თენგიზ ფხალაძე - “მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება”
“პანდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა” - როდის ამოქმედდება საქართველოში “მწვანე” საშვის მექანიზმი
კახა გოგოლაშვილი - “რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი?!”
რაციონალიზმი თუ ემოციები - რა კრიტერიუმებით ირჩევს საზოგადოება
ბადრი ჯაფარიძე - “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე დღეს მელიაა, ჩვენ მასთან შევთანხმდით, სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე”
* * *
თენგიზ ფხალაძე - “მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება”
“აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი არაერთი მიმართულებით შეიძლება შეფასდეს მნიშვნელოვნად, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში. ამერიკა განუზომელ დახმარებას გვიწევდა აქამდეც თავდაცვის სფეროს განვითარებაში, ახლა კი ამ შეთანხმებით იწყება კიდევ ერთი ახალი ეტაპი. ამ ვიზიტს ასევე აქვს მრავალმხრივი კონტექსტი, რაც დაკავშირებულია ნატოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან. აღსანიშნავია, რომ ტურნეს ფარგლებში ის ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ნატოელ კოლეგებთან ერთად განიხილა ნატოს სტრატეგიული გეგმები, რუსეთთან დამოკიდებულება და ის გამოწვევები, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებას უკავშირდება”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მსოფლიოში ახალი პროცესები იწყება და თუ დავაგვიანებთ, ეს ძვირი დაგვიჯდება”.
“კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტია, რომ ნატო კვლავაც აგრძელებს მუშაობას სტრატეგიული კონცეფციის ბოლო შტრიხებზე, რამაც უნდა განსაზღვროს ალიანსის ათწლიანი სტრატეგია, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ნატოში გაწევრებისთვის მნიშვნელოვანია როგორ იქნება მასში შავი ზღვის აუზის თემა წარმოჩენილი. ამასთანავე, ეს ვიზიტი იყო ერთგვარი პასუხი იმ ანტიდასავლური ჯგუფებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ამერიკის მიერ რეგიონის “მიტოვებას” ზეიმობდნენ და ამბობდნენ, რომ ავღანეთში მისიის დასრულების შემდგომ აშშ საქართველოს დაივიწყებდა.ამ ვიზიტმა ცხადყო, რომ ასე არ არის და საქართველო რჩება ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ძალიან ცდილობს რეგიონში თავისი გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებას. მოკლედ, ეს ვიზიტი ბევრ კონტექსტშია განსახილველი და ის უპირველესად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ზრდასა და საზოგადოდ, ქვეყნის გაძლიერებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“პარტნიორს შეუძლია ჩვენი სახელმწიფოსთვის გააკეთოს მხოლოდ ის, რაც შეუძლია და ევალება. ჩვენს გასაკეთებელს დასავლელი მეგობრები ვერ და არც გააკეთებენ. ისინი ჩვენი ქვეყნისთვის ქმნიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ამგვარ შესაძლებლობას მიეკუთვნება სწორედ ოსტინის ვიზიტის შედეგებიც, მაგრამ ამ შესაძლებლობებს სწორად გამოყენება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ გაუთავებელი შიდა დაპირისპირებების გამო მეორე პლანზე აღმოჩნდა, რაც არასწორია. ეს საკითხები შეიძლება ჩვენ დავივიწყოთ, მაგრამ ამით პრობლემების აქტუალურობა მცირედითაც არ იკლებს. მეტიც, იზრდება. ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. ეს გადადებული პრობლემები დროის გასვლასთან ერთად უფრო რთული მოსაგვარებელი ხდება, მით უფრო იმ პირობებში, რაშიც გვიწევს ცხოვრება და რა რეალობაც გვაქვს რეგიონსა და საზოგადოდ, მსოფლიოში. არავინ დაიწყებს იმის ლოდინს, როდის გაერკვევიან ქართველები საკუთარ პრობლემებში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ იცვლება - იწყება ახალი პროცესები. ამას ან აჰყვები, ან დააგვიანებ და შემდეგ ძალიან დიდხანს მოგიწევს ლოდინი წარმატების მისაღწევად და ეს ძვირი დაგვიჯდება. ის ქვეყნები, რომლებიც თავის დროზე გაერკვნენ ამაში და სწორი პოზიცია დაიკავეს, ვგულისხმობ, ბალტიის სახელმწიფოებს, დღეს ევროკავშირსა და ნატოში არიან. მიუხედავად მწვავე შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, მათ ერთხანს დაივიწყეს პოლიტიკური ამბიციები და წინ დააყენეს სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ მაშინაც, როდესაც ნატოს დიდი გაფართოების დრო იდგა, ამისთვის ვერ მოვიცალეთ და მას შემდეგ გვიწევს ლოდინი, მაგრამ ახლა რომც გამოჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა, გამოვიყენებთ კი? თუ ისევე ჩვენს შიდა დაპირისპირებას გადავაყოლებთ ამ შესაძლებელობებს? თუ ჩვენ მზად ვიქნებით, წავალთ წინ, თუ არადა, ისევ დავტრიალდებით ისტორიის ამ სპირალზე და ეს ძალიან ძვირად დაგვიჯდება”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “პროცესების განსაკუთრებული რადიკალიზაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო...” - პასუხობს:
“ის, რაც დღეს ხდება, არის მართლმსაჯულების სისტემის, ჩვენი პოლიტიკოსების, საზოგადოდ, პოლიტიკური სისტემის გამოცდა. იმ დროს, როდესაც სააკაშვილის შესახებ შეფასებებს უნდა აკეთებდეს მართლმსაჯულება, შეფასებები გვესმის პოლიტიკოსებისგან. მერე გვიკვირს, რატომ აფასებს ვიღაც სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად. მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ ვითარების განმუხტვაზე, ისეთი რამეები ხდება, ისეთი განცხადებები კეთდება, ვითარება უფრო იძაბება. სააკაშვილის ჩამოსვლის დეტალებზე აღარ ვილაპარაკებ, მაგრამ, ფაქტია, არჩევნების მეორე ტურამდე დაძაბულობის პიკი იქნება. სამწუხაროდ, მეორე ტური “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისეთ ბრძოლად გამოაცხადეს, ან ყველაფერი, ან არაფერიო. ისეთი საარჩევნო დაპირისპირების მომსწრენი ვართ, ეს გვაფიქრებინებს, რომ მხარეები უფრო დიდ კონფრონტაციაზეც არიან წამსვლელი”.
“სააკაშვილის დაბრუნებამ პოლიტიკურ ველზე შუა ისევ გაკრიფა, მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” მცდელობისა, რომ ერთობა შექმნას სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ვნახეთ, რომ რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად თბილისის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინეს, მაგრამ ამ ყველაფერს საზოგადოება მაინც ორ პოლუსად აღიქვამს. მოკლედ, რაც დღეს ხდება, ეს არის ტესტი ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბევრი რამ იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ გადავლახავთ ამ დაპირისპირებას. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ყოფნა საპყრობილეში უხერხული და პრობლემური საკითხია ქვეყნისთვის, ცხადია. ასე იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც. ისიც ცხადია, როდესაც ამ ტიპის პოლიტიკოსზეა ლაპარაკი, როგორც საქართველოს კეთილმოსურნეების, ასევე მისი მტრების ყურადღება გაათმაგებულია. დამერწმუნეთ, ამ ვითარებისგან სარგებლის მიღებას აუცილებლად შეეცდებიან ჩვენი ავის მოსურნეები. ვნახოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას კრიზისის დაძლევა, რამდენად მომწიფებული და ფუნქციონირებადია სახელმწიფო ინსტიტუტები იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის გამოწვევა ღირსეულად გადაილახოს. მოკლედ, ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ ფაზაში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.
“ხშირად დასავლელი მეგობრებისგან ძალიან ბევრს ველით, ისეთ რამეებს, რაც მათი ხელწერა არ არის. მათ სააკაშვილის შესახებ ძალიან მკაცრად განაცხადეს, რომ ელოდებიან სამართლიან სასამართლოს, სადაც ექსპრეზიდენტს ექნება საშუალება თავისი არგუმენტები წარადგინოს. ასევე გამოთქვამენ დიდ იმედს, რომ პროცესი არ იქნება პოლიტიზებული. ახლა ბურთი არის ჩვენს მხარეს და იმისდა მიხედვით, როგორი იქნება ჩვენი ქმედებები, გაკეთდება შესაბამისი შეფასებებიც და გადაიდგმება ნაბიჯებიც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ამდენი პრობლემაა, ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში ვინმე იმაზე ფიქრით იძინებს, რა ხდება საქართველოში, ძალიან ცდება, მაგრამ ამ ყველაფერს შეფასება აუცილებლად მოჰყვება. ქვეყნის მომავალი, მისი წინსვლა და შემდგომი ნაბიჯები თუ თანამშრომლობის პერსპექტივები ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული. იმაზე არ არის ლაპარაკი, უნდა დარჩეს თუ არა ციხეში. ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი პოლიტიკისგან. სამწუხაროდ, დღევანდელი სურათი ამისგან რადიკალურად განსხვავებულია”, - თვლის რესპონდენტი.
“თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი მართლაც რაღაც ახალია ქართულ პოლიტიკაში და საინტერესოც ჩანს. არ ვიცი, კონკრეტულად ეს ერთობა რა შედეგს მოიტანს. ნებისმიერი პროექტი რეალურად შეიძლება იქცეს, თუ საზოგადოება მოისურვებს. ვფიქრობ, ოდესმე უნდა მივხვდეთ - ფორმულა, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, დამღუპველია უპირველესად იმავე გამარჯვებულისთვის. საქართველოს ყველა ხელისუფლებას საბოლოოდ ერთი და იგივე პრობლემა წარმოეშვა - მის ხელში აღმოჩენილ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო. რაც უნდა ძლიერი იყოს პოლიტიკური სუბიექტი, გარკვეული დროის შემდეგ იღლება და ამ ყველაფერს ვეღარ ზიდავს. ამასთან, როდესაც გადაწყვეტილების ინკლუზიურად მიღების მექანიზმი არ არსებობს და ყველაფერი ერთი გუნდის ხელშია, შეცდომებიც მეტია. ამიტომაც არის ხოლმე, ავირჩევთ ვიღაცას გიჟური პროცენტებითა და დიდი აღტაცებით, თუმცა გავა დრო და ისევ ჩვენ ვითხოვთ მის გადადგომას”, - განმარტავს ექსპერტი.
“ხელისუფლების გაზიარება არის პასუხისმგებლობის გაზიარებაც და შეკავების პრინციპის რეალიზაციაც. ეს არის ის კულტურა, რაც უნდა ვისწავლოთ. შეიძლება ძალიანაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ მეორე მხარეს, რომელსაც მოწინააღმდეგედ თუ მტრად მივიჩნევთ, არცთუ ცოტა მხარდამჭერი ჰყავს. როდესაც ამბობ, რომ ის მეორე მხარე უნდა მოსპო, ამით უპირისპირდები საკუთარი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შენი მოწინააღმდეგის მომხრეა. ამგვარი დაპირისპირების უფლება კი ყველაზე მეტად სახელისუფლებო ძალას არა აქვს. როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, შენ ხარ მთელი ქვეყნის ხელისუფლება და არა მხოლოდ შენი მხარდამჭერებისა. ამგვარმა არასწორმა დამოკიდებულებამ შეიძლება ქვეყანა ძალიან მწვავე დაპირისპირებამდე მიიყვანოს. კეთდება უკიდურესად რადიკალური განცხადებები. ერთი შეხედვით ეს საარჩევნო პროცესის კონტექსტში ხდება, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ მეორე ტური დასრულდება და ეს ყველაფერი მორჩება. რადიკალიზაციის დონე ისეთი მაღალია, უცებ ვერ დაიწევს. კი, არჩევნები ერთ კვირაში დასრულდება, მაგრამ ამ სიძულვილისგან ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.
“პანდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა” - როდის ამოქმედდება საქართველოში “მწვანე” საშვის მექანიზმი
“ვაქცინაციის ყოველდღიური ტემპი კვლავ დაბალია, პარალელურად ქვეყანას მეხუთე ტალღა უტევს - სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ ქვეყანას ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქრება, შესაძლოა მთავრობა იძულებული გახდეს და საგანგებო მდგომარეობის მსგავსად სავალდებულო აცრები შემოიღოს. ასევე, მიიჩნევენ, რომ ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმი, რომელიც უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, შესაძლოა საქართველოშიც დღე-დღეზე ამოქმედდეს, რადგან მათი აზრით, რაღაცა გზა უნდა მოინახოს და საზოგადოების ნაწილი მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ აცრა აუცილებელია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა” - როდის ამოქმედდება საქართველოში “მწვანე” საშვის მექანიზმი.
“ამასთანავე, ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს აღარ შემოიღებს, ხოლო სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, თუმცა უარყოფილია და “ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის”. საკითხზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ კორონავირუსის ტესტი ფასიანი გახდეს, ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გახდება. “პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში “ლოკდაუნი” შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს, რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება”, - განაცხადა ცერცვაძემ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური რაოდენობა მიზერულია, ადამიანები პირველად აცრაზე თითქმის არ მიდიან. მისივე თქმით, მოსახლეობა ვაქცინაციისკენ უნდა შემობრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ერთი თვის წინ დღიურად 25-30 ათასი ვაქცინაცია გვქონდა, მოველოდით რომ ეს რაოდენობა 40 ათასი გახდებოდა, ყველა პირობაა ამისთვის შექმნილი - 2 მლნ-ზე მეტი ძალიან ეფექტური ვაქცინა, “ფაიზერის” ჩათვლით, 500-ზე მეტი ვაქცინაციის ცენტრი, მობილური ავტობუსები, მობილური ჯგუფები რეგიონებში, ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, უამრავი წამახალისებელი ღონისძიება მათთვის, ვინც აიცრება და ვინც დაარწმუნებს სხვებს, რომ აიცრან. ამის მიუხედავად, ბოლო 5 დღეა ვაქცინირებულთა რაოდენობა 4-5 ათასია, რაც მიზერულია, კატასტროფაა... ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე სამწუხარო, დაუჯერებელი რამაა. საქართველოს მოსახლეობა თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და საბოლოო ჯამში ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობა კატეგორიულად არ ამბობს უარს ხალხმრავალ ქორწილებზე, ქელეხებზე და ამას დაემატა პოლიტიკური მიზნით შეკრებები. 14-ში იყო 30 თუ 40 ათასიანი მიტინგი, მობილობა იყო, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები. ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა. სხვას რას უნდა მოველოდეთ? მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოს ფიზიკური განადგურების საშიშროება დაემუქრა, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, რომ სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს”, - დასძენს გამოცემა.
“თუ სახელმწიფოს ფიზიკური განადგურების თვალსაზრისით საშიშროება შეექმნება, ისევე როგორც ხდება საგანგებო მდგომარეობის შემოღება, ასევე შემოიღებს სავალდებულო აცრას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთ დროს არავისი უფლებები გათვალისწინებული არ იქნება, რადგან პირველ ადგილზე სახელმწიფო, ქვეყანა და სამშობლოა, რომელიც შენობებისგან კი არ შედგება, არამედ ხალხისგან და თუ ხალხი ფიზიკუირად განადგურდა, იმ მიწა-წყალს რაღა აზრი აქვს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.
“რაც შეეხება საქართველოში მწვანე საშვების მექანიზმის ამოქმედებას, რომელიც ევროპის ბევრმა ქვეყანამ შემოიღო, “რეზონანსი” საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ: “ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს”. მანამდე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტოს, ვაქცინას გაიკეთებს თუ არა. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა (როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნესგარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე), ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი ფიქრობს, რომ შესაძლოა “მწვანე საშვი” მალე ამოქმედდეს”, - წერს სტატიის ავტორი.
“აქ მწვანე საშვები ყოველ დღე შეიძლება ამოქმედდეს, რადგან თუ აცრების რაოდენობამ და ვაქცინაციის ტემპი თუ კიდევ უფრო შემცირდა, ეს ყოველ დღეა მოსალოდნელი, რადგან რაღაცა გზა უნდა მოინახოს, ამ ხალხის ტვინამდე დავიდეს, რომ აცრა აუცილებელია, ადრე სალაპარაკო ჰქონდათ, რომ ვაქცინები სერთიფიცირებული არაა, ა ბატონო, არის სერთიფიცირებული და დადასტურებულად უვნებელი. თითოეულმა მათგანმა, ვინც არ იცრება, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ საშიშროება ირგვლივ მყოფებს ექმნებათ, სახემწიფო კი ამას ვერ დაუშვებს, რადგან ეს პრაქტიკულად დანაშაულია. ცივილიზებული მეთოდებით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა მიიყვანო ადამიანი იმ დასკვნამდე, რომ აიცრას, სხვა გზა არაა, მე ვიღაცამ რატომ უნდა დამასნებოვნოს? ან მის ირგვლივ მყოფი ბავშვები თუ სხვა ადამიანები”, - მიიჩნევს ხმალაძე.
“ჯანმომ გაითვალისწინა ის, რომ აცრების ტემპი არაა ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო და ერთი წელი იმიტომ გადასწია, თორემ ერთი პერიოდი იძახდა პანდემია ერთ თვეში, ორ თვეში, ზაფხულში, შემოდგომაზე მორჩებაო, მაგრამ ვაქცინაციაზე თავიანთი მონაცემები რომ მიაწოდეს საქართველომ და სხვა ქვეყნებმა, უკვე ეს ციფრები მათემატიკურად თუ სხვა ხერხით იმ რიცხვებში გადაიყვანა, რომელსაც ახლა აცხადებს... ერთი წელიც კი არა, ეპიდემია საერთოდ არ დამთავრდება თუ ვაქცინაცია ნორმალურად არ წარიმართა, უკვე მესამე ბუსტერ დოზაზე საუბრობენ და ესენი ერთხელაც არ არიან აცრილები. მწყდება გული და მეშინია იმისა, რომ მალე შესაძლა საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა აღარ შემოვიდეს, რადგან ეს ვაქცინები თუ გაფუჭდა, მერე უკვე ამერიკა ტყუილად ამდენ ფულს არ გადაყრის ქვეყნისთვის, რომელსაც ვაქცინის მხოლოდ მიღება შეუძლია და არა გამოყენება”, - დაასკვნის ხმალაძე.
“რთულ ვითარებას ემატება ის საფრთხეც, რომ რუსეთში, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის, ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, ვირუსის უკვე კარგად ცნობილ, “დელტა” ვარიანტზე მეტად გადამდები უნდა იყოს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,აღნიშნული შტამი ახალი არაა და ის, სავარაუდოდ, “ინდური შტამის” ქვესახეობაა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინები აღნიშნულ შტამზეც იმოქმედებს. ”ვაქცინა ჯერჯერობით ყველა შტამზე ცალსახად მოქმედებს. შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილისგან იცავს. ვაქცინა სიკვდილს ამცირებს 80-90%-ით. მოსაზრება გამოითქვა, რომ საუბარია “ინდური შტამის” ქვეშტამზე. მუტაციის მცირე განსხვავებაა. არც ერთ შტამს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, მომზადება იგივეა - მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ჯერჯერობით, ყველა არსებული შტამი ვაქცინის მიმართ მგრძნობიარეა, ვაქცინა ყველაზე მუშაობს”, - განმარტა ცერცვაძემ”, - დასძენს სტატიის ავტორი.
კახა გოგოლაშვილი - “რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი?!”
“ფაქტია, ოპოზიცია კოალიციის შექმნაზე წავიდა. როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობამ” გააცნობიერა, რომ თბილისში “ოცნების” დასამარცხებლად მას რესურსი არა აქვს, 10%-იანი განსხვავება იყო და სხვა ოპოზიციური ძალების დახმარება სჭირდება. დანარჩენი პარტიების მხარდამჭერებისთვის, მაგალითად, “ლელოს” ამომრჩევლისთვის, სიტყვიერად რომ მოეწოდებინათ, მელიას მიეცით ხმაო, შეიძლება არც არავის მიეცა... ამიტომ შეეცადნენ 100%-ით მობილიზებას, ცდილობენ მელიას გარშემო გააერთიანონ სხვებიც. თუ ეს მელიას გეგმაა, გონივრულია და გამოდის, მეორე ტურისთვის შეიცვალა, ვინაიდან მანამდე მისი მოწოდებები და ქმედებები, პირიქით, ოპოზიციის დესტრუქციისკენ იყო მიმართული. ეს გამოიხატება თუნდაც მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებულ მის პოზიციაში, როდესაც ხელი არ მოაწერეს”, - აცხადებს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი?!
“სამწუხაროდ, “ნაციონალები” ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე დიდი ძალაა. სხვებმა ვერ შეძლეს მათი ნიშის დაკავება. ხაზარაძეზე რომ ამბობენ, რამდენიმე მილიონის მფლობელი ადამიანი მელიას მოადგილე რად უნდა იყოსო, ეს მხოლოდ მელიას ლამაზი თვალების გამო არ იქნება. ეტყობა, რაღაც გარანტიები მიიღო, რომ გამარჯვების შემთხვევაში მეორეხარისხოვანი ფიგურა არ იქნება და გადაწყვეტილებებს გუნდურად მიიღებენ. მის პოზიციას სხვა ახსნა არა აქვს. სააკაშვილის მოადგილეობა მონობა იქნებოდა. მელიასთან, ალბათ, ასე არ იქნება. მას თავისი სიტყვა უნდა ეთქმოდეს. თუ ასე არ იქნება, ეს კოალიციაც დაიშლება. ისე კი მეფის დროინდელ თბილისში ტრადიციულად ქალაქის თავები მაგნატები და მდიდარი ადამიანები იყვნენ, ხშირად სომეხი მაგნატებიც... ასე რომ, ასეთი მერები და ვიცე-მერები არ უკვირს თბილისს. სხვა საქმეა როგორ წაადგება. ასეა თუ ისე, “ლელოსაც” და “ნაციონალებსაც” ვიღაცამ აუხსნა, რომ კოალიციაშია მათი ხსნა. სააკაშვილზე ამას ვერ ვიფიქრებ, იმიტომ, რომ ის ყველგან პირველი უნდა იყოს და ვინც არ ექვემდებარება, მის კოალიციაში ვერ მოხვდება. თუ მას ის უპირატესობები ექნებოდა, დიდი სიამოვნებით წაართმევდა და პარტიის ლიდერობასაც თავად გააგრძელებდა. ეს აზრები, ალბათ, ახლაც აწუხებს, მეტიც, მგონი, მისი ავანტიურისტული ქმედებაც ამას ემსახურება. ეტყობა, მართლა დაიჯერა, რომ ოპოზიცია არჩევნებს იგებს და არ სურდა იმ მომენტის გამოტოვება, როდესაც გამარჯვება მის დაბრუნებას “დაჰბრალდებოდა” და აუცილებლად გამოიყენებდა ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“თუ კოალიცია გუნდურად არ იმუშავებს, სტაბილურობა გამორიცხულია. ახლა განზრახული აქვთ ყველას აზრი გაითვალისწინონ, მაგრამ საქართველოში მსგავსი განზრახვები არ ამართლებს. თუ მელიამ ხასიათი გამოაჩინა და “კამანდრობა” დაიწყო, შეიძლება ისევ დაიქსაქსონ. ალბათ, მელია გააცნობიერებს, რომ ის სააკაშვილი არ არის, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი და ქარიზმა ჰქონდა და არც ივანიშვილი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდი ფინანსური რესურსით შემოვიდა და საკმაოდ გამჭრიახია. მელიას არც ერთი ეს რესურსი არა აქვს და ამიტომ მისთვის კოალიცია ერთადერთი მაშველი რგოლია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ადრე მელია ერთი-ერთში ჰბაძავდა სააკაშვილს, თუ ასე გააგრძელა, დამარცხდება, რადგან მიშა ვერასდროს გახდება. ის ჯერ ვიღაცების დახმარებით მიაღწევდა რაღაც შედეგებს და შემდეგ მათ იშორებდა. ამიტომაც აღმოჩნდა ამ რეალობაში. ის კი არა, თავის დროზე ივანიშვილიც კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ბევრი გაყარა და პოლიტიკურად ახლა მასაც უჭირს. “ოცნება” ახლა ძალზე ერთფეროვანია და რამდენიმე ადამიანზე დგას. ალბათ, მთელ რესურსს გამოიყენებენ, რათა თბილისში გაიმარჯვონ. ამიტომ ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება. შესაძლოა კოალიციად გაერთიანების მიუხედავად, მაინც ვერ გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რადგან მოსახლეობას მსგავსი გაერთიანებების არ სჯერა. ზუგდიდში, ვფიქრობ, გადაწყვეტილია “ნაციონალების” გამარჯვება, ბათუმშიც აქვს შანსი”, - თვლის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და შეკითხვაზე - “ოპოზიციამ “დიდი შერიგება” დააანონსა. როგორ წარმოგიდგენიათ ეს?” - პასუხობს:
“ძალიან უცნაური, პოლიტიკურ კონტექსტს აცდენილი განცხადება იყო. რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი, საომარი კონფლიქტი იყო? პოლიტიკური ძალები, მმართველი გუნდი და ოპოზიცია, ერთმანეთის ოპონენტები უნდა იყვნენ. პოლიტიკაში რა საჭიროა შერიგება? უბრალოდ, პოლიტიკურმა ძალებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ. კრიტიკა პირადი შეურაცხყოფის, სარკაზმის გარეშეც შეიძლება. საზოგადოება უყურებს პოლიტიკურ ელიტას, ესენი კი ცეცხლს უნთებენ ერთმანეთს და ეს განწყობა ხალხზეც ვრცელდება. ზოგჯერ ხალხი მზად არის ერთმანეთს ესროლოს”...
“არავითარი მასობრივი ღონისძიებები, ცრემლები და ჩახუტებები არ არის საჭირო. სინამდვილეში, ყველამ იცის, რომ არც იქნება... პოლიტიკური ბრძოლის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ ძალას და მათ მხარდამჭერ მედიასაც, რომელმაც უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და შეიგნოს, რომ სამოქალაქო საზოგადოების განწყობაზე გავლენა აქვს. ზოგიერთი მედია კი სრულიად გაცდენილია ობიექტური და ცივილიზებული ჟურნალისტიკის ჩარჩოებს. დიახ, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ მათ გამოსვლაში იგრძნობა ჩაქოლვისკენ მოწოდება, ზოგჯერ პირდაპირაც. ეს არ არის ჟურნალისტიკა. პოლიტიკური სიმპათია შეიძლება გქონდეს, მაგრამ რასაც ზოგიერთი მედია აკეთებს, ამაზრზენია”, - დაასკვნის კახა გოგოლაშვილი.
“ბოლო დროს გახარია ძალიან საინტერესო ფიგურად გამოიკვეთა. ის გრძელვადიან გათვლაზე აკეთებს აქცენტს, რათა საპარლამენტო არჩევნებში უკეთესი შედეგი ჰქონდეს. თუმცა ადგილობრივშიც კარგი მხარდაჭერით სარგებლობდა. მიუხედავად ამისა, გახარია მაინც ვერ გახდება ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვა, ვინაიდან ის, ვინც პოლიტიკაში მოკავშირეებს არ ეძებს, ამ პოლიტიკურ პირობებში ძალიან გაუჭირდება. ბოლოს და ბოლოს, “ოცნებას” გაუჭირდა, ვინაიდან მთელი ოპოზიციური სპექტრი მას დაუპირისპირდა. ასეთ დროს გახარია განზე გადგა - მე არავინ მჭირდება და ჩვენი გზა გვაქვსო. ქართულ პოლიტიკაში ცალკე მდგომი კაცის გზა გამარჯვება ვერ იქნება. აუცილებლად დასჭირდება პარტნიორები, რასაც ვერ და არ გააკეთებს - “ოცნებასთან” გზა მოჭრილი აქვს, “ნაციონალებსა” და მის გარშემო შეკრებილ ძალებთანაც თავად დაწვა ხიდები. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” დასუსტდა, შანსი აქვს პარლამენტში წარადგინოს თავისი ძალა, ფრაქციაც კი შექმნას. რაც მეტად დასუსტდება `ოცნება~, მით მეტი ხალხი გადავა მის ბანაკში”, მიიჩნევს რესპონდენტი.
“მმართველი გუნდის დასუსტება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გარდაუვალია, რადგან არ ხდება განახლება, ჯანსაღი კონკურენცია აღარ არის, `შიდა პოლიტელიტა~ გაჩნდა, რომელსაც პარტია “უჭირავს”. კობახიძე და მისი რანგის პოლიტიკოსები ხალხს ყელში ამოუვიდა, მით უფრო, რომ რიტორიკას არ ცვლის, უხეშ შედარებებსა და “სისხლიან ცხრა წელს” არ ეშვება. “ოცნება” ამით თავის შეცდომებს ვერ გაამართლებს. კალაძეც კი, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და თითქოს ბევრად გაწონასწორებული ჩანდა, კობახიძის სტილზე გადავიდა, რაც ძალიან საწყენია. ის კამპანია, რომელსაც გახარიას წინააღმდეგ აწარმოებდნენ, შეცდომა იყო. იმიტომ კი არ დაკარგეს ხმები, რომ გახარიამ უღალატა, თავად გამოაცხადეს მტრად იმის გამო, რომ პარტიიდან წავიდა, თავისი შექმნა. ანუ ხალხმა დაინახა, როგორც კი “ოცნებიდან” ერთ ნაბიჯს გადადგამ, ზიზღის ობიექტი ხდები. გადაცდომები ახასიათებს ღარიბაშვილსაც, განსაკუთრებით საგარეო ასპარეზზე - ევროპარლამენტარებზე თქვა, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მათი ჩარევა უადგილოაო. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვაქვს დადებული და სრული უფლება აქვთ შენიშვნა მოგვცენ. თუ ჩვენი ხელისუფლება ასე გააგრძელებს, პარტნიორები ქვეყანას კი არ მიატოვებენ, ოპოზიციის მხარდაჭერაზე გადაერთვებიან”, - დასძენს გოგოლაშვილი.
რაციონალიზმი თუ ემოციები - რა კრიტერიუმებით ირჩევს საზოგადოება
“ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური წინასაარჩევნო კამპანიის მხრივ რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა - ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ინიციატივები, რომლებსაც ოპოზიცია და ხელისუფლება ახმოვანებს მხარეებისთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ბრძოლა პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდა, პრობლემების მოგვარებამ კი უკანა პლანზე გადაიწია. ანალიტიკოსების ნაწილი კი აცხადებს, რომ 30 ოქტომბერს გამოჩნდება, ამომრჩეველში რაციონალიზმის განცდა იმძლავრებს, თუ ემოციები, რადგან ოპოზიციის კოალიციური მთავრობა ემოციებზეა გათვლილი, ხოლო მმართველი გუნდი “კონკრეტულ ციფრებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაციონალიზმი თუ ემოციები - რა კრიტერიუმებით ირჩევს საზოგადოება.
“ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს მედიკამენტებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს ჰპირდება. მისი თქმით, თბილისში ასეთი საჭიროების 40 ათასი სოციალურად დაუცველია. ასევე, პროგრამა “არც ერთი უსახლკარო თბილისელი”, რომლის ფარგლებში მერობის კანდიდატიმომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ოთხასი უსახლკარო ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას აპირებს. ის ასევე, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებისთვის შესაბამისი სერვისების განხორციელებაზე საუბრობს, მათ შორის სხვადასხვა სივრცეების, ცენტრებისა და ჰაბების მოწყობაზე. აგრეთვე, დასასვენებელი პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციის პროცესების გაგრძელებაზე. იგი იმ სტუდენტთა ყოველწლიური რაოდენობის გაორმაგებასაც გეგმავს რომლებიც უცხოეთში მერიის დაფინანსებით ისწავლიან. რაც შეეხება ენმ-ეს კანდიდატს ნიკა მელიას, თუ მას აირჩევენ, ყოველწლიურად 100 სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მერიის დაფინანსებით ისწავლოს. ამასთან, აცხადებს, რომ თბილისის საჯარო სკოლებში უფასო კვების საკითხს უზრუნველყჰოფს დათბილისელ პენსიონერებს ყოველთვიური დანამატი 100 ლარის ოდენობით ექნებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ რასაც ერთი, ან მეორე მხარე ახმოვანებს მათთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ყველაფერი უკვე პოლიტიკურ სივრცეშია გადასული და კონკრეტულად ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირებული არაა. “რომელი ქალაქის მაგალითზეც გინდათ, ვისაუბროთ, არჩევნების მეორე ტურში ორივე მხარე პოლიტიკურ თემებზე და პოლიტიკურ არასტაბილურობაზე ლაპარაკობს და არა იმაზე თუ ვინ რისი გამკეთებელია და ამომრჩეველს რას სთავაზობს. ინიციატივები, რასაც ერთიც და მეორე მხარეც ახმოვანებს, მეორეხარისხოვანია, მათ წინასაარჩევნო შეხვედრებში ძირითადი მესიჯი “ქართული ოცნებიდან” არის “არ დავუშვათ “ნაცმოძრაობის” დაბრუნება, თორემ დაანგრიეს ქვეყანა და კიდევ დაანგრევენ” და ენმ-დან-“თუ ივანიშვილი არ გადავირჩიეთ, ყველაფერს დავკარგავთ”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “ეს მოცემულობაა და რა დაპირებებზეა ლაპარაკი”, - განაგრძობს გამოცემა.
“ორივე მხარემ იცის, რომ პენსიის ასლარიანი მატება, ან ხუთას ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი გარნირის სახითაა წარმოდგენილი, იციან, რომ რაღაც ასეთი დაპირებებიც უნდა იყოს, მაგრამ მათთვის ახლა ეს პრიორიტეტი არაა. ახლა ყველაფერი პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდა, ბრძოლა პოლიტიკაში მიდის და არა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის. ორივე მხარე იმისთვის იბრძვის, რომ ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს. თავად ამომრჩეველი რომ ითხოვდეს ქალაქისთვის, ან სოფლისთვის რამე გააკეთონ, მაშინ ორივე მხარე იძულბული იქნება, კამპანია სხვაგვარად წარმართოს. კალაძე პირველ ტურში მართლა პრობლემებზე ლაპარაკობდა, სხვა საკითხია რამდენად კომპეტენტური, რეალური,ან მისაღებია, მაგრამ პირველ ტურში მთელი მისი საარჩევნო კამპანია თბილისზე და ადგილობრივ პრობლემებზე იყო მიმართული. აღმოჩნდა, რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, შემდეგ ჩათვალა, რომ ეს ამომრჩევლის მობილიზაციისთვის საკმარისი არააო, ამიტომ ყველაფერ ამას თავი დაანება და ახლა საუბრობს, რომ “ნაციონალები” მოვლენ და ქვეყანა დაინგრევა. რაც შეეხება მელიას, ჯერ ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა 43%-იან ბარიერისთვის უნდა ებრძოლათ, თუ ადგილებზე გამარჯვებისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“მოცემულობა ესაა, ადგილობრივი არჩევნები პოლიტიკურ ფერებშია გადასული, ეს რეალურად ცენტრალურ ხელისუფლებას სულაც არ ეხება, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა თვლის და მათ შორის ამომრჩეველიც, რომ ამ არჩევნებში თუ ოპოზიციამ რაღაცას მიაღწია, სააკაშვილი ციხიდან გამოვა, რიგგარეშე არჩევნები იქნება და ა.შ. იგივეს გვეუბნება “ოცნებაც”, რომ თუ წავაგეთ, იქნება არეულობა ქაოსი და ა.შ.” - განმარტავს ძაბირაძე. აღნიშნულ საკითხზე “რეზონანსთან” “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამაც ისაუბრა, მისი აზრით, პირველთან შედარებით მეორე ტურში პარტიები დაპირებებზე არიან კონცენტრირებულები, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა დაგვიანებულიც იყოს”, - დასძენს გამოცემა.
“პირველ ტურში საგნობრივი და რაღაც საკითხებზე კონცენტრირებული განხილვები საერთოდ არ იყო და როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან ძირითადად ნეგატიური კამპანია იყო. მეორე ტურის წინ კი გამოჩნდა, რომ მაგალითად ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ ნეგატიური კამპანიიდან უცებ ეს დაპირებები შემოგვთავაზა, ანუ ის რასაც წესით უნდა აკეთებდნენ და რასაც პარტიებისგან საზოგადოება ელოდება. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", თავიდან დაპირებებით დაიწყეს და ბოლოს ნეგატიურ კამპანიაზე გადავიდნენ, ტემპერატურა ძალიან ასწიეს. არ ვიცი, ეს შედეგზე გავლენას რამდენად მოახდენს, მაგრამ ამ თვალსაზრისით გარკვეული მორალური უპირატესობა ოპოზიციის კანდიდატს აქვს, რადგან მან ბოლო მომენტში ნეგატიური კამპანიისგან ეს შესთავაზა, თუმცა, ეს რამდენად ძალიანაა დაგვიანებული, რთული სათქმელია. ოპოზიციური ერთობა, რომელიც დაანონსდა, ზოგადად ძალიან კარგი და მისასალმებელი იდეაა, მაგრამ რამდენად დროული იყო, ამას ალბათ არჩევნების შედეგები გვაჩვენებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“სტრატეგია, რომელიც კალაძემ თავიდან შეარჩია, ეს იყო ნეგატიური და ეგრევე მიხვდნენ, რომ ეს მოგებიანი არ იყო. აქედან გამომდინარე შეცვალა დაპირებებით, ეს იყო პასუხი ნიკა მელიას ამ შემოთავაზებაზე, ამას საზოგადოება როგორ აღიქვამს და ამომრჩეველი როგორ შეაფასებს, მალე ვნახავთ”, - ამბობს კაკაჩია. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ელექტორატისთვის კოალიციის შეთავაზება, უფრო ამომრჩევლის ერთი სეგმენტის ემოციურ აღქმებზეა გათვლილი, რაც შეეხება თბილისის მერის პროგრამას, ის კონკრეტულ გათვლებზე და ციფრებზეა დამყარებული”, - წერს სტატიის ავტორი.
“ალბათ ამომრჩეველი განსჯის ამა თუ იმ პარტიის პროგრამა რამდენად ღირებულია, ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველომა გუნდმა და თბილისის მერმა თავისი ხედვები წარმოადგინა იმის თაობაზე, თუ მას ქალაქის განვითარება როგორ წარმოუდგენია, რაც შეეხება ოპოზიციის გეგმას, მე პირადად ასეთი გეგმა ვერ ვნახე, გარდა იმისა, რომ მათ კოალიციური მთავრობა შესთავაზეს. ოპოზიციის ძირითადი შეთავაზება ესა, რომ კოალიციური მთავრობის მეშვეობით თბილისის პრობლემების მოგვარებას მოახერხებენ, ვიღაცის თვალში შესაძლოა ეს მომგებიანი იყოს, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქალაქში და ზოგადად ამომრჩეველში ცვლილებების მოთხოვნილებაა, მაგრამ აქ მეორე ფაქტორია, რომ ამომრჩევლის თვალში ეს კოალიცია მოსალოდნელ ცვლილებებთან რამდენად ასოცირდება. შესაძლოა ამომრჩევლისთვის ეს არაა ის შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებები მოიტანოს და ესაა უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალა ანჯაფარიძე.
“საერთოდ ჩვენი ამომრჩეველი ემოციურია და გადაწყვეტილებებს ძირითადად ემოციებზე დაყრდნობით იღებს, ვიდრე კონკრეტულ პროგრამებზე და ფაქტებზე. აქედან გამომდინარე, კოალიციის შეთავაზება, როგორც რაღაც ახლის მომტანი, უფრო ამომრჩევლის ერთი სეგმენტის ემოციურ აღმებზეა გათვლილი. რაც შეეხება თბილისის მერის პროგრამას, ის კონკრეტულ გათვლებზე და ციფრებზეა დამყარებული, არჩევნების შედეგები კი გვიჩვენებს, რაციონალიზმის განცდა იმძლავრებს თუ ემოციები გადასძალავს”, - დაასკვნის ანჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძე - “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე დღეს მელიაა, ჩვენ მასთან შევთანხმდით, სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე”
“არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი პარტიის ან სხვა პარტიის მხარდამჭერს ეთქვას, რომ მხარს უჭერს ერთპარტიულ მმართველობას. ჩვენ ვართ მრავალპარტიული მოდელის მხარდამჭერები და მონაწილეები. დიახ, ჩვენს ელექტორატში არიან მოქალაქეები, ვისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ მათთვის “ნაცმოძრაობა” პრინციპულად მიუღებელია ერთპარტიული მმართველობის პირობებში. “ნაცმოძრაობა” არსებობს პოლიტიკურ ველზე და ის ვერ გაქრება”, - აცხადებს `ლელოს~ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე დღეს მელიაა, ჩვენ მასთან შევთანხმდით, სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე”. “ხალხს უკვე მძაფრი პროტესტი აქვს “ოცნების” ერთპარტიული მმართველობის მიმართ. ალტერნატივა რა არის? მრავალპარტიული მოდელი. ასეთი მოდელი კი ნიშნავს იმ პოლიტიკური ძალების შეთანხმებას, რომლებიც დღეს ქმნიან პოლიტიკურ ველს, პოლიტიკურ ველზე კი არიან “ნაცმოძრაობაც”, “ლელოც”, “დროაც” და “გირჩიც”... რაც შეეხება "მოადგილეობის სურვილს" - რა შუაშია, საქმე ეხება დედაქალაქის ერთობლივ მართვას. ათი გამგებლის კანდიდატიდან ხუთი “ლელოს” წარმომადგენელია. ხაზარაძის მთავრობაში ყოფნა პირდაპირ ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციებს. საქმეში თავიანთ წვლილს შეიტანენ ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარიაც. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ვის რა გვინდა, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სჭირდება თბილისს. საჭიროა ერთობლივი მართვა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის გაკონტროლების საშუალება ექნებათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.
“კოალიციური მმართველობის გამარჯვებისთანავე მერი დაუყოვნებლივ დანიშნავს მოადგილეებს და ისინი შეუდგებიან მუშაობას. `ოცნება~ თუ საბოტაჟის გზას აირჩევს, მერიის მუშაობას მაინც ვერ შეაფერხებს. მერი ნიშნავს თავის მოადგილეს. საკრებულოს შეუძლია არ დაამტკიცოს, მაგრამ ის ერთხანს მაინც აგრძელებს მუშაობას. სამი თვის შემდეგ მერი კვლავ წარადგენს იმავე კანდიდატურას იმავე ან სხვა პოზიციაზე. მერის დანიშნული მოადგილეები იმუშავებენ მანამდე, სანამ საკრებულოში “ოცნება” უმცირესობად არ გადაიქცევა”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ახალი ოპოზიციური კოალიციის პრეზენტაციაზე არავინ ახსენა სააკაშვილი” , - პასუხობს:
“ჩვენ ვსაუბრობთ თბილისის მრავალპარტიულ მმართველობაზე, სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიკური მართლმსაჯულება კი სულ სხვა საკითხია. “ქართული ოცნების” ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ ამ თემების ერთმანეთში აღრევას, რათა ამომრჩეველი დააბნიონ. დედაქალაქის ერთობლივ მართვაზე შევთანხმდით ის პარტიები და ლიდერები, რომლებიც პრეზენტაციაზე წარვდექით საზოგადოების წინაშე. სააკაშვილის პატიმრობა და პოლიტიზებული მართლმსაჯულება სულ სხვა პრობლემაა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაიჭრება. ჩვენ წინ თვითმმართველობის მეორე ტური გველის, სადაც ოპოზიცია მრავალპარტიული მართვის მოდელებით წარდგება”.
“ჩვენ ახლა ერთპარტიულობა უნდა დავამარცხოთ და დავასრულოთ “ოცნების” ჰეგემონია. არავინ ამბობს, რომ “ოცნება” პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს, არა, უბრალოდ, ერთპარტიულობა უნდა დასრულდეს. იმ ქალაქებში, სადაც “ნაცმოძრაობის” ან სხვა ოპოზიციური პარტიის კანდიტატები მეორე ტურში გადავიდნენ, მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ მრავალპარტიული მართვის მოდელი და მივცეთ შედარების გაკეთების საშუალება. გვერდზე უნდა გადავდოთ, პარტიული, კერძო, პიროვნული ინტერესები და საერთო საქმეზე ვიფიქროთ. რაც შეეხება კითხვას, ამგვარი კოალიციის შექმნის შესაძლებლობის თაობაზე სააკაშვილი ციხეში რომ არ იყოს, - “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე დღეს მელიაა. ჩვენ მასთან შევთანხმდით. სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე, ის უკრაინის მოქალაქეა და საპატიმროშია. ნიკა მელიას სურვილი რომ არ ყოფილიყო მრავალპარტიული მოდელი და გამგებლების პოზიციებზე სხვა პარტიების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ დომინანტურად, ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა. ეს მოცემულობა მიუთითებს, რომ ნიკა მელია ახალი თაობის პოლიტიკოსია”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე.