გაეროს განვითარების პროგრამამ კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ხელშეწყობის შედეგები შეაჯამა

პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოს მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტის გამყოფი ხაზების სიახლოვეს განლაგებული სოფლების მაცხოვრებლებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამურად, 600,000 აშშ დოლარის ღირებულების პროექტები, რომელიც 2020-2021 წლებში განხორციელდა, მიზნად ისახავდა კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულთა ხელშეწყობას.

ამ დახმარების შედეგების შეჯამება დღეს გაიმართა. ღონისძიებას პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები ესწრებოდნენ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, CARE კავკასია, ასოციაცია „ათინათი“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA), იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფია, რომელიც პანდემიამ განსაკუთრებით მწვავე გამოწვევების წინ დააყენა. ჩვენი დახმარება ამ გამოწვევების დასაძლევად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. მაგალითად, ბავშვებისთვის დისტანციური სწავლების ხელშეწყობას, სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებას, სანიტარული ინფრასტრუქტურის გამართვას, ადგილობრივი მეწარმე ქალების მხარდაჭერას. მისასალმებელია, რომ ყველა ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები მიზნად ისახავდა როგორც მოწყვლადი მოსახლეობის უშუალო დახმარებას, ისე გრძელვადიანი მიდგომებისა და გადაწყვეტების მოძიებას და ამ მხრივ, სისტემური ცვლილებების ხელშეწყობას.

სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შეისწავლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლენა კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებზე. კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო უწყებები შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკული ზომების გატარებას შეძლებენ.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ასევე ხელი მოაწერა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სააგენტოს ტექნიკური ხელშეწყობა დევნილთა მხარდაჭერისთვის საჭირო სერვისების შექმნასა და მიწოდებაში.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს გაეროს განვითარების პროგრამასთან და სხვა პარტნიორებთან პანდემიით დაზარალებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების მიწოდების მდგრადი სისტემების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ინიციატივები კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში ეხმარება და, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ ცხოვრების გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსმა ბესარიონ სიმონიშვილმა.

UNDP-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა, გავრცელდა ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციის შესახებ, ხოლო ქალებმა და ახალგაზრდებმა შესაბამისი მომზადება გაიარეს და პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩაერთნენ.

UNDP-ის ინფორმაციით, დევნილთა დასახლებებში გაიხსნა ელექტრონული სწავლების 10 ცენტრი, რამაც ქალებისა და გოგოებისთვის დისტანციური მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა უზრუნველყო, ხოლო სანიტარული მდგომარეობისა და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, 35 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

მათივე ცნობით, კონფლიქტით დაზარალებულმა ოცმა ქალმა მიიღო დახმარება საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის. განხორციელდა მეწარმეობისა და მარკეტინგის სასწავლო პროგრამები. ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობით, შეიქმნა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის. ორმოცდახუთმა ახალგაზრდამ გაირა ტრეინინგი კომუნიკაციაში, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობა UNDP-ის უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო და მოწყვლადი მოსახლეობის ყველაზე მწვავე საჭიროებების დაკმაყოფილებას, კრიზისის მართვის გაუმჯობესებასა და ამ მხრივ, სახელმწიფოს ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა