მიხეილ სააკაშვილი - დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ არ ვაპირებ შევეგუო უკანონო პატიმრობას

დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც გლდანის #18 სამედიცინო დაწესებულებიდან მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილმა ყველას მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის.

„მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ, ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ასევე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში, ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებით.

ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის. ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს, სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.

უზარმაზარი მადლობა ჩვენს საექიმო თანამეგობრობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიონალური წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს. მადლობა ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე უკრაინის სახალხო დამცველს და განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს. დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს. თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას. დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი ჩემს მიერ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას“, - ნათქვამია წერილში.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს