ალეკო ელისაშვილი წულუკიანს - გაოგნებული ვარ, რომ ერთხელაც არ ახსენეთ გელათი - იმ მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? ისევ თუნუქითაა გადახურული თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით?

გაოგნებული ვარ, რომ ამხელა მოხსენების დროს ერთხელაც არ ახსენეთ გელათი, ვითომ იქ ყველაფერი კარგად არის და ის უბედურება არ მომხდარიყოს, რაც მოხდა, როდესაც უზარმაზარი ფული დაიხარჯა, მათ შორის მსოფლიო ბანკის, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული.

ელისაშვილის თქმით, გელათში კატასტროფული შედეგია, რადგან ის წესიერად ვერ გადახურეს და ფრესკები დაზიანდა.

„თქვენ როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე იყავით, განხილვაც მოაწყვეთ, მაგრამ შედეგი რა გვაქვს? როგორც ვიცით, გამოძიება მიმდინარეობს, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, იმ ენით აუწერელი მავნებლობისთვის, რაც გელათში ჩაიდინეს, ვინმე დაისაჯა? როგორც ვიცი, „იუნესკოს“ რეკომენდაციაა, რომ 1-ელ თებერვლამდე ყველაფერი უნდა მეტ-ნაკლებად აღდგეს. შესრულდა თუ არა ეს და რა ხდება ახლა, ისევ თუნუქით არის გადახურული გელათი და საფრთხის ქვეშ არის თუ ამ სირცხვილს თავი მოვაბით და დავძლიეთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მან უშგულზეც ისაუბრა.

„ასევე ძალიან სამარცხვინოა ის, რაც ხდება უშგულში. გამაოგნებელ, აბსოლუტურად უნიკალურ ექსპონატებს ნახულობ კოშკში, რომელსაც იატაკი და კიბეები ჩანგრეული აქვს. განათება არ აქვს, ექსპონატები ვერ არის დაცული, ზოგი ლურსმნით არის ჩამოკიდებული, ზოგიც მიჭედებულია. არადა, ისეთი ექსპონატებია, 5 მუზეუმს შეავსებდა. აპირებთ თუ არა, ეს სირცხვილი დავძლიოთ და შესაბამის სივრცეში იყოს ყველაფერი. ასევე, უშგულში, ლამარიას აქვს ჟანგით ჩაშავებული თუნუქის ღობე, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო და შეუსაბამო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს