პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მრავალპარტიული კოალიციური მმართველობის, რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე შიდა პოლიტიკური საფრთხეების შესახებ.

- რა პერსპექტივა აქვს შექმნილ პოლიტიკურ რეალობაში მრავალპარტიული კოალიციური მმართველობის შესაძლებლობას და მოდელს, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შესთავაზა ოპოზიციამ თბილისის ამომრჩეველს?

- მოსახლეობა მზად არის კოალიციური მმართველობისთვის, ეს არის მისი დაკვეთა, ახლა მნიშვნელოვანია, როგორ შეასრულებს ამ დაკვეთას პოლიტიკური სპექტრი. ამომრჩეველი არ აპატიებს არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ პარტიებს სიცრუეს ამ კუთხით. მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის კოალიცია ბუტაფორიული და ხელოვნურია, თუ რეალური, რაც განაპირობებს იმ შედეგებს, რასაც ვიღებთ არჩევნებზე. განცხადებები კოალიციური მთავრობის შესახებ, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ეს არ არის ფართო კოალიცია. მე წარმატებას ვუსურვებ ოპოზიციას, მაგრამ ამ კოალიციასთან დაკავშირებით, საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. ახლა მთავარი მომენტია, ვის ეყოფა უფრო მეტი პოლიტიკური გონიერება და უნარები, გადადოს გვერდზე პოლიტიკური ამბიციები და გააკეთოს დიდი კოალიციური ერთობა. თუ ამ ერთობას გააკეთებს ოპოზიცია, ის შეძლებს ხელისუფლების ცვლილებას, თუ კოალიციურ ერთობას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ის გარკვეულწილად შეინარჩუნებს ხელისუფლებას. მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. მათთვის ეს იყო ბოლო ერთპარტიული არჩევნები, ამის შემდეგ კოალიციური მმართველობის გარეშე ხელისუფლებაში ვერც ერთი ძალა ვერ მოვა.

ერთპარტიულ მმართველობას, როდესაც ერთი პარტია აკონტროლებს ყველაფერს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ქვეყანა მიჰყავს კრიზისამდე. ჩვენ ამ ციკლს გავდივართ უკვე მრავალი წელია და ასეთი მაგალითები ბევრია ჩვენს უახლოეს პოლიტიკურ წარსულში. კრიზისი იწყება ერთპარტიული მმართველობის მეშვიდე წელს, მწვავდება მეცხრე წელს და დგება ცვლილებების საჭიროება, თუმცა შემდეგ ის პარტია, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, იგივე პრინციპებით მოქმედებს, როგორც მისი წინამორბედი. მისი ამოცანა ის კი არ არის, რომ შექმნას მრავალპარტიული მმართველობა, არამედ ყველაფერს აკეთებს, რომ ჰქონდეს ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური ფორმატით, ასე მოხდა 2003 წელს, ასევე 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ თითქოს კოალიციური მმართველობით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ მმართველმა გუნდმა ორ წელიწადში მოიცილა ყველა პარტნიორი პარტია. მათი ამოცანა თავიდანვე იყო ერთპარტიული მმართველობა, რაც ცალსახად ჩანდა.

ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და კარგად ვიცი, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ზრახვები, შესაბამისად, იგივეს თქმა შემიძლია მეორე მხარეზეც.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც ჰქონდა უნიკალური შანსები გადაეტეხა ეს ტრადიცია, გაეკეთებინა ფართო პოლიტიკური კოალიცია და ამ გზით მომხდარიყო ხელისუფლების ცვლილება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს შანსი ხელიდან გაუშვა არაერთხელ. 2020 წელს შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა რეალური მრავალპარტიული კოალიცია, რადგან ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო დომინანტი, უსვამდა ხაზს, რომ იყო მთავარი პოლიტიკური ძალა და მას უფრო მეტი პრეტენზიები ჰქონდა. ამისი ნათელი მაგალითია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დააკომპლექტა საარჩევნო სია და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს.

2018 წელს, როდესაც არსებობდა რეალური ფართო კოალიცია და არ იყო ერთი ძალის დომინირება, კოალიციამ ლამის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. ასეთია ჩვენი საარჩევნო ისტორია, ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება. ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს. ეს არის რეალობა რის წინაშეც ვდგავართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ე.წ. მესამე პოლიტიკური ძალა, რომელზეც ბევრ პარტიას აქვს პრეტენზიები, თუმცა არჩევნების შედეგების მიხედვით, ეს რესურსი აქვს გიორგი გახარიას. მას შეუძლია გააკეთოს კოალიციური სისტემა და თავისი კანდიდატურა პოლიტიკურ კოალიციასთან ერთად შესთავაზოს ამომრჩეველს. თუ გაგრძელდა ის დღის წესრიგი, რაც არის ახლა, საუბარი მაქვს არჩევანზე ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის და შეფარულ მიდგომებზე თითქოსდა ერთობის სახით, მაშინ შედეგი ვერ დადგება და არაფერი შეიცვლება.

მისასალმებელია, რომ ამ ახალ გაერთიანებაში სხვადასხვა პოზიციებზე მოხდა პარტიების კანდიდატების შეჯერება, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები წარადგინეს გამგებლების პოზიციაზე, რაც თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ უცნაურია, როდესაც კოალიციის წევრი ხდება პოლიტიკური ძალა „ლელო“, რომლის ლიდერმაც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც ხელისუფლების ცვლილებასთან ახლოს ვიყავით, ხელი შეგვიშალა გაერთიანებულ პოლიტიკურ სპექტრს და საწინააღმდეგო გამოსვლები მოაწყო. დღეს ამ პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ კოალიციაში შედიან არა პარტიებთან, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ სახეებთან, რაც არის აბსურდი, ეს არის შეურაცხყოფა პარტნიორი პარტიის მიმართ, ხელოვნური პროცესი, რასაც ხედავს ამომრჩეველი, რომელსაც ვერც ერთი მხარე ვეღარ მოატყუებს.

- როგორ ფიქრობთ, ასეთი პოლიტიკური რეალობით როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე?

- როცა არ უნდა იყოს შემდეგი არჩევნები, ფართო კოალიციური მმართველობის ფორმატი აუცილებლად უნდა იყოს დღის წესრიგში. თუ დაპირისპირება იყო არჩევნებზე კოალიციების გარეშე დამოუკიდებლად გამოსულ მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, ამ სპარინგს აუცილებლად მოიგებს „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, დღეს ძალიან დაბალია პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ურთიერთობების კულტურა და ყველაფერი გადავიდა, პოლიტიკურ „ბუღალტერიაში“. ეს ქართული პოლიტიკის ძალიან დიდი პრობლემაა. სანამ ოპოზიციას ექნება პოლიტიკური „ბუღალტერია“, მანამდე უფრო დიდი „ბუღალტერიის“ მქონე „ქართული ოცნება“ მას ყოველთვის მოუგებს. ამ მხრივ, დასამალი არ არის, დიდ როლს ასრულებენ პარტიებთან აფილირებული ტელევიზიები, რომლებიც ქმნიან პარალელურ რეალობას, მაღლა იწევა მოლოდინების ფასი და მერე არჩევნების შედეგები შოკში აგდებს ყველას, იზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი, რაც საბოლოოდ აზიანებს პროცესს. ეს კარგად უნდა გაითავისოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, ვისაც აქვს ხელისუფლების ცვლილების პრეტენზია.

სამწუხაროდ, პოლიტიკაში დაიკარგა სიტყვის ფასი. ადამიანები დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს, რასაც კარგად ხედავს ამომრჩეველი. ეს აზიანებს სიტუაციას და ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს. უნდა გავიხსენოთ წარსულის მაგალითები, რა მივიღეთ, როდესაც პოლიტიკაში არ იყო „პოლიტიკური ბუღალტერიის“ ელემენტები, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას პერიოდში, „მრგვალი მაგიდის“ გამარჯვების შემდეგ მივიღეთ პარლამენტი, რომელშიც 40- მდე პარტია იყო წარმოდგენილი. ეს იყო ყველაზე მრავალფეროვანი პარლამენტი, რომელმაც მოახერხა და მიიღო ქვეყნის ძირითადი კანონი კონსტიტუცია, მისი ურთულესი მუხლი ადამიანის უფლებების შესახებ. ეს ყველაფერი „დააპედალირა“ ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ პოლიტიკური კულტურა ეყო ყველა იმ პარტიას, რომელიც მონაწილეობდა იმ პროცესებში. დაახლოებით ასეთივე პარალელი შეგვიძლია გავავლოთ 2008 წელს, როდესაც შედგა ყველაზე ძლიერი პოლიტიკური კოალიცია გაერთიანებული ოპოზიციის სახით. ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და არ მინახავს ასეთი მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანების გაერთიანება, როგორც იყო 2008 წელს. რატომ მივაღწიეთ წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებზე? იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდა ერთი ხმა, არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომელი პარტია დიდი იყო და რომელი - პატარა. ეს იყო პოლიტიკური კულტურის მაღალი წერტილი, რაც მაშინ იყო ლევან გაჩეჩილაძის დამსახურება, რომელმაც როგორც ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელი შეუწყო სისტემის თანაბარ პოლიტიკურ დანაწილებას. როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების თემა დადგა, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა მოითხოვა საბჭოს შექმნა, შეიქმნა სამკაციანი საბჭო და დაიშალა კოალიცია. სანამ ქართულ პოლიტიკას არ მოსცილდება „ბუღალტერიის“ ნაწილი, მანამდე ვიქნებით ისე, როგორც ვართ. გაიმარჯვებს, ის ვინც არის დიდი, ვისაც აქვს ტელევიზია, საეთერო დრო და ა.შ, საბოლოო ჯამში დაზარალდება ქვეყანა, რადგან ის ვინც გაიმარჯვებს, აუცილებლად დაამყარებს ერთპარტიულ მმართველობას, შემდეგ წლები იქნება საჭირო, ხალხი მიხვდეს, რომ ერთი პარტიის მმართველობაზე საუბარი შეცდომაა და საჭიროა გაერთიანებები, ასე ვიტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე.

- საარჩევნო კოდექსით პარტიების გაერთიანება ბლოკებად დაშვებული არ არის, ჩვენ ვნახეთ როგორ დაზარალდა ცალკ-ცალკე გამოსული პატარა, ე.პატარა პარტიები თვითმმართველობის არჩევნების წინ განვითარებული მოვლენების გამო. საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და არჩევნებზე ბლოკების დაშვება, არც ხელისუფლების ინტერესშია, არც დიდი ოპოზიციური პარტიის, ეს კი საბოლოოდ უკარგავს შანსს პატარა პარტიებს?

- ასეთ მოცემულობაში, როცა არ არის დაშვებული პარტიების ბლოკებად გამოსვლა, პატარა პარტიების ინტერესი ყოველთვის დაზიანდება. გასაგებია, რატომ არ სურს ბლოკების დაშვება მმართველ გუნდს, მან იცის, რომ ბლოკებით ხდება ხელისუფლების ცვლილება ყოველთვის. იგივე შეიძლება თქვას დიდ ოპოზიციურ პარტიაზეც, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს ბლოკები, იმიტომ რომ სურს იყოს დომინანტი და ერთპარტიულად მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის შეკრული წრე, რაც ეწინააღმდეგება პოლიტიკურ კულტურას და ნების გამოვლენას, რომ ნებისმიერ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა, ვისთანაც სურს, მასთან ერთად გავიდეს არჩევნებში. სწორედ ეს უწყობს ხელს ორპოლუსიან პოლიტიკურ ლანდშაფტს. თუ არ უშვებ ბლოკების გაერთიანებას, მაშინ უნდა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სამართლებრივი საფუძველები, რომ ყველა პარტიას ჰქონდეს უფლებამოსილება და შესაძლებლობა განვითარდეს. ეს არის საეთერო დრო, სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ა.შ. როდესაც დაიწყო პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან, იმისათვის, რომ თავიდან აგვერიდებინა პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკოსების დაფინანსება გარედან, ეს იყო ძალიან სწორი მიდგომა. ამ არჩევნების შეფასებებს თუ გადავხედავთ, ყველა უცხოური ორგანიზაცია წერს დასკვნებში, რომ პარტიებს არათანაბარი პირობები აქვთ, ყველამ იცის, რაზეც არის საუბარი. ბლოკების დაშვების გარეშე, როგორც ხდება ხოლმე, ერთი პარტიის სიაში დალაგდება ყველა პარტია, მაგრამ შემდგომში, ის ერთი პარტია მოვა ხელისუფლებაში და გააკეთებს იმას, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, როცა გამარჯვებიდან ძალიან მალე, გვერდით გაწია ყველა პარტნიორი და თვითონ დარჩა ხელისუფლებაში. როცა პარტიებს არ აქვთ გამაგრებული ზურგი სამართლებრივად, ასე მოიქცევა ყველა პარტია, ამიტომ უნდა გატარდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სუვერენიტეტს, რაც შემდგომ ხელს შეუწყობს ფართო კოალიციების ჩამოყალიბებას.

აუცილებელია მოხდეს პოლიტიკური პარტიების შეთანხმება თამაშის წესზე საზოგადოებასთან ერთად, დეკლარირება, რა გვინდა და საით მივდივართ. მხოლოდ ეს შეცვლის სიტუაციას და არა ის, რომ ყველა არჩევნების შემდეგ ჩამოვიყვანოთ შარლ მიშელი ან სხვა ვინმე და შევცვალოთ კანონმდებლობა, როგორც იმ პერიოდში გვაწყობს.

- იმ დროს, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი პროცესები ვითარდება, რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას შიდა პოლიტიკური არეულობა?

- ნებისმიერი დაძაბულობით და შიდა არეულობით სარგებლობს ჩვენი ნომერ პირველი მტერი და ოკუპანტი ქვეყანა - რუსეთი. ის არ უშვებს ხელიდან შანსს და ყოველთვის ელოდება იმ მომენტს, როდის იქნება ჩვენთან არეულობის ისეთი პიკი, რომ შეასრულოს თავისი სტრატეგიული ამოცანები. ეს არის მოქმედებები საზღვრებთან, დემარკაცია, ჩვენი ჩათრევა რომელიმე კავშირში, სადაც რუსეთი დომინანტია თუ თბილისის აღება. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთი ამას შეეცდება ყოველთვის და ყველანაირი გზით, ეს არის მათი მიზანი და ამოცანა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ დავაღწევთ რუსეთს თავს, სანამ არ გავხდებით ნატოს წევრი ქვეყანა და ნატო არ იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ყველა პოლიტიკოსმა უნდა გააცნობიეროს საფრთხე, რომელიც მოდის ოკუპანტი ქვეყნიდან, ამიტომაც შესაძლოა იყოს დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი გვერდით უნდა გადაიდოს, მაღალი პოლიტიკური კულტურა და რეალური ფართო პოლიტიკური კოალიცია არის ის, რაც ახლა განსაკუთრებით გვჭირდება, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა