რატი იონათამიშვილი - პოლარიზაციის დასრულების მთავარი გზა სამართლიანი პრინციპის დამკვიდრებაა, რასაც ხელს უშლის „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა

პოლარიზაცია რომ უნდა დასრულდეს, ეს მისასალმებელია - ფაქტია, რომ ამ ადამიანებს პოლარიზაციის დასრულება არ სურთ, მიუხედავად ამისა, ეს არის საქართველოს არჩევანი და ჩვენი საზოგადოება ამას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც შეასრულებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.

იონათამიშვილის თქმით, პოლარიზაციის დასრულების მთავარი გზა კანონის უზენაესობა და სამართლიანი პრინციპის დამკვიდრებაა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს უშლის.

„ის, რომ ზოგადად, პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და ამაზე თითოეულმა ჩვენგანმა უარი უნდა ვთქვათ, ცხადია, მისასალმებელია და ეს თითოეული ჩვენგანის ინტერესი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაა, რამდენად გაითვალისწინებენ ამას ის პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ყოველ ჯერზე ცდილობენ, რომ უფრო მეტად იყოს რადიკალიზაციის და პოლარიზაციის ხარისხი, რასაც საქართველოში ასეთი სამარცხვინო მეთოდებით თუნდაც სააკაშვილის შემოსვლა-შემოპარვა ნიშნავდა.

პოლარიზაციის დასრულების მთავარი გზა კანონის უზენაესობა და სამართლიანი პრინციპის დამკვიდრებაა, რასაც ხელს უშლის „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ის რიტორიკა, როდესაც ამბობენ, რომ გირგვლიანის საქმე არ ყოფილა და სააკაშვილი უდანაშაულოა. ცდილობენ, ადამიანებს, რომლებსაც სასტიკად ექცეოდნენ, უფრო მეტი ტკივილი მიაყენონ. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს პოლარიზაციის დასრულება არ სურთ. მიუხედავად ამისა, ეს არის საქართველოს არჩევანი და ჩვენი ხვალინდელი, უკეთესი დღის უმნიშვნელოვანესი პირობა, რასაც ჩვენი საზოგადოება, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც შეასრულებს.

სააკაშვილის შეწყალების არც მორალური, არც სამართლებრივი და არც სახელმწიფოებრივი მიზეზი არ არსებობს. ის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. მის დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბარია სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტებში. ასე რომ, მისი „შეწყალების გზა“ არ არის პოლარიზაციის დასრულების გზა. ეს არის რადიკალიზაციის გზა, მისი რიტორიკიდანაც ეს ჩანს. ეს არის განწირული და სასოწარკვეთილი ადამიანების რიტორიკა, მაგრამ მათი მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დემოკრატიის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული და ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულება, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ისინი, არასაკმარისი და არასრულყოფილი იქნება, თუ არ ვიპოვით იმ პოლარიზაციის, სიძულვილისა და დაყოფის დაძლევის გზას, რომლებმაც დაიპყრო ჩვენი ქვეყანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა