მამუკა გამყრელიძე - 9-10 დეკემბრის სამიტზე სამხრეთ კავკასიიდან საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

9-10 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამიტზე სამხრეთ კავკასიიდან საქართველოს მონაწილეობა, ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ეს არის ჩვენთვის ერთგვარი ავანსი, რომლის გამოყენებაც აუცილებელია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მამუკა გამყრელიძის თქმით, სამიტში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, კვლავ დებს ფსონს საქართველოზე, როგორც უმნიშვნელოვანეს პარტნიორზე რეგიონში.

„სამიტი დემოკრატიისთვის“ - ასე ჰქვია სამიტს, რომლის ჩატარებაც ჯო ბაიდენმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააანონსა. სამიტში მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 110 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის სამიტზე წარმოდგენილია საქართველო და სომხეთი, არ არის წარმოდგენილი არც აზერბაიჯანი, არც თურქეთი, რომელიც ამ ვითარებაში არასანდო პარტნიორის რანგშია. სამხრეთ კავკასიიდან სამიტზე მხოლოდ საქართველოს მონაწილეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამის გამოძახილია, ენტონი ბლინკენის განცხადებაც, რომელიც გაკეთდა ამ დღეებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნმა ხაზი გაუსვა ჩვენს, როგორც საერთაშორისო პარტნიორის დიდ დამსახურებას „ცხელ წერტილებში“ მიღებული მონაწილეობისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ყველაფრის მიუხედავად, ერთგვარ ფსონს დებს საქართველოზე, როგორც უმნიშვნელოვანეს პარტნიორზე რეგიონში", - აღნიშნა მან.

როგორც მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, სამიტზე ლიდერი სახელმწიფოების ჩინეთის და რუსეთის არმიწვევა ცხადყოფს, ვის წარმოიდგენს დასავლეთი პარტნიორად იდეოლოგიურ ბრძოლაში და ვის - მოწინააღმდეგედ.

„სამიტზე არ არის მიწვეული არც რუსეთი და არც ჩინეთი. ეს არის ძალიან მკვეთრი განაცხადი, თუ როგორ ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები, დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებს მსოფლიოში. ამ ორი ლიდერი სახელმწიფოს არმიწვევა სამიტზე ცხადყოფს, რომ ამერიკისთვის არ არის მისაღები არც „სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით“ და არც „რუსული სუვერენული დემოკრატია“. მთლიანობაში ეს სამიტი ეხმიანება იმ განცხადებებს, რასაც აკეთებენ სი ძინპინი და პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ ფორმატში განაცხადა, რომ დემოკრატიები აღარ მუშაობს და ავტოკრატიული მმართველობა მეტად მოქნილია. მეორეს მხრივ ბაიდენი მუდმივად აცხადებს, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უნდა აჩვენონ, რომ დემოკრატიას კვლავ აქვს რესურსი და შეუძლია იყოს ლიდერი მსოფლიოში.

ის, რომ სამიტზე საქართველოს წარმოადგენს არა პრემიერ-მინისტრი, არამედ პრეზიდენტი, არის ხაზგასმა, რომ პრეზიდენტი უფრო ნეიტრალური და პროდასავლური ფიგურაა. მან ახლახან საფრანგეთში ევროპის სამშვიდობო კონფერენციაზე საინტერესო სიტყვა წარმოთქვა სწორი აქცენტებით. ამასთანავე პრეზიდენტი მეტად მოზომილია გამონათქვამებში, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბოლო პერიოდში ისეთი ოდიოზური განცხადებები გააკეთა, რომ საკუთარი ამომრჩეველები და მხარდამჭერებიც კი გააღიზიანა. გამორიცხული არ არის, პრემიერი ამით თავს არიდებდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებული პროცესების შედეგად ის არასასურველ პარტნიორად იქცა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ პრემიერ- მინისტრი გამზადებულია პოსტის დასატოვებლად და ყველაფერი მხოლოდ დროის ამბავია", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს