მიხეილ სააკაშვილი - ჩამოვედი, რადგან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი - ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს, ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას“

საქართველოში რომ უნდა დავრუნებულიყავი ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს! ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დაბრუნებისკენ მას ნათესავების გარდა ემიგრანტი ქართველებიც მოუწოდებდნენ.

„ჩამოვედი იმიტომ, რომ ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. გამიგია ათასობით ჩვენი თანამემამულისგან, რომელიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში, ასევე ვხვდებოდი ემიგრანტების შეკრებებზე, ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში რომ უნდა დავრუნებულიყავი ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, ნიკუშამ - „ან ახლა არ ან არასდროს! ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას!“ ეს მითხრა სანდრამაც, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც ორი ძალიან კარგი შვილი გავზარდე. სანდრას ნამუშევარი კვალი მხვდება ყველგან, მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. 800 დოლარი რომ გვქონდა ხელფასი 90-იან წლებში, გია ბარამიძეს კარგად ახსოვს, 400 ქველმოქმედებაზე იხარჯებოდა.

ასევე დედაჩემმა, რომელიც ამ დარბაზში ზის და არის საქართველოს ისტორიის პროფესორი, ძალიან კარგი მცოდნე მითხრა, რომ როგორც დედას, არ უნდა თავი საფრთხეში ჩავიგდო, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიოტს, ვთვლი, რომ რაღაც უნდა ვქნათო.

ჩემი მეგობარი ლიზა იასკოც იყო ჩამოსული საქართველოში და მითხრა, რომ კატასტროფა ხდება თქვენ ქვეყანაში. მომიყვა, რომ უამრავი დაუსაქმებელი ადამიანია „ბირჟაზე“. უკრაინაში ვერ ნახავ ახალგაზრდა კაცს „ბირჟაზე“. იქ ყველას სამსახური აქვს. აქ კი არის „ბირჟაზე“ მდგომი ადამიანები და ძალიან ნაღვლიანი ხალხი. მანაც მითხრა, რომ ახლა დროა, ამ ქვეყანას რაღაც უშველო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოდან გაქცევის მეტი გამოსავალი არ არსებობს.

„ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ვალუტის კურსი დაეცა ორჯერ. ფასებმა მოიმატა მინიმუმ სამჯერ, ხელფასები როგორც საჯარო მოხელეების, ასევე კერძო სექტორში თითქმის არ გაზრდილა. მასობრივად გარბის ხალხი აქედან. ტრაგედიაა, რომ ახალგაზრდა ოფიცერი, რომელმაც საუკეთესო ამერიკული განათლება მიიღო და ერთ-ერთი მიმართულების სარდალი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, რომელიც პრაქტიკულად ნულიდან მე შევქმენი, ახლა მუშაობს „ნიუჯერსიში“ მტვირთავად.

ტრაგედიაა, როდესაც ოფიცერი ცერცვაძე, რომელმაც ისტორიაში პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩამოაგდო რუსეთის ბომბდამშენი, წავიდა იმის გამო, რომ დევნიდნენ ამ ქვეყანაში. დევნიდნენ ის ადამიანები, ვინც ციხეში ჩასვა რომა შამათავა, საქართველოს ნამდვილი გმირი. იგივე ხალხი დევნიდა და წავიდა ოჯახთან ერთად, გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარდა.

ტრაგედიაა, როდესაც პოლონეთის აეროპორტებიდან ქართველები გადაჰყავთ პოლონურ ქარხნებში, სადაც ისინი კაპიკებს იღებენ - 700-800 ევროს და ამის ნაწილს საერთო საცხოვრებელში იხდიან. ასევე, გერმანიაში, პრაქტიკულად მონებად, მარწყვის საკრეფად გადაჰყავთ ქართველები.

ბოლო 9 წელიწადში 700 ათასი ჩვენი თანამემამულე დავკარგეთ, ამ წლის დასაწყისის მონაცემებით და მინიმუმ 100 ათასი კიდევ დაემატა, ალბათ. ამოიღეთ სტატისტიკა, სააკაშვილი მმართველობის დროს 8 წლის განმავლობაში უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა. ის, რაც ბოლო 9 წელიწადში ამათ მოახერხეს, ჩვენს ფეოდალებს ამისთვის 70 წელიწადი დასჭირდათ, ქართველებს რომ ჰყიდდნენ. ეს მოახერხეს ამათ 7-8 წელიწადში. საქართველოს ეკონომიკა ჩამოყალიბდა ისეთ ეკონომიკად, როგორც არის ვენესუელა, როგორიც იყო აქამდე მოლდოვა. ძირითადი ადგილობრივი რესურსი ეკუთვნის ოლიგარქს, ერთ მმართველს, ხოლო მოსახლეობა თავს ირჩენს ან მათი ნათესავებიდან გადმორიცხული ფულით, ან ამ ოლიგარქის მსახურობით. გაჭირვების და გაქცევის გარდა, სხვა არანაირი პერსპექტივა არ არის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო