ირაკლი კობახიძე - კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებას მძიმე შეფასება უნდა მივცე - „ნაცმოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვერასდროს ვეღარ განახორციელებენ

ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნებიან გარკვეული წვლილის შემტანი პოლარიზაციაში, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია - ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების შეფასებას გამოეხმაურა.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ აზიანებს საქართველოს იმიჯს მმართველი პარტიის წევრების განცხადებები ევროპარლამენტარების შეფასებებზე, კობახიძე ამბობს: „არავითარ შემთხვევაში“.

„ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ლობისტები, მუდმივად, 2012 წლიდან მოყოლებული საუბრობენ იმაზე, რომ არ შეიძლება ვიღაცის დაჭერა, ვიღაცის ციხეში გაშვება, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს პოლარიზაციას ამ ქვეყანაში, ეს ძალიან ცუდია, გარდა ამისა, საერთო ეფექტიც ძალიან ცუდი აქვს - ეს აჩენს დაუსჯელობის განცდებს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ქვეყანაში კანონისა და სამართლის უზენაესობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იქნებიან გარკვეული წვლილის შემტანი პოლარიზაციაში, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ნუ დააზიანებენ ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით „მძიმე პოზიცია“ აქვს.

„ძალიან მძიმე პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით. ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი იცის სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, მათ შორის იმ დანაშაულებებზე, რომელთა დაკავშირებითაც ის უკვე მსჯავრდებულია. ის არის არა წინასწარ პატიმრობაში, არამედ პატიმრობაშია კონკრეტული განაჩენების საფუძველზე. ასევე მიმდინარე საქმეებიცაა, რომელიც 7 ნოემბერს და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას ეხება. თუ რომელიმე ევროპარლამენტარი იტყვის, რომ „იმედი“ არ დარბეულა, 7 ნოემბერი არ ყოფილა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სტრასბურგზეც. მაგრამ ყველამ კარგად იცი, რომ სააკაშვილმა იმედი არა მხოლოდ დაარბია, არამედ უკანონო გზით, მაროდიორული ფორმით მიისაკუთრა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელევიზია წაართვა. ეს კაცი ჩვეულებრივი მაროდიორია, რასაც არავითარი სტრასბურგი არ სჭირდება. მათ შორის გირგვლიანის საქმეზე, რაზეც სასჯელი აქვს შეფარდებული, სტრასბურგმა დაადასტურა მისი დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, კონკრეტული ევროპარლამენტარების ამ განცხადებას მძიმე შეფასება უნდა მივცე“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტარების მწვავე შეფასებების შემდეგ გიგი უგულავა და გიორგი რურუა გათავისუფლდნენ, კობახიძე ამბობს, რომ ეს მართლმსაჯულების პოლიტიზირების მაგალითი იყო.

„ეს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ძალიან ცუდი მაგალითი იყო, როდესაც ევროპარლამენტის კონკრეტული დეპუტატები ქართულ მართლმსაჯულებაში ერეოდნენ. ამას წერტილი დაესვა. არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზება განახორციელონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები ქართული მართლმსაჯულების პოლიტიზებას ვერასდროს ვეღარ განახორციელებენ. ასეთი განცხადებები, რომლებიც ევროპული ღირებულებებისგანაა დაცლილი, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა