არასამთავრობო ორგანიზციები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ონლაინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზციები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე ონლაინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სათამაშო ბიზნესი მოსახლეობის გაღარიბებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სერიოზულ შემაფერხებელი ფაქტორია.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სუიციდის სტატისტიკაში დიდი წილი სწორედ სათამაშო ბიზნების გამო გაკოტრებულ ადამიანებზე მოდის. ამასთან, საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქე დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე. მათი უმრავლესობა ასოციალურია და არანაირი ინტერესი ოჯახის, სამუშაოს, მეგობრებისა და ა.შ. მიმართ აღარ გააჩნიათ.

აზარტული თამაშების რეგულირების სახელმწიფო კომისიის მუშაობის პერიოდში შეთანხმდა განსახილველი საკითხების უმრავლესობა. პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩართული იყვნენ საქართველოს საპატრიარქო, იუნისეფი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დარგის ექსპერტები და შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში აზარტული თამაშების დასარეგულირებლად მთელი რიგი ეფექტური ზომები განისაზღვრა, თუმცა შემდეგ პროცესი ისევ საეჭვოდ შეჩერდა.

ამჯერად, პრემიერმა გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომელიც მხოლოდ ონლაინ აზარტული თამაშების შეზღუდვას ეხება და ისიც ნაწილობრივ. ეს ზომები დაგვიანებულია, რადგან ამ პერიოდში ათეულ ათასობით ადამიანი გაკოტრდა და ასობით ახალგაზრდამ სიცოცხლე მოისწრაფა, თუმცა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა და მისასალმებელია. იმედია, პოლიტიკური ნება მყარია საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანოს დანაპირები და უახლოეს პერიოდში სრულად და ეფექტურად დაარეგულიროს ეს ე.წ. ბიზნესი, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისათვის მოაქვს სარგებელი და ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დასაცავად აუცილებელია:

აზარტული თამაშების ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა (ყველა სახის აზარტული თამაშების)

მოთამაშეთათვის ასაკობრივი ზღვრის, 25 წლის დაწესება ონლაინ და სახმელეთო აზარტული თამაშებისათვის; შესაბამისი კონტროლის მექანიზმის შემოღებით, რომლის საშუალებითაც არ მოხდება ონლაინ მოთამაშეების სხვა ქვეყნის ონლაინ საიტებზე გადადინება, სადაც ასეთი ასაკობრივი ზღვარი არაა.

მოთამაშეთათვის ფინანსური ცენზისა და წაგების მარჟის დადგენა. კერძოდ, თამაში აეკრძალოს სოციალური დახმარების მიმღებ და ასევე წელიწადში 40000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირს. ასევე საჯარო მოხელეებს, ექიმისა და პედაგოგის პროფესიის პირებს. წაგების ყოველწლიურ მარჟად განისაზღვროს შემოსავლის მხოლოდ 10%-ის დონეზე.

ონლაინ თამაშების სრულად გაუქმება 2024 წლამდე.

სახმელეთო სათამაშო ბიზნესის სრულად გადატანა მაქსიმუმ ორ დაუსახლებელ საზღვრისპირა რეგიონში, 2026 წლამდე.

სპეციალური გადასახადის დაწესება აზარტული თამაშების კომპანიებისათვის (ბრუნვის 10%-ის დონეზე), რომელიც მიემართება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციისა და მკურნალობის საშუალოვადიანი სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა; დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ; ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო