კარლ ჰარცელი - მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება

მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამასთან, როგორც ელჩი აცხადებს, დღეს სააკაშვილს არ მიეცა სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში ელჩი აღნიშნავს, რომ ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად.

„რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება.

რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის უფლებებს, როგორც ადამიანის, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება, მხედველობაში ვიღებთ, რომ დღეს, ბატონი სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე უზრუნველყოს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში.

მხედველობაში ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობის კონსტრუქციულ ვალდებულებას არ გამართოს საპროტესტო აქციები ნებისმიერი საავადმყოფოს მახლობლად, სადაც შესაძლოა ბატონი სააკაშვილი გადაიყვანონ, უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადრე დასახელებული პრობლემის გათვალისწინებით, თუ ასეთი გადაყვანა განხორციელდება”, - განაცხადა ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს