ნუგზარ წიკლაური - თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ თან ეროვნული შეთანხმების მდინარე იდენს და თან პოლიტიკური ოპონენტები ციხეში დარჩებიან, ეს ასე ვერ მოხდება

21 დეკემბერს ნიკა მელიას დაბადების დღეც არის და ახლა „ქართლმა ოცნებამ“ უნდა იმსჯელოს, 21 დეკემბერი რატომ ავირჩიეთ - იმიტომ, რომ სააკაშვილის დაბადების დღე იყო თუ სხვა ვინმესი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციის 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე ჩანიშვნით ადასტურებს, რომ „კვლავ პიროვნული კულტის ქვეშაა“.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, აქციის ჩანიშვნის დისკუსიაში თავად მონაწილეობდა და „რაიმე არგუმენტი, რომ 21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, იქ არ ყოფილა“.

,,მეც ვიღებდი მონაწილეობას მსჯელობაში, როდის ყოფილიყო ეს აქცია დაგეგმილი. რაიმე არგუმენტი, რომ 21 დეკემბერი არის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, იქ არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ, არც მახსოვდა, რომ 21 დეკემბერს არის მიშას დაბადების დღე. ადამიანი არის დაპატიმრებული და თუ აქცია დაემთხვა დაბადების დღეს, ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. წართმეული გვაქვს მთავარი უფლებები და მთავარია ხელისუფლებას დავენახოთ ქუჩიდან, ეს არის მთავარი და არა, ვინ რომელ დღეს დაიბადა. თუ არ ვცდები, 21 დეკემბერს ნიკა მელიას დაბადების დღეც არის და ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმსჯელოს, 21 დეკემბერი რატომ ავირჩიეთ - იმიტომ, რომ სააკაშვილის დაბადების დღე იყო თუ სხვა ვინმეს“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება იმას, რომ ცალკეული პარტია არ აპირებს 21 დეკემბრის აქციას შეუერთდეს, წიკლაურის განმარტებით, „არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სახელისუფლებო ორბიტაზე არიან“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აქცია იყოს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკური დევნა არის საზოგადო პრობლემა. ნამდვილად არ აუკანკალდებათ ხელი, რომ თუ საჭიროება მოითხოვს, სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც დააპატიმრონ, ეს არის ქართული პოლიტიკის პრობლემა, როდესაც შესაძლებელია პოლიტიკური ბერკეტის გამოყენება და ადამიანის იზოლირება, ციხეში გამოკეტვა, ქვეყნიდან გაძევება და ა.შ.“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

გარდა ამისა, მან დიალოგის პროცესის დაწყების თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივაზეც ისაუბრა. წიკლაურის აზრით, პრეზიდენტი ზურაბიშვილის სიტყვებს პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია და „იდეალისტური გამონათქვამებია“. მისივე თქმით, ამ გამონათქვამებს უნდა შეესხას ხორცი და ითქვას - სრულდება თუ არა პოლიტიკური დევნა.

,,ჩვენ უნდა დაველოდოთ, როგორ იქნება ქალბატონი ზურაბიშვილის ინიციატივა ხორცშესხმული, მან ისაუბრა, რომ ერთიანი აღქმები უნდა გვქონდეს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არის სიტყვები, რომელსაც პოლიტიკური შინაარსი არ გააჩნია, ეს არის იდეალისტური გამონათქვამები. ახლა უნდა შეესხას ხორცი და ითქვას - სრულდება თუ არა პოლიტიკური დევნა. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ თან ეროვნული შეთანხმების მდინარე იდენს და თან პოლიტიკური ოპონენტები ციხეში დარჩებიან, ეს ასე ვერ მოხდება. პირველი, რაც ასეთ დროს ხდება, არის ოპონენტების გათავისუფლება პოლიტიკური დევნისაგან“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა