიამ მაინც მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, რომ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ის გაცილებით მეტ ხმას მიიღებდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არა მგონია, სააკაშვილს თავგანწირვა შეეძლოს. ჩემი აზრით, მას ეგონა, რომ მეორე “ვარდების რევოლუციას” მოაწყობდა. არ გამოვრიცხავ, ამის შესაძლებლობაში ის მიზანმიმართულად დაერწმუნებინათ. არადა, დღეს რევოლუციისთვის საზოგადოების მობილიზება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხომ ვხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის ყოველდღიურად რუსთავის ციხესთან პროტესტის გამოსახატავად. ვფიქრობ, მიშას ჩამოსვლამ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ბევრი დააბნია. დღეს სააკაშვილს თაკო ჩარკვიანი ჰყავს მთავარ მხარდამჭერად, რომელმაც ხმების 1%-იც ვერ მიიღო, მაგრამ უკვე პოლიტიკური ფიგურობის პრეტენზია აქვს. აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცები ხდება საქართველოში. ადამიანი მოისურვებს გახდეს პოლიტიკოსი და ამისთვის საკმარისია, თვითონ განაცხადოს ამის თაობაზე, თქვენ, მასმედია, კი ხელს უწყობთ, როცა ამისთანა ვაიპოლიტიკოსების აზრით ინტერესდებით. დამერწმუნეთ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ისე ცხოვრობს, რომ არც მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს და არც ბიძინა ივანიშვილი”, - თვლის ექსპერტი.

“ადამიანებს გვსურს მშვიდად ცხოვრება და ამაში ხელს, უპირველესად, პოლიტიკოსები გვიშლიან. ნორმალურ ქვეყნებში ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც კი იცის, ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენში ყველამ ისიც კი იცის, ვინ არის თაკო ჩარკვიანი. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არის კარგად დადგმული სპექტაკლი. არ ვიცი, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, ანკესზე როგორ წამოაგეს. მოკლედ, ვფიქრობ, მისი პროვოცირება ვიღაცას ძალიან კარგად გამოუვიდა. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ასე უცნაურად ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. არ ვიცი, რას აპირებს - ამ 6 წელს სატუსაღოში გაატარებს თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ვეჭვობ, ის ციხიდან გამოუშვან, რადგან ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უმრავლესობა ამ პარტიაზე ხელს აიღებს. მათ არ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ვნახავთ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში, როდესაც კალაძე მელიას დიდი უპირატესობით დაამარცხებს. ჩემი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია მოახერხებდა იმხელა რესურსის მობილიზებას, რომ “ოცნების” უმრავლესობის დაშლას მოახერხებდა, არ გამართლდა. ამაში მას სააკაშვილმა შეუშალა ხელი, რითაც ისევ “ქართული ოცნება” გაძლიერდა”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად სცოდავენ და ისე ლაპარაკობენ, ხელისუფალს რომ არ შეეფერება. მარტო ღარიბაშვილის ის ნათქვამი რად ღირს, ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა ამტკიცოს, რომ არ არისო... და ამას ამბობს სახელმწიფოს პირველი პირი! აბსოლუტურად არ ფიქრობენ, რას ამბობენ... მიმაჩნია, რომ საქართველო უკეთესი პრემიერ-მინისტრის ღირსია. არაერთხელ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი სულ სხვაგვარი პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილის შედარებით აქტიური პოლიტიკოსობის დროს და სულ სხვაგვარია ახლა. მაშინ მისი პოლიტიკა უფრო გაწონასწორებული და სასარგებლო იყო. დღეს ღარიბაშვილის საუბრების მთელი შინაარსია ის, თუ როგორი საშინელებაა “ნაციონალური მოძრაობა”. რას აკეთებს გახარიასა და სააკაშვილის ლანძღვის მეტს? სააკაშვილს არ მივიჩნევ პოლიტიკურ პატიმრად, თუმცა, ამასთანავე, ყოვლად მიუღებელია მისთვის თუ გახარიასთვის ნარკომანის ძახილი”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“მისასალმებელია, რომ გახარიას პარტია ამ არჩევნებში გამოჩნდა, როგორც მესამე ძალა და საქართველოს მასშტაბით საკრებულოების უმრავლესობაში მოახერხა დეპუტატების გაყვანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მომაგრდებიან. გახარიას, ვფიქრობ, არა აქვს ფუფუნება, რომელიმე ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას. ჩემი აზრით, მას მოუწევს თემატური თანამშრომლობა და უფრო მეტად “ქართულ ოცნებასთან”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “გახარიას თქმით, მისი პარტია არ აპირებს, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიის კანდიდატებს, “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, გახარიას ეს პოზიცია აჩვენებს, რომ ის რეალურად არ არის მმართველი ძალის ოპოზიციაო...” - პასუხობს:

“ გახარიას ეს პოზიცია აბსოლუტურად სწორია. მითხარით, რა არის საქართველოში ოპოზიცია. გვყავს, მგონი, 70-ზე მეტი პარტია, მაგრამ როცა ოპოზიციას ვახსენებთ, ძირითადად, მაინც ვგულისხმობთ “ნაციონალურ მოძრაობას”. რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია, რატომ უნდა იყოს თაკო ჩარკვიანის გადასაწყვეტი, რას გააკეთებს გახარია? მას აქვს თავისი ცენტრისტული პოზიცია, არ აპირებს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებას. მისი ხმების გარეშე ბევრ საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება გაჭირდება, ამიტომაც მან უნდა მოახერხოს სწორად პოზიციონირება. თუ ის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს დაუჭერს მხარს, აღმოჩნდება ამ პარტიის ორბიტაზე და დაკარგავს თავის განსხვავებულობას”.

“სწორედ ეს დაემართა “ლელოს”. უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა, როდესაც ისეთივე ლექსიკით და იმავე პოზიციიდან დაუპირისპირდნენ “ქართულ ოცნებას”, როგორც ამას “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა. მიიღეს კიდეც ამის უაღრესად ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, მომეწონა “ლელოს” პოზიტიური წინასაარჩევნო პიარი, რასაც ვურჩევდი გიორგი გახარიასაც. ხალხი დაიღალა ნეგატივით. გახარიას ასევე ვურჩევ, დაიქირაოს პროფესიონალი პიარის სპეციალისტი, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიასა და ტაქტიკას დაუგეგმავს. ნუ ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. რაც შეეხება საპროტესტო აქციების დაანონსებას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩემი აზრით, აქციებით საქართველოში კარგა ხანს ვერაფერს მიაღწევენ _ უფრო იმის მჯერა, ხალხი გამოვიდეს მოთხოვნით, სააკაშვილი ციხიდან არ გამოუშვათო, რადგან იმდენი ადამიანი ჰყავს იმ რეჟიმს გამწარებული, ბევრს მართლაც ძალიან აშინებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა”, - დასძენს თვალჭრელიძე.

მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” აქციებს იწყებს

“ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტსაბჭოზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომაშტაბიანი აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამჯერად ისინი მარტო იქნებიან და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ აქციებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს აქციები ძირითადად მაინც დასავლელ პარტნიორებზეა გათვლილია და თავად “ენმ”-შიც აცნობიერებენ, რომ პროტესტი ვერ მიიღებს ისეთ მასშტაბებს, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულონ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ ანაღვლებს. ამიტომაც ნაკლები მოლოდინი არსებობს, რომ “ენმ”-ის ამომრჩევლის გარდა, მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა ამ აქციებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა პარტიას სხვა გზაც არ აქვს, რადგანაც მათი ლიდერი ციხეშია და იძლებული არიან რაღაც მოიმოქმედონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მარტო დარჩენილი “ნაცმოძრაობა” აქციებს იწყებს.

“რაც შეეხება თავად სააკაშვილის მომავალს, ანალიტიკოსთა ვარაუდით, ყველაზე უფრო რეალისტური სცენარი მისი უკრაინაში ექსტრადირებაა. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმალური საფუძველით მას დაახლოებით ერთ წელიწადში გაათავისუფლებს ციხიდან და შეეცდება სააკაშვილის ფაქტორი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პირველი მასშტაბური აქცია 14 ოქტომბერს დაინიშნა. აქციის მონაწილეები საღამოს 6 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკეთა. “უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის...” - განაცხადა მელიამ. ამის პარალელურად პარტია სრული დატვირთვით გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას და 30 ოქტომბერს დაგეგმილ მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. ამ პარტიებს შორისაა, “ევროპული საქართველო”, “გირჩი - მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, “ევროპული საქართველო” იზიარებს სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, მაგრამ რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” და ცხადია, აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იქნებიან, შესაბამისად “ევროპული საქართველო” აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. “გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ “ენმ”-ის აქციაზე მოუცლელობის გამო ვერ მივა. “ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. არ ვაპირებ მისვლას, რადგან ბევრი საქმე მაქვს, მათ შორის შიდა პარტიული საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრობას, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა” - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის თქმით, ვიდრე არ იქნება ნორმალური სასამართლო, მანამდე ყოველთვის იარსებებს ეჭვი, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამართული აქციები შედეგს ვერ გამოიღებს, რადგანაც ჯერ ერთი, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისი თავისუფლება არ ანაღვლებს და ვისაც ანაღვლებს, ისინიც ქუჩაში გამოსვლისგან დიდად თავს არ შეიწუხებენ. საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს იქნება მხოლოდ “ენმ”-ის პარტაქტივს შეტოვებული აქციები, რომელიც მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებს. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის ეფექტმა უკვე მაქსიმუმი გააკეთა და ალბათ ნაწილობრივ მეორე ტურებშიც იმუშავებს, თუმცა არჩევნების შემდეგ ის ისევე მიავიწყდება ყველას, როგორც ეს ახალაიას, მერაბიშვილის და სხვების შემთხვევაში მოხდა. თუკი “ენმ” ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურებიც წააგო, პარტიის შიგნით სერიოზული რყევა და დაპირისპირება დაიწყება. ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ “ენმ”-ის მიერ დაანონსებული აქციები მხოლოდ პარტაქტივის გამოყვანით შემოიფარგლება. შესაბამისად, მას ფართომასშტაბიანი აქციების სახე ვერ მიეცემა. მისი აზრით, პარტიას სხვა გზა არც აქვს, რადგანაც მათი ლიდერი ციხეში ზის და გარკვეული აქტივობაა სჭირო და არ აქვს მნიშვნელობა ამას რაიმე შედეგი მოჰყვება თუ არა”, - დასძენს გამოცემა.

“ალბათ თავად “ენმ”-შიც კარგად იციან, რომ ამ აქციებს არანაირი ეფექტი არ მოჰყვება. ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს სააკაშვილის ციხეში ყოფნა სულაც არ ანაღვლებს. ალბათ მისი პარტაქტივის რაღაცა ნაწილის გარდა, ეს საკითხი მოსახლეობას არც აინტერესებს. ხოლო იმ პარტაქტივშიც, ვინც არჩევნებზე ხმას აძლევს “ენმ”-ს, უმეტესობა აქციებზე არ დადის. სააკაშვილის ჩამოსვლამ პირველივე ტურში იმუშავა. “ნაციონალები” თავის მაქსიმუმს უკვე ჩავიდნენ, მეორე ტურებში რაღას იზამენ?.. მით უმეტეს, რომ დანარჩენი ოპოზიცია გვერდით აღარ უდგათ. ამიტომ მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლის ეფექტი არჩევნების მერე დაიკარგება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ასეთი მნიშვნელოვანი თავად “ნაციონალებშიც” აღარ იქნება. საქმე ისაა, რომ რასაც ვუყურებ, სააკაშვილის ამ უცნაური ვოიაჟით თავად პარტიაშიც დაბნეული არიან. სიმართლე გითხრათ, მეც ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა. ფაქტობრივად პოლიციას ჩაბარდა. კი, ბატონო, ზედაპირზე თითქოს რევოლუციის მოწყობის მცდელობა ჩანს, მაგრამ სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, მგონია, რომ მას უკრაინაშიც აღარ დაედგომებოდა და ამიტომ ჩათვალა, რომ საქართველოში, ციხეში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. სხვა ახსნა მართლა არ მაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ თავის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინა. მისმა ფაქტორმა პოლიტიკური ველი ისევ პოლარიზებული გახადა. ამიტომ არჩევნების შემდეგ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ციხეში მის ყოფნას, რთული სათქმელია, მაგრამ ის ხელისუფლებისთვის ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, არ ველი, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება და ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ამის გამო პრობლემები შეექმნება. უბრალოდ საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან რთულია პრეზიდენტი ციხეში გეჯდეს და არასამართლიანი სასამართლოს პირობებში ამბობდე, რომ ის ციხეში სამართლიანად ზის. ფაქტობრივად ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა - ის რომ პოლიტიკაში არ ჩარეულიყო არც დავიჭერდითო. ამიტომაც უფრო დასავლეთიდან და ევროპიდან იქნება გარკვეული აქტიურობა, რის გამოც ხელისუფლება სააკაშვილს დაახლოებით ერთ წელიწადში მაინც გაათავისუფლებს. ყოველ შემთხვევაში, მისი ფაქტორი 2024 წლისთვისაც სჭირდებათ და გარეთ გამოშვება უფრო მომგებიანი იქნება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მისი უკრაინაში ექსტრადირება მოხდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

არაჟნებში მიშა იჯდა... - რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღეა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია. მის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე აღძრა და ახლა სააკაშვილი ახალი ბრალის წარდგენას ელოდება. ის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ამბობს, რომ ხელისუფლება განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე მან საჯაროდ გამოსვლა ვერ შეძლოს. რა გზით და როდის შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? - ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელიც ამ დღეებში ისმის და რომლის პასუხი ოფიციალური უწყებებიდან ჯერჯერობით არ ჩანს”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით არაჟნებში მიშა იჯდა...

“ცნობილია, რომ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს, საღამოს, ქვიშხეთის ქუჩაზე, ელგუჯა ცომაიას ბინიდან აიყვანეს. პოლიციამ ბინის კარი გასაღებით გააღო. ადვოკატი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია თბილისში, ბენზინგასამართ სადგურზე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გაჩხრიკეს, მერე კი უთხრეს, რომ ჩხრეკა მის ბინაშიც უნდა ჩაეტარებინათ, სადაც სააკაშვილი “აღმოაჩინეს”. დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მან იმ ბინიდან ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსალოდნელი დაკავებაც ახსენა. მართალია, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ყველა ნაბიჯს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ და დასაკავებლად ხელსაყრელი მომენტი შეირჩა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს პრემიერის ვერსიის არ სჯერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯერჯერობით ძალოვანები საქმის დეტალებს არ ახმაურებენ, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სააკაშვილი ფოთის პორტში 29 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე ჩამოვიდა უკრაინული კომპანიის გემ “ვილნიუსით”. ამ გემზე აფხაზეთიდან დევნილ ელგუჯა ცომაიას ტრაილერის კონტეინერი იდო. ეს კონტეინერი არაჟნით იყო სავსე და სწორედ არაჟნებში იჯდა მიშა. ასე იმგზავრა მან უკრაინიდან და ასე შემოიპარა ქვეყანაში. პორტში ეს კონტეინერი ცომაიას ტრაილერზე გადადეს და მანქანამ პორტი განბაჟების გარეშე დატოვა, რადგან, კანონით, ტვირთის განბაჟება მეპატრონეს თბილისშიც შეეძლო. დღეს ელგუჯა ცომაია დაკავებულია და დანაშაულის დაფარვა ჰბრალდება, თუმცა პროკურორი ლევან ვეფხვაძე ცომაიასა და მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებისთვის ბრალის დამძიმებასაც არ გამორიცხავს. ამ ეტაპზე მათაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან და გასულ კვირას პატიმრობაც შეეფარდათ. წოწორიები პორტის თანამშრომლები არიან და ცომაიებთან ნათელმირონობა და მეგობრობა აკავშირებთ. ძალოვანებისთვის ცნობილია, რომ სწორედ წოწორიების მანქანაში გადაჯდა კონტეინერში მყოფი პრეზიდენტი და აბაშამდე ასე ჩავიდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანებს ხელთ აქვთ ქუჩის ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჯდება წოწორიების მანქანაში სააკაშვილი. როგორც ჩანს, სწორედ ამ კადრების გაშიფვრის შემდეგ მიაგნეს მანქანის მძღოლსაც და გადაადგილების მარშრუტსაც. ახლა ძალოვანები იძიებენ, ეს დანაშაული იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული. პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეზე სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ჯერჯერობით უწყებაში არ ამბობენ, იცოდა თუ არა მისი ჩამოსვლის დეტალები მისი გუნდის რომელიმე წევრმა. ფაქტია, რომ სააკაშვილმა უკრაინიდანაც მოახერხა არალეგალურად გამოსვლა და სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი დღე “ქართული ოცნების” ლიდერები ირწმუნებოდნენ, სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებიაო. ახლა უკრაინელი სამართალდამცველებიც იძიებენ, როგორ მოახერხა მან საზღვრის გადაკვეთა”, - დასძენს გამოცემა.

“სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე ატვირთული ვიდეოებითაც იოლად შეიძლება მისი გადაადგილების მარშრუტის აღდგენა. ფაქტია, ის დაუბრკოლებლად შემოვიდა ქვეყანაში, მოიარა ბათუმი, გზა მსუბუქი ავტომობილით გააგრძელა, თბილისამდე კი სხვადასხვა ადგილას ფოტოებსაც იღებდა და ვიდეოსაც წერდა. ბათუმში გადაღებული მისი ვიდეოები, სავარაუდოდ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ არის ატვირთული. რატომ არ დააკავეს სააკაშვილი ფოთში, ან თუნდაც ბათუმში? იურისტების ნაწილი თვლის, რომ ძალიან ადვილად მოახერხებდნენ მის აყვანას ბათუმში ღამით, როცა ის მარტო წერდა ვიდეოს. სწორედ ეს ფაქტი აჩენს ეჭვს, რომ მისი ადგილსამყოფელი სამართალდამცველებმა გვიან შეიტყვეს, ამის შემდეგ ატყდა განგაში, გაშიფრეს ყველაფერი და მის კვალსაც მიაგნეს. დღეს ექსპრეზიდენტი დაკავებას აპროტესტებს. მან დაპატიმრებისთანავე შიმშილობა დაიწყო. მასთან ყოველდღე ათეულობით მნახველი შედის. პატრიარქის კურთხევით ის მოინახულა ილია მეორის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმაც” - წერს სტატიის ავტორი.

“8 ოქტომბერს სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც მოინახულა. “საკვები არ მიუღია, გეფიცებით ყველაფერს. ჩაუტარდა რუტინული კვლევა სისხლისა და შარდის. რაღაცები მომატებულია, რამდენიმე დღეში საფრთხის წინაშე იქნება, რადგან აქვს ანემია...…თუმცა არის ძალიან მხნედ და მოტივირებულია. თავს გრძნობდა კარგად. რომ ნახოთ, ვერც შეამჩნევთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია”, - თქვა ციხიდან გამოსულმა ექიმმა. მართალია, მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ სხვა ინფორმაციას ავრცელებს სასჯელაღსრულების სისტემა. პენიტენციარული სამსახურის ხელმძღვანელის, ნიკა ცხვარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თაფლისა და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო - როგორც უწყებაში ამბობენ, სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი შეიძინა. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მსჯავრდადებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შიმშილობა 1-ლ ოქტომბერს, დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი. დაწესებულებაში განთავსების შემდეგ მსჯავრდადებულს ჩაუტარდა კლინიკო- ლაბორატორიული დაინსტრუმენტული გამოკვლევები; ასევე ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები... ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ”, - ამბობენ უწყებაში.უწყების განცხადებას ადვოკატი ბექა ბასილაია გამოეხმაურა და განმარტა, რომ “თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა. მიშა სააკაშვილი შიმშილობს და ეს შიმშილობა არ ყოფილა მშრალი...” - დასძენს სტატიის ავტორი.

ზუგდიდის პრეცედენტი - რა შეიცვალა ხმების გადათვლით და რატომ გაზარდა ამან მეორე ტურის სიმწვავე

“ხმების ხელახალი გადათვლის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა. “ნაცმოძრაობამ” გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში ყველაზე მწვავე დაპირისპირება ზუგდიდში იქნება, სადაც 30 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის მერი და ერთი მაჟორიტარის ვინაობა უნდა გაირკვეს. პირველი ტურის შემდეგ, ზუგდიდის 45-ადგილიან საკრებულოში “ნაცმოძრაობას” გარანტირებული ჰქონდა 23 ადგილი. თუმცა, ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, აქ გამარჯვებული “ენმ”-ის ნაცვლად “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა. ამჟამად საკრებულოში “ენმ”-ს 22 ადგილი აქვს, “ქართულ ოცნებას” - 19, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” - 3 და კიდევ ერთი ადგილისათვის მეორე ტურში “ენმ”-სა და “ნაცმოძრაობის” კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზუგდიდის პრეცედენტი - რა შეიცვალა ხმების გადათვლით და რატომ გაზარდა ამან მეორე ტურის სიმწვავე.

“ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ დაპირისპირებას, ისევე, როგორც ზუგდიდის მერის არჩევნების მეორე ტურს, “ოცნებისთვისაც” და “ნაცმოძრაობისთვისაც” პრინციპული მნიშნელობა აქვს. სწორედ ამ ერთ მაჟორიტარულ ოლქზე იქნება დამოუკიდებელი, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლების სათავეში მყოფ “ქართული ოცნებას” ამ კონკრეტულ რეგიონში ძალაუფლებას “ნაცმოძრაობა” ჩამოართმევს. როგორც “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორის კორნალი კაკაჩია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, იმის გამო, რომ ხმებს უბნებში გადათვლა დასჭირდა, ეს ცესკოს ხარვეზებზე მიუთითებს. რაც შეეხება მეორე ტურს ზუგდიდში, მისი თქმით, აქ რთული და დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი, რადგან არც ერთ ძალას დასაკარგი არაფერი აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ის, რომ ზოგადად არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ სხვა რეგიონებში ძალიან ბევრ უბანს გადათვლა დასჭირდა, ეს მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რომელიც ცესკოს აქვს. ეს ახალი არაა, ეს ქრონიკული მუდმივი ხარვეზებია, რომელიც მას გააჩნია. ბევრ სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც პარტიების, ისე საზოგადოების მხრიდანაა უნდობლობა, ესაა, რომ ცესკომ ვერ მოაგვარა და სხვადასხვა უბნებს გაყალბების მეთოდებისგან ვერ იცავს. შესაძლოა ისეთი მასშტაბით არ ხდება, როგორც წინათ ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მაინც ადმინისტრაციული პრობლემაა, რომელზეც ის აგებს პასუხს. ბუნებრივია, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა პარტიების დამკვირვებლებმაც უნდა აიღონ. სამწუხაროდ, დიდი პარტიების გარდა, სხვებს წარმომადგენლები არ ჰყავთ და რესურსები არ აქვთ, რომ ყველა უბანზე ჰყავდეთ... რაც შეეხება მეორე ტურს, სავარაუდოდ რთულ მდგომარეობაში ჩაივლის, რადგან “ნაცმოძრაობას” დასაკარგი არაფერი აქვს. ესაა რეგიონი, სადაც მათ მართლაც ძლიერი მხარდაჭერა აქვთ და მით უმეტეს სააკაშვილისა და მიტინგის ფონზე, ყველანაირად ეცდებიან მობილიზება გაუწიონ მეორე ტურს და საკუთარი კანდიდატები გაიყვანონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია “ქართული ოცნებისთვის”. მათთვის ზუგდიდის და სამეგრელოს წაგება ძალიან ცუდის ნიშანი გახდება, რადგან ამან შესაძლოა გადამდები ხასიათი მიიღოს და შემდეგ არჩევნებში უკვე სხვა რეგიონებზე სხვა ეფექტი ჰქონდეს. ამიტომაც ისინი ახლა ეცდებიან, რომ ყველანაირი რესურსი დარაზმონ იმისკენ, რომ როგორმე მოიგონ. ასე რომ, მეორე ტურში საკმაოდ დაძაბულ და რთულ ბრძოლას უნდა ველოდოთ. ეს “ქართული ოცნებისთვის” ადვილი გასეირნება არ იქნება, მაგრამ მას აქვს ის უპირატესობა, რომ განსხვავებით პირველი ტურისგან, ახლა შეუძლია გარკვეული კონცენტრაცია მოახერხოს. თუმცა, აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ თავად ზუგდიდელები რას გადაწყვეტენ, რამდენი მათგანი გამოვა მერე ტურზე და საკუთარ ხმას რამდენად დაიცავენ”, - დასძენს კაკაჩია.

მამუკა არეშიძე - “ჩემი ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი გაიგო”

“განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ზოგიერთ ქალაქში ოპოზიცია დაწინაურდა. ჩემთვის მოულოდნელი “ნაცმოძრაობის” ტაქტიკა იყო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებდა, მაგრამ როგორც გაირკვა, “ნაციონალები” სხვა ფორმატში, დიდ ქალაქებში ინდივიდუალურად მუშაობდნენ. არ გამოვრიცხავ არც იდეოლოგიურ დამუშავებას და არც ფინანსურ დაინტერესებას. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბობოლა “ნაციონალებმა” აქცენტი თვითმმართველ და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებზე გადაიტანეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ჩემი ინფორმაციით, ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი გაიგო”.

“ზუგდიდი და ბათუმი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებია - ერთი კონფლიქტის ზონასთან, მეორე ავტონომიის დედაქალაქია და ერთგვარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის. მათ არ იმუშავეს ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა მცხეთა, ფოთი, გურჯაანი და ა.შ. “ოცნების” საკადრო ტაქტიკა ზოგიერთ ქალაქში, განსაკუთრებით ბათუმსა და ზუგდიდში, ჩემთვისაც გაუგებარი იყო. მათ საკადრო შეცდომები დაუშვეს - მძიმე წარსულის მქონე “ნაციონალების” პორტირებით საკუთარ რიგებში და საკუთარი რიგებიდან იმ პირთა ჩახსნით, ვინც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება დიდწილად განაპირობეს. ეს იყო კოაბიტაციის უმახინჯესი ფორმის შედეგი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “როგორც რუსი ჟურნალისტი, მწერალი და პოლიტიკოსი მაქსიმ შევჩენკო ამბობს, სააკაშვილს არეულობა რომ ნდომოდა, პირდაპირ თბილისში ჩამოვიდოდა და აეროპორტში ტელეკამერების, მხარდამჭერების თანდასწრებით დაიჭერდნენ. შევჩენკოს აზრი იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში შემოიტყუეს, თქვენსას ემთხვევა. საინტერესოა, ვის და რისთვის სჭირდებოდა მისი საქართველოში შემოტყუება?” - პასუხობს:

“შევჩენკოს ვეთანხმები - სააკაშვილი შემოიტყუეს, მაგრამ არ ვიზიარებ მის აზრს, რომ ეს დასავლეთის განსაზღვრული პოლიტიკური ძალების სპეცოპერაციაა, რომ სააკაშვილი გაწირეს, რათა “ოცნება” “ნაცმოძრაობასთან” კოალიციური მთავრობის შექმნაზე დაითანხმონ. “ოცნება” დათანხმდება კოალიციას ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, თუ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მოითხოვა, “ნაციონალებიდან” გასულ პოლიტიკოსებთანაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში “ნაცმოძრაობასთან”, თუნდაც მიშას გარეშე. შეიძლება შევჩენკოს რაღაც ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურებიდან და ასეთი გეგმა არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეგმა აუცილებლად შესრულდება. მმ ორი პოლიტიკური ძალის კონფიგურაციით შექმნილი კოალიციური მთავრობა წარმოუდგენელია. ამ რეალობას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ის ხალხი, რომელმაც “ოცნებას” მხარი “ნაცმოძრაობის” სიძულვილის გამო დაუჭირა”.

“ჩემი აზრით, სააკაშვილმა ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელსაც ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. ვგულისხმობ მისი ჩამოსვლის ფორმას - საზღვრის უკანონო გადმოლახვით დამატებითი არგუმენტი მისცა თავის მტრებს, ანუ საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო მეგობრებს, ანუ უკრაინის ხელისუფლებას, ხელ-ფეხი შეუკრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის მგზავრობა პროდუქტის გადასატანი ფურგონით ღირსების შემლახავია. დარწმუნებული ვარ მიშამ ეს ნაბიჯი იმ ვარაუდით გადადგა, რომ ვერ დაიჭერდნენ. ციხეში ჩაჯდომა რომ ნდომოდა, აეროპორტში მისი დაპატიმრება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. რადგან ასე არ მოიქცა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცისგან გარანტიები ჰქონდა. ვისგან? ამის თქმა გამიჭირდება. არ არის მიშა ის კაცი, რომელიც ციხეში ნებით წავა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილი სააკაშვილზე ნაწყენია. კარგად ხვდებიან, რომ სააკაშვილმა თავისი უცნაური გამოჩენით მათ პერსპექტივა მოუსპო, წყალს გაატანა. იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობენ საჯაროდ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათთვის სააკაშვილიც მიუღებელია და “ნაცმოძრაობის” დიდი ნაწილიც. “ევროპულმა საქართველომ” და სხვა დანარჩენებმაც ბევრი იმუშავეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ რეზულტატი შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის მეცადინეობით მაინც ვერ შეძლეს ორპოლუსიანი სისტემის დანგრევა. თუმცა არც გახარიას დაუკლია ხელი მათთვის. გახარიამ “ლელოს” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ეს პოლიტიკური ძალა შეძლებისდაგვარად დისტანცირდებოდა როგორც “ოცნებისგან”, ისე “ნაციონალებისგან”, გახარიამ კი ამ ნიშიდან ჩააჩოჩა. პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხელ უკვე დაუშვეს შეცდომა, როდესაც “შალიკოს ფანჩატურში” ნაციონალებთან ერთად მიუსხდნენ მაგიდას, და არა მგონია, ასეთი შეცდომა კიდევ დაუშვან”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“ნამდვილად არის ლოგიკა იმაში, რომ დასავლეთში განსაზღვრულ ძალებს ხელს აძლევდეთ საქართველოში ისეთი მმართველი გუნდის არსებობა, რომელიც უფრო რადიკალური იქნება რუსეთთან, მაგრამ დასავლეთში არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, როგორიცაა ვიოლა ფონ კრამონი. ჩემი ინფორმაციით, ქალბატონი კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გაიგო. მან თქვა, სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე, საქართველოში არ ჩასულიყო, რადგან არასტაბილური საქართველო ჩვენს ინტერესებში არ შედისო. ჯეიმზ ბრაუნის ფონდი ყველაზე ოდიოზური ინსტიტუტია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მუდმივად რადიკალიზმს უჭერდა მხარს, დღეს ამ ფონდის მკვლევართა წერილი რომ წაიკითხოთ, გაოცდებით. ხაზგასმით წერია, რომ დასავლეთს სჭირდება სტაბილური საქართველო, სადაც დასავლური აქტივობები იქნება შესაძლებელი, ამას კი ქვეყანაში არეულობა ხელს შეუშლის, სააკაშვილი ხომ დესტაბილიზაციის მთავარი ფიგურააო. ეს წარმოუდგენელი იყო 2-3 წლის წინ”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“რატომღაც ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა დასავლეთის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები - სტოლტენბერგი, ბაიდენი და მსგავსი უმნიშვნელოვანესი ფიგურები ძალიან ყურადსაღებ განცხადებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრება მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. ამისთვის კი საჭიროა სტაბილურობა. ლაპარაკია თავად დასავლეთის ინტერესებზე, მარტივად რომ ვთქვათ, აქაური პოლიტიკური ჭიდაობა დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს. მსოფლიო პოლიტიკის მამების ინტერესებშია, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს, რასაც ანტირუსული ელფერი დაჰკრავს. მათ სჭირდებათ პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს წითელ ნაჭერს კი არ აუფრიალებს, ეცდება დასავლეთისკენ ისე გადადგას ნაბიჯები, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. “ქართულმა ოცნებამ” კი, ცუდია ის თუ კარგი, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტად მას შეუძლია სტაბილური გარემოს შექმნა”, - დასძენს არეშიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა