ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2021

მელია სულ უფრო სცილდება “ნაციონალების” ბირთვს - “კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ”

ხალხის უმრავლესობისთვის ეს აქციები მიუღებელია, მაგრამ ვიღაცა ხელოვნურად ცდილობს კრიზისის ილუზიის შექმნას - პაატა ზაქარეიშვილი

„ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან კეთდება“ - მაისაიას თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებები რეგიონში ახალი რეალობის გამოძახილია

* * *

მელია სულ უფრო სცილდება “ნაციონალების” ბირთვს - “კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ”

"რატომ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, რომ ოპოზიციური ერთობის ილუზია შექმნას და რამდენიმე პარტიასთან ერთად საპროტესტო აქციები დაგეგმოს? ხომ არ არის მისი მხრიდან იმის მცდელობა, რომ ცალკე ოპოზიციური ფლანგი შექმნას, რომელიც მას ენმ-იდან წამოსვლის შემდეგ დასჭირდება? მელიას პარტიიდან გაშვების ინფორმაცია არა ერთხელ გავრცელდა, რადგან ის სულ უფრო ხშირად ხდება ნაციონალების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექი, აბრალებენ, რომ აქციების იმიტაციას ახდენს და სააკაშვილის გასათავისუფლებლად რეალურად არაფერს აკეთებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მელია სულ უფრო სცილდება “ნაციონალების” ბირთვს - “კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ”.

“ნაციონალური მოძრაობა, “ლელო”, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” და “დროა” 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან “ავლაბარი”, “ვაგზლის მოედანი” და “უნივერსიტეტი” მსვლელობას გამართავენ. “ვაგრძელებთ საპროტესტო, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია გაიმართოს. მეტროსადგურ “ავლაბართან”, პარასკევს 15:00 საათზე შეიკრიბება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი და ვიქნებით იქ წარმომადგენლები. მეტროსადგურ “ვაგზლის მოედანთან” იმავე დროს მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან “ლელოს” წარმომადგენლები და ლიდერები, მეტროსადგურ “უნივერსიტეტთან” კი მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან “გირჩისა” და “დროას” ლიდერები”, - განაცხადა ნიკა მელიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

“დღეს ჩვენ კოალიციურ რეჟიმში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ზეპარტიული მოძრაობა იმიტომ, რომ ხდება ქვეყნის კურსის შეცვლა, ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება. ამას ჩვენ არ დავუშვებთ!” - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბადრი ჯაფარიძესთან, ნიკა მელიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად, ქართველი ხალხის გენოციდი მოახდინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე, ეს არის თითოეული მოქალაქის საქმე; ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად მანიფესტაციას. თავისუფალმა ადამიანებმა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც “ქართული ოცნება” რამდენიმე წელია ჩვენს საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს. ამას არ დავუშვებთ! პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას მივმართავ, რომ შემოგვიერთდით! ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება იმიტომ, რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს, სად იქნება ჩვენი ქვეყანა, სად ვიქნებით თითოეული ჩვენგანი და ჩვენი შვილები იქნებიან თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები, თუ ისევ მოსკოვში გადაწყდება, როგორი ფილმი უნდა იქნას გადაღებული საქართველოში”, - ამბობს მამუკა ხაზარაძე”, - განაგრძობს გამოცემა.

“ევროპული საქართველო” პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია”, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ოპოზიციის მხრიდან კოორდინაცია და თანამშრომლობა სჭირდება. “ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კოორდინაცია, კოორდინაციას სჭირდება თანამშრომლობა. სამწუხაროდ, ორგანიზატორი პარტიების მხრიდან არა თუ კოორდინირებაზე მზაობა, არამედ შემოთავაზებაც არ გამიგონია, ამიტომ „ევროპული საქართველო“ ცხადია, პარტიულად ვერ შეუერთდება იმ ღონისძიებებს და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის არც დაგეგმვაში, არც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია. პარტიის წევრები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ეს მათ პირადად უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა ბობოხიძემ”, - დასძენს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მიიჩნევს, რომ ნიკა მელია შესაძლოა ახალი გუნდით სხვა თამაშის წამოწყებას ცდილობდეს, თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით ამას რამდენად შეძლებს, საკითხავია. ამბობს, რომ მელია ამ კოალიციური ერთობით სხვა ოპოზიციური მხარდამჭერების მოხმობას ცდილობს. იმ ამომრჩევლის, რომლისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” რადიკალურად მიუღებელია. თუმცა ამ პარტიებს არ ჰყავთ იმ რაოდენობის მხარდამჭერები, რომ ქუჩაში გამოსვლისას სურათი რადიკალურად შეცვალოს”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

“მელია კარგად ხვდება, რომ მხოლოდ ენმ-ის რესურსით უწყვეტი აქციების ტემპს ვერ შენარჩუნებს. ეს საკმაოდ რთულია და ძალიან ბევრ რესურს მოითხოვს. რასაც თვალს ვადევნებდი, ამ აქციებში ჩართული ხაზარაძე, ჯაფარიძე და ხოშტარიაც იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს ახლა ორგანიზაციებმა და პარტიებმა მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. თუმცა ელექტორალურად ეს მათ რას შეჰმატებს რთული სათქმელია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მელია ცალკე თამაშის წამოწყებას ცდილობდეს და ახალ გუნდს ქმნიდეს. თუმცა მას, როგორც პოლიტიკოსს, არა აქვს ის რესურსი, რომ ამომრჩეველი გაჰყვეს. მან ძალიან კარგად იცის, ადრე თუ გვიან ენმ-იდან გაუშვებენ, ამიტომაც ახალი გუნდი სჭირდება. რაც შეეხება იმას, ეს აქციები რა შედეგს გამოიღებს, ძალიან მეეჭვება რომ რამე ეფექტი ჰქონდეს. როგორც გავიგე, ისევ ქუჩებში სირბილს აპირებენ და ასეთი აქცია რა შედეგს მოიტანს, ვერ ეგტყვით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ხალხის უმრავლესობისთვის ეს აქციები მიუღებელია, მაგრამ ვიღაცა ხელოვნურად ცდილობს კრიზისის ილუზიის შექმნას - პაატა ზაქარეიშვილი

“გაჩერებაზე ვიდექი და ამ დროს აქციის მონაწილეთა კოლონამ ჩაიარა. ჩემთან ერთად მდგომი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მათ აგინებდა და ისმოდა შეძახილები, რომ უკვე ყელში ამოუვიდათ მსგავსი ვითარება. მე ვერ შევატყვე, რომ აღტაცებულები იყვნენ “ოცნების” მმართველობით, მაგრამ ჩანს, რომ არც “ნაციონალური მოძრაობა” სურთ, აცხადებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, საზოგადოება დაიღალა მასობრივი აქციებით, რის გამოც ენმ-ის საპროტესტო რესურსი მალე ამოიწურება. ამბობს, რომ ობიექტურად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ მთავრობას აწყობს ამ კრიზისის ილუზიის შექმნა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხალხის უმრავლესობისთვის ეს აქციები მიუღებელია, მაგრამ ვიღაცა ხელოვნურად ცდილობს კრიზისის ილუზიის შექმნას - პაატა ზაქარეიშვილი.

“პოლიტიკური კრიზისია, როდესაც სახელისუფლო შტოები ერთმანეთთან არ თანამშრომლობენ. ჩვენს ქვეყანაში კი სასამართლო, პარლამენტი, პრეზიდენტი მმართველი პარტია, ყველა შტო თანხვედრაშია და ერთი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობით მოქმედებს. ასე რომ, აქ არსებობს მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, ვინაიდან ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, სიღარიბის, კორონა ვირუსისა და სხვა პრობლემების სახით, ხელისუფლებას ურჩევნია, არსებული ვითრება შენარჩუნდეს. ამის მხარდასაჭერადაც კი ჰყავს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ვერ აყალიბებს, რა უნდა, მაგრამ მუდმივად ცდილობს ქვეყნის პოლარიზებასა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოხატავს. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ცინიკურად და უტიფრად ამბობს უარს იმ ვალდებულებებზე, რასაც საზოგადოება აკისრებს და მთელი ყურადღება ამ ვითომ კრიზისზე გადააქვს, რომლის წარმოქმნასაც ძალიან კარგად უწყობს ხელს ენმ-ის ყოფილი ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი და ბელადი მიხეილ სააკაშვილი თავისი შიმშილობით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ქვეყანას. დასავლეთი ხედავს, რომ ორივე მაღალრეიტინგული პარტია სრულიად უპასუხისმგებლოა. ჩვენ თუ რაიმე უარესს ველით, ამაზე უარესი რაღა გვინდა? - ჭაობში ვართ და “ვყიყინებთ”. ასე ცხოვრობს სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ვერ გადავდივართ დემოკრატიაში, ამას ხედავენ დემოკრატიული სახელმწიფოებიც. ვერაფრით ვერ ვუერთდებით მათ კლუბს. ჩვენ ერთ-ერთი ჰიბრიდული, დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, სადაც არის დემოკრატიის ნიშნები, პარლამენტი, ხელისუფლება და ა.შ. სინამდვილეში კი ერთი პოლიტიკური ძალა მართავს სიტუაციას. ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენგან დემოკრატია არ გამოდის, მხოლოდ მოჯადოვებულ წრეში ვტრიალებთ. ასე იქნება, სანამ საზოგადოება არ მიხვდება, რომ ამ ორ წამყვან ძალას, “ოცნებასა” და ენმ-ს, არ მისცეს ხმა არჩევნებზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის აქციები შესუსტებულია, საზოგადოებას კი მობეზრდა არსებული ვითარება. გამოსავალი სააკაშვილის შიმშილობის შეწყვეტა და მისი უკრაინაში დაბრუნებაა, თუმცა, როგორც ჩანს, არც უკრაინას აქვს მისი დაბრუნების დიდი სურვილი. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა მოშიმშილეთა ძლიერი ნებისყოფა აღმოჩნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

„აქციები საკმაოდ შესუსტებულია და ოპოზიციას არ ჰყოფნის რესურსები. ამიტომ სიარული უწევთ რათა შექმნან პროტესტის იმიტაცია. მაგალითად: გუშინ, ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი და ამ დროს აქციის მონაწილეთა კოლონამ ჩაიარა. ჩემთან ერთად მდგომი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მათ აგინებდა და ისმოდა შეძახილები, რომ უკვე ყელში ამოუვიდათ მსგავსი ვითარება. მე ვერ შევატყვე, რომ აღტაცებულები იყვნენ “ოცნების” მმართველობით, მაგრამ ჩანს, რომ არც “ნაციონალური მოძრაობა” სურთ. სავარაუდოა, რომ ეს აქციებიც მალე მიილევა. დღეს ეს ვითარებაა შექმნილი. ხალხი გასულია მომსახურეობის ზონიდან. ორი პარტია ერთმანეთს უპირისპირდება, მოსახლეობა კი დარჩენილია შიმშილის, სიღარიბისა „და პანდემიის ამარა. ეს არ დასრულდება, სანამ ან სააკაშვილი არ შეწყვეტს შიმშილობას ან არ მოხდება მისი უკრაინაში დაბრუნება. თუმცა ფაქტია, რომ არც უკრაინა ცდილობს მის უკან დაბრუნებას”, - დაასკვნის ანალიტიკოსი.

“არ ვიცი, ამას რამდენად დაწერთ. მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილი ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, პაგანინის გვამს დაემსგავსა. როდესაც ის გარდაიცვალა, ანტიქრისტედ ჩათვალეს და მის გვამს არც ერთი სასაფლაო არ იღებდა. მისი ჩასასვენებელი კი თვეების განმავლობაში დაჰქონდათ, რათა სადმე დაეკრძალათ. როგორც ჩანს, არც სააკაშვილს არ იღებენ არსად. ერთადერთი, რამაც შესაძლოა გაამართლოს, ესაა შიმშილობის სერიები ოპოზიციაში. არ ვიცი, რამდენად პრინციპული მოშიმშილეები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ამ ფორმის მომხრე არ ვარ, ვფიქრობ, თუ არ დანებდებიან, ეს ნამდვილად მოიტანს შედეგს. აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართული ოცნება” სამარცხვინოდ ექცევა სააკაშვილს, რითაც მის პოპულარობას აძლიერებს”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

„ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან კეთდება“ - მაისაიას თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებები რეგიონში ახალი რეალობის გამოძახილია

“რუსეთს ამ ეტაპზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახალი დაძაბულობა არ აწყობს, რადგან თურქეთსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდის, სადაც განიხილებოდა 3+3 ფორმატის ახალი ინსტიტუციონალური მომენტების გამოკვეთა, ანუ მხარეებმა მიაღწიეს იმას, რომ შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს, ეს ყველაფერი კი ჩვენს ზურგს უკან კეთდება, აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკებების კომენტირებისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით „ყველაფერი ჩვენს ზურგს უკან კეთდება“ - მაისაიას თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეტაკებები რეგიონში ახალი რეალობის გამოძახილია.

“სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით სასაზღვრო ზოლში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, მხარეები 16 ნოემბრის შეტაკების შედეგად გამოწვეულ დანაკარგებზე საუბრობენ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 13 სომეხი ჯარისკაცი ტყვედაა აყვანილი, ერთი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაცია კიდევ 24 სამხედროსთან შეწყდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სასაზღვრო ზოლში შეტაკების შედეგად გარდაცვლილია შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, ათი კი დაჭრილია. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოწინააღმდეგეს კონტროლის ქვეშ მოექცა სომხური სამხედროების ორი სამხედრო ლოკაცია. უწყებისვე ინფორმაციით, რუსეთის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები სიტუაციის მოსაგვარებლად და ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროების დასაბრუნებლად. სომხური მხარის მტკიცებით კი აზერბაიჯანელი სამხედროების რიცხვი, რომლებიც მოკლული, ან დაჭრილი 70-მდეა. როგორც ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, სომხეთმა ბრძოლის შედეგად სასაზღვრო ზოლში ორი მნიშვნელოვანი ლოკაცია დაკარგა, რაც მისთვის სერიოზული ტაქტიკური დამარცხებაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთმა მიმართა რუსეთს, რუსეთმა თავისი ბერკეტები აამოქმედა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს უშუალო ჩართულობით დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის ვადა ოთხშაბათს ექვს საათზე იწურება. სომხეთმა იმიტომ მიმართა დახმარების თხოვნით, რომ მან “ემ 12” და “ემ 13” ტრასის მიმართულებით სტრატეგიული სიმაღლეები დაკარგა. შესაბამისად ეს მისთვის სერიოზული სამხედრო ტაქტიტური დამარცხებაა. ეს სომხეთის ტერიტორიაზე ხდება, მაგრამ ეს ასევე აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიებია, ლაჩინის კორიდორი კი ესაა ერთადერთი სივრცე, რითაც მთიანი ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. გასული წლის ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, ეს რუსეთის ფედერაციის ჯარებისა და სომხეთის კონტროლის ქვეშ უნდა გადასულიყო. აზერბაიჯანი შეეცადა, რომ როგორმე ამ კორიდორთან არსებული სიმაღლეები დაეკავებინა, რადგან ის რუსულ მხარეს მაინცდამაინც არ ენდობა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი სომეხ ტყვეებს ჩვენი შუამდგომლობის გარეშეც დაუბრუნებს, რუსეთს ამ ეტაპზე აზერბაიჯან-სომხეთს შორის ახლა დაძაბულობა არ აწყობს, რადგან თურქეთსა და რუსეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე დიპლომატიური მოლაპარაკებები მიდის, სადაც განიხილებოდა 3+3 ფორმატის ახალი ინსტიტუციონალური მომენტების გამოკვეთა. ანუ მხარეებმა მიაღწიეს იმას, რომ შესაძლოა შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელიც ამ ფორმატის ფარგლებში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. ეს ყველაფერი კი ჩვენს ზურგს უკან კეთდება, აქ ჩვენი ინტერესები შებღალულია, რადგან რუსეთი და თურქეთი რეგიონალურ ჰეგემონებად ყალიბდებიან. ამ ეტაპზე რუსეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს პოლონეთთან და უკრაინასთან და სამ მიმართულებაზე ერთდროულად სიტუაციის მართვა არ შეუძლია. ამის ფონზე კი აღმოსავლეთ პარტრნიორობის ფორმატი, შესაძლოა ითქვას, რომ გაუქმდა, ბელარუსი უკვე რუსული გავლენის ქვეშაა და დასავლეთს დაუპირისპირდა, უკრაინაში საკმაოდ რთული პროცესებია და ა.შ. ჩვენ კი მხოლოდ ერთ საკითხზე ვართ გადართულები და ამ დრო კი ჩვენს საგარეო მიმართულების ბედს რა ელის არ ვიცი”, - დასძენს მაისაია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა