კელი დეგნანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია

კელი დეგნანი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე  საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შეწყდეს უკანონო დაკავებები.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება, ეს რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო. ეს ძალიან მარტივია. ყველა ელოდება იმას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს აღნიშნული შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დიალოგზე და გარემოს გაუმჯობესებაზე. როგორც კი რუსეთი 2008 წლის შეთანხმებას შეასრულებს, ასეთი ტიპის ფაქტები შეწყდება“, -განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.