ვაჟა ბერიძე - „ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა და უნდა წავიდეს, პრობლემა ისაა, რომ გონივრული და ლოგიკური ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ ჩანს

არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, შიდა პოლიტიკაში განვითარებული მოვლენების თავისებურებების გამო არ ჩანდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი დამშვიდდებოდა.

ძნელი სავარაუდო არ იყო, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის გამო საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია დეესკალაციისკენ წავიდოდა.

ფაქტია, რომ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და გაართულა. მეტიც, ახლა, ისევე როგორც 2012 წლიდან, თვალს ვადევნებთ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ორ ძირითად სპარინგ პარტნიორს, სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ბრძოლის გაგრძელებას.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით დღევანდელი ვითარება ძალიან ემსგავსება 1990-1991 წლებში არსებულ ვითარებას. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელშიც, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ციხის საკანში მჯდომი სააკაშვილი თამაშობს?

- კითხვა, ტრადიციულად მოცულობითია და ბევრ უმნიშვნელოვანეს ასპექტს მოიცავს. ვეცდები ვიყო ლაკონიური პასუხისას, თუმცა, ეს თემების მრავპლანიანობის გათვალისწინებით იოლი არ იქნება.

ამ გაუთავებელ მიეთ-მოეთს როცა უყურებ, არ გიკვირს, რატომ არ ჰქონდა ქართველ ერს ძლიერი და კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ბევრი საუკუნის განმავლობაში.

ისევ რომელიმე რეგიონული დომინანტი თუ მოისურვებდა ამ სივრცეში ვითარების დალაგებას და ძლიერი ხელისუფლის მეშვეობით კავკასიონის გადმოსასვლელების შეკვრას, როგორც ეს გორგასლის, მისი წინამორბედების და მემკვიდრეების დროს მოხდა.

ან, ვთქვათ, ბიზანტია მოისურვებდა სატელიტების ყოლას ჩვენს ქვეყანასა და სამეზობლოში, ამ სიტუაციას კი დიდებულად გამოიყენებდნენ ბაგრატიონები და სებასტოსების, კურაპალატების და სხვა სახელოების მიღმა უძლიერეს ქართულ სახელმწიფოს და ცივილიზაციას შეკრავდნენ.

სხვა დანარჩენი ამაო თავისტეხაა. ვთქვათ, ბაგრატიონებსა და ბაღვაშებს შორის, რომელთაგან, ამ გადასახადიდან, ორივე მხარე მართალი იყო. ან, უძლიერესი სახელმწიფო ფორმალურად ტახტზე მართებული პრეტენზიის მქონე დემნას დათრგუნვით შენდებოდა და ამბოხებულ-განდგომილები პარლამენტის დარი „კარავის“ აღიარებას მოითხოვდნენ თამარისგან, ან მერე, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით ერთობოდნენ ქართველები.

ხან ამ დამპყრობელს შეეკვრებოდნენ, ხან იმას, და იყო ერთი გაუთავებელი გნიასი. თუ არ მივიღებთ მხედველობაში ცალკეულ მცირე მონაკვეთებს, როცა ქართველები ვახერხებდით სახელმწიფოს შეკვრას და ქართული ნიჭიერების და გონის ფრაგმენტულ გაბრწყინებას.

იგივეა დღესაც.

არაერთხელ მითქვამს, რომ მოვლენები საქართველოში ისევ რუსული სცენარით ვითარდება. რუსეთმა სერიოზულ წინსვლას მიაღწია ყარაბახის კონფლიქტის რამდენადმე დარეგულირებით, ინიციატივა აიღო ხელში სამხრეთ კავკასიაში და ერდოღანის პერიოდული შეშფოთების მიუხედავად, ამ ინიციატივის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

მოვლენები საქართველოში ისევ რუსული სცენარით ვითარდება. რუსეთმა სერიოზულ წინსვლას მიაღწია ყარაბახის კონფლიქტის რამდენადმე დარეგულირებით, ინიციატივა აიღო ხელში სამხრეთ კავკასიაში და ერდოღანის პერიოდული შეშფოთების მიუხედავად, ამ ინიციატივის ხელიდან გაშვებას არ აპირებს

ვითარებას ვერც „3+3“ შეცვლის და ვერც მეექვსე ფლოტის ხომალდების პერიოდული შემოსეირნება ბათუმის ნავსადგურში. ამის ხაზგასმა, რასაც ახლა ვამბობ, თქვენ წარმოიდგინეთ არავის ესიამოვნება, არც ხელისუფლებას და არც მის „დაუძინებელ“ ოპოზიციას. ამ სცენარის მონაწილედ რომ „ერთიანი „ნაცმოძრაობა“ იქცა,“ ამას ბევრი არ აღიარებს. არ აძლევთ ხელს და იმიტომ.

მიუხედავად ხელისუფლების და ოპოზიციის ლიდერების შექსპირული ვნებებისა, ეს ასეა და იქნებ მანამდე შევნიშნოთ, ვიდრე შესაბამის შედეგებს მოვიმკით.

რუსეთი, ერთი შეხედვით, არ აქტიურობს საქართველოში. იქნებ ამ ქვეყნის თავის ორბიტაზე დაბრუნების ოცნებას შეეშვა. ჰოდა თუ ასე არ არის, იქნებ ვინმემ ახსნას რატომ არ აქტიურობენ ბოლო დროს ასე ვთქვათ, პრორუსული პარტიები, რატომ დადუმდნენ? რატომ გაქრნენ? რატომ და როგორ გავიდა პოლიტიკიდან ლევან ვასაძე? რატომ აღმოჩნდა მისი გასვლა შეუმჩნეველი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი აქტიურად უჭერდა მხარს.

რადიკალი კონსერვატორები, რომელთა ბოლოდროინდელ ქმედებებში, ჟურნალისტებთან აგრესიულ დაპირისპირებას ვგულისხმობ, ექსტრემიზმის ელემენტებიც გამოჩნდა.

და თუ გერმანიაში მოძრაობის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მომხრეთა გამოსვლები შიგადაშიგ უფრო აგრესიულია, იქ მათი ლიდერები პოლიტიკიდან არ გადიან. ამას ვამბობ და თან ვაფიქსირებ, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ. თუმცა, პოლიტიკურ პროცესის თვალსაზრისით, თუნდაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე ადამიანის ასეთი სრული დისტანცირება პოლიტიკური პროცესიდან, არ მგონია ქართული პოლიტიკური სივრცისთვის სიკეთის მომტანი იყოს.

მავანი იტყვის, რომ რუსეთს აქ რაღად უნდა პრორუსული პარტიები და ვასაძე, აქ ხომ „ოცნება“ ჰყავს კრემლსო. სწორედ ასეთი აბსურდული მირაჟის შექმნით აკეთებს კრემლი თავის საქმეს.

მას აქ კრემლის თუთიყუშები არ სჭირდება, მას აქ ისეთი ძალა სჭირდება ხელისუფლებაში, რომელიც მის საქმეს გააკეთებს და მის ინტერესებს მოემსახურება. თუნდაც ეს იყოს „ოცნება“ თავისი უსუსურობით ბევრი მიმართულებით, ან მკვეთრი ანტირუსული რიტორიკით გამორჩეული „ნაცმოძრაობა“, თავისი ავანტიურებით ტერიტორიის 22%-ს და „რამდენიმე ხრიოკ სოფელს“ რომ ჩააბარებს პუტინს.

იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ყურმოჭრილი მონაა, ან იქნებ სააკაშვილია ამერიკული სპეცსამსახურების მარიონეტი. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. ორივე გლობალური მოთამაშეა. ორ ზესახელმწიფოს ეთამაშებიან და ჯერჯერობით წაუგებელ თამაშს თამაშობენ.

იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის ყურმოჭრილი მონაა, ან იქნებ სააკაშვილია ამერიკული სპეცსამსახურების მარიონეტი. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი. ორივე გლობალური მოთამაშეა. ორ ზესახელმწიფოს ეთამაშებიან და ჯერჯერობით წაუგებელ თამაშს თამაშობენ

„გაზპრომის“ აქციების საკმაოდ მოზრდილი პაკეტის მფლობელს, თავისი აუარების 2/3 შტატების კონტროლირებად სივრცეში რომ აქვს, მათ შორის ოფშორებში, განთავსებული, იქნებ ეს არაფერს გვეუბნება.

მერე რა, რომ სააკაშვილი ამერიკაში მიმავალი უკრაინის მრავალრიცხოვანი დელეგაციის შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდა და ამის შემდეგ ნაწყენი და გაბოროტებული საქართველოში შემოიჭრა არეულობის მოსაწყობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

უკვირს მავანს, რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში „ნაციონალების“ მხარდასაჭერად, თითქოსდა უმრავლესობა არც „ოცნებას“ ემადლიერება, თითქოსდა 30% „ნაციონალებს“ ხმას აძლევს. მიზეზი სხვაგანაა და მიზეზი ისაა, რომ ეს დაპირისპირება, ეს ვითომდა ამბოხი, იქცა ორი პიროვნების დაპირისპირებად. ამას გრძნობს ხალხი, რომელსაც ბიძინას ამბიციებზე და მიშას ამბიციებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საარსებო საზრუნავი აქვს.

და თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს ამ პოლიტიკური ბალაგანის აქტორებიდან უნდა დეპოლარიზაცია და დეესკალაცია? რატომ? რას მისცემს მათ? შემოვარდა მიშა, 5-7% რამდენადმე მოღონიერებული პროდასავლური ოპოზიციური ფლანგიდან გადაქაჩა „ნაციონალებისკენ“, მაგრამ ზუსტად იმავე მოცულობით განაპირობა 5-7%-ის მიმატება „ოცნებისთვის“ გახარიას და „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებიდან.

ახლა მავანი დაუფიქრებელი პოლიტსუბიექტი ამტკიცებს, რომ ხალხი მხარს არ უჭერს „ოცნებას“ და უფრო მეტი ოპოზიციის ანუ „ნაციონალების“ და მისი მოკავშირეების მომხრეა. 47%, მათი დათვლით, ხელისუფლებას უჭერს მხარს, 53% კი ოპოზიციას და ასეთი სისულელე ყოველდღიურად წამყვანი ტელეარხების ეთერებიდან იფრქვევა.

მეგობრებო, უმაღლესი მათემატიკის ცოდნას არავინ ითხოვს, ელემენტარული არითმეტიკა კი ყველამ უნდა ვიცოდეთ. ჩავხედოთ არჩევნების შედეგებს -პროპორციული არჩევნების შედეგებისა და ბათილი ბიულეტენების გარეშე. „ოცნება“ – 46.6%, ანუ დაახლოებით 47. დანარჩენი 53%-დან ოპოზიციის საერთო მონაგარში რომ ითვლიან, 7.8% გახარიას პარტიისა, ხოლო 1.5% „პატრიოტთა ალიანსის“.

ჯამში ამ ორი პარტიის მხარდამჭერთა შედეგი 9.2% შეადგენს, რასაც თუ გამოვაკლებთ 53%-ს, მივიღებთ 43.8%-ს. ამ ანგარიშით ოპოზიციის გამარჯვება არ გამოდის.

- ხელისუფლება ცდილობს არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული, არც თუ ისე სახარბიელო ვითარება არ შეიმჩნიოს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას ლამის ყოველ დღე უწევს ციხეში მჯდომ სააკაშვილზე განცხადებების გაკეთება.

ფაქტია, რომ ხელისუფლების საჯარო განცხადებების უდიდესი ნაწილი ხელს არ უწყობს საზოგადოებაში არსებულ განწყობებში კორექტივების შეტანას, დეპოლარიზაციას, დეესკალაციას და ვითარების დამშვიდებას.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩეული აქვს სტრატეგიული მოთმინებით ბრძოლის გაგრძელების ტაქტიკა. დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით, სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში მისივე სისუსტის დემონსტრირება უფროა, ვიდრე სიძლიერის.

ხშირ შემთხვევაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ავიწყდება, რომ იგი ყველას, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერების ხელისუფლებაცაა.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ გაგრძელებულ პოლიტიკურ ბრძოლაში ერთი მხრივ ოპოზიციის, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების სტრატეგიებსა და მოქმედებებს?

- მოდი ვიქნები გულწრფელი. მიმაჩნია, რომ „ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა და თავისი მისია შეასრულა. შესაბამისად, დღეს თუ არა ხვალ, ერთი წლის შემდეგ ვადამდელი არჩევნებით თუ 3 წლის შემდეგ მორიგი საპარლამენტო არჩევნებით, ის უნდა წავიდეს. ამას მის მიერ ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებითაც ვამბობ და ისტორიული პროცესის ლოგიკიდან გამომდინარეც.

მიმაჩნია, რომ „ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა და თავისი მისია შეასრულა. შესაბამისად, დღეს თუ არა ხვალ, ერთი წლის შემდეგ ვადამდელი არჩევნებით თუ 3 წლის შემდეგ მორიგი საპარლამენტო არჩევნებით, ის უნდა წავიდეს...

ეს ცხადზე უცხადესია. მაგრამ, ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ „ოცნება“ და ბიძინა ხელისუფლებას ებღაუჭება, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გონივრული და ლოგიკური ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ ჩანს, არ არსებობს.

ჩვენი პრობლემა ის კი არაა, რომ „ოცნება“ და ბიძინა ხელისუფლებას ებღაუჭება, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ გონივრული და ლოგიკური ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ ჩანს, არ არსებობს

არ მინდა ჩემს ბევრ ნაცნობს „ნაცმოძრაობაში“ გული ვატკინო, მათ პატივს ვცემ, ეს უნიჭიერესი ხალხია, რომელთაც ბევრი კარგი და დიდი საქმის გაკეთება შეუძლია, მაგრამ „იმ 9 წლის“ უარყოფის გარეშე, რაც მათ ჯიუტად არ უნდათ, მათი დაშვება ისევ ხელისუფლებაში, იმავე მიზნებით და იმავე ლიდერებით, იქნებ სამწუხაროდაც, შეუძლებელია.

ასეც რომ მოხდეს და „ნაცმოძრაობამ“ შეძლოს სერიოზული დესტაბილიზაციის ტალღის აგორება და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლა, ეს შეიძლება ძალიან სერიოზული და მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

იქნებადა სხვა ძალაა არენაზე პერსპექტიული და დამაიმედებელი?

არის გახარია და მისი ჯგუფი, მაგრამ ვიდრე მას ქვეყნის მართვის პრეტენზია გაუჩნდება და ჩვენ, საზოგადოება ამაზე დავთანხმდებით, გახარიამ ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი, სიტყვითაც და საქმითაც უნდა დაგვაჯეროს, რომ ამ ურთულესი ქვეყნის გაძღოლა შეუძლია, ამ ურთულეს სიტუაციაში და ამ უმძიმეს გეოპოლიტიკურ გარემოში.

ამაზე პრეტენზიის გაცხადებისთვის 25-30 ახალგაზრდა ყოფილი ნიჭიერი სახელმწიფო მოხელის შემოკრება არ კმარა. მის პარტიას პოლიტიკური ტექნოლოგიების სრული იგნორირების მსახვრალი ზეგავლენა ეტყობა.

მეიმედებოდა და ჯერ კიდევ მეიმედება მამუკა ხაზარაძის პარტია, მაგრამ ასეთი ცალსახად პრონაციონალური ბექგრაუნდით ყოფილი ბანკირების პარტია სოციუმამდე ვერ მივა.

„გირჩი“, ერთიც და მეორეც, ნიჭიერი ხალხისგან შედგება და ერთი დიდი საქმე კი გააკეთა - ისეთი ხალხი შემოაბრუნა პოლიტიკისკენ, რომელიც გაუცხოებული იყო რეალური ყოფითი გარემოსგან და უნდილად უყურებდა ყველაფერს ამქვეყნიურს... ეს 3-5%-ია ჩვენი თანამოქალაქეების და მათი რესურსის პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, კარგი საქმეა.

„სტრატეგია აღმაშენებელსაც“ აქვს პერსპექტივა, ლამის ერთადერთია, აღმშენებლობაზე რომ ფიქრობს, ლიდერი უნარიანი ჰყავს, მაგრამ დამოუკიდებლად ხელისუფლებაში მოსვლაზე ფიქრს ვერ გაბედავს.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვიტყვი, რომ ეს რაღაც კოალიციით ხელისუფლებაში მოსვლის აჟიტირებული მოწოდებები აბსურდის თეატრის ჩარჩოებსაც კი სცდება.

ყველა პარტია ყველა ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებას ეუბნება - მე შემიძლია ქვეყანა ვმართო, მაქვს ამის რესურსი, მყავს ძლიერ პოლიტიკოსთა ჯგუფი და აბა მე დამიჭირე მხარი და არა სხვასო.

ეს ქართველი პოლიტიკოსები კიდევ გამომდგარან პარტიული ტელეეთერებიდან და ამტკიცებენ, ჩვენ არაფრის თავი არა გვაქვს ცალ-ცალკე, აი ერთად თუ აგვირჩევთ, ქვეყანას ავაშენებთო. კოალიცია და კოალიციური მთავრობა არ შეიძლება იყოს მიზანი, ის შეიძლება იყოს მხოლოდ გამოსავალი, თუ ამომრჩეველმა ვერ იპოვა მათ შორის საუკეთესო.

კოალიცია და კოალიციური მთავრობა არ შეიძლება იყოს მიზანი, ის შეიძლება იყოს მხოლოდ გამოსავალი, თუ ამომრჩეველმა ვერ იპოვა მათ შორის საუკეთესო

რაც შეეხება ოპოზიციის და ხელისუფლების სტრატეგიასა და მიზანდასახულობას, ასეთს, ზოგადად, ვერ ვხედავ. ისინი ხშირად არ გვიმხელენ თავიანთ ზრახვებს და ჩვენ უნდა მივხვდეთ, ხოლო რაც ჩვენ შეიძლება მივხვდეთ და მოვიაზროთ, აშკარად ოპტიმისტურად არ განგვაწყობს.

ხელისუფლების მიზანია დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძეა, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილია. შესაბამისად, თავისი გავლენით ბიძინა ივანიშვილზე და ირაკლი კობახიძეზე აღმატებული.

მათი ყველას მიზანი კი ერთად არის მშვიდობა და არსებულ პრობლემებთან გამკლავება მკაფიო სამოქმედო ორიენტირების გარეშე, საზოგადოებასთან ეფექტური უკუკავშირის არარსებობის პირობებში.

სხვებისგან, ამ თვალთახედვით გამოვარჩევდი ნიკა მელიას. ის არ არის დაჯილდოებული პოლემიკის განსაკუთრებული ნიჭით, არ შეუძლია თეორეტიზება, თუმცა ენერგიული და მიმწოლი ნაბიჯების მომხრეა, რაც ხშირად ეფექტურია. ჩემდა გასაკვირად, მელია ბოლო დროს რადიკალიზაციის წინააღმდეგია და თანამოაზრეებს ხანგრძლივი, მშვიდობიანი სტრატეგიის განხორციელებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.

ჩემდა გასაკვირად, მელია ბოლო დროს რადიკალიზაციის წინააღმდეგია და თანამოაზრეებს ხანგრძლივი, მშვიდობიანი სტრატეგიის განხორციელებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს

თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ამ თვალსაზრისით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით ადეკვატურია. ის გრძნობს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესით „ნაცმოძრაობა“ და თავად ის ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ. კაცმა რომ თქვას, არც 2003-04 წლებში მოსულან, ამიტომ სურს პერმანენტული დაძაბულობისა და საჭიროების შემთხვევაში, უწყვეტი დესტაბილიზაციის ვითარების შექმნა, როცა პერმანენტული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესის პირობებში ცესკოც და შესაბამისი სტრუქტურებიც მისი და მისი თანამოაზრეების ნებას დაექვემდებარებიან, რაც სააკაშვილს და კომპანიას ხელისუფლებაში მოიყვანს.

აი, ესაა მთავარი აქტორების ოცნებები, ალფა და ომეგა, რაც შეეხება საკმაოდ საინტერესო პერსონებს, პოპულისტური პოლიტიკის ფარვატერში რომ მოძრაობენ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პოპულიზმისთვის ადგილი ქართულ პოლიტიკაში ამ ეტაპზე არ არის, ისინი ან ძალიან ჩქარობენ, ან ძლიერ დააგვიანდათ.

რაც შეეხება საკმაოდ საინტერესო პერსონებს, პოპულისტური პოლიტიკის ფარვატერში რომ მოძრაობენ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პოპულიზმისთვის ადგილი ქართულ პოლიტიკაში ამ ეტაპზე არ არის, ისინი ან ძალიან ჩქარობენ, ან ძლიერ დააგვიანდათ

- ბევრი თანხმდება, რომ სააკაშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება ყოფილიყო.

ამის ალბათობა მას შემდეგ გაჩნდა, როცა გლდანის საავადმყოფოში მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ხელისუფლება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მისი რეაბილიტაციისათვის მას მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანს.

ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერჯერობით ის ვიცით, რომ თუ გლდანის საავადმყოფოში მისი რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნა, მას არ გადაიყვანენ, რადგან ეს ერთ კონკრეტულ პატიმარზე სახსრების უყაირათო ხარჯვა იქნებოდა.

არადა, ვიცით, რომ ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს სტრასბურგის სასამართლო ახორციელებს. დათანხმდება თუ არა ხელისუფლება სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას? თუ არ გადაიყვანა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს და სავარაუდოდ როგორი იქნება ამის შედეგი?

- კი ბატონო, თუ სააკაშვილს მაღალი ტექნოლოგიების მქონე მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ეს იქნება ერთ კონკრეტულ პატიმარზე სახსრების უყაირათო და დაუშვებელი ხარჯვა. ეს უნდა მოხდეს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება. მდგომარეობა კი შეიძლება დამძიმდეს, რადგან ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს. მაგრამ აქვე შევნიშნოთ, ვინ აიძულებს სააკაშვილს იშიმშილოს და მდგომარეობა გაიუარესოს?

განა ეს პოლიტიკური ფიგურა, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დღეს როგორც უკრაინის მოქალაქე და ამ ქვეყნის მაღალჩინოსანი, იმდენად ავტორიტეტული არ არის, რომ შიმშილობის გარეშე მიაქციოს მას ყურადღება ქართულმა საზოგადოებამ და გავლენიანმა უცხოელმა პოლიტიკოსებმა თუ ორგანიზაციებმა? თუ ამის გარეშე მისი ავტორიტეტი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობისადმი არასაკმარისი იქნება, ამ ინტერესს იგი შიმშილობითაც კი ვერ გააცხოველებს.

შიმშილობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, კარგი, თუმცა, შესაძლოა არც თუ ჰუმანური მიდგომის მაგალითი, თავის დროზე, მოგვცა ბრიტანეთის პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა, როცა ჩრდილო ირლანდიელი მეამბოხეები შიმშილობდნენ და ამის გამო იღუპებოდნენ.

ტეტჩერმა, როგორც სჩვეოდა, ცალსახად განაცხადა, რომ სიცოცხლე ადამიანის პირადი საკუთრებაა და მას შეიძლება ადამიანი ისე მოექცეს, როგორც სურს. მე, ეს მაგალითად მოვიტანე. თუმცა, მაგალითიც არის და მაგალითიც.

პირადად მიმაჩნია, რომ მიუხედავად ყველა ქვეტექსტისა, სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი მისთვის სასურველ ქართულ კლინიკაში, მით უმეტეს, მისი გულშემატკივარი თანაპარტიელების იმ განცხადების გათვალისწინებით, რომ კლინიკასთან და მის გარშემო, ისინი ხმაურიან საპროტესტო აქციებს არ მოაწყობენ.

მიუხედავად ყველა ქვეტექსტისა, სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი მისთვის სასურველ ქართულ კლინიკაში, მით უმეტეს, მისი გულშემატკივარი თანაპარტიელების იმ განცხადების გათვალისწინებით, რომ კლინიკასთან და მის გარშემო, ისინი ხმაურიან საპროტესტო აქციებს არ მოაწყობენ

საერთოდაც, მე როგორც ერთი მოქალაქე და პოლიტიკის ანალიტიკოსი, სააკაშვილთან დაკავშირებით საქმეების აღძვრის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ივანიშვილის გავლენის ქვეშ დარჩენილი სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება, მართალია გათავისუფლდა სააკაშვილის დროინდელი მანკიერებებისგან, მაგრამ ვერ შეძლებდა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე სათანადო ავტორიტეტით წარდგენას და განაჩენების აღსრულებას.

მე მოვუწოდებდი სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობისკენ, მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა აზრი სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების აღძვრას, რომელთა საფუძველი მის საქმიანობაში იყო და არაერთი. ასე არ მოხდა და ახლა „ოცნების“ ხელისუფლება პრობლემების წინაშეა. რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპრომისების გზით სიტუაციის დარეგულირება.

ამ ქვეყანას გაქანებული კოვიდისა და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში „მიშა ფრი“ და „მიშა ციხეში“ ლოზუნგებით ზევით-ქვევით სირბილი და ქუჩა-ქუჩა წანწალი კი არ სჭირდება, არამედ ეკონომიკის ამუშავება, ხალხის დაპურება და იმ გეოპოლიტიკურ ლაბირინთში გარკვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ჩამოყალიბდა.

- არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული პროცესებს, მათ შორის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან როგორც ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები, ისე ჩრდილოელი მეზობლები. შესაბამისად, მათი რეაქციები და დამოკიდებულებებიც განსხვავებულია.

დასავლელი პარტნიორები პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ აშკარად გვიწუნებენ პოლიტიკურ კულტურას და დიალოგისკენ მოგვიწოდებენ. თუმცა, ვხედავთ, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგზე მკაფიო ნაბიჯის გადადგმას არავინ აპირებს.

რუსეთში კრემლის პროპაგანდისტულ ტელევიზიებს სააკაშვილის დაკავების გამო დიდი ტაშ-ფანდური აქვთ. თუ მანამდე სააკაშვილთან დაკავშირებით მათი შეფასებები საკმაოდ თავშეკავებული იყო, ახლა ვხედავთ, რომ მათი ტონი ოდნავ გამკაცრებულია.

როგორ შეაფასებდით ჩვენი პარტნიორების და იგივე რუსეთში ჩვენს შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე შეფასებებსა და პოზიციებს?

- სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული ტაშფანდურის ცალსახა აღქმა ჩვენგან მეტისმეტი გულუბრყვილობა იქნებოდა. რაც რუს პროპაგანდისტებს უხარიათ, შესაძლოა სულ სხვანაირად და სხვა რამის გამო უხაროდეთ „ეფ-ეს-ბე-სა“ და „გრუ"-ში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე მათი მიზანი საქართველოში პერმანენტული და მზარდი დესტაბილიზაციაა, რის შედეგადაც, ისინი როცა მოისურვებენ პოლიტიკური ველის ნანგრევებზე ლაღად და თავისუფლად შემოაბიჯებენ.

აქვე ვიტყვი ჩემი ოპონენტების გასაგონად, რომ თუ საქართველო და კავკასია არ გახდა მშვიდობის და თანამშრომლობის ზონა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანხმობით და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობების ფონზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სახარბიელო პერსპექტივა არ ექნებათ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფასი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ უნდა გახდეს.

თუ საქართველო და კავკასია არ გახდა მშვიდობის და თანამშრომლობის ზონა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანხმობით და რუსეთთან დალაგებული ურთიერთობების ფონზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სახარბიელო პერსპექტივა არ ექნებათ. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფასი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია არ უნდა გახდეს

ამაზე რუსეთთან შეთანხმება ძნელია, მაგრამ არც პოლიტიკოსობაა იოლი. ვისაც ეს არ შეუძლია, საქართველოს მართვაზე და ლიდერობაზე არც უნდა ჰქონდეს პრეტენზია.

ჩვენ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ, რას ამბობს რომელიღაც კონკრეტულ ფაქტზე დასავლეთი და რუსეთი. რაღაც დოზით ქართული საზოგადოება უნდა იყოს თვითკმარი და უნდა უსმენდეს ქართველ ხალხს, რომელიც პოლიტიკიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან გაძევებულია, ის არ ჩანს მედიაში, რომელიც დაბალანსებულობაზე ყბადაღებული რიტორიკიდან, სრულად იქცა პარტიზებულ სივრცედ და ახლა დაუჩემებია კრიტიკული ვარო.

სოციოლოგია ქვეყანაში ფაქტობრივად მკვდარია და ყველა კვლევა რეალურად დაფინანსებული პროპაგანდის ნაწილია.

სოციოლოგია ქვეყანაში ფაქტობრივად მკვდარია და ყველა კვლევა რეალურად დაფინანსებული პროპაგანდის ნაწილია

სააკაშვილის ფარულად შემოსვლას და დაკავებას საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. რაც შეეხება დიალოგისკენ მოწოდებას, ჩვენ არ გვაქვს დიალოგის უნარი და კულტურა, სააკაშვილის მომხრეების და ხელისუფლების დიალოგი ყველა შემთხვევაში იქცევა ყრუთა დიალოგად ბრმებთან და შედეგს არ მოიტანს. აღარც ცდილობენ ფაქტობრივად ჩვენს პროცესებში ჩარევას და მიმდინარე მოვლენებზე კეთილმყოფელ ზეგავლენას.

სჯობს ჩვენს თავს თვითონ მივხედოთ. ხელისუფლებას მოვუწოდებდი კომპრომისული ნაბიჯებისკენ. სააკაშვილის ბოლომდე გასამართლებისა და სასჯელის გადავადებისკენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ხელისუფლებას მოვუწოდებდი კომპრომისული ნაბიჯებისკენ. სააკაშვილის ბოლომდე გასამართლებისა და სასჯელის გადავადებისკენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო

ამ შიმშილობამ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მშრალი, სავარაუდოდ სააკაშვილზე, მის ჯანმრთელობა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და ის რეაბილიტაციის სერიოზული კურსის გავლას უნდა საჭიროებდეს. გონივრულად, თავისი მოქალაქეობის ქვეყანაში, უკრაინაში.

პოლიტიკა არ არის ახირებების ერთგულება, იგი კომპრომისის ხელოვნებაა და თუ ეს ქუჩა-ქუჩა უაზრო წანწალი დასრულდება, ამით ყველა მოიგებს ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით.

პოლიტიკა არ არის ახირებების ერთგულება, იგი კომპრომისის ხელოვნებაა და თუ ეს ქუჩა-ქუჩა უაზრო წანწალი დასრულდება, ამით ყველა მოიგებს ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით

მოდით ვიყოთ ღვთის ნების და ბედისწერის მადლიერები, ცალკეული სუბიექტების დამანგრეველ ვნებებს ნუ გადავაყოლებთ საქართველოს და ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც არც თუ სახარბიელო ცხოვრებას

ჩვენ არ გვაინტერესებს მათი ამბიციები და ხუშტურები, ჩვენ გვინდა ამ უმძიმეს დროში ადამიანების ღირსეული ყოფა უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.

ეს ყველაფერი ფაქტობრივად გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ აღარ გვქონია და მოდით ვიყოთ ღვთის ნების და ბედისწერის მადლიერები, ცალკეული სუბიექტების დამანგრეველ ვნებებს ნუ გადავაყოლებთ საქართველოს და ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც არც თუ სახარბიელო ცხოვრებას.

ივანიშვილი ბევრი თვალსაზრისით დადებითი პერსონაჟია. მაგრამ, ამის შემდეგ უნდა ვთქვა არც თუ სასიამოვნოდ მოსასმენი, მისთვის და მისი მომხრეებისთვის, - ხელი არ უნდა მოკიდო საქმეს, რომელიც არ იცი

- ფაქტია, რომ ოპოზიციის მიზანია მიაღწიოს სააკაშვილის ციხიდან გამოშვებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და ახლა ალბათ იმაზე ფიქრობს, ან როგორ გაუშვას „უმტკივნეულოდ“ სააკაშვილი ქვეყნიდან, ან როგორ გაასამართლოს იმ ბრალდებებზე, რაც მას წაყენებული აქვს.

ფაქტია, განვითარების როგორი ტრაექტორია და გაგრძელება ექნება ჩვენს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორი დამოკიდებულება ექნება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ და ასევე სააკაშვილის მიმართ.

ივანიშვილის აშშ-ში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არავის დაუდასტურებია. ამ თემაზე ვარაუდები კი მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - არაა გამორიცხული, ბატონი ივანიშვილი არც იყოს გამგზავრებული აშშ-ში, მაგრამ აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს პარტნიორებთან სააკაშვილთან მიმართებაში ურთიერთობების გარკვევაში.

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულების გარკვევაში? და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე?

- არ მინდა ხოლმე ვისაუბრო ივანიშვილზე, ძირითადად კრიტიკული ვარ ხოლმე და არ მომწონს, რადგან მიმაჩნია, რომ ის უკვე არის და ისტორიაში შევა როგორც გამორჩეული პიროვნება, რომელმაც „ნაციონალების“ 9 წლიანი, საკმაოდ წინააღმდეგობრივი და ბევრისთვის მძიმე შედეგების მომტანი მმართველობა დაასრულა, მათ მიერ დაშვებული შეცდომების დიდი ნაწილი გამოასწორა (მან და მისმა დაფუძნებულმა პარტიამ), თუმცა განვითარების ალტერნატივა ვერ შესთავაზა ქვეყანას.

ის არის ამ ქვეყნის მოყვარული, პატრიოტი, ქვეყნის ისტორიაში, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მეცენატი და ქველმოქმედი.

მოკლედ, ივანიშვილი ბევრი თვალსაზრისით დადებითი პერსონაჟია. მაგრამ, ამის შემდეგ უნდა ვთქვა არც თუ სასიამოვნოდ მოსასმენი, მისთვის და მისი მომხრეებისთვის, - ხელი არ უნდა მოკიდო საქმეს, რომელიც არ იცი.

ივანიშვილისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობასა და დიალოგში, ვფიქრობ, თანხმობის პრიზმაში, მალე იქნება მიღწეული შეთანხმება, მათ შორის, სააკაშვილის საკითხთან მიმართებაშიც

როცა პოლიტიკა არც პროფესიულად და არც მოწოდებით შენი სფერო არ არის, არ უნდა გარისკო. მცირე ხნის განმავლობაში მქონდა მასთან თანამშრომლობის გამოცდილება და ერთხელ, მან თქვა, რომ მეო, ეკონომიკაში მრჩეველი არ მჭირდება, იმიტომ რომ კარგად ვიცი ბიზნესი როგორ კეთდება და ეკონომიკა რა არისო.

აი, მაშინვე მივხვდი, რომ ის ვერ იქნებოდა წარმატებული ეკონომიკური მოდელის მშენებელი. შეიძლება პოლიტიკური სისტემაც ვერ აეწყო სათანადოდ. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი.

რეიგანი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ეკონომიკაში არაფერი გაეგებოდა, აღმოჩნდა ამერიკული ეკონომიკური სასწაულის - „რეიგანომიკის“ ავტორი, რადგან გარს შემოიკრიბა უმაღლესი კლასის ეკონომისტები, რომლებთან ერთადაც ამერიკის ეკონომიკის მიღწევები შექმნა.

კაცმა თქვა, რომ წავიდა პოლიტიკიდან, აღარ იღებს მონაწილეობას შეკრებებში, არ ჩნდება მედიასთან, მაგრამ ფინანსურად უზრუნველყოფს პარტიას, ყველა საკვანძო თანამდებობაზე მის მიერ განმწესებული პირები არიან, აკონტროლებს ძალოვან უწყებებს, ეროვნულ ბანკს, მართლმსაჯულების სისტემას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ განსაზღვრავს პოლიტიკას და მის მიმართულებას.

არის ქვეყანაში ყველაზე მდიდარი და ყველაზე გავლენიანი ადამიანი. ეს ყველაფერი თუ პოლიტიკა არაა, აბა რაა?

აი, ავიღოთ ის ფაქტიც, რაზეც მკითხეთ. ერთი ალიაქოთია ატეხილი იმაზე, გაემგზავრა თუ არა ივანიშვილი საზღვარგარეთ. ამას იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა, მისი მომხრეც და მოწინააღმდეგეც, მტერიც და მოყვარეც, რომ მითქმა-მოთქმამ წალეკა მედიასივრცე.

ასეთ დროს ამხელა გავლენის მქონე პიროვნება, თუნდაც ერთხელ, თუნდაც 10 წუთით, თუნდაც მის მიერვე მიწვეულ ჟურნალისტებთან, უნდა გამოჩნდეს და თქვას, მეგობრებო, მე არ ვარ საზღვარგარეთ, ვარ ჭორვილაში, თბილისში ან აბასთუმანში, და არსად წავსულვარ.

თუ მოისურვებს, ორი სიტყვით გვითხრას რას ფიქრობს ამ უსაშველო აურზაურზე, თუ არ უნდა, ნუ იტყვის. ან გვითხრას, რომ მიემგზავრება როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი თავისუფალი მოქალაქე საფრანგეთში, შტატებში ან სხვაგან და მიზანია დასვენება ან საქმიანი შეხვედრები.

არაფერი მსგავსი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ხან აქ არის, ხან არ არის. არადა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის ადეკვატურია საფრთხეების და შესაძლებლობების შეფასებისას. რუსულ ფაქტორსაც ადეკვატურად აფასებს და ამერიკელებთან ურთიერთობის მნიშვნელობასაც.

დიახ, ივანიშვილისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობასა და დიალოგში, ვფიქრობ, თანხმობის პრიზმაში, მალე იქნება მიღწეული შეთანხმება, მათ შორის, სააკაშვილის საკითხთან მიმართებაშიც.

რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ამ ეტაპზე და ამ შემთხვევაში, საქართველომ მკაფიოდ და ცალსახად უნდა მოითხოვოს იქ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის მოწვევა. სხვა შემთხვევაში, ეს ფორმატი ორი დიდი მოთამაშის გარიგების მექანიზმი გახდება, საქმეში ამ ეტაპზე ირანის უტყვი თანხმობით

ოღონდ, ეს უსაშველო გაუჩინარება და დუმილი, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი კაცის, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. არის ყველგან და არსად არ არის, რაღაც მსგავსი გვახსოვს თამაზ ბიბილურის რომანიდან „ჟამი კითხულისა“... რა ვიცი.. რა ვიცი..

- ჩვენს გარშემო საკმაოდ რთულად ვითარდება პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე. აშშ-მ ევროპელ პარტნიორებს აცნობა, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევისათვის ემზადება. პოლონეთმა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა თავისი არმია და მზადაა პასუხი გასცეს ლუკაშენკოს რეჟიმის ნებისმიერ ქმედებებს.

ინტერვიუს ჩაწერის დაწყებამდე თქვენ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვით 3+3 ფორმატთან და ამ თემაზე ხან ანკარისა და ხანაც მოსკოვის აქტიურობაზე. და ეს ყველაფერი ხდება ერდოღან-პუტინის ხან გასაკვირ დაახლოებაზე, ხანაც კიდევ ასევე გასაკვირ დისტანცირებაზე იმ საკითხებში, სადაც მათი ინტერესები თანხვედრაში არაა.

ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კარგა ხანია ანკარა და კრემლი ერთმანეთთან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობენ. ერთად ცდილობენ რეგიონიდან აშშ-სა და დასავლეთის გავლენის შესუსტებას.

როგორ შეაფასებდით 3+3 ფორმატთან დაკავშირებით ანკარისა და მოსკოვის აქტიურობის მიზნებსა და მიზეზებს? და იმას, რომ მოსკოვიდან სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები ამ ფორმატთან დაკავშირებით თბილისმა პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს?

- საქართველოს სახელმწიფოს ბედი და უბედობა ამა თუ იმ ეპოქაში არსებულ სიტუაციაზე და მთავარ მოთამაშეებზე მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული. დღეს კი, როცა მთლიანად ვართ ჩამოკიდებული ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, თითქოს ეს საგარეო კონიუნქტურა არც არსებობს.

ჩვენი პოლიტიკოსები აბსოლუტურად აბსტრაგირებული არიან სინამდვილიდან და მფარველს და შემწეს ხან ვაშინგტონში ეძებენ, ხან ბრიუსელში, არსებითად კი დაფარული რუსული ფაქტორის იმედად არიან.

რა 3+3, თუ არ მიიღეს დაშიფრული კონსპექტი პოტომაკის ნაპირებიდან, ბრინჯივით იბნევიან. ისინი კიდევ, ჩვენთვის აშკარად ვეღარ იცლიან, მათ მიერ დაფინანსებულ გამოზრდილი არასამთავრობოთა კოჰორტა კი დირექტივების გარეშე სარგებლის მომტანი ამ ქვეყნისთვის არ არის.

მე არ მგონია, რომ ოდესმე იქამდე მივიდეს საქმე შტატებმა ფეხი სამხრეთ კავკასიიდანაც ამოიკვეთოს, მაგრამ მათი ქართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილი უკეთესი პერსპექტივისთვის არ განგაწყობს.

რაა საქართველოში დახარჯული ორიოდე ცენტი?! დასავლეთმა ავღანეთში ტრილიონობით დოლარი ჩადო, შედეგად კი ამასწინათ დოჰაში თალიბების ოფიციალურ წარმომადგენლებს ხვდებოდა, იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ტერორისტულად რომ იყო მიჩნეული, სხვათა შორის რუსეთშიც, და ურთიერთობების პერსპექტივებზე ელაპარაკებოდა.

გუშინწინ მერკელმა პუტინს ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი სერიოზული პრობლემის გადაჭრაში დახმარება სთხოვა, თუმცა, გაეროს უშიშროების საბჭოს ბელარუსის ავტორიტარი მმართველის განმაქიქებელ რეზოლუციას რუსეთმა მხარი არ დაუჭირა.

არ მიყვარს აპოკალიფსური ხილვები, არც ნათელმხილველი ვარ და არც წინასწარმეტყველი, მაგრამ სადღაც ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ხალხთა დიდი გადასახლების სურათი მეორდება წარმოსახვაში.

მაშინ საქართველო დარჩა კოლხ-იბერთა ისტორიულ არეალში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ გზის გადაუარეს კიმერიელებმა, ხაზარებმა, სარმატებმა, ალანებმა და სხვებმა. იმედია ამ ისტორიულ რყევებსაც გავუძლებთ. თუმცა, გაჭირდება დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის უპერსპექტივო ეკონომიკის, დემოგრაფიული კრიზისის და უგუნური ელიტების პირობებში.

ერდოღან-პუტინის დაახლოება მოჩვენებითია. მათ იმდენად განსხვავებული გეოპოლიტიკური ზრახვები აქვთ, დროდადრო უმწვავესი დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდებიან.

ასე იყო წინა საუკუნის 10-20-იან წლებში, როცა ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე ათათურქი ახალ თურქეთს აშენებდა, ლენინი კი რუსეთის დაცემული იმპერიის საბჭოთა სუპერ სახელმწიფოდ გარდაქმნას იწყებდა, რასაც ხორცი ეთნიკურმა ქართველებმა - სტალინმა და ბერიამ შეასხეს.

მაშინ მათ სარფიანად ივაჭრეს, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა და ხალხების ინტერესების ხარჯზე. ახლაც ასე მოიქცევიან. ახლაც მათ გამორჩეული ლიდერები, დიდი ოცეულის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკები და მძლავრი შეიარაღებული ძალები ჰყავთ. რუსეთს + ატომური ფარი და მახვილიც.

ახლა არც გასული საუკუნის 10-იანი წლებია. რუსეთი ჩვენზე დაბოღმილია საბჭოთა იმპერიის დანგრევაში წვლილისა და დასავლეთისკენ მისწრაფების გამო. თურქეთი კი, ამ ეტაპზე, ჩვენი მეგობარია და ვფიქრობ, ის ძალები, რომლებიც ქართულ-თურქული ურთიერთობების გამწვავებას ცდილობს, დათვურ სამსახურს უწევს ქვეყანას.

უამრავია ფაქტი, როცა ყოფილი მეტროპოლია და ყოფილი კოლონია მშვიდობიანად თანაარსებობენ. ჩვენ თურქეთთან უნდა ვიმეგობროთ, ბუნებრივია, ეროვნული ინტერესების დათმობის გარეშე, და აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო.

ჩვენ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები, რაც არ უნდა ძნელი, უმძიმესი იყოს ეს. ამას გამობრძმედილი პოლიტიკოსები და დიპლომატები სჭირდება, საფუძვლიანი ინტელექტით და უფართოესი ჰორიზონტით და არა მოყელყელავე თინეიჯერები უმაღლეს ეშელონში. სხვა შემთხვევაში მოსკოვი და ანკარა კიდევ ერთხელ გადაინაწილებენ გავლენებს რეგიონში.

რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ამ ეტაპზე და ამ შემთხვევაში, საქართველომ მკაფიოდ და ცალსახად უნდა მოითხოვოს იქ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აშშ-სა და ევროკავშირის მოწვევა. სხვა შემთხვევაში, ეს ფორმატი ორი დიდი მოთამაშის გარიგების მექანიზმი გახდება, საქმეში ამ ეტაპზე ირანის უტყვი თანხმობით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა