ქართული პრესის მიმოხილვა 05.11.2021

"ჯანსაღი“ ოპოზიციის ძიებაში - შეიძლება თუ არა "ოცნებამ“ ასეთად გახარიას პარტია მიიჩნიოს

საქართველოში "მწვანე პასპორტები“ შემოდის - რა შეღავათები ექნებათ აცრილებს და რა შეზღუდვები დაუწესდებათ აუცრელებს

***

"ჯანსაღი“ ოპოზიციის ძიებაში - შეიძლება თუ არა „ოცნებამ“ ასეთად გახარიას პარტია მიიჩნიოს

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებს კვლავ ისინი მოიგებენ, რადგან ქვეყანაში არ არასებობს „ჯანსაღი ოპოზიციური პარტია" რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. თუმცა, ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის შესაძლოა ასეთი პარტია გიორგი გახარიას გუნდი აღმოჩნდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ჯანსაღი“ ოპოზიციის ძიებაში - შეიძლება თუ არა "ოცნებამ“ ასეთად გახარიას პარტია მიიჩნიოს

"აზრი, რომ ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიციური პარტია, ახალი არ არის. ადრეც ხშირად გაგვიგია „ქართული ოცნებიდან" მსგავსი რამ. "ნაცმოძრაობა" დესტრუქციული ძალაა, ამიტომ სასურველია კონსტრუქციული ოპოზიცია იმისთვის, რომ თავად „ქართული ოცნებაც" წინ წავიდეს და გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი. თუმცა, არის თუ არა მსგავსი რამ შესაძლებელი, ეს მომავალში გამოჩნდება. „დღეს საკმაოდ სუსტია პოლიტიკური სპექტრი, რადგან ძირითადად უფრო „ნაციონალურ მოძრაობაზეა" მიწებებული. ეს სუსტი ნაწილი ვერ შექმნის სასურველ მდგომარეობას. კონკურენტუნარიან პარტიად გარკვეულწილად, შესაძლოა გიორგი გახარიას პარტია ჩაითვალოს. მაგრამ, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ „მოღალატე" პარტიასთან არ ითანამშრომლებენ. ბუნებრივია, ბევრი პარტია აღმოჩნდება მიუღებელი „ქართული ოცნებისთვის" და ძალიან ძნელი იქნება მისაღები პარტიული ჯფგუფის პოვნა. „ოცნება" არ აყალიბებს სპექტრს, თავად პარტიები უნდა ჩამოყალიბდნენ. მერე კი ხელისუფლებამ გადაწყვიტოს, ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან არა. „ჯერჯერობით ბუნდოვანია გახარიას პარტიის მდგომარეობაც და თავად გახარიას პარტიაში გამეფებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილიც არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა დრო გვიჩვენებს 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენად ჩამოყალიბეული იქნება აღნიშნული პარტია „ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიად", - განაცხადა საყვარელიძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ამოცანა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიებით მთლიანად ჩანაცვლება უნდა იყოს. კობახიძის თქმით, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, მანამ საქართველოში პარტიული და პოლიტიკური სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება და მოსვენება საზოგადოებასაც არ ექნება. „რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, აქ პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ მე ვიტყვი რა უნდა იყოს ჩვენი ამოცანა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე - ნაცმოძრაობა მთლიანად ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიებით ოპოზიციურ სივრცეში, ეს სჭირდება ქართულ დემოკრატიას," - განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში. „ქართული ოცნებაზე" სუბრისას, მან თქვა, რომ კვლავ მოწინავე პოლიტიკური ძალა იქნებიან და დარწმუნებულია, რომ 2024 წლის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავლენ”, - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოში "მწვანე პასპორტები“ შემოდის - რა შეღავათები ექნებათ აცრილებს და რა შეზღუდვები დაუწესდებათ აუცრელებს

"საქართველოში .. მწვანე კოვიდპასპორტების შემოღება უახლოეს დღეებში მოხდება, რისთვისაც საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. კოვიდპასპორტების კონცეფცია საბჭომ ხუთშაბათის სხდომაზე განიხილა, რომელსაც პირველად დაესწრო პრეზიდენტი. გაკეთდა პირველი მინიშნებებიც, თუ რას გულისხმობს ეს სიახლე - რა შეღავათები ექნებათ აცრილებს და რა შეზღუდვები დაუწესდებათ აუცრელებს. ამას გარდა, გაირკვა, რომ ვაქცინაციის პროცესის გასააქტიურებლად, ქვეყანაში ახალი მძლავრი პროპაგანდისტული კამპანიის დაწყება იგეგმება, რომელიც, ამირან გამყრელიძის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მასშტაბის იქნება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოში "მწვანე პასპორტები“ შემოდის - რა შეღავათები ექნებათ აცრილებს და რა შეზღუდვები დაუწესდებათ აუცრელებს

"დღეს საბჭოზე იყო სერიოზული განხილვა ვაქცინაციის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ. წარდგენილი იქნა და განიხილება ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის საკომუნიკაციო კამპანია. მეორე, იქნება სხვადასხვა ფორმის წახალისებები აცრილებისთვის, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის და სასოფლო დასახლებებში მყოფ პირებთან დაკავშირებით, ასევე ქალაქებში მცხოვრებ აცრილებთან მიმართებით“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა. პროცესში აქტიურად ჩაერთო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხუთშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო, ოთღაბათს ღამით კი საგანგებო მიმართვით გამოვიდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტიც კორონავირუსთან ბრძლა იყო. პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ვაქცინაციის საკითხის გააქტიურებისთვის საპატრიარქოს, ხელისუფლებასა და მედიას მიმართა. „მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო გახდეს აცრა რისკ ჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც, ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მივმართავ მედიას, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. „პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი", - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის გამოსვლა ექსპერტების, მედიკოსების და ბევრი ადამიანის განხილვის საგანი გახდა, პრეზიდენტის განცხადებამ მწვანე ბარათებთან დაკვშირებით იმ მედიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომლებიც დიდი ხანია ითხოვენ ამ მექანიზმის ამოქმედებას. თუმცა იმ იდეას, რომ აუცრელი მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურეობა ფასიანი უნდა გახდეს, კრიტიკა დაიმსახურა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მწვანე კოვოდპასპორტების კონცეფციის მიღება აუხლოეს დღეებში მოხდება. თუმცა, კონკრეტულად რა უპირატესობას ანიჭებს ეს საბუთი მის მფლობეს, ამაზე განცხადებები არ კეთდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათს საბჭოს სხდომის შემდეგ მინიშნება გააკეთა, რომ, სავარაუდოდ, გარკვეული ტიპის დაწესებულებებში მხოლოდ კოვიდპასპორტის მქონე პირებს შეუშვებენ და მათში აუცრელი მოქალაქეების შესვლა აიკრძალება. თუმცა, არ დაუკონკრეტებია რა დაწესებულებებზეა საუბარი. „განხილული იყო მწვანე პასპორტის კონცეფცია, რომელმაც სტიმული უნდა მისცეს აცრებს, რათა ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ სხვადასხვა დაწესებულებაში სტუმრობებთან დაკავშირებით. იცით, ეს მეთოდი ბევრ ქვეყნებში გამოიყენება. ამ კონცეფციაზე მუშაობა დასრულებულია და დღეს იყო აქტიური განხილვა საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით ხვალ ან ზეგ გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე "რეზონანსთან“ საუბრისას მწვანე ბარათების მნიშვნელობაზე და მის შემოღების უპირატესობებზე საუბრობს. "მწვანე ბარათი არის ერთგვარი საშუალება, რომელიც აცრილ ადამიანებს მეტად უსაფრთხო გარემოს სთავაზობს, მაგალითად, თავშეყრის ადგილებში - რესტორნები, კლუბები, გასართობი ცენტრები და ა. შ. ადამიანებს ამ მომსახურების მისაღებად მწვანე ბარათის წარდგენა დასჭირდებათ, ანუ იგივე კოვიდპასპორტის. მწვანე ბარათის შემოღება თავიდან აგვაცილებს მასობრივ შეზღუდვებს და ლოქდაუნს“, - აცხადებს ზოიძე. მისივე თქმით, ეს ერთგვარი დისკომფორტია აუცრელებისთვის, მაგრამ მწვანე ბარათი სასიცოცხლოდ საჭირო მომსახურებებს არ შეეხება. ,,თუ არ გინდა აცრა, უნდა აიტანო პატარა დისკომფორტი, რომელიც აცრილებისთვის კომფორტულ გარემოს მოიაზრებს. მწვანე ბარათი პირველადი მოხმარების სერვისებზე არ იქნება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასე რომ, თუ აცრა არ გინდა, არც პრეტენზია უნდა გქონდეს, რომ ვინმეს უსაფრთხო გარემო საფრთხისშემცველი გახადო და დისკომფორტი შეუქმნა“, - ამბობს ზოიძე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მწვანე ბარათების შემოტანის იდეას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ეპიდემიის მართვისთვის ერთ-ერთი სწორი ნაბიჯია. ,,მწვანე ბარათის შემოტანა უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მე როგორც ექიმმა და მშობელმა, მინდა ბავშვები უსაფრთხო გარემოში გადაადგილდნენ. ეს მოიაზრებს აცრილ პერსონალს სკოლაში, კინოთეატრში აცრილ მომხმარებლებს, რესტორნებში აცრილ სტუმრებს და ა.შ. კოვიდ პასპორტის შემოტანა კარგი და სწორად გადადგმული ნაბიჯია ეპიდემიოლოგიური მართვისთვის“, - განაცხადა ხმალაძემ. ხუთშაბათს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პრეზიდენტიც ესწრებოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბჭომ „მწვანე საშვის“ მექანიზმის ამოქმედებაზე იმსჯელა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებითი სხდომა ჩაინიშნა. „საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების შესაძლებლობებზე. კვლავაც ჩაითვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიის გავრცელება და მარათონის გაფართოება როგორც სოფლად, ასევე დიდ ქალაქებში. „რამდენიმე დიდი ქალაქი 10-15%-ით ჩამორჩება სამიზნე 60%-იან მაჩვენებელს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქებში სრულად მივაღწიოთ ვაქცინაციის მოცვას. ეს ქალაქებია თბილისი და ბათუმი. შედარებით ნაკლები აცრილია ქუთაისში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდ ქალაქებში აცრილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. „საბჭომ ასევე განიხილა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადების კონტროლის ცენტრის მიერ წარმოდგენილი წინადადებები „მწვანე საშვთან“ დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ”, - წერს გამოცემა.

"პრეზიდენტის განცხადება, რომ აუცრელებისთვის ფასიანი გახდეს სამედიცინო სერვისების მიღება, პროფესორის ზურა გურულის კრიტიკის საგნად იქცა და ამ საკითხს პირად სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „წარმოუდგენელი არაადამიანობაა ამის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის გარეშე დატოვო მოსახლეობის მნიშვნელოვანი სპექტრი, რომლებიც მთავრობის უთავობის, უპასუხისმგებლობის, უინიციატივობის და დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო დარჩა შარლატანების, აფერისტების, უვიცი პროვოკატორების, დივერსანტების ხელში. „ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად განწირული იქნება სიკვდილისათვის, რადგან აუცრელების არსებით პროცენტს დაავადება აუცილებლად ურთულდება და მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში ესაჭიროება, სადაც ავადმყოფის შენახვა კოლოსალური თანხები ჯდება. „პრეზიდენტმა სრულიად მოუხსნა ვალდებულებები მთავრობას და სრული და უპირობო პასუხისმგებლობა მოსახლეობას დააკისრა პანდემიისა და აცრების პროცესების არაეფექტურ მართვაზე. მსოფლიოს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცედენტი. როგორც ჩანს, საქართველო ამაშიც გამონაკლისი იქნება“, - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში. ამ საკითხს გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოთხოვნის ეს პუნქტი ვერ შესრულდება. „აუცრელი პირების ფასიანი მკურნალობის რეკომენდაცია ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. სხვა ყველა პუნქტში ვეთანხმები პრეზიდენტს“, - აცხადებს პაატა იმნაძე. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძეც არ ეთანხმება აუცრელთათვის ფასიანი სამედიცინო მომსახურების შემოღებას. „სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებამ უარი არ უნდა თქვას მისი მოქალაქის მკურნალობაზე. ისინი რომ უარს ამბობენ აცრაზე, ამით სხვის სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებენ და თავის სიცოცხლესაც. ჩვენც ხომ მათსავით გულგრილად არ უნდა მოვიქცეთ... „მე ძალდატანებითი აცრის მომხრე უფრო ვარ, ვიდრე აუცრელთა ფასიანი მკურნალობის. ეს ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მოქალაქის უპატრონოდ დატოვებას და ექიმების მხრიდან ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევას. ამიტომ არ ვემხრობი ამას და მხარს არ ვუჭერ მოქალაქეების გაწირვას“, - აცხადებს ხმალაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო