ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2021

"არაა გამორიცხული, რომ ენმ გაიყოს და მელიამ თანაგუნდელებთან ახალი პარტია შექმნას" - აბაშიძე

მართვის მოწმობის აღება, გართულებასთან ერთად, ძალიან ძვირდება

***

"არაა გამორიცხული, რომ ენმ გაიყოს და მელიამ თანაგუნდელებთან ახალი პარტია შექმნას" - აბაშიძე

"ენმ-ეს გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარ პროცენტიან "ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას - ამის შესახებ "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა”, - წერ გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "არაა გამორიცხული, რომ ენმ გაიყოს და მელიამ თანაგუნდელებთან ახალი პარტია შექმნას - აბაშიძე"

"ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში "საერთო ეროვნული აქციის" გამართვისკენ მოუწოდებს, ასევე საზოგადოებას სთხოვს, რომ 29 ნოემბერს მისი პროცესისას სასამართლოს შენობასთან შეიკრიბონ. აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ის ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, რადგან უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს. "ვერანაირ ლოგიკურ გაგრძელებას ვერ ვხედავ იმაში, რომ ენმ-მ თუნდაც საკუთარი მხარდამჭერების მასობრივი მობილიზაცია მოახდინოს. თავად "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არ არიან მომხრენი იმისა, რომ ქუჩაში იყოს დესტრუქცია, გადატრიალებები თუ ე.წ. რევოლუციები. "ნამცოძრაობის" მხარდამჭერების ძირითადი ბირთვი არჩევნებზე ხმას საკუთარ პარტიას აძლევს, მაგრამ მათი ერთი მესამედიც კი დესტრუქციის მოსაწყობად ქუჩაში არ გამოდის. ამავე დროს, პარტიის შიგნით ძალიან დიდი პრობლემებია, ვხედავთ, რომ უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს, თუნდაც ქალბატონმა გიული ალასანიამ და სხვებმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"არაა გამორიცხული, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, ის ახალი სახეები შეიცვალოს, რომლებიც მელიამ მოიყვანა და რომელთა სიტყვასაც არც პარტიაში და არც საჯარო პოლიტიკაში არანაირი ფასი არ აქვს. სააკაშვილის მორიგი სასოწარკვეთილი წერილი არაფერს ნიშნავს იმ მხრივ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რამე კარდინალურად შეიცვლება. "სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე ჯერჯერობით ენმ დომინირებს, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსები და ფინანსები ბევრი აქვს და არ ისმის პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიების ხმები, რომლებსაც კოსტრუქციული კონტრარგუმენტები და წინადადებები აქვთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს”, - განაგრძობს გამოცემა.

"ჩემი აზრით, ნიკანორ მელიას გადადგომის საკითხი დროის მომენტია და საჭირო პერიოდში და ვადებში მას გადააყენებენ, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ანომალიაა ის, რომ არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქე მთავარ ოპოზიციურ პარტიას კარნახობს, როგორ მოიქცეს. მაგალითად, გერმანიის მოქალაქე საფრანგეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, თუმცა საქართველოში იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად ჭარბი დემოკრატია გვაქვს, ასეთი ანომალიური პროცესები ხდება. "ენმ-ის გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარპროცენტიან "ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას, როგორც ხოშტარიამ, ეს მართლაც დროის ამბავია, ნიკა მელია ენმ-იდან როდის წავა," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

მართვის მოწმობის აღება, გართულებასთან ერთად, ძალიან ძვირდება

“საქართველოში მართვის მოწმობის აღება გართულდება და თან გაძვირდება. მომავალი წლიდან მოქალაქეებს მოწმობის ასაღებად, მინიმუმ 90 ლარით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. რეალურად კი სხვაობამ შეიძლება 200-300 ლარი შეადგინოს. მიზეზი ახალი კანონია, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა.ახალი ნორმატიული აქტი ძალაში 2022 წლის 25 აპრილიდან შევა. სწორედ აღნიშნული თარიღიდან, მართვის მოწმობის გამოცდას ქუჩაში მართვის კომპონენტი ემატება, გადასახადი კი 90 ლარი იქნება, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი ჩაბარებისთივს იქნება საკმარისი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მართვის მოწმობის აღება, გართულებასთან ერთად, ძალიან ძვირდება / ახალი კანონით ყველა ძველი გადასახადი ნარჩუნდება და ქალაქში ჩაბარების ყოველ ცდაზე 90 ლარი ემატება

„როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, არ იცვლება თეორიული გამოცდის ჩაბარების ღირებულება და ის იგივე – 40 ლარი იქნება. “დახურული მოედნისთვის და თეორიული გამოცდის საფასური არ იცვლება. კანდიდატი თეორიული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებს ხუთ უფასო გასვლას დახურულ მოედანზე და ამ კუთხით შეზღუდვა არ იქნება იმ საფასურში, რასაც დღეს იხდის. ქალაქის პირობებში კი, საფასური, როგორც კანონში არის მითითებული, "ბ" და "ბე" კატეგორიისათვის შეადგენს 90 ლარს ერთჯერადად გასვლაზე”, - განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა. გამოდის, რომ მომავალი წლიდან მართვის მოწმობის აღების მსურველს იმაზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე დღეს იხდიან. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კუთხით ეს რთული იქნება, სფეროს სპეციალისტები გადაწყვეტილებას მაინც მიესალმებიან. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძეს დაგვიანებულადაც კი მიაჩნია კანონის ამოქმედება. მისი აზრით, შესამუშავებელია მეორე ეტაპი, რომელიც სკოლების რეგულირებას, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას და ლიცენზირებას შეეხება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სწორი კი არა, ცოტა დაგვიანებულიცაა. ეს გადაწყვეტილება მიღებული წლების წინაც უნდა ყოფილიყო. ახლა არსებული გამოცდები რეალურად თავის მოტყუებაა, ისწავლო მხოლოდ გამოცდის ჩაბარება და არა ავტმობილის მართვა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი რისკია. ვინც დღეს ქუჩაში მოძრაობს, ყველა თვითნასწავლია და მანქანის ტარება მართვის მოწმობის აღების შემდეგ ისწავლეს. ზოგადად, მართვის მოწმობა ადასტურებს კვალიფიკაციას. ადამიანს ეს კვალიფიკაცია რომ დაუდასურდეს, ამისთვის მან მინიმუმ, რეალურ პირობებში მანქანის გატარება უნდა შეძლოს, ამიტომ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ეს პირველი ნაწილია, რაც უნდა მოხდეს. მეორე ეტაპზე, ამას უნდა მოჰყვეს სკოლების რეგულირება, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა, რასაც აბსოლუტურად ყველა სკოლა დაემორჩილება და მათი ლიცენზირება. ახალი გადაწყვეტილება ავტოსკოლების დონესაც აწევს. თუ სკოლამ ადამიანს შესაბამისი სწავლება ვერ შესთავაზა, ის ავტომატურად ჩაიძირება. განათლების სამინისტრომაც ლიცენზირებების თემა თავის თავზე უნდა აიღოს, რადგან აქამდე ეს უწყება იძახდა, რომ საგზაო უსაფრთხოებაში არაფერ შუაში არ არის. რეალურად კი, არის. შეიძლება ახლა ცუდად ჟღერდეს, რადგან მე თავად წარმოვადგენ საავტომობილო ფედერაციას, მაგრამ, ალბათ, ფედერაცია უნდა იყოს ის ორგანო, რომელიც გადაამზადებს მასწავლებლებს და გასცემს ლიცენზიას”, - განაცხადა “რეზონანსთან” მელაძემ და დასძინა, რომ მართალია გადაწყვეტილება ფინანსურად დისკომფორტს შეუქმნის მოსახლეობას, მაგრამ ღირებულება ადეკვატურზე უფრო ნაკლებია, ვიდრე შეიძლებოდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“გადასახადის ამბავს ვერავინ გაექცეოდა, რადგან ძალიან დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული ავტომობილების მომსახურება, რომელმაც გარეთ უნდა იაროს. ავტომობილის მოედანზე სიარულისას, დაზიანების რისკი და ხარჯიც დაბალი იყო, გარეთ გამოსვლის შემთხვევაში კი ყველაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როდესაც რაღაც ძვირდება, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით დიდი თანხებია გადასახდელი იმისთვის, რომ მართვის მოწმობა მივიღოთ, ვიდრე საქართველოში. ეს, საბოლოო ჯამში, მაინც აისახება კვალიფიკაციაზე და იმიტომაც ვართ ერთ-ერთი დაბალი კვალიფიკაციის მქონე მძღოლებით სავსე და ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევაც ამის გამო ხდება", - განაცხადა მელაძემ. ახლად დამტკიცებულ კანონპროექტს დარგის კიდევ ერთი სპეციალისტი, ეკა ლალიაშვილი მიესალმება და ისიც თვლის, რომ ცვლილებების შემუშავება კიდევ საჭიროა. “დიდი ხანია ამ ცვლილებას ველოდით. ეს უფრო მეტ გარანტიას მოგვცემს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველები მეტად იქნებიან მომზადებულები, მაგრამ საკმარისი არ არის და ცვლილებები გასაგრძელებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, ავტოსკოლების ლიცენზირება. თეორიული სწავლება დღეს გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობს და ეს უნდა აღმოიფხვრას, რეალურად უნდა მოვამზადოთ ჩვენი მძღოლები. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ავტოსკოლაში ისწავლოს ადამიანმა. შესაძლოა, ოჯახის წევრმა შეასწავლოს, ამიტომ ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ახალი კანონის ძალაში შემოსვლის შემდეგ, ავტოსკოლებში მიმართვიანობა გაიზრდება, თუ არა. სკოლების უმეტესობა რომ კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული იყოს და იქ შესაბამისი გამოცდილება არსებობდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, გაიზრდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ეკა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ ერთჯერადად 90 ლარის გადახდა ერთი მხრივ ფინანსურად რთულია, მაგრამ მეორე კუთხით, ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანები უფრო მეტად მოემზადებიან. “ერთჯერადად გამოცდისთვის 90 ლარის გადახდა, ერთი მხრივ, ფინანსურად, რა თქმა უნდა რთულია, რა მაგრამ მეორე მხრივ, მართვის მოწმობის აღების მსურველები უფრო მომზადებულები მივლენ გამოცდაზე და უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ ყველაფერს”, - დასძინა “რეზონანსთან” ეკა ლალიაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით