ეკა ხერხეულიძე - ელენე  ხოშტარიას აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან, ამას თუ შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით

ელენე ხოშტარიას აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან, თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს პარლამენტში განაცხადა.

ხერხეულიძის შეფასებით, შესაძლებელია ელენე ხოშტარიას შიმშილობაში სხვა კოლეგებიც შეუერთდნენ, თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

,,ელენეს ნაბიჯი არის მამაცური მოქმედება როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის. ვუცხადებ სოლიდარობას და მომწონს ბრძოლის ეს ფორმა. თუ მკითხავთ რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გეტყვით, რომ მაქვს კონკრეტული საქმეები, რომელიც ვერავის გადაბარდება და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. შესაძლებელია ელენეს შეუერთდნენ სხვა ადამიანებიც, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგებიც, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას.

ელენეს, როგორც ერთი ინდივიდის ბრძოლა არის მისასალმებელი და დასაფასებელი. სწორედ ასეთი მოქმედებებით ყველანაირი გზა უნდა მოვძებნოთ, რომ დასრულდეს ეს რეჟიმი. ამ საკანონმდებლო ორგანომ დაკარგა თავისი ფუნქცია. მინდა შევახსენო თანამშრომლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაიყვანონ ელენე აქედან, ელენეს აქვს დეპუტატის უფლებამოსილება, ამიტომ ვერ გაიყვანთ შენობიდან. თუ ამას შეეცდებით კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდით, რომ დეპუტატი ოთახში შიმშილობს. თუ შეეცდებით გაყვანას, მოჰყვება რეაქცია, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

დეპუტატის თქმით, თუ ხელისუფლება გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანს, ელენე ხოშტარია შიმშილობას შეწყვეტს და მათი მხრიდან ,,პრობლემა არ იქნება”.

,,ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ აუცილებელია მესამე პრეზიდენტი, რომელიც კვდება და 34-ე დღეა შიმშილობს, აუცილებელია გადაიყვანონ კლინიკაში სამკურნალოდ. ეს გონივრული გადაწყვეტილება თუ იქნება, ელენე იმ დღესვე შეწყვეტს შიმშილობას, ამიტომ პრობლემა ჩვენი მხრიდან არ იქნება”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა