„ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია და გადაიტანოს, არასწორია“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტავს, ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 8 ბავშვი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, ყოველი 100 ბავშვიდან 9 ბავშვს სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება. ძალიან დიდი ციფრია. ასეთი მაჩვენებელი შარშან არ იყო. ინფიცირებულთა რაოდენობაში ბავშვების წილი გაზრდილია. ყოველი 100 ინფიცირებულიდან 20 ბავშვია. ბავშვებზე ასეთი ხელაღებით თქმა, რომ არაუშავს მსუბუქია, გადაიტანოს, არასწორია. ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია პოსტკოვიდური გართულებები“,-აღნიშნავს ჩხაიძე.
რაც შეეხება 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში დაიწყო, ჩხაიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ კატეგორიაში ვაქცინაციის ციფრები ყოველდღე იზრდება. ამასთან დასძენს, რომ მათ კლინიკაში „ასაცრელად მისული ბავშვების უკან ვაქცინირებული მშობლები დგანან“.