თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების” სამიტს მასპინძლობს

თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) ორდღიანი სამიტი გაიხსნა. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

სამიტის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, შევთავაზოთ მათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამასთანავე, ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ. ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ივნისში, თბილისს ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-ისაგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.

დაინტერესება რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა. თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისათვის.

„პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი და Grant Thornton Georgia“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს