ომბუდსმენი - მოვუწოდებთ შსს-ს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ.

სახალხო დამცველი 46 პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, დღეს, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, 46 პირის დაკავების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი.

დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო