ცესკო-ს თავმჯდომარე - მერის არჩევნების ნაწილში გადათვლილია 194 უბნის შედეგი და 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა - საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა

ამ დროისთვის, მერის არჩევნების ნაწილში სულ გადათვლილია 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების ნაწილში გადათვლილია 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ტურის შემდეგ სულ 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დანიშვნის დღიდან 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის არჩევნები მაღალი სტანდარტებით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მიუკერძოებლად ჩატარებულიყო. მიუხედავად მცირე დროისა, ადმინისტრაციამ შეძლო და ჯერ კიდევ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაითვალისწინა და განახორციელა საარჩევნო რეფორმის ყველა ის სიახლე და ცვლილება, რომელიც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტით. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. სწორედ საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში, სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყველა საარჩევნო ოლქში.

საარჩევნო კომისიებმა ზედმიწევნით დაიცვეს კანონის ეს წესი და 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი. აქვე აღვნიშნავ, რომ საერთო ჯამში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ სულ გადავითვალეთ 812 უბანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით. უახლესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების გადათვლა პირველი და უპრეცედენტო შემთხვევაა. საარჩევნო ადმინისტრაციამ, რა თქმა უნდა, მეორე ტურის შემდეგაც ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგებზე ამას გავლენა არ მოუხდენია. გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა.

ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება მიგვემართა საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, არჩევნების მეორე ტურზე ვიდეოფიქსაციის ჩანაწერების არ არსებობის გამო, ორზე მეტ საარჩევნო უბანზე ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულიყო 2-2 უბანი და მომხდარიყო მათი მონაცემების გადათვლა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლებია, ცხადია, ავტომატურად განხორციელებულიყო ყველა მათგანის გადათვლა. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ ამ დროისთვის გადათვლილი 201 საარჩევნო კომისიის შედეგები. მინდა აღვნიშნო, რომ მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებს - გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა, ხოლო საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ 5 ხმა“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა