ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2021

საქართველო მსოფლიო ინფლაციის ახალი ტალღის დარტყმის ქვეშ - ფასების მოთოკვა მინიმუმ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება

მიდის თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის დეპორტაციაზე უკრაინა-საქართველოს შორის

სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ სპეციალისტები “კორონაგენოციდზე” ალაპარაკდნენ

თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე

* * *

საქართველო მსოფლიო ინფლაციის ახალი ტალღის დარტყმის ქვეშ - ფასების მოთოკვა მინიმუმ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება

“საქართველომ ვერა და ვერ შეძლო მაღალი ინფლაციისთვის თავის დაღწევა. პირიქით, ქვეყანაში პროდუქციაზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს კარგა ხანია 4-ჯერ გადააჭარბა და ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია. ამ ფონზე კი, მოლოდინი კიდევ უფრო უარესია, რადგან ფასების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანო (ეროვნული ბანკი) ვერაფერს ახერხებს. ქვეყანაში პროდუქცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდებოდა. მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია და დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა კიდევ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მსოფლიოში ინფლაციის ახალ ტალღას ელიან და საქართველო მორიგი დარტყმის ქვეშაა / ფასების მოთოკვა მინიმუმ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება.

“როგორც ექსპერტი სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს, ის მდგომარეობა, რაც ახლა ქვეყანაშია, ძალიან ცუდია. “ბოლო დროს მსოფლიოში განსაკუთრებით დიდი სისწრაფით ძვირდება ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა ენერგომატარებლები, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ენერგომატარებლები ძვირდება, ცხადია, ის იწვევს ყველაფრის გაძვირებას, შესაბამისად, აისახება ფასებზე და არის კიდეც მაღალი ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, რაც ვერ დავინახეთ. ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, შევხედოთ საწვავის ფასებს, მოსალოდნელია გაზის გაძვირებაც, რაც უკვე ითქვა კომერციულ ტარიფთან მიმართებით. ამას თავისთავად ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის ზრდა მოჰყვება. იმავდროულად იმოქმედებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ექსპორტის შემცირება და ამან კიდევ უფრო ძლიერად “დაარტყას” ინფლაციას და საბოლოო ჯამში, ცხოვრების დონე მკვეთრად გააუარესოს”, - თქვა სიმონიშვილმა, რომლის აზრით, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, მალე გამოსწორდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეროვნული ბანკი პირდაპირ ფასებზე ვერ იქნება პასუხისმგებელი, რადგან ეს არ არის მის კომპეტენციაში, თუმცა შეულია გარკვეული კორექტირება. ერთ-ერთი არის ის, რომ გააიაფოს კრედიტი, განსაკუთრებით საინვესტიციო, რაც გამოიწვევს წარმოების ზრდას და ადგილობრივი პროდუქციის სამომხმარებლო ბაზარზე მოჭარბებას. საბოლოოდ, ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავალს და მერე უკვე შეამცირებს ინფლაციას. თუმცა, ეროვნული ბანკი მოქმედებს ყოველთვის პირიქით, აძვირებს კრედიტს და ცდილობს, რომ ინფლაცია შეამციროს ფულის მასის რაოდენობით, რასაც აქვს მხოლოდ დროებითი ეფექტი და გრძელვადიან პერიოდში იწვევს უკუეფექტს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო სიმონიშვილი.

“ისედაც მძიმე პერიოდში, ქვეყანა წლის ბოლოს კიდევ უფრო რთულ, ინფლაციურ წნეხში მოექცა. სამწუხაროა, თუმცა მთავრობა და ეროვნული ბანკი მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან და მდგომარეობის გამოსასწორებლად ჯერაც არაფერს აკეთებენ. ეროვნული ბანკი კატასტროფულად მაღალ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვის, რასაც ფაქტია, შედეგი არ აქვს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, მონაცემები საგანგაშოა, რაც ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. “ინფლაცია, რაც ბოლო პერიოდში გვაქვს, ნამდვილად საგანგაშოა, რადგან ის რეალურად ამცირებს თითოეული მოქალაქის შემოსავლებს და ხალხს რჩება ნაკლები თანხა. რასაკვირველია, მსოფლიოშიც ყოველთვის იყო ინფლაციური პროცესები, თუმცა იქაური ინფლაციური ტენდენციის ზეგავლენა შესაძლოა, მაქსიმუმ 2% იყოს, ხოლო, რაც ჩვენ გვრჩება, 8% და მეტია, რაც მოქალაქეებისთვის მძიმეა. წლის ბოლოა, შესაბამისად, სადღესასწაულო განწყობებიდან და მოთხოვნილებიდან გამოდინარე, პროდუქციაზე ისედაც იზრდება ფასები”, - ამბობს გერლიანი. მისივე თქმით, “ამიტომ ლოგიკურია, რომ მომავალი თვეებისთვის პროგნოზი კარგი არ იქნება, რადგან მაჩვენებელმა შესაძლოა, 14-იან ნიშნულსაც კი გადააჭარბოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ინფლაცია არა მხოლოდ, საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც შეინიშნება, რაც თავისთავად ქვეყანაში შემოტანილ პროდუქტზე მოქმედებს. მსოფლიო ბაზრების ანალიტიკოსების ინფორმაციით, ტოტალური გაძვირების მიზეზი ხორბლის მაღალი ფასია, რაც გავლენას სხვა კატეგორიის საკვებ პროდუქტებზეც მოახდენს. კერძოდ, ჩიკაგოს საფონდო ბირჟაზე, 2012 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ერთი ბუშელი ხორბლის საბაზრო ღირებულებამ 8 დოლარს გადააჭარბა, მარტის ფიუჩერსები 8,08 დოლარამდე გაიზარდა. ხორბლის ფასი ზედიზედ მეექვსე თვეა იზრდება, ხოლო მხოლოდ ოქტომბერში ის 6,5%-ით გაიზარდა. სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ მარცვლეულზე ფასების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს უკვე სხვა საკვები პროდუქტების მატებაც მთელ მსოფლიოში. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, მოსალოდნელია ადგილობრივ ბაზარზე ფასების კიდევ უფრო მომატება, თუმცა როდისთვის მოხდება ეს, ჯერ ცნობილი არ არის”, - დასძენს გამოცემა.

“ფასები მსოფლიოში ყველაფერზე იზრდება. 2 მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოში პროდუქტის ფასზე აისახება, გლობალური ფასი და ლარის კურსია. შესაბამისად, ვიღებთ იმ მოცემულობას, როგორიც დღეს სამომხმარებლო ბაზარზეა. ველოდებით, რომ ფასები მოიმატებს, მაგრამ რა მაჩვენებლით და კონკრეტულად რა პერიოდიდან, ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ფასები მიბმულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ბოლო 2 წლის განმავლობაში მხოლოდ აღმავალი ტრენდია ფასებში. ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე საწვავის ფასსაც, რაც ასევე მაღალი მაჩვენებლითაა გაძვირებული, ხოლო ლოგისტიკა პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული. გასათვალისწინებელია რეგიონის ფაქტორიც, თურქული ლირა უფასურდება, ეს ტენდენცია თუ დიდხანს გაგრძელდება და იქ დაიწყება ფასების შემცირების პროცესი, ამას ქართული ბაზარიც იგრძნობს”, - აცხადებს ივა ჭყონია და მიიჩნევს, რომ “ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა დავიცვათ ეროვნული ვალუტა და ლარიც არ მიჰყვეს ლირას, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა”, - წერს სტატიის ავტორი.

მიდის თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის დეპორტაციაზე უკრაინა-საქართველოს შორის

“ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული ვითარების გამო, რომელიც გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტორით არის განპირობებული, სულ უფრო ხშირად ისმის, თითქოს არსებული ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება იყოს ექსპრეზიდენტის უკრაინაში დეპორტაციის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ანალიტიკოსთა ნაწილი, ამ იდეას ემხრობა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილს იმ რეალობის გაცნობიერება მოუწევს რასაც ქართულ ციხეში 6-წლიანი პატიმრობა ჰქვია. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ დეპორტაციაზე უკვე მიმდინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები საქართველო-უკრაინას შორის. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი არარეალურს უწოდებს სააკაშვილის დეპორტაციის საკითხს და მიიჩნევს, რომ ის არსებულ მწარე რეალობას უნდა შეეგუოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მიდის თუ არა მოლაპარაკებები სააკაშვილის დეპორტაციაზე უკრაინა-საქართველოს შორის.

“პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის დეპორტაციის საკითხი ერთ-ერთი ვერსიაა და ამის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, არა ამ ეტაპისთვის. მე მგონია, რომ მმართველი ძალა აკვირდება მოვლენებს, თუ რამდენად ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში და რამდენად ძლიერი საპროტესტო მუხტი იქნება. „თუ აქციებზე უამრავი ადამიანის მობილიზება მოხდება და ეს გამოსვლები არა მარტო თბილისში არამედ სხვა ქალაქებშიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, ვფიქრობ გაჩნდება შესაძლებლობა, სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება გახორციელდეს. აღნიშნულით დაინტერესებულია თავად უკრაინაც, ამ ქვეყნის უმაღლესი რანგის დეპუტატებმაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ექსტრადირების სკითხზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუმცა ამ ეტაპისთვის დღის წესრიგში, არ დადგება მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს მოწოდებები შიმშილობის შეწყვეტაზე. იმედია სააკაშვილი შეწყვეტს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ის მითი, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდეს, არაერთხელ გაჟღერდა ქართულ და უკრაინულ მედიაში. მაგრამ, მას მოუწევს იმ რეალობის გაცნობიერება, რასაც ქართულ ციხეში 6 წლით პატიმრობა ქვია. მის დეპორტაციასა და ექსტრადიციას არავინ მოითხოვს. ასეთია მწარე ფაქტი სააკაშვილისთვის. სხვა რა მოვლენები განვითარდება პოლიტიკურად და იურიდიულად, საინტერესო არ არის”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ სპეციალისტები “კორონაგენოციდზე” ალაპარაკდნენ

“კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მალე საგანგაშო რიცხვს მიუახლოვდება, სავარაუდოდ საველე ჰოსპიტლებიც გაიხსნება და აცრაც სავალდებულო გახდება კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებისთვის. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ სპეციალისტებმა უკვე ტერმინ “კორონაგენოციდის” გამოყენება დაიწყეს. როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი დევი ტაბიძე აცხადებს, მოსახლეობას საგანგაშო სტატისტიკამ უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ სპეციალისტები “კორონაგენოციდზე” ალაპარაკდნენ - კიდევ რას პროგნოზირებენ მედიკოსები.

“ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელ ახალ შტამს წარმოშობს კიდევ, არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულები არ ვიქნებით, შესაძლებელია დღეში 7 000 ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება”, - განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა, თუმცა არსებობს რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა, რადგამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები სწრაფად მძიმდებიან, მედპერსონალის ადამიანური რესურსები ამოწურვადია, იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე და ჯამში ამ ფაქტორების გათვალისწინებით არ გამორიცხავს საველე ჰოსპიტლების ისევ გახსნის საჭიროებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ექსპერტი არსებული ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს. “თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არაა. ამ მომენტისთვის ამის აუცილებლობა არ დგას, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება... ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ. უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან უწევთ კონტაქტი”, - აცხადებს ტაბიძე, რომლის თქმით, “სამედიცინო პერსონალი ვალდებულია აიცრას”, - დასძენს გამოცემა.

თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე

“პერმანენტული აქციების სერია კონკრეტულ შედეგებში თუ არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” გეგმებს ქვეყნის მასშტაბით აქციების მოწყობასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მიერ საპროტესტო აქციების გეგმა 31 ოქტომბერს პარლამენტის წინ გაჟღერდა. პირველი აქცია ბათუმში იმართება და მთავრდება 6 ნოემბერს თბილისში. ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციისთვის, რომელიც ქუჩის აქციების მეორე წრეზე მიდის, ეს სტრატეგია შედეგის მომტანი ვერ იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თუ “ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე მიილევა - ზაალ ანჯაფარიძე.

“სააკაშვილის ეს ქმედება არის უპრეცედენტო პოსტაბჭოთა სივრცეში. უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოდის სხვისი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ და იწყებს ქმედებას, სურს დაამხოს არსებული ხელისუფლება. გაგიგიათ ასეთი პრეცედენტი სადმე? ამ აქციების სერიების პოლიტტექნოლოგიური მხარე არის ის რეცეპტი, რომელსაც სააკაშვილი იყენებდა 2003 წელს, როცა რევოლუციას აწყობდა. თავისებურად კითხულობენ ეუთოს დასკვნას, ასე იყო 2003-შიც. თავის გარშემო ცდილობენ შემოიკრიბონ სხვა სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობოები; ცნობილი სახეები, რომ ამან საერთო სახალხო სახე მიიღოს, როგორც ეს იყო 2003 წელს; ანუ მოაწყოს მორიგი სახალხო იმიტაცია. ის წერილები, რომელიც ციხიდან იგზავნება, ასევე ემსახურება მხადამჭერების მობილიზაციას. ვნახოთ, რამდენად გამოუვათ. ამ წერილების ინტენსივობა ერთ კითხვასაც აჩენს მის შიმშილობასთან დაკავშირებით...”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“რაც შეხება ამ აქციების შედეგებს, აქციების ჩატარებას რესურსი სჭირდება, ასევე საკითხავია, არის თუ არა ხალხი მოწადნებული მონაწილეობა მიიღოს განგრძობად პროტესტში. იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები კონკრეტულ შედეგში არ გადაიზარდა, ძალიან მძიმედ დასრულდება “ნაცმოძრაობისთვის” და ზოგადად ოპოზიციისთვის. მე ვფიქრობ, რომ თუ “ქართული ოცნება” ჭკვიანად მოიქცევა და არ წამოეგება პროვოკაციებს, ეს აქციები მალე გახდება მილევადი”, - დასძენს ზაალ ანჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა