ქართული პრესის მიმოხილვა 10.11.2021

"მწვანე ბარათების“ სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა და ბიზნესს უკვე პრეტენზიები აქვს

ახალი აქციების სერია და მისი სავარაუდო შედეგები - რა შეცდომას უშვებს ენმ

***

"მწვანე ბარათების“ სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა და ბიზნესს უკვე პრეტენზიები აქვს

"საქართველოში სულ მალე "მწვანე ბარათების" სისტემა ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც დიდი ხანია, ქვეყანაში მსგავსი სიახლის დანერგვას ითხოვს, ახლა აცხადებს, რომ „მწვანე ბარათების" სისტემა დასახვეწია. ახალ რეგულაციას ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნაწილიც და მისი ამოქმედების გასაპროტესტებლად აქციაც კი დაიგეგმა. ბიზნესთან ერთად, „მწვანე ბარათების" სისტემას მოსახლეობის უმრავლესობა თითქოს ემხრობა, თუმცა თითქმის არავის აქვს მოლოდინი, რომ აღსრულების ნაწილი გამართული იქნება. მსგავსი დამოკიდებულების საფუძველს იძლევა აქამდე მოქმედი ის რეგულაციები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არავინ ასრულებდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მწვანე ბარათების“ სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა და ბიზნესს უკვე პრეტენზიები აქვს

"კერძო სექტორი ახლა იმაზე ალაპარაკდა, რომ სისტემა დასახვეწია და ვერ იმუშავებს. ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მთიულიშვილი თანახმაა, რომ იყოს „მწვანე სივრცეები", „მწვანე პასპორტები", მაგრამ შესაძლოა, სრული ქაოსი მივიღოთ. „მწვანე პასპორტები" დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს შეზღუდვები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები", „მწვანე პასპორტები", მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრულ ქაოსს მივიღებთ. არსებული ფორმით "მწვანე ბარათების" ამოქმედებით რას გვეუბნებიან? - გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი, მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო "მწვანე პასპორტი" და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ - მერე რა მოხდაო. ასევე გვეუბნებიან, თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს "მწვანე პასპორტი" უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას. რა აზრი აქვს, თუკი დახურულ სივრცეში ვირუსის შემოტანას ვერ შევაჩერებთ?“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მწვანე სივრცეები" აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის. ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორებიც არის სავაჭრო ცენტრი და სხვა, სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს? მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო ", - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა გადაცემა "საქმეში". რესტორატორთა ასოციაციის მოთხოვნაა, რომ ე.წ. მწვანე ზონებში, მათ შორის რესტორნებში, დამატებითი შეზღუდვები მოიხსნას. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, თუ რესტორნებში ქორწილისა თუ სხვა ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება, ღონისძიების მონაწილეებიც იძულებულნი იქნებიან, "მწვანე სტატუსი" ჰქონდეთ. "იდეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის, რეალურად სწორად გასაკეთებელია. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებს გარკვეულ კორექტირებას. "მწვანე ზონას" ვქმნით იმისთვის, რომ ადამიანებმა აცრა ვალდებულებად გაიხადონ. ეს "მწვანე ზონა" ვრცელდება რესტორნებზე, კაფე-ბარებზე, ფიტნესდარბაზებსა და თეატრებზე. ეს არ არის იმის საბაბი, რომ მოსახლეობის 70%-მა, რომელიც აუცრელია, სწრაფი, რადიკალური ნაბიჯი გადადგას და აიცრას”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩვენი სფერო დღეს არის შეზღუდული ოპერირების მდგომარეობაში. "მწვანე ზონა" რომ შევქმნათ, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, რომ რესტორნებში შეზღუდვები გაუქმდეს და ადამიანებმა უფრო თავისუფლად მიიღონ მომსახურება. მაგალითად, დღეს აკრძალულია ქორწილების, დიდი წვეულებების გადახდა. თუ გადავწყვეტთ ქორწილის გადახდას და სიძე-დედოფალი ან მეჯვარეები აუცრელი იქნებიან, ეს დამატებითი იმპულსია, რომ მხოლოდ აცრის შემთხვევაში შეძლოს ქორწილის გადახდა. ეს გამოადგება არა მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილს, არამედ ეკონომიკასაც, რომელიც დღესდღეობით ამას მოკლებულია", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ... პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი" ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი ექნება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად - ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის „პი-სი-არ" ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა - იქ მომუშავე ადამიანებზე”, - წერს სტატიის ავტორი.

ახალი აქციების სერია და მისი სავარაუდო შედეგები - რა შეცდომას უშვებს ენმ

“ნაცმოძრაობის" საპროტესტო გამოსვლების სერია გრძელდება. სამშაბათს პარლამენტის წინ გამათულ შეკრებაზე ენმ-ეს თავმჯდომარე ნიკა მელიამ მხარდამჭერებს მომდევნო დღის სამოქმედო გეგმა გააცნო - 10 ნოემბერს 11:00 საათზე აქციები ერთდროულად ოთხ ლოკაციაზე გაიმართება: იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან და მოდულის შენობასთან. მეოთხე ადგილს კი მელია წინასწარ არ ასახელებს. მათი მთავარი მოთხოვნები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ვადამდელი არჩევნებია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ახალი აქციების სერია და მისი სავარაუდო შედეგები - რა შეცდომას უშვებს ენმ

"ანალიტიკოსთა შეფასებით, ყოველდღიური აქციები შესაძლოა მილევადი აღმოჩნდეს, რადგან პანდემიისა და გადაღლილობის ფონზე ადამიანები ქუჩაში ინტენსიურად გამოსვლა ვეღარ მოხერხდება, ამიტომაც უმჯობესია ენმ-მ ტაქტიკა შეცვლოს. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ლიდერებს საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ და ხალხის მობილიზება ნელ ნელა გაჭირდება. „ჩემი გადმოსახედიდან, აქციების გაგრძელებას აზრი არ აქვს, მაგრამ „ნაცმოძრაობამ" და მიხეილ სააკაშვილმა ეს თამასა უკვე ისე მაღლა აწიეს, ძალიან რთული იქნება ისეთი გასასამართლებელი საბუთის მოძებნა, რომ ამ აქციებიდან ლამაზად და სახის შენარჩუნებით გამოვიდნენ. „თუ ბოლოდროინდელ რეაქციებს დავუკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ნაწილი აქციების შეწყვეტას არ ემხრობა, მაგრამ შედარებით ზომიერი მომხრეები ამ აქციებს მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდებიან. სწორედ ამის გამოვლინება იყო ისიც, რომ ორშაბათს იმდენი ხალხის მობილიზება ვერ მოახერხა, რასაც ჰპირდებოდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ვფიქრობ, რომ ეს აქციები გაგრძელდება, ენმ ამას ასე სწრაფად არ შეწყვეტს. თუმცა მეეჭვება მათ კრიტიკული მასის მოგროვება შეძლონ, რომ ეს მერე რაღაც უფრო სერიოზულ აქციებში გადაიზარდოს. შესაძლოა 15 ათასამდე ადამიანი მოაგროვონ, მაგრამ ეს მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ გარდამტეხ მოვლენებს ველოდოთ. საკითხავია თავად აქციის მონაწილეები რადიკალური სცენარისთვის მზად რამდენად არიან. შესაძლოა მელიას და რამდენიმე „ცხელთავიან" მომხრეს რადიკალური გზით წასვლა სურდეთ, მაგრამ საზოგადოება ამისთვის რამდენად მზადაა? ამაზე უფრო ნეგატიური პასუხი მაქვს. ჩემი პროგნოზით, აქციები გარვეული პერიოდი გაგრძელდება, შემდეგ კი დამოკიდებულია იმაზე, თუ მიხეილ სააკაშვილი რა განკარგულებას გასცემს. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რადგან აქ ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მკაფიო მესიჯი ჩამოიტანა, რომ ამერიკას საქართველოში დესტაბილიზაცია და არეულობა არ უნდა. ეს თანაბარწილად ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას”, - განაგრძობს გამოცემა.

"მელიამ აქციაზე კი მოუწოდა, რომ რადიკალური ქმედებებისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს, რამდენჯერმე სიტუაცია დაიძაბა და წკიპზე იყვნენ, რომ რაღაც შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. „ნაცმოძრაობის" უპირველესი შეცდომა ისაა, რომ აქციის ლიდრები ის ხალხი არ არიან, ვინც საზოგადოებაში ნდობას იწვევს. ვარდების რევოლუციის დროს სააკაშვილის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან მაღალი იყო, დღეს კი მას ძველი რეიტინგი მთლიანად განიავებული აქვს. „თუ აქციას ხალხის ნდობით მოსარგებლე ლიდერი არ ჰყავს, ის აქცია განწირულია. ოპოზიცია და თუნდაც ეს კოალიცია ხალხს პოზიტიურს ვერაფერს ვერ სთავაზობს. მათ განცხადებებში პოზიტიური დღის წესრიგი არ ჩანს. მხოლოდ ის ჩანს, რომ ჯერ მთავარია ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მერე დაიწყება საქართველოს გაბრწყინებაო. ხალხი კი ხვდება ამ კოალიციას მათი გამოყენება რისთვის სურს. ასეთი დამოკიდებულება კი, ჩემი აზრით, საპროტესტო ელექტორატის დიდ ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე. „ნაციონალებს" მკაფიოდ გაწერილი გეგმა არ აქვთ, ისინი გეგმას სიტუაციიდან გამომდინარე ცვლიან - იცვლება აქციის ლოკაცია, მიმდინარეობის სქემა და ა.შ. ეს მხარდამჭერებზე მოქმედებს. ორშაბათს რომ უთხრეს - წავიდეთ და კანცელარიას წრე დავარტყათო, ამით ამომრჩეველმა რა მიიღო? კანცელარიასთან მხოლოდ მათი პარტიული აქტივისტები დარჩენენ. მგონია, რომ ასეთი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომები შეუმჩნეველი არ რჩება იმ საპროტესტო ელექტორატში, რომელიც ხელისუფლებისადმი დადებითად არაა განწყობილი, მაგრამ ოპოზიციაში ნდობით აღჭურვილი ლიდერების დანახვა სურს. ასეთები კი ოპოზიციაში ჯერჯერობით არ ჩანან", - განაცხადა ანჯაფარიძემ“, - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ტაქტიკა თუ არ შეცვალა, მხარდამჭერების ყოველდღე ქუჩაში გამოსვლა პანდემიისა და გადაღლილობის ფონზე გაჭირდება. „კრიზისი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად გაგრძელებადი გამოდგა, რომ დასასრული არ უჩანს. ამან ოპოზიციის მხარდამჭერების შესაძლებლობები ცოტა არ იყოს და გამოფიტა. არჩევნების დროს ვნახეთ, რომ დიდი რაოდენობით ხალხი გამოვიდა, მაგრამ ამ მუხტის შენარჩუნებას რამდენად შეძლებენ, ეს მათ სტრატეგიაზეა დამოკიდებული, რადგან ხალხის ყოველდღე გამოსვლა ალბათ გაჭირდება, ამას ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც ხელს უშლის. „აქედან გამომდინარე ახლა დიდი მნიშვნელობა სტრატეგიას აქვს, ამ ყველაფერს როგორ დაგეგმავენ, თუნდაც რეგიონებში თავიანთი მომხრეების მობილიზებაზე როგორ იმუშავებენ. მხოლოდ აქციები კი არა, ალბათ სხვა მეთოდებიც არის საჭირო, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას მიიქცევენ. კონკრეტულად რა მეთოდები შეიძლება იყოს არ ვიცი, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ მხოლოდ ყოველდღე გამოსვლის მეთოდები დიდი ხნით ვერ გაამართლებს, რადგან ხალხიც გადაიღალა და ეს მხარდაჭერაც მილევადია. დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან სტრატეგია შესამუშავებელია. ფაქტია, რომ ასეთი გრანდიოზული აცქიების მოწყობა ყოველ კვირას შეუძლებელია", - განაცხადა კაკაჩიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა